11 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და ახალი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, რომელიც საზოგადოების ცხოვრებასა და ქართულ პოლიტიკაში, სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს.
«მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე. ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს – მშობლები და შვილები. მთელი ხალხი უნდა გამთლიანდეს და უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალითა და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისი ტაძარში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა ერის ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული მშობლების იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ, იგრძნობთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო», _ განაცხადა ილია II-მ.
თუ ყურადღებას პატრიარქის ინიციატივის პოლიტიკურ ასპექტზე გავამახვილებთ, სავარაუდოდ, მივალთ დასკვნამდე, რომ მან გაავლო ერთგვარი «წითელი ხაზი», რომლის გადალახვა როგორც ლგბტ-აქტივისტებს, ისე პოლიტიკოსებს შეიძლება საკმაოდ ძვირი დაუჯდეთ. თუმცა ვიდრე ამ თეზისს განვავრცობთ, ალბათ, სასარგებლო იქნება იმის გახსენება, რა დატვირთვას ატარებს 17 მაისი საქართველოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის.
გასული წლის 17 მაისს ლგბტ-პირების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თბილისის ცენტრში აქციის გამართვა სცადეს, მაგრამ ამის შესაძლებლობა გაცილებით მრავალრიცხოვანი კონტრაქციის მონაწილეებმა არ მისცეს, რომლის ბირთვს სასულიერი პირები და მათი მრევლი შეადგენდა. რამდენიმე ეპიზოდში ვითარება მკვეთრად დაიძაბა და, რომ არა პოლიციის სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, დაპირისპირება, ალბათ, გაცილებით მძიმე შედეგით დასრულდებოდა. მაშინ რამდენიმე პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მასშტაბური შეტაკებების პროვოცირებას ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეუწყეს ხელი, თუმცა საგამოძიებო ორგანოებს ამ მიმართულებით არ უმუშავიათ (ან უშედეგოდ იმუშავეს).
რატომ ჩატარდა ის აქცია მაინცდამაინც 17 მაისს? 1990 წლის 17 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო და სწორედ ამ დღეს ლგბტ-აქტივისტები მთელ რიგ ქვეყნებში «ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს» აღნიშნავენ. მათ აქციებზე მთავარი ადგილი უფლებადაცვით ლოზუნგებს უკავია, განსხვავებით გეიაღლუმისგან, ანუ «გეიპრაიდპარადისგან» («გეების სიამაყის აღლუმი»), რომელიც, როგორც წესი, ივნისში ტარდება. გეიაღლუმი, უპირველეს ყოვლისა, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საჯარო დემონსტრირების დღეა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აფიქსირებს სხვაობას ამ ორ მოვლენას შორის და, სიმართლე რომ ვთქვათ, ის დიდად არ აინტერესებს. 2013 წლის 17 მაისის კონტრაქციის მონაწილეები დარწმუნებულნი იყვენენ, რომ სწორედ გეიაღლუმის ჩატარების მცდელობა აღკვეთეს.
ამის შემდეგ ქართველმა კომენტატორებმა პრაქტიკულად დაუყოვნებლივ დაიწყეს მსჯელობა იმაზე, რა მოხდება მომავალ წელს, 2014 წლის 17 მაისს. ამ დღის მოახლოებასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციული კანონის დაძაბული განხილვის ფონზე, მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთი დრამატული სცენარი და კონსპიროლოგიური ვერსია განიხილეს. მართალია, შარშანდელი აქციის ერთ-ერთმა მთავარმა სულის ჩამდგმელმა, არასამთავრობო ორგანიზაცია «იდენტობამ» წინასწარ განაცხადა, რომ ამ დღეს ქუჩაში აქტივისტების გამოყვანას არ გეგმავს, გავრცელდა (უმეტესწილად ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგო) ცნობები იმის თაობაზე, რომ ზოგიერთი, შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი ამის გაკეთებას მაინც აპირებს. შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩებში ახალი მწვავე დაპირისპირების საფრთხე ამ მომენტისთვის სრულიად გამორიცხული არ არის.
ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემას მივუახლოვდით. 2013 წლის 17 მაისს ტრადიციონალისტური ძალების მობილიზაციის დროს, ერთ-ერთი დომინანტური იდეა «გეი-აღლუმის არდაშვება» იყო. ძალზე მნიშვნელოვანია, _ ერთიანდებიან ადამიანები რაღაცის ჩასაშლელად (დასანგრევად) თუ პოზიტიური, შენებაზე ორიენტირებული იდეების ერთგულებას აფიქსირებენ. პირველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რამდენად სამართლიანია მათი პროტესტი, სიძულვილის მოზღვავებისა და ძალადობის ესკალაციის შეჩერება, რაღაც ეტაპზე შეუძლებელი ხდება. ამ კონტექსტში პატრიარქის ინიციატივა უაღრესად დადებით ხასიათს ატარებს; ამა წლის 17 მაისს მრევლი შეიკრიბება არა იმისთვის, რომ ლგბტ-აქტივისტებს დაუპირისპირდეს, არამედ იმისთვის, რომ ქართული ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა გამოხატოს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ორიენტაცია პოზიტივზე ნეგატივის ნაცვლად, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია.
ცხადია, ეს არ არის ილია II-ს გადაწყვეტილების ერთადერთი ასპექტი. წელს თუ არა, დროთა განმავლობაში, ახალი დღესასწაული შეიძლება კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური ჯგუფების ერთგვარი მობილიზაციის, საერთო-ეროვნული აღლუმისა და საკუთარი ძალის დემონსტრირების დღედ გადაიქცეს და ხელი მათი კრისტალიზაციის პროცესს შეუწყოს. დღეს ისინი ოპონენტებზე მრავალრიცხოვანნი, მაგრამ გაცილებით არაორგანიზებულები არიან. მათ ჰაერივით სჭირდებათ ის, რაც გააერთიანებს და შემდგომ პოლიტიკური თვითორგანიზების შესაძლებლობას მისცემს; «ოჯახის დღე» შეიძლება ერთ-ერთ ასეთ წერტილად, ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს.
აქ, ალბათ, ისევ პოზიტივსა და ნეგატივზე ორიენტაციის პრობლემას უნდა დავუბრუნდეთ. ბრძოლა იმ ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დაჩქარებული ვესტერნიზაციის პროცესში მკვიდრდება და ბრძოლა ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება-გავრცელებისთვის არსებითად სხვადასხვა რამ არის. პირველი ვარიანტი უპერსპეტივოა _ მის ფარგლებში გეიქორწინების უარყოფა, ადრე თუ გვიან, დასრულდება მთელი ევროპული გამოცდილების უარყოფით, მათ შორის დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ლტოლვით კარჩაკეტილობისკენ და იდეური ავტარკიისკენ, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში შევა ქართული კულტურულ-ცივილიზაციური მოდელის ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებთან. მეორე ვარიანტი შესაძლებელს ხდის სინთეზს და, უხეშად რომ ვთქვათ, უცხოური გამოცდილებიდან კარგის აღებას და ცუდის უარყოფას, საქართველოს განვითარებას მისი სპეციფიკისა და საზოგადოებაში გავრცელებული იდეების გათვალისწინებით (გაუთვალისწინებლობა კი ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ექსპერიმენტები).
რომ არა პატრიარქის ინიციატივა, 17 მაისი ადრე თუ გვიან გადაიქცეოდა «გეებსა და ლესბოსელებზე ნადირობის დღედ», რომლითაც პოლიტიკური პროვოკატორები ისარგებლებდნენ. ამის საფრთხე კვლავინდებურად არსებობს, თუმცა დროთა განმავლობაში ის, სავარაუდოდ, შემცირდება.
