ღმერთი

ღმერთი

понедельник, 23 июня 2014 г.

მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი: "აღსარებაზე ბევრი ჰომოსექსუალი მოსულა, ყველასთვის შემინდვია და მივფერებივარ"

შარშან, 17 მაისს, ტრანსფობიისა და ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებული აქციის დარბევის ბრალდებით საქართველოს დედაქალაქში სამართალდამცავებმა ორი სასულიერო პირი დააკავეს. ერთი მათგანი სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტი, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი გახლდათ. მას სისხლის სამართლის კოდექსის 161–ე მუხლით ასამართლებდნენ, რაც მანიფესტაციების უფლების ხელყოფას და უკანონოდ ძალადობრივ ხელშეშლას გულისხმობს. საქმეში ნივთმტკიცებად წარმოდგენილი იყო ვიდეოფირები და მოწმეთა ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ვიდეომასალა, რომელიც საქმეში მტკიცებულებად იქნა წარმოდგენილი, დამონტაჟებული იყო, რაც მოძღვრის მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის შეწყვეტის საფუძველი გახდა. 

მამა ანთიმოზი ბოლო დროს ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სათაურით – სამების ტაძარში მოძღვარი იგინებაო.
ვინ არის ბერი, რომელიც სკანდალებში ეხვევა, "ფეისბუქით" აქტიურად სარგებლობს, იზაბელ აჯანის სიმღერებს აზიარებს და ფეხბურთის სტადიონზე გადაღებულ ფოტოებს დებს? ამ პიროვნებას "სარკეში" მისი ინტერვიუდან გაიცნობთ.


– მამა ანთიმოზ, შარშან, 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევის ბრალდებით თქვენ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა. ვრცელდებოდა ვიდეოკადრები, სადაც იგინებოდით, დემონსტრანტებს მისდევდით. ბევრმა ეს სასულიერო პირისთვის შეუფერებელ საქციელად აღიქვა. თავად როგორ შეაფასებთ ერთი წლის წინ მომხდარს?


– 17 მაისი დედაჩემის დაბადების დღეა. შარშან, 16 მაისს, ოპერაცია გაუკეთდა, სიმსივნე ამოუღეს და 17–ში რეანიმაციაში იწვა. იმ აქციაზე რეანიმაციიდან მივედი. წინა დღეებში დედაჩემის ოპერაციის დეტალებს ვაგვარებდი. სულ საავადმყოფოში ვიყავი. სასამართლოზე კი აქციის ჩაშლის ორგანიზატორად გამომიყვანეს. ვიცოდი, რომ სამღვდელო დასი იკრიბებოდა და მათ შევუერთდი. ეს ყველაფერი ჩვენ მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული არ იყო. არც პრესაში გამოცხადებულა, რომ ვიკრიბებოდით, არც არავინ აპირებდა ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

საავადმყოფოდან თავისუფლების მოედანზე მივედი, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და მიდიოდა მოლაპარაკება, რომ ჰომოსექსუალებს აქცია არ ჩაეტარებინათ. მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 50 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი და მათ შორის – 300–მდე სასულიერო პირი. მეორე მხარეს კი 35–40 კაცი იდგა. სასულიერო პირები მათ ურჩევდნენ, აქცია არ ჩაეტარებინათ და ხალხი არ გაეღიზიანებინათ. გვითხრეს, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი აზრი და არც ის, არეულობა მოხდება თუ არა, აუცილებლად უნდა გამოვიდეთო. ანუ გვითხრეს, ყველაფერზე წამსვლელები ვართო. გავიგეთ, რომ იქ იყვნენ გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი და ოთხი თუ ხუთი საელჩოს წარმომადგენელი.

მერე სიტუაცია აირია. როგორ აირია და რა მოხდა უცებ, ვერ გეტყვით, მაგრამ მე ვიდეოკადრებში დამაფიქსირეს მაშინ, როცა გავრბივარ და ისე გამომიყვანეს, ვითომ ვიღაცას მივდევ. გავრბივარ იმიტომ, რომ რამე არ მოხდეს. ბევრი უცნაური ადამიანი იყო შეკრებილი და ვინ რას გააკეთებდა, არავინ იცოდა. სასამართლო პროცესებზე რომ დავდიოდი, იქ გავიგე, რომ დაახლოებით 200 კაცი მეორე მხრიდან ამ ხალხში იყო შემოგზავნილი. ეს იყო სერიოზულად დაგეგმილი პროვოკაცია, გათვლილი ახალი მთავრობისა და ეკლესიის წინააღმდეგ.


