ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

რა არის ასოცირების ხელშეკრულება?

  ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა. ქართულმა მხარემ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოსალოდნელ პროვოკაციებზე არაყოლისა და ევროპის აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში, მომავალ წელს საქართველო ხელს ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს.

ისტორიული შეთანხმების მნიშვნელობას ქართველი ექსპერტები განსხვავებულად აფასებენ. მათი უმრავლესობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დადებას საქართველოს ისტორიული ოცნების, ევროპულ ოჯახში შესვლის წინაპირობად აფასებს, უმცირესობის აზრით კი, ევროპის ასოცირებული წევრობა საქართველოს დამღუპველ შედეგებს მოუტანს, თუმცა პესიმისტებიც და ოპტიმისტებიც ერთ საკითხში თანხმდებიან- ისინი აფასებენ დოკუმენტს, რომელიც თვალითაც არ უნახავთ და მისი შინაარსის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

ამ ფონზე საინტერესო განცხადება დღეს ასოცირების შეთანხმების პარაფირების ხელმომწერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ 1000 გვერდიან დოკუმენტს, რომლის შინაარსიც ევროკავშირის წესდებით, ძალაში შესვლამდე არ ხმაურდება, ბრიუსელი ორშაბათს გაასაჯაროებს. დოკუმენტი ჯერ ევროკავშირის, შემდეგ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

რას ნიშნავს ასოცირების ხელშკრულება, რა სიკეთეს მოუტანს ან რა პრობლემებს შეუქმნის ის საქართველოს? შეუქმნის თუ არა ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებზე გადასვლა ჩვენს ქვეყანას ისეთივე პრობლემებს, როგორიც ასოცირების წევრობის მომლოდინე უკრაინას შეუქმნა და აქვს თუ არა რუსეთს საქართველოზე ზეწოლის ისეთივე ბერკეტები, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებდა?

ასოცირების ხელშეკრულების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე შევეცდებით უკრაინის მაგალითით ვიმსჯელოთ, სადაც საქართველოსგან განსხვავებით, დოკუმენტის შინაარსი ექსპერტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი იყო.

რა არის ასოცირების ხელშეკრულება?

ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება. თანამშრომლობა, ზოგადად, მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო, სოციალურ, კულტურულ და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების სამართლებრივ ბაზად მიიჩნევა „ევროკავშირის ფუნქციონირების შეთანხმების“(1957 წ) 127-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს სხვა ქვეყნებისა და ტერიტორიების ასოციაციის საკითხს.

პირველი სახელმწიფოები, ვინც ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, საბერძნეთი და თურქეთი იყო (1960).

ასოცირებული წევრობის სტატუსის სანაცვლოდ ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს აკისრებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და სასამართლო რეფორმების გატარების ვალდებულებას. ამის სანაცვლოდ კი, ასოცირებულ წევრებს ევროკავშირის ზოგიერთ ან ყველა ბაზარზე თავისუფალი წვდომა აქვთ, მათ შორის, სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ბაზარზეც. ასოცირებული წევრები ასევე იღებენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას. ასოცირების შეთანხმება ხშირ შემთხვევაში მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც.

თავისუფალი ვაჭრობის ზონა არის საერთაშორისო ინტეგრაციის სახეობა, რომლის წევრებსაც არ ეკისრებათ საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები. მათზე არ ვრცელდება რაოდენობრივი შეზღუდვებიც, რომელსაც საერთაშორისო შეთანხმებები არეგულირებს. ეს ინტეგრაციის უფრო ღრმა სახეობაა, ვიდრე პრეფერენციალური შეთანხმებები. თავისუფალი ვაჭრობის ზონის წევრები ასევე ინარჩუნებენ უფლებას, თავად განსაზღვრონ ვაჭრობის რეჟიმი მესამე ქვეყნებთან. უმრავლეს შემთხვევაში, თავისუფალი ვაჭრობის ზონის წესები ვრცელდება ყველა სახის საქონელზე, თუმცა ზონაში შემავალ ქვეყნებს შორის არსებობს საბაჟო საზღვრები და პოსტები, სადაც საქონლის წარმომავლობას ამოწმებენ.

თავისუფალ სავაჭრო ზონაში შემავალ ქვეყნებს ეხსნება საბაჟო გადასახადები, სავაჭრო შეზღუდვები, ვითარდება ინფრასტრუქტურა, მომსახურების სფერო, იზრდება საექსპორტო შესაძლებლობები.

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს ევროკავშირის ყველა წევრმა.

უახლოეს წარსულში ასეთი შეთანხმება მოხდა „სტაბილიზაციისა და ასოციაციის პროცესის“ და „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ ფარგლებში. პირველი პროგრამა ვრცელდება ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებზე, მეორე კი- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაზეც.

ჩვეულებრივ, თანამშრომლობა ევროკავშირის წევრებს შორის გაცილებით ღრმაა, ვიდრე ევროკავშირსა და ასოცირებულ წევრ ქვეყნებს შორის.

„ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და კულტურა. ის არ აძლევს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას, თუმცა ევროკავშირთან ურთიერთობაში გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს.

ევროკომისიის მიერ 2004 წელს შემუშავებული დოკუმენტი „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, სტრატეგია და მოხსენებები ქვეყნებზე“ ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებს ევროპული ღირებულებების პატივისცემას, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას, ადამიანის (მათ შორის, უმცირესობების) უფლებების დაცვას, კეთილმეზობლურ ურთიერთობების დამყარებას და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. ასევე, არის მოლოდინი იმისა, რომ ევროკავშირის პარტნიორი ქვეყნები ტერორიზმთან ბრძოლისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობასაც აიღებენ. მათ ასევე ევალებათ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვა და კონფლიქტების მოგვარებაზე ზრუნვა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში“ შედიან: უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ალჟირი, ეგვიპტე ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, სირია, ტუნისი და პალესტინის ავტონომია. '

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, მისი ხელმომწერები არიან: ალბანეთი, ალჟირი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ისლანდია, კანადა, ლიბანი, ლიხტენშტეინი, მაკედონიის რესპუბლიკა, მაროკო, მექსიკა, ნორვეგია, პალესტინის ავტონომია, სან-მარინო, სერბეთი, ტუნისი, თურქეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ჩილე, შვეიცარია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა.

მოლაპარაკების სტადიაში არიან: საქართველო, კოლუმბია, მოლდოვა, ეკვადორი, პერუ, საუდის არაბეთი, სირია, უკრაინა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა“ 2008 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად 6 პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის: საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის ევროინტეგრაციას ისახავდა. აღნიშნულ ქვეყნებს ევროკავშირი მთავარ მოთხოვნად დემოკრატიას, მმართველობის სისტემის სრულყოფასა და სტაბილობის უზრუნველყოფას უყენებს. ინტეგრაცია თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აღმოსავლელი პარტნიორებიდან“ ევროინტეგრაციულ კურსს მხოლოდ საქართველომ და მოლდოვამ უერთგულა, ბელარუსმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ასოცირებულ წევრობაზე უარი საკუთარი ნებით განაცხადეს, უკრაინას კი, რომელიც ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის ასოცირებული წევრი უნდა გამხდარიყო, ისტორიულ შეთანხმებაზე უარის თქმა რუსეთმა აიძულა.


პაატა კუპატაძე



Комментариев нет:

Отправить комментарий