როდესაც სააკაშვილის მიმდევრები ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას აღწერენ, როგორც წესი, პრიმიტიულ ბიპოლარულ მოდელს იყენებენ და უდგებიან მას დაახლოებით ისე, როგორც ორი პოლიტიკური ძალის ბრძოლას, რომელთა მიზანი მოწინააღმდეგის განადგურება, დამონება, ან მარგინალიზაციაა. ეს სერიოზული შეცდომაა, რადგან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე იერარქების აბსოლუტურ უმრავლესობას, სავარაუდოდ, მშვენივრად ესმით, რომ მათი დისკუსიის ან თუნდაც დაპირისპირების საბოლოო მიზანი თანაარსებობის ისეთი ფორმის გამოძებნაა, რომელიც ორივე მხარისთვის ასე თუ ისე მისაღები იქნება. მათთვის ცხადია, რომ ეს არ იქნება «ხელისუფლებათა სიმფონია» ბიზანტიურ სტილში ან თანამედროვე ირანული გამოცდილების გაზიარება. მაგრამ ამავე დროს ცხადია ისიც, რომ საქართველოში ამ ეტაპზე ვერ დამკვიდრდება 100%-ით სეკულარული მოდელი (რეალურად და არა ფორმალურად), ხოლო ეკლესიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში და მისი ურთიერთდამოკიდებულება საერო ხელისუფლებასთან ხელშესახებ პერსპექტივაში (სიტყვაზე) ჰოლანდიაში შექმნილ სიტუაციას ვერ დაემსგავსება. საქართველოში, მისი ისტორიის და დღევანდელობის გათვალისწინებით, ვერც მთავრობა შეძლებს ეკლესიის მარგინალიზაციას და სრულ დამორჩილებას და ვერც ეკლესია საერო ხელისუფლების ჩანაცვლებას და მის მართვას მოღვაწეობის ყველა ასპექტში. ასე რომ, ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ მივუდგებით შესაბამის პროცესებს არა როგორც ომს და დაუნდობელ დაპირისპირებას, არამედ, როგორც თანაარსებობის საუკეთესო ფორმის ძიების პროცესს, რომელიც ორივე მხარის და სრულიად საქართველოს ინეტერესებშია; ამ შემთხვევაშიც, სასურველია, მიზნად პოზიტიური შედეგის მიღწევა დავისახოთ.
პოლიტიკური ელიტის მთელი რიგი წარმომადგენლებისთვის სასურველია, სასწრაფოდ ამოიგდონ თავიდან ეკლესიასთან ურთიერთობის კონფრონტაციული მოდელი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის წლებში გავრცელდა. ეკლესიის გავლენა ძალზე დიდია, ის 2000 წლისაა და საერო ხელისუფლებასთან ურთიერთობის უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდა. მას ახსოვს ისეთი მტრები, როგორებიც იყვნენ დიოკლეტიანე და იულიანე განდგომილი, XX საუკუნის დიქტატორებს თავი რომც დავანებოთ. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია თუ ახალი ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი მისთვის რამდენადმე სერიოზულ მოწინააღმდეგეებს არ წარმოადგენენ. ნებისმიერი მასშტაბური შეტევა ეკლესიაზე ხელისუფლებისთვის მართვის სადავეების დაკარგვით და გარანტირებული კრახით დასრულდება.
რაც შეეხება საპატრიარქოს გარშემო დარაზმულ ტრადიციონალისტურ ჯგუფებს და იერარქებს, რომლებიც მათ ზურგს უკან დგანან, სასურველია, მათ უკეთ გააცნობიერონ, რას წარმოადგენს თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო. ისინი, მათი თქმით, წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებიან ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, მაგრამ დღემდე ვერ შეიმუშავეს შესაბამისი კანონპროექტი, როგორც ეს (მაგალითად) ახლახან ლატვიელმა მორწმუნეებმა გააკეთეს. ალბათ, ყველასთვის ცხადია, რომ XXI საუკუნეში გაცილებით სამართლიანია, საზოგადოების ზნეობის სადარაჯოზე იდგეს კანონი და არა ტაბურეტიანი აქტივისტი. კონსერვატორ-ტრადიციონალისტებმა უნდა ისწავლონ ადეკვატური მოქმედება სამართლებრივ (და, სხვათა შორის, პოლიტიკურ) სივრცეში, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკლარირებულ მიზნებს ვერასოდეს მიაღწევენ.
საზოგადოების იმ წარმომადგენლებმა კი, რომელთაც კარგად ესმით საერო და სასულიერო ხელისუფლებების კონსენსუსის აუცილებლობა, ალბათ, ყველა ღონე უნდა იხმარონ მისი მიღწევისთვის და იმისთვის, რომ «ტოტალური ომის» ფსიქოლოგია რაც შეიძლება მალე დავიწყებას მიეცეს, რადგან მან შეიძლება საქართველოს ბოლო მოუღოს, თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოგვიდგენია.
დიმიტრი მონიავა
Комментариев нет:
Отправить комментарий