ღმერთი

ღმერთი

четверг, 26 июня 2014 г.

აბა, ამისთანა მეფეს ვინ არ უერთგულებდა!

  

გამორჩევით უყვარდათ მეფე ერეკლე ქართველებს. თუშ-ფშავ-ხევსურნი ხომ მთლად უნჯი ყმები იყვნენ. თედო რაზიკაშვილს ხალხში გაბნეული ლეგენდები ჩაუწერია: "მეფე ერეკლე და თამარ მეფე ცოცხლები არიან ღმერთთან და როცა გაუჭირდება საქართველოს, მოეშველებიანო... მეფე ერეკლეს ძვლებს მირონი ჩამოჰდისო... ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისევ თავისთავად შემაერტყისო... როცა ერეკლე ლოცვაზე დადგებოდა, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებდა ხოლმეო და ლოცვას რომ გაათავებდა, სხივიდგან ისევ აიღებდა ხმალსაო". აბა, ამისთანა მეფეს ვინ არ უერთგულებდა! ზოგი მათგანის შესახებ "კარიბჭის" მკითხველს უკვე ვუამბეთ. ახლაც რამდენიმე ძველ ამბავს გავიხსენებთ.

თუში ბობღიაშვილი

ერთ მოხუცებულ თუშს, გვარად ბობღიაშვილს, თორმეტი ძე ერეკლეს ლაშქარში გაუგზავნია. თერთმეტი ძმა ომში დახოცილა. ნაბოლარაღა გადარჩენილა. შინ რომ დაბრუნებულა, მამას უბრძანებია: უკანვე წადი და ძმებს მიბაძეო. ისიც წასულა და ბრძოლის ველზე დაღუპულა.

უშვილძიროდ დარჩენილ ბობღიაშვილს უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანო - იქნებ სამშობლოს ერთი გმირი კიდევ დავუტოვოო. მართლაც, აისრულა წადილი და ორი ვაჟკაცი შესძინა საქართველოს.

ხიმიკაურის ხმალი

მეფე ერეკლეს დროს ხევსურეთში ერთი სახელოვანი ვაჟკაცი ყოფილა, ძაღლიკა ხიმიკაური. მასზე ლექსიც შეუთხზავთ:

"ძაღლიკავ ხიმიკაურო, ლიქოკის ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი, თეძოზე დაიკიდეო.
არ მოგრჩა გაუტეხელი, მტერს ვისაც აეკიდეო".

ერეკლეს ხმლით თავგაჩეხილი კოხტა ბელადი სულს რომ ღაფავდა, მეფის მხარდამხარ შვიდი ხევსური იბრძოდა, მათ შორის - ძაღლიკა ხიმიკაურიც. ლეკ-ოსმალომ სარდლის უბედურება რომ დაინახა, არწივდაქროლებული წეროს გუნდივით გაიფანტა. ამასობაში ქართველებს დამხმარე ჯარმაც მოუსწრო. "ხმალი ამ წუნკლებსო!" - შეუძახა ერეკლემ თავის ვაჟკაცებს. გამარჯვებით გამხნევებული ლაშქარი დაერია ლეკ-ოსმალებს და ბალახივით დაუწყო თიბვა. განსაკუთრებით ძაღლიკა ხიმიკაურს გამოუჩენია თავი. თითო შემოკვრით კაცს თურმე შუაზე სხეპდა. ერეკლეს გულში ჩავარდნია მისი ხმალი. ომის დროს რაღას ეტყოდა, მაგრამ მეორე დღეს დაიბარა - ოღონდ დამითმე და რაც გინდა მთხოვეო.

- ბარევალ ე ხელნ დამჭრენ, ერეკლევ! - იუკადრისა ძაღლიკამ.

- ჩემს ხმალს მოგცემ, - უთხრა მეფემ - სართი კიდევ სხვა იქნება.

- ვაი დედასა მტრისასა, ბატონიშვილო, ეგ ხო ჩემ მოკვლა იქნების?! მამკალ კიდეც, რაკი ხმალს გამამართომ!

ერეკლემაც იცოდა, რომ კარგი ვაჟკაცისთვის კარგი ხმალი მეორე სიცოცხლე იყო, მაგრამ რა ექნა, რომ თვითონაც ვაჟკაცი იყო და ხიმიკაურის ხმალი მეტისმეტად მოსწონდა...

ბოლოს დაუთმო ძაღლიკამ და სანაცვლოდ სხვა ხმალი და ერთი თოფი მიიღო, რომელიც ვაჟა-ფშაველას დროს ხევსურეთში, ხიმიკაურების ოჯახში ინახებოდა. ვაჟას თქმით, ამ თოფს ხევსურნი "ბატონიაანთეულ თოფს" ეძახდნენ.

ასპინძის ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისა და ერთგულებისთვის მეფე ერეკლემ ძაღლიკა ხიმიკაურს სიგელით დიდი მამული უბოძა. ეს სიგელი ვაჟას 1895 წელს ძაღლიკას შვილიშვილთან უნახავს. პატრონი დავას აპირებდა თურმე - პაპაჩემისთვის ნაჩუქარი მამულით სხვანი სარგებლობენო.

ალბათ გაწყრა ძაღლიკა, "გულს შამაეყარა", რომ ხმალი "წაართვეს" და აღარც ადგილ-მამული ინდომა...

მას შემდეგ, როცა კი ერეკლე ლაშქარს დაიბარებდა მთიდან, პირველად ხიმიკაურს მოიკითხავდა, მაგრამ ხევსური სალაშქროდ გამზადებულებს აბარებდა: "უთხარით ერეკლე ბატონიშვილს, ავად არის-თქო ძაღლიკა..."

ზემოთ მოთხრობილი ამბავი ვაჟა-ფშაველას ჩაუწერია 1902 წელს და საგაზეთოდ გაუმზადებია. ამავე წელს დაუწერია პოემა "ძაღლიკა ხიმიკაური", რომლის ფინალშიც მეფე ხმალს პატრონს უბრუნებს. სიუჟეტი ასეთია: ერთხელ ერეკლე ომში დაიბარებს ძაღლიკას. განაწყენებული ვაჟკაცი ადგილიდან ფეხს არ იცვლის. სალაშქროდ გამზადებული ხევსურნი წინამძღოლს უხმობენ. ძაღლიკა მაინც არ მიდის. ბოლოს ცოლი შეარცხვენს: რად გინდა ხმალი, თუ მოხმარების თავი აღარა გაქვს და აღარც გული გერჩისო? აღელდა ძაღლიკა, გაჰყვა ლაშქარს და მეფესთან გამოცხადდა. ერეკლეს წესად ჰქონდა - იარაღს უმოწმებდა თავის მებრძოლებს. ბოლოს ძაღლიკასაც უწია ჯერმა. ხიმიკაურმა ქარქაშიდან ამოსწია სატევარი და... ყველა განცვიფრდა - ხის ხმლით წამოსულიყო ომში ხევსური. ერეკლეს წამით სახე შეეცვალა, მერე გაახსენდა ძველი ამბავი, გულიანად გადაიხარხარა და მისი ხმლის მოტანა ბრძანა. უთხრა:

"მაინც იძაღლე, ძაღლიკავ,
წაიღე, გერტყას, შენია!
ვინაც წელზეით შემოგხსნას,
ის ღმერთს ნუმც დაურჩენია!"

გახარებული ხევსური მუხლებზე მოეხვია მეფეს, მერე კი კაფა და კაფა მტერი.

არსებობს ამბის სხვა ვარიანტიც, რომელიც 1937 წელს ჩაუწერია თელავის მუზეუმის დირექტორს ალექსანდრე მამულაშვილს: ასპინძის ომში ერთ თუშს, გვარად დილოიძეს, დიდი ვაჟკაცობა გამოუჩენია. მტერი რომ შემუსრეს და უკან ბრუნდებოდნენ, ჯარმა წალკის ხეობაში შეისვენა. მეფემ დილოიძე იხმო და ჯილდოდ მთელი წალკის ხეობა შეაძლია. თუში უკმაყოფილო დარჩა. მიწა-წყალი რომ მინდოდეს, განა ჩვენში მთა-ველი ცოტააო? - მიუგო მეფეს, - მე მეომარი ვარ, უმჯობესია, კარგი იარაღი მომცე, უფრო გამომადგებაო.

- რა იარაღი გიბოძოო? - შეეკითხა მეფე.

იმავე ომში ყოფილიყო ერთი სახელოვანი მეომარი ძაღლიკა ხიმიკაური. მისი გორდა ხმალი დილოიძეს ძალიან მოსწონებოდა - ისეთი მტკიცე ფოლადისა ყოფილიყო, კაცი ხელზე დაიხვევდა თურმე და ხელის გაშვებისთანავე ბზრიალით გაიშლებოდა. აი, ამ ხმალზე შევარდნოდა გული დილოიძეს. მეფემ მისი გულის მოსაგებად ხიმიკაური დაიბარა და ხმალი სთხოვა. ძაღლიკა უარს როგორ ეტყოდა ერეკლეს! სამაგიეროდ, მეფემ თავისი ოქროსზარნიშიანი თოფი უბოძა. დილოიძე კმაყოფილი დარჩა, ხიმიკაური კი ნაწყენი.

  

ბევრ დროს არ გაუვლია, რომ მტერი ისევ შემოესია საქართველოს. მეფემ ისევ შეკრიბა ლაშქარი. დილოიძემ სიხარულით მიაშურა ბრძოლის ველს - დრო იყო, მტრის კისერზე გაესინჯა საყვარელი იარაღის ფხა, ძაღლიკა ხიმიკაური კი გაჯიუტდა: განა მე დიაც ვიყავ, მეფემ ხმალი რომ წამართვა და სხვას მისცაო?! ხევსურნი უწინამძღოლოდ ომში არ მიდიოდნენ, ძაღლიკა კი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა.

ბოლოს საქმეში დედაკაცები ჩაერივნენ. ერთმა მათგანმა მანდილი მოიხსნა და ძაღლიკას მიმართა: თუ დიაც ხარ, აჰა, მანდილი დაიხურე და ჩვენთან დაჯექიო. ეს კი ძალიან ეწყინა ხიმიკაურს და იძულებული გახდა, ომში წასვლაზე დათანხმებულიყო. იარეთ და დაგეწევითო, უთხრა ხევსურებს, გამოთალა ხის ხმალი, ჩამოიკიდა წელზე და ჯარს წამოეწია.

მეფეს რომ წარუდგნენ, ერეკლეს ეუცხოვა ხის ხმლის დანახვა, ერთბაშად ვერ მიუხვდა ძაღლიკას, ჩაფიქრდა, მერე გულიანად გაიცინა, მხლებელს სამეფო ხმლის მოტანა უბრძანა და ხიმიკაურს გადასცა. ძაღლიკას შუბლზე ნაოჭები გაეშალა და მტერს მედგრად ეკვეთა.

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, - წერს ალექსანდრე მამულაშვილი, - მაგრამ ხიმიკაურის ჩამომავლობას, ლიქოკელებს, წინაპრის საამაყო ხმალი ჯერაც არ დავიწყებიაო. ერთ-ერთ მათგანს ზემო ალვანში, დილოიძიანთ ჩამომავლობაში, უძებნია კიდეც - დამიბრუნეთ, კარგ ფასს გავიღებთო. დილოიძეებს ხევსურისთვის ჟანგისგან შეჭმული და ქარქაშგაქუცული ხმალი უჩვენებიათ. ხევსურს არ მოსწონებია, მატყუებთ, ეს ის ხმალი არ არისო, - უთქვამს და ხელცარიელი უკანვე გაბრუნებულა.

ტექსტის დასასრულს ალ. მამულაშვილს მიუწერია: "ეს ხმალი და მასში მიცემული ოქროსზარნიშიანი თოფი ახლა თელავის მუზეუმშია მოთავსებული. თოფი შედარებით უკეთ არის შენახული, ხმალს სადავე და ქარქაში აღარ უვარგა. ყუასთან ლომი აქვს გამოსახული და ისევ კარგი ჭრა აქვს". ეს ხმალი მუზეუმის დირექტორს ზემო ალვანში დილოიძეთა შთამომავლისაგან შეუძენია, ხოლო თოფი - ახმეტაში, ერთი ხევსურისგან. ამ ხევსურს, გვარად ლიქოკელს, რომელიღაც ოსტატთან მიეტანა ახალ ყაიდაზე გადასაკეთებლად. ალ. მამულაშვილისთვის, როგორც სიძველეთა შემკრებისათვის, უცნობებიათ, საინტერესო თოფიაო. მასაც უნახავს (თოფისთვის ლულა დაემოკლებინათ, კონდახიც გატეხილი ჰქონოდა), გამოუკითხავს პატრონისთვის მისი წარმომავლობა, დარწმუნებულა, რომ ერეკლესეული უნდა ყოფილიყო, შეუძენია და აღუდგენია კიდეც.


ერეკლე და თუში


ერთი თუში დარაჯად მდგარა ერეკლეს სასახლეში, მწუხრის ბინდბუნდში სასახლისკენ მიმავალი მეფე ვერ უცვნია და ვინ ხარო? - დაუძახია. მეფეს არ უპასუხია. თუში დასწევია და გვარიანი ლაწანი გაუდენია. ერეკლე აღშფოთებულა: "რას შვრები, ბრიყვო, შენს მეფეს სცემო?!" შეშინებულ თუშს ენა ჩავარდნია ერეკლეს მხარზე ხელი მოუთათუნებია და უთქვამს: "ყოჩაღ, თუშო, მუდამ ეგრე ფრთხილად უდარაჯე მეფის სასახლესო".



კრწანისთან

თათრის ხელმწიფე დამუქრებია ერეკლეს, ან მომეც შენი ციხე-ქალაქნი თბილისისანი, ან არადა წამოვალ და სადილს შენს ქალაქში ვჭამო. მაგათ მარტო ჩემი მთიულნი მიხედავენო, უთქვამს პატარა კახს და დამძახებელი გაუგზავნია თუშ-ფშავ-ხევსურეთს. მალე მეფეს მთელი ხევსურეთი მისდგომია კარს. აყვირებულან მთიელნი: "სად ასავ ჩვენ ნეფეივ? გვანახვიდეთავო". მოლაშქრენი განცვიფრებულან: ერეკლე ჩვენს სანახავად რომ მოდის, შიშით ვქრებით, ესენი კი აქეთ ეძახიანო. გამოსულა ერეკლეც, ჯაჭვ-იარაღში ჩამჯდარ ხევსურებს მისალმებია: "ჩემთ ხევსურთ გაუმარჯოსო!" "ჩვენს მეფე ერეკლეს გაუმარჯოსო!" - სალმითვე გაუციათ პასუხი ხევსურებს. ერეკლეს თათრის მუქარა გადაუცია და უთქვამს:

"მიშველეთ, ჩემნო ხევსურნო,
უნჯნი ყმანი ხართ ჩემნია,
ფულს მაგცემთ მაგოდენასა,
რო ვერ ზიდევდეს ცხენია".

ხევსურებს სწყენიათ: განა ჩვენ ფულის გულისთვის ვომობთავო?! - და ერთხმად უთქვამთ: "შენნი უნჯნი ყმანი ვართ ხევსურნი, გაუწყრეს ჩვენი სალოცავი, ვინც თეთრი აიღოსო".

 გასძღოლია მეფე ლაშქარს. სცემიან მტერს და ბოლოში გასულან. ერეკლეს ცხენდაცხენ უომია, შვიდჯერ აუვლ-ჩაუვლია თათრის ჯარში, ხმალი წაღმა-უკუღმა უქნევია. მეშვიდე ავლაზე ცხენს ერეკლეს ჯაჭვის სიმძიმისთვის ვეღარ გაუძლია და წაქცეულა (ჯაჭვის პერანგი შვიდი ფუთი ტყვიისგან ყოფილა ნაქსოვი). მისევიან ერეკლეს თათრები, მაგრამ ხევსურებს გადაურჩენიათ მეფე. ამასობაში დანარჩენებიც წამოშველებიან. ერეკლესთვის სხვა ცხენი მიურთმევიათ.

ომის შემდეგ ერეკლეს კიდევ ერთხელ უკითხავს ხევსურებისთვის, რა გაჩუქოთო. "რად გვინდა საჩუქარივ? - უთაკილიათ უნჯ ყმებს, - განა საჩუქრის გულისად ვიომეთავ?" მეფეს უსაჩუქროდ მაინც არ გაუშვია - ზოგისთვის იარაღი მიუცია, ზოგისთვის - ფული. წასვლის წინ ხევსურებს დაუბარებიათ: "თუ კიდევ რა გაბედეს თათრებმა, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთავო".


სტატიის ავტორი: კახაბერ კენკიშვილი


karibche.ambebi.ge




Комментариев нет:

Отправить комментарий