ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 мая 2013 г.

წმინდა არჩილ მეფე (+744).

  ქრისტესთვის წამებულნი, გამოიცდებოდნენ რა ცეცხლით, მახვილითა და მრავალგვარი სატანჯველით, თავიანთი მოწამეობრივი სიკვდილით ღმერთს ადიდებდნენ, რისთვისაც ყოვლადსახიერისგანაც განიდიდდებოდნენ. „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხმყოფელნი ჩემნი შეურაცხვყვნე“, - ამბობს უფალი წინასწარმეტყველის პირით. ჩვენც, შეძლებისამებრ, უნდა განვადიდოთ ისინი, რადგან უფლის მსგავსად წმინდანნიც ყოვლადკეთილნი და ტკბილნი არიან, უშურველად მოგვფენენ საღმრთო მადლს. მათი მხნეობის მიბაძვა კი დაგვეხმარება უხილავ მტერთან ბრძოლაში და მარადიულ სიკეთესთან ზიარების სურვილით აღგვანთებს.

VIII საუკუნეში წმინდა მოწამეთაგან გამობრწყინდა მეფეთა შორის დიდად სახელოვანი, თვითმპყრობელთა შორის წარჩინებული და მოწამეთა შორის უბრწყინვალესი, სამგზის სანატრელი არჩილი, რომელიც გამოირჩეოდა სიმხნევით და სიქველით, მშვენიერებითა და ახოვნებით. მან საუკუნო დიდებისა და მარადიული მეფობისათვის არად ჩააგდო სამეფო ტახტი და გვირგვინი, ახლობელნი და ნათესავნი, ცოლი და შვილნი, და ქრისტეს სიყვარულისთვის ამქვეყნიური სიკეთე, როგორც მტვერი, ისე მოიშორა, ერთადერთი უფალი შეიყვარა და როგორც ბრძენმა ვაჭარმა, „გაყიდა“ რა ყოველივე ამსოფლიური, „იყიდა“ მარადიული და მისთვის დადო სული თვისი.

დრომ ვერაფერი დააკლო წმინდა მოწამე არჩილის ღვაწლის ბრწყინვალებას. და დღესაც ნეტარის საფლავი დუმილით გვიამბობს მისი გმირობის ამბავს.

წმინდა მეფე არჩილი დიდი ვახტანგ მეფის ძის დაჩის შთამომავალი და VII ს-ის I ნახევარში ქართლის მთავრად წოდებული სტეფანოზ II-ის (სტეფანოზ ადარნასეს ძე ფარნავაზიან-ხოსროიანი) ძე იყო.

მართალია, ყველა წმინდანი განდიდებული და ქებულია ანგელოზთა და კაცთა მიერ, მაგრამ წმინდა არჩილი განსაკუთრებულად ბრწყინავს მოწამეთა დასში, რადგან იგი იყო პირველი მირონცხებული მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა. არაბთა შემოსევებისას იმდენი ახალი მოწამე გაჩნდა, რომ ქართული ეკლესია არაბთა ძლიერების დროს გაჩენილ მოწამეთა ერთ რომელიმე დღეს საერთო ხსენებას აღარ აღნიშნავდა. მაგრამ სხვაა სისხლი მეფისა და სხვა - მხედრისა; სხვაა - მთავრისა და სხვა - მონისა. იგი თავისი ნებით გახდა წმინდა მსხვერპლი და „საკუერთხი უბიწო“. თავისი სისხლით ჩვენი ეკლესია გაამშვენა, სძლია უხილავ და ხილულ მტრებს და მშვიდობა მოუტანა ქართველ ერს.

ღმრთის დაშვებით, იმ დროს ქრისტეანთა გამოსაცდელად სარკინოზთა შორის გამოჩნდა ცრუ მოციქული, „ბილწი სჯულისმდებელი“ - არაბი მუჰამედი. როგორც პავლე მოციქული წერს: „ვინაითგან არა შეიწყნარესო სიყვარული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი იგი სიბრძნე, მოუვლინის სული საცდურებისა, რაითა რწმენესო მისი და მით დაისაჯნენო“. სწორედ ეშმაკის მანქანებით მოედო მისი დამღუპველი გესლი იმ ერებს, რომელთაც წმინდა მოციქულის ქადაგებანი არ შეისმინეს.

აარაბები თავს ბიბლიური აბრაამის შთამომავლებად თვლიდნენ და ამიტომაც ისმაილიტებად იწოდებოდნენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო შვილს აგარისაგან, დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18)

არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რომ ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობების თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს. მოხეტიალე ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვილებს“ უწოდებდნენ. არაბები, ისევე როგორც ყველა სემიტი, დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღლეს ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერთების სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარში დგამდნენ. მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა. ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ამ ქვებს ყველას კუბის ფორმა ჰქონდათ, რის გამოც ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებელი იყო ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის წინაპრები - ყურშეიტები. სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხორცშესხმული „შავ ქვაში“. „ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავისი ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმი - საპატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველადაც თავი მიაჩნდა სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მუჰამედის ბრძანებით დაამსხვრიეს ყველა კერპი, ალაჰის გარდა; ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“. ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერთად.

მუჰამედმა იმის მაგივრად, რომ მოსეს რჯულს დაყრდნობოდა, რომლის აღსასრულებლადაც მოვიდა იესო ქრისტე, თავისი საკუთარი რჯული მოიგონა და პირდაპირ გაილაშქრა ახალი აღთქმის ძირითადი არსის წინააღმდეგ (615წ). აი, როგორ აფასებს წმინდა იოანე დამასკელი მუჰამედს: „არაბებს ცრუ წინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო ძველი და ახალი აღთქმების შინაარსს და ასე, შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმების თვითნებური გამოყენებით, შეუდგენია კიდეც თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღმრთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმოსურნეობის წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილო თუა, მან თავის ხალხს გადასცა იგი, როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყველგან და ყველაფერში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა“.

ცნობილია, რომ მუჰამედიცა და მისი შემდგომი ხალიფებიც - აბუ-ბექრი, ომარი, ოსმანი, ალი და მათი დაახლოებული პირები არა მარტო მრავალბრძოლაგამოვლილები იყვნენ, არამედ დახელოვნებული მხედართმთავრებიც, რადგან ყველა არაბის დაუმორჩილებელი სული, ბედუინი იქნებოდა ის, თუ ბინადარ ცხოვრებას მიჩვეული, მუდმივად აღივსებოდა ბრძოლაში გამარჯვების ჟინით. არაბების შესახებ ტბეთის ეპისკოპოსი სტეფანე წერდა: „კაცნი მხეცისა ბუნებისანი, მტაცებელნი, რომელთა სახლ და ცხოვრებაი აქლემის ზურგი“. საღვთო ომი - ჯიჰადი ანუ ისლამის გავრცელება იარაღის ძალით მართლმორწმუნე მუსლიმებისთვის წმინდა ვალად ითვლებოდა. მუჰამედი ამართლებდა „ურწმუნოთა“ მიმართ ბრძოლის ყველა საშუალებას და „მართლმორწმუნეთ“ საომრად აქეზებდა. ყურანში იყო მოწოდება „ურჯულოთა“, როგორც დამორჩილებისა და დამცირების (ყურ. VIII-62,66,70. IX-29), ასევე მათი ამოხოცვის მოთხოვნით „ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ჟლეტვა-ხოცვა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით“. საღმრთო ომი პირველად შეეხებოდა მეზობელ ქვეყნებს, ხოლო შემდეგ გაიზარდა არაბთა დაპყრობის რადიუსი და შეეხო ისეთ ძირძველ ქრისტიანულ ქვეყნებსაც, რომლებიც არ იყვნენ არაბთა მეზობლები. „განეფინა ქადაგება მაჰმად უშჯულოისა და მრავალი ერი შეუდგა მას“, რადგან ცეცხლითა და მახვილით მოსულ მტერს და მის სარწმუნოებას ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა. დაპყრობილთაგან ვინც დაგმობდა თავის რჯულს და ისლამს მიიღებდა, შეიძლებოდა მუსლიმის თანაბარი უფლებით მიეღოთ უმმაში (მუსლიმური თემი), ხოლო ის, ვინც არც ალაჰს აღიარებდა, ან ერთხელ მოქცეული, მას უარყოფდა, სიკვდილით დაისჯებოდა. მუჰამედი მთელი სისასტიკით ახშობდა ყოველგვარ საშიშ გამოსვლას და ამავე დროს გულმოწყალის როლს თამაშობდა. VII ს-ის II ნახევარში არაბებმა განსაცვიფრებელი სისწრაფით შექმნეს უდიდესი სახელმწიფო, რომლის გეოგრაფიულ საზღვრებში შედიოდა ირანი, ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი, სირია, პალესტინა, ეგვიპტე, აფრიკის სანაპირო მოროკოს საზღვრამდე; ხოლო, VIII საუკუნის I მესამედში არაბებმა დაიპყრეს პირინეს ნახევარკუნძული და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილი. მათ ხელთ იგდეს მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, არსებითად შეცვალეს მრავალი ქვეყნის კულტურა და განავითარეს ახალი რელიგიური მოძღვრება. არაბებმა ისტორიული განვითარების გეზი შეუცვალეს ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი, როგორიც იყო სასანიანთა ირანი, სადაც მაზდეანობა შეცვალა მუჰამედის სარწმუნოებამ, ხოლო ფალაური დამწერლობა - არაბულმა. გადმოცემით მუჰამედი გარდაიცვალა 632 წელს, თავის დაბადების დღეს, 63 წლის ასაკში, მაგრამ მისი შექმნილი მონოთეისტური რალიგია - ისლამი - საკმაოდ მყარი საუძველი გამოდგა ჯერ თვით ცრუ