ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 22 июня 2014 г.

“ეკლესიაზე ზრუნვის” მოტივით მიმდინარე ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ – სწორად გავიაზროთ რუის-ურბნისის გამოცდილება!

ყოველი მონოპოლიზებული სისტემის ზეობასა და კეთილდღეობას, თავისთავად, საფრთხის ქვეშ აყენებს თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებებისა და ინსტიტუტების არსებობა და, საერთოდ, ხელისუფლებისგან არშექმნილი და მის მიერ ვერკონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება.

დღეს, ეროვნულ-პოლიტიკური ძალებისა და თვითმართვადი, დამოუკიდებელი, თავისუფალი სამოქალქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების სისუსტის პირობებში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთადერთი რეალური დამცველი, რომლის მაღალი ავტორიტეტის გამო ყველა იძულებული ხდება ანგარიში გაუწიოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არის საქართველოს სამოციქულო ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო და არის არა მარტო რელიგიურ_აღმსარებლობითი ინსტიტუტი, არამედ, ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს.

გარკვეულ ძალებს საქართველოში და მის გარეთ მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური იდეოლოგიური და ინსტიტუციური უმთავრესი მოწინააღმდეგე დღეს არის საქართველოს სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ, ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა, ხელს უშლით თავისი ზრახვების განხორციელებაში _ ერთიანი ეროვნული ცნობიერების მიზანმიმართულ ნგრევაში; ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში; ერის გენოციდში, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზებაში; ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში.

საქართველოში არსებული ეს ძალები, გადანაწილდნენ რა სახელისუფლებო, ოპოზიციურ და სამოქალაქო ჯგუფებად, მიიჩნევენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მათი კეთლდღეობის მთავარ მოწინააღმდეგედ (სიმართლე რომ ვთქვათ, სწორადაც მიაჩნიათ!!!). ბუნებრივი და ლოგიკურია ამ ჯგუფების საქართველოს ეკლესიასთან კონფლიქტი.

როცა ჩათვლიან, რომ ქვეყანაში თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინტერესების საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია ხდება.

მრავალი მიზეზის გამოა (რომელთაც ამ წერილში არ განვავრცობთ), რომ ასე გააქტიურდა საქართველოში საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ გეგმაზომიერი შეფარული, რიგ შემთხვევაში კი აშკარა ბრძოლა, _ შეტევა ქრისტიანობაზე, ქართულ ცნობიერებასა და ქართული ცხოვრების წესზე. სხვადასხვა კერძო პრობლემის საჯარო განხილვის საგნად ქცევით, შანტაჟით, რელიგიაზე და სამღვდელოებაზე ქილიკით, სასულიერო და საერო პირების მოსყიდვითა და გადაბირებით, რეალური ვითარებისა და ბრძოლის მექანიზმებში გაუცნობიერებელი ადამიანების ქმედებათა გამოყენებით ეკლესიის წინააღმდეგ, უნდათ, ერთი მხრივ, საზოგადოებას მათგანვე შექმნილი რეალურად მძიმე პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაატანინონ ყურადღება და, მეორე მხრივ, რაც მთავარია, გამოთიშონ ჩვენი ეკლესიის პოზიცია და ქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმიდან, საშიშროება შეუქმნან ეკლესიის ერთიანობას, რომელიც, თავისთავად, დღეს ქვეყნის ერთიანობის უმთავრესი ბალავარია.

ბრძოლის მოტივი ბევრია: სულ ცოტა ხნის წინ, მისი უწმიდესობის ძალისხმევით თვითმმართველობის კანონპროექტის VII კარიდან ამოღებულია “მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანების” შექმნის საკითხი, რამაც ქვეყნის პირდაპირი დაშლის საფრთხე შეამცირა; შესაძლებელი გახადა ტაო_კლარჯეთში ძეგლების აღდგენა ბათუმში მეჩეთის აშენების გარეშე და საქართველოს სხვადასხვა მხარეში რელიგიური დაპირისპირებების ინსპირაციის აღკვეთა; თრუსოს ხეობას დღესაც მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი იცავს; მკაფიო პოზიცია გამოიხატა საყდრისის ოქროს მომპოვებელი უნიკალურ მაღაროს ნგრევისა და ხუდონის კაშხალის წარმოდგენილი პროექტით აშენებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი.

მისი უწმიდესობისა და ეკლესიის მაღალი ავტორიტეტი (რომელიც მავანთ მოსვენებას არ აძლევთ) საქართველოსა და მსოფლიოში, საქართველოს ეკლესიის მაღალ სულიერებასა და ჭეშმარიტ ეროვნულობაზე დაფუძნებული პოზიცია, ახერხებს, შეამციროს მოწინააღმდეგეთა აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში, რის გამოც ისინი ავადმყოფურად რეაგირებენ პროცესებში ისეთი პიროვნებების მონაწილეობაზე, რომლებთაც ძალუძთ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა, რაც ავტომატურად იწვევს მათი ანტიქართული ქმედებების მხილებას.
დღევანდელი ხელისუფლება, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა (საკონსტიტუციო შეთანხმებაც მოითხოვს ამას), თავად გახდა ეკლესიური ცხოვრების განვითარების ხელის შემშლელი. გადააწყდა რა სახელმწიფოსთვის საზიანო პოზიციების გატანაში დიდ წინააღმდეგობას, მთელ რიგ საკითხებში უკან დახევა მოუწია, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული გაღიზიანება და ეკლესიის მკაფიო პოზიციის გამო სამაგიეროს გადახდის სურვილი გამოიწვია.

ანტიეკლესიური კამპანიის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკლესია თავს ვალდებულად მიიჩნევს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში. იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესიის პასუხისმგელობის მაღალი დონე ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ის საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს გეგმავს.

ბოლო პერიოდში პოლიტიკური ლიდერების ოფიციალური განცხადებები და კულუარული საუბრები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ “ნაცმოძრაობა” და `ოცნება~ (ზოგიერთი წევრის გამოკლებით) და მათგან კონტროლირებადი ე.წ. არასამთავრობო სექტორი და მედია (განსაკუთრებით ტელეკომპანია „ტაბულა“, სადაც ანტიეკლესიური მიზანმიმართული პროპაგანდა მიმდინარეობს ვითომდა ობიექტური, ინტელექტუალური და მშვიდი საუბრების მიღმა), პრაქტიკულად, ერთიან ორგანიზებულ შეტევას აწყობს საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. აშკარა ხდება ხელისუფლების მიზანი _ მორჩილებაში იყოლიოს რელიგიური დაწესებულება.
ამ ფონზე, საერო და სასულიერო პირების მხრიდან, ეკლესიაში არსებული პრობლემების მოგვარების საბაბით, გახშირდა სხვადასხვა განცხადების გაკეთება და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელება. რაც უნდა “კეთილშობილური” მიზნები ამოძრავებდეს ამ ადამიანებს, მით უმეტეს _ სასულიერო პირებს, მათი მხრიდან პრობლემების საჯარო სივრცეში გამოტანა და არაეკლესიური ფორმებითა და მეთოდებით მოქმედება ძალიან ხშირად ეკლესიის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამს წყალს;. რაც უნდა გულუბრყვილო იყოს ადამიანი, უნდა ხვდებოდეს, რომ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, “ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით” განხორციელებული ეს ქმედებები ეკლესიაში შიგნიდან განხეთქილების მცდელობისთვის ხდება გამოყენებული.

ასევე, ის ადამიანებიც, რომლებიც ეკლესიისგან უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როდისაა ამისთვის შესაბამისი დრო და მათ „გადაჭარბებულ გულმოდგინებას“ ისევ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ხომ არ გამოიყენებს მავანი.

დღეს, როდესაც გაშლილი ფრონტით მიმდინარეობს შეტევა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე და, როცა ჩვენი დედაეკლესია ქართული სახელმწიფოებრიობის ერთადერთი რეალური დამცველია, ეკლესიის შიგნით დაძაბულობის ნებისმიერი კერის გაჩენა ეკლესიის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის ტოლფასია (რა უნდა გაგვიკვირდეს, მაცხოვარს ჰყავდა იუდა ისკარიოტელი). ყველამ, მით უმეტეს, სასულიერო პირებმა, უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ქმედებების გამოყენების მსურველი საქართველოში მრავალია.

სასულიერო პირების მხრიდან გარკვეულ ინდივიდუალურ გადაცდომებს, გნებავთ _ შეცოდებებსა თუ სხვადასხვა სახის კანონიკურ-სამართლებრივ დარღვევებს, შეიძლება, მართლაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, ეს მხოლოდ საეკლესიო სამართლით დადგენილი წესით უნდა დარეგულირდეს. განა, რომელიმე, თუნდაც მცდარი გადაწყვეტილების გამო, სასულიერო პირის მხრიდან მეორე სასულიერო პირის ან ეპისკოპოსის საჯაროდ ლანძღვა მთლიანი ეკლესიის ლანძღვა არ არის?! ვის აქვს უფლება, გამოვიდეს და აგდებულად ილაპარაკოს იერარქებზე, თუნდაც ამ იერარქების ქმედება არ მოეწონოს?! თუნდაც რომ შეეშალოს სინოდს გადაწყვეტილება, განა შეიძლება, თუ შენ დედად მიგაჩნია ეკლესია, დედას რამე რომ შეეშალოს, მთელ ქვეყანაზე გამოაჭენო?!
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, არ მივიღოთ მონაწილეობა საეკლესიო ცხოვრებაში ან არ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით. პირიქით, უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები და ორგანიზებულები, უნდა ვიქცეთ ერთიან მრევლად, პროცესების არა დამკვირვებლებად, არამედ ქმედითუნარიან მონაწილეებად; შიდა ამოცანების გადაწყვეტა ეკლესიის „გალავანს“ შიგნით უნდა მოვახერხოთ, ხოლო მის გარეთ შეთანხმებული ერთიანი პოზიციით წარვდგეთ.

თუ რომელიმე სასულიერო პირის, მით უმეტეს _ იერარქის პოზიცია მიუღებელია ან მათი ქმედებები ეჭვს იწვევს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც, შეიძლება, გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს, მაგრამ, მისი განზოგადება და შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვა დაუშვებელია, მით უმეტეს, როცა იცი, რომ გარედან ორგანიზებული ქმედებები მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და განხეთქილების მოწყობის მიზნით.

ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის ამ პრობლემებს, ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების გარედან ზემოქმედების განეიტრალების პარალელურად. ამას თუ არ გავიცნობიერებთ, მივიღებთ გაცილებით უარეს შედეგს _ თავად ეკლესიის ერთიანობას ეჭვქვეშ დავაყენებთ.
თქმულის საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისია რუის-ურბნისის კრების შედეგების შეფასება: „დავით აღმაშენებელმა ჩაატარა საეკლესიო რეფორმა და გაწმინდა ეკლესია“ _ ეს საბჭოთა პერიოდის ისტორიოგრაფიის სტერეოტიპია. რეალურად კი რუის-ურბნისის კრება მხოლოდ მას შემდეგ იქნა მოწვეული, რაც წმიდა დავით აღმაშენებელმა, დიდი ბრძოლის შედეგად, ხელისუფლება გაამყარა, აღმოფხრა კერძო ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები და გახდა მტკიცე გარანტი საერო პირების მხრიდან ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის აღკვეთისა, რითაც საშუალება მიეცათ ღირსეულ მამებს, საკუთარი ძალებით თავადვე განეხორციელებინათ, წმიდა სწავლებაზე და საეკლესიო სამართალზე დაყრდნობით, ეკლესიის შიდა პრობლემების მოგვარება და ქართული ეკლესიის უდიდეს სიმაღლეზე აყვანა. წმიდა გიორგი მთაწმინდელის დაწყებული საქმე, მხოლოდ შესაბამისი პირობების შექმნის შემდგომ, წმიდა არსენ იყალთოელისა და წმიდა გიორგი ჭყონდიდელის ძალისხმევით, საქართველოს ეკლესიის ღირსმა მამებმა განახორციელეს, ხოლო თვით წმიდა მეფე ეკლესიის შიდა საქმეებში არ ჩარეულა (ბიზანტიური და რუსული პრაქტიკისგან განსხვავებით, მას არ უცდია, ხელისუფლებისთვის დაექვემდებარებინა ეკლესია!), პირიქით, მაღალი იერარქები მიიწვია სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: ეკლესიის შიგნით არსებული პრობლემების მოგვარება იწყება გარედან ზეწოლის შემცირების პარალელურად. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით იმათ, ვინც თავს მიიჩნევს ეკლესიის შვილად და მრევლის წევრად, გავემიჯნოთ ანტიეკლესიური კამპანიის ორგანიზატორების გეგმებს! ნუ შევუწყობთ ხელს მათ! ჩვენი ენერგია მივმართოთ მათ წინააღმდეგ და შემდეგ, თავისუფალ გარემოში, ეკლესია თვითონ შეძლებს საკითხების გადაჭრას!

დღევანდელ დღეს ყველანი ვხედავთ, რა დიდ საქმეებს აკეთებს ასეთი ზეწოლის პირობებში საქართველოს ეკლესია კონკრეტული ადამიანისთვის, თავისი ერისა და სახელმწიფოსთვის. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ თავისუფალ გარემოში რას გააკეთებს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმისთვის!

ანტიეკლესიური კამპანიის მესვეურთა ერთ_ერთი მთავარი ხელშემწყობი ამ ბრძოლაში, მრევლის საზოგადოებრივი პასიურობა და რელიგიური “ნელთბილობაა”. ეს ყოველივე ნათლად გამოჩნდა, როდესაც ზოგიერთი ჯგუფის წარმომადგენელმა საკუთარ თავს თავხედური და უხამსი საქციელის ჩადენის უფლება მისცეს, ხოლო მათი შემკავებელი და პასუხის მომთხოვი სამოქალაქო ძალა არ აღმოჩნდა.

ეკლესიის წევრებს და გულწრფელად მის გვერდში მდგომ ადამიანებს უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიას დღეს ჰყავს ორგანიზებული, მოტივირებული და ეკლესიისა და სახელმწიფოს ნგრევისკენ მიზანმიმართულად მავალი მრავალი მოწინააღმდეგე, რომლებიც იყენებენ ყველა დაშვებულ თუ დაუშვებელ მეთოდს. ხოლო ეკლესიას, სამწუხაროდ, სამოქალაქო სივრცეში არ ჰყავს ერთგული, სტრუქტურირებული და ორგანიზებული პარტნიორი, რომელიც შეძლებს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედების განეიტრალებას და მისცემს საქართველოს ეკლესიის ღირსეულ მოძღვრებს საღვთო და საერო ფუნქციების რეალიზების საშუალებას.

 ამიტომ ჩვენ, ვინც ეკლესიის ერთგულ შვილად მივიჩნევთ თავს, ჩვენი რეალური ქმედებებით მოძალადეს უნდა გავუფანტოთ ილუზია იმისა, რომ მას ძალუძს, ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს, როგორც სურს და, რომ მათი მოღალატური და დანაშაულებრივი რომელიმე ქმედება დაუსჯელი დარჩება! ასევე, უნდა გავუფანტოთ ყველა შემცდარსა თუ ორგულს (შემოსილსა თუ შეუმოსავს) იმის ილუზიაც, რომ ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს!

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება თავად მრევლის უნარს _ გაიცნობიეროს მის წინაშე მდგარი ამოცანა და პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა, რომ თვალი გავუსწოროთ საშიშროებას და ამ კრიტიკულ დროს ვიმოქმედოთ ვითარების შესაბამისად. მრევლი ვალდებულია, თვითონ გახდეს ერის ინტერესების დამცველი და ეკლესიის პარტნიორი ამ ბრძოლაში, მოახერხოს გლობალური გამოწვევების ორგანიზებული დახვედრა და ეკლესიის საქმეებში გარედან ჩარევის აღკვეთა.

მამუკა გიორგაძე 15.02.2014

Комментариев нет:

Отправить комментарий