– ამ პროვოკაციას წამოეგო სამღვდელოება? 35–40 კაცის აქციას ამით ხომ უფრო დიდი რეკლამა გაუკეთდა?


– სამღვდელოება პროვოკაციაზე არ წამოგებულა. ერთი–ორი გადაცდენა მოხდა მხოლოდ. ხომ გეუბნებით, მაჩვენეს, როგორ გავრბივარ...


– და იგინებით.


– არ ვიგინები! გინება ვერ დამიმტკიცეს, რადგან ეს მასალა დამონტაჟებული იყო და ორიგინალი ვერ აღმოაჩინეს. იმ 200 შემოგზავნილიდან ერთ–ერთმა გადამიღო ეს ვიდეო. სავარაუდოდ, რომელიღაც მათგანი იგინება ისე, რომ ვითომ მე ვარ. მადლობა ღმერთს, სასამართლომ ეს ყველაფერი უარყო. ეკლესიას უნდოდა, იქ რამე ცუდი მომხდარიყო? არეულობა რომ დაიწყო, 25–30 წამში ჩერგოლეიშვილი და ელჩები უკვე მანქანებში ისხდნენ და გარბოდნენ. ხალხი მირბოდა და მათ პატრული ეჭიდავებოდა, რომ ავტობუსებამდე არ მისულიყვნენ და რამე არ დაეშავებინათ. მერე ისიც დააფიქსირეს, რომ პოლიციელებს ვეხმარები და ხალხს ვეუბნები, გადით აქედან, აუშვით ესენი ავტობუსებში–მეთქი. წარმოიდგინეთ, 40 ათასი კაცი გავეშებული მირბოდა. ის ავტობუსები რომ ამ ხალხს ხელში ჩაეგდო, საშინელება მოხდებოდა. სასულიერო პირები მხოლოდ ვაშველებდით და ვცდილობდით, ეს არ მომხდარიყო. მერე ეს ამბავი ისე ააგორეს, თითქოს ეკლესიის ორგანიზებული იყო დაპირისპირება და ხალხის დარბევა.


– თუმცა ამ აქციას რომ აპროტესტებდით, იქ იმიტომაც მიხვედით და ხალხიც თქვენ მოგყვათ.


– რა თქმა უნდა, ამ აქციის წინააღმდეგები ვიყავით, მაგრამ პროვოკაციას რომ მოაწყობდნენ, ეს არ ვიცოდით. მერე კი გაირკვა, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი, ვინ დაგეგმა... ისეთი დეტალებია, უფლება არ მაქვს, რომ ვისაუბრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით და ყველა სხვამაც.


– ჰომოსექსუალი აღსარებაზე თუ მოსულა თქვენთან?


– 15 წელი იქნება, რაც აღსარებას ვიბარებ და ბევრი ჰომოსექსუალი, ლესბოსელი მოსულა. ყველასთვის შემინდვია ეს ცოდვა და მივფერებივარ. ყველანი ცოდვის შვილები ვართ და არავის სიძულვილი არ მაქვს. არ შეიძლება, ქრისტიანს ვინმე სძულდეს. ვნება მოდის ადამიანში და სცოდავს. ვნება ათასნაირია. ეშმაკი არაფერს გვაძალებს. თავისუფალი ნება გვაქვს და ჩვენზეა დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა ცოდვას. თავისუფალი ნება გვაქვს და თავად ვიღებთ გადაწყვეტილებას. სატანას შეუძლია ცოდვა ლამაზ ფერებში დაგვიხატოს, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, მივიღებთ თუ არა.

ჩვენი სამყარო ბოროტსა ზედა დგას. დაცემული ბუნების მატარებლები ვართ ადამიანები. ჰომოსექსუალიზმი, ლესბოსელობა, ჩუკენობა, მრუშობა, სიძვა, პედოფილია, ნეკროფილია – ეს ყველაფერი ვნებაა. თუ დავუშვებთ, რომ ჰომოსექსუალიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ნეკროფილიამ რა დააშავა?! ნეკროფილებს უყვართ მიცვალებული და მათთან იღებენ სიამოვნებას. თუ სექსის თავისუფლება იქნება, მაშინ არც ზოოფილები აშავებენ რამეს?! ცხოველები უყვართ და მათთან ურთიერთობა სიამოვნებთ. ეს ყველაფერი ცოდვაა. ეკლესია მხოლოდ ამას ამბობს. შენ რომ მიკანონებ, რომ ეს ცოდვა არ არის და უბრალოდ თავისუფლებაა, სად მივდივართ?! ჰომოსექსუალიზმი მრუშობა–სიძვის ერთ–ერთი განშტოებაა.

ისე გამოვიდა, რომ 17 მაისს თითქოს არაფერს აშავებდნენ, მაგრამ ეს – სხვებისთვის. მე იქაურობას სხვანაირად აღვიქვამდი. თითქოს იმ რამდენიმე ადამიანის უკან მთელი სამყაროს უხილავი ბოროტი ძალები იდგნენ. დაცემული, ცოდვილი დედამიწის შთაბეჭდილება მქონდა. თითქოს ნეოწარმართული შეტევა დაბრუნდა. სატანა დაცემული ანგელოზია და ეს სიტყვა ლათინურად უფლის მოწინააღმდეგეს ნიშნავს.


– ჰომოსექსუალიზმს ნორმად მიიჩნევენ და ამართლებენ იმიტომ, რომ თვლიან, ადამიანები ასეთებად იბადებიან. რა გააკეთონ, თუ სხვაგვარად ცხოვრება არ შეუძლიათ?


– ცოლი ქმარს ღალატობს იმიტომ, რომ მას ეს მოსწონს. წარმოიდგინეთ, ამ ქალებმა რომ ჩამოაყალიბონ ორგანიზაცია და მოითხოვონ, ერთი–ორი საყვარლის ყოლის უფლება მისცენ, რა ქნას ეკლესიამ, არაფერი თქვას ასეთ ვნებაზე?! ეკლესია ცოდვას ებრძვის. ეს ის ეკლესიაა, რომელსაც 2033 წელს 2000 წელი უსრულდება. რაც დაარსდა, მას მერე ებრძვიან. რომელი საუკუნეც უნდა ავიღოთ, მუდამ საშინელებები ხდებოდა მის ირგვლივ. ახლაც იგივე ხდება.


– ჰომოსექსუალებს ამ ცოდვის დაძლევა გამოსდით?


– გადის წლები და სურვილი ისევ აქვთ, მაგრამ აღარ აკეთებენ ამას, თავიანთ თავს სჯობნიან. მეც ხომ მაქვს სურვილები, მეც მინდა რაღაც და მენატრება, მაგრამ არ ვაკეთებ, ჩემს თავს ვჯობნი. 15–16 წელია ბერული ცხოვრებით ვცხოვრობ. ვნება ხომ არის ჩემში, წმინდანი ხომ არ ვარ, რომ არ იყოს?! ეს ჩემი არჩეული გზაა, მაგრამ რადგან ეს გზა ავირჩიე, ეს ვნება მოკვდა ჩემში?! ხომ მიყვარს ისევ ქალი?! გიმეორებთ, ერთი ცოდვილი მამა ანთიმოზი ვარ.


– ახლახან, აღდგომის ღამეს, კიდევ ერთი სკანდალური ამბავი აგორდა თქვენ წინააღმდეგ. რა მოხდა სამების ტაძარში, რა ინციდენტი შეგემთხვათ?


– ტყუილია ის, რომ შევიგინე! თუ კარგად მოუსმენთ, გაიგონებთ, რასაც ვამბობ – "დედას ვფიცავარ, ხელს აგარტყამ!". რატომ მომიგონეს, შეიგინაო, ვერ გავიგე. გაუგებრობა მოხდა. სახელმწიფო დაცვა იდგა და მათ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე არ შემოუშვეს. მთავრობის წარმომადგენლები შემოუშვა დაცვამ ისეთ ადგილას, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა დგომა და ბურჯანაძეს შემოსვლაზე უარი უთხრა. ყველა სხვა ადგილი გადაჭედილი იყო ხალხით. ვიდეო ვიღაცამ გადამიღო და ისე გამოვიდა, რომ მარტო მე ვჩხუბობ. დაცვის წევრმა მითხრა, აქ უბრალო მოქალაქეებს არ ვუშვებთო. ამ დროს "ქართული ოცნების" დეპუტატებს უშვებდნენ, სხვებს – არა. ქალბატონ ნინოს კარგად ვიცნობ და დაცვას ვთხოვე, შემოუშვით–მეთქი.

ორი კარი იყო. ერთში მთავრობის წევრებს უშვებდნენ, მეორეში კი ჩვენი მოქალაქეები შედიოდნენ და ის მეორე ისე იყო გადაჭედილი, შესვლა შეუძლებელი გახლდათ. 5–6 წელია სამებაში ვმსახურობ და ასეთ შემთხვევას პირველად გადავეყარე. სასულიერო პირს რომ უნდა, ვიღაც შეიყვანოს და ამას დაცვა არ ანებებს, მსგავსი რამ არ გამიგია. ნებისმიერი ჩემი სულიერი შვილი რომ ყოფილიყო და მასზე მეთხოვა, შემოუშვით–მეთქი, უნდა შემოეშვათ.

ქალბატონი ნინო, როგორც იქნა, მეორე მხრიდან შემოვიყვანეთ. ნახევარი საათი მოვუნდი, სანამ ხალხს გავარღვევდი და ისეთ ადგილს მოვუძებნიდი, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდა. ძალიან გავბრაზდი და ვთქვი, ახლა მივალ და ყველაფერს ირაკლი ღარიბაშვილს ვეტყვი–მეთქი. ტაძარში რომ მობრძანდება ხოლმე, ვიცნობ და საკმაოდ თბილი ურთიერთობა მაქვს მასთან. რამდენიმე თანამდებობის პირმა მთხოვა, არ უთხრაო. პატრიარქთან მივედი და ვუთხარი, დაცვას ვეჩხუბე, ასე და ასე იყო–მეთქი. უწმინდესს ძალიან ეწყინა ეს ამბავი და მითხრა, ახლა მიხედე ნინოს და ყველაზე კარგ ადგილას დააყენეო. ასეც მოვიქეცი. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ...


– მომხდართან დაკავშირებით "ფეისბუქში" წერდით, ნახალოვკაში გავიზარდე და რა შემცვლისო.


– "ფეისბუქთან" ჩემი დამოკიდებულება არასერიოზულია. იქ ბავშვივით ვთამაშობ. ბევრს სწყინს, მოძღვარი ხარ და ეს როგორ შეიძლებაო. ეს ხომ ვირტუალური სამყაროა და როგორ შეიძლება ამ სამყაროში სერიოზული იყო?! ასეთი რამ დავწერე, რა ვქნა, ნახალოვკაში დავიბადე, გავიზარდე და რა შემცვლის–მეთქი.


– სანამ სასულიერო პირი გახდებოდით, რა ცხოვრებით იცხოვრეთ?


– სპეციალობით ხიდებისა და გვირაბების მშენებელი ვარ. მერე სასულიერო სემინარია დავამთავრე და 15 წელი ხან რომელ მონასტერში ვცხოვრობდი და ხან – რომელში, მაგრამ რაც ბავშვობაში ვიყავი და რაც ნახალოვკამ მომცა, რა შეცვლის?! მეგრელი კახელი გახდება? რა ვქნა, ასეთი ვარ–მეთქი, დავწერე. მართლა ასეთი ვარ. თვითონ არ მომწონს ჩემი თავი. არ მომწონს ჩემი მანერები, ქცევები. სულ ვცდილობ, გამოვსწორდე. ერთი უბრალო, ცოდვილი ბერი ვარ. თუმცა, იმასთან შედარებით, რაც ადრე, 20–25 წლის წინ ვიყავი, ახლა ანგელოზი ვარ.


– სასულიერო ცხოვრების გზაზე რამ დაგაყენათ?


– ღმერთის ძიებამ. ათეისტურ სამყაროს ვერ ვიტანდი. კომკავშირელიც არ ვყოფილვარ. ის სისტემა მძულდა და სასულიერო სემინარიაში შესვლაც ამან გადამაწყვეტინა. უამრავ წიგნს ვკითხულობდი ღვთის ძიებაში. მინდოდა, მწერალი ვყოფილიყავი. თუ მწერალმა ბიბლია არ იცი კარგად და ის კულტურა, ცივილიზაცია, რასაც წმინდა წიგნი ეფუძნება, არაფერი გამოგივა. ვინც უნდა იყო, მხატვარი, არქიტექტორი თუ დიზაინერი, ამ კულტურას კარგად უნდა იცნობდე.

მღვდლობისა და ბერობის სურვილი მაშინ არ მქონდა. სემინარია რომ დავამთავრე, ისევ დავშორდი სასულიერო ცხოვრებას. 4 წელი წითელ ხიდზე, საბაჟოზე ვმუშაობდი – ავტომატით ხელში ვიდექი, იმ წლებში, საშინელებები რომ ხდებოდა ქვეყანაში.


– ავტომატიდან ისროდით კიდეც?


– არა, არც მისვრია და არც მომიკლავს, ღმერთმა დამიფარა. ღვთის გზები შეუცნობელია. მერე მონასტრებში დავდიოდი. შიომღვიმის, ბეთანიის, ვანის, ობჩის მონასტრებში ვცხოვრობდი დიდხანს. ბოლოს, სანამ სამებაში გადმოვიდოდი, 5 წელი დავითგარეჯის უდაბნოში გავატარე. ყველაზე დიდი ცოდნა იქ შევიძინე. "ფეისბუქის" და დავითგარეჯის მამა ანთიმოზი ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან.


– "ფეისბუქში" ფეხბურთის ფანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რეალობაში ეს სპორტი არ გიყვართ?


– ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ფეხბურთელი ვიყავი. მთავრობას და ყველას ვთხოვ, ამ სფეროს მიხედონ. ქვეყნის აღორძინება იწყება ფეხბურთის აღორძინებით. მოედნის კეთებით, ბავშვებისა და ბალახის მოვლით. რა გაუჭირდათ ამისთანა, რომ მოედნებზე ბალახს მოუარონ?! განსაკუთრებით რეგიონებშია ცუდი მდგომარეობა – სამტრედიაში, ფოთში...

52 წლის კაცი ვარ. ბევრი ცოდვა მაქვს, მაგრამ ჯერ კაცობაში არაფერი შემშლია. თბილისში ამაყად დავდივარ. ნებისმიერ ადამიანს ჩავხედავ თვალებში. სულ ვამბობ, მოძღვარი ჯერ კაცი უნდა იყოს და მერე – სასულიერო პირი. უფალი იესო ქრისტე ორი ბუნების ადამიანი იყო – სრული კაცი და სრული ღმერთი. ჯერ სრული კაცი თუ არ გახდი, სასულიერო პირი როგორ გახდები?! არ შეიძლება ადამიანმა კაცობა არ იცოდეს და ზეციურს ასწავლიდეს.


– თუმცა ადამიანები როცა მოძღვრის სიფიცხეს ხედავენ, ეს მათ ხშირად ტაძრისკენ მიმავალ გზას უღობავს.


– რატომ გვიყურებთ ისე, როგორც უცხოპლანეტელებს?! ჩვენ ხომ თქვენნაირი ადამიანები ვართ, თქვენნაირი ცოდვილები, ჩვენ ხომ თქვენი წიაღიდან გამოვედით?! რაც ერიო, ის ბერიო – რა კარგი ნათქვამია! ზუსტად, რაც ერია, ის ბერია. სიმშვიდე კარგია, მაგრამ იესო ქრისტეც არ იყო ყოველთვის მშვიდი. ეკლესიაში შევარდა, აუყირავა დახლები და მათრახით დაერია ხალხს, გამოყარა ტაძრიდან. ამას მშვიდად კი არა, სიფიცხით აკეთებდა. სრული კაცი იყო, ყველაფერს განიცდიდა. სრული კაცი შეუშლელს ნიშნავს.


– შვილები გყავთ?


– არა, ძმისშვილები მყავს. ჩემი ძმა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ვაჟკაცი იყო, მთელი თბილისი იცნობდა. ყველაზე რთულ წერტილში, ეშერას ლაბორატორიასთან დაიღუპა. მაშინ იქ 17 ქართველი დაიღუპა და 3 გადარჩა. ერთ–ერთი გადარჩენილი ცნობილი მსროლელის, ნინო სალუქვაძის ქმარია. ის იხსენებს, ისეთ საშინელ რაღაცეებს ისროდნენ, მთელი ომის დროს მსგავსი რამ არ გვინახავსო. არცაა გასაკვირი, რადგან ეს რუსების ლაბორატორიაა და აფხაზებს იქ დღემდე არ უშვებენ. რუსების სპეცრაზმი იცავს და გასაიდუმლოებულია. რუსების მოკლულია ჩემი ძმაც, რადგან იმ ადგილს აფხაზებს და ჩეჩნებს არავინ მიაკარებდა. მის შვილებს ვაქცევ ყურადღებას. კარგი ბავშვები არიან. ერთი ჟურნალისტია, მეორე – არქიტექტორი.


2014-06-17


რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე



sana.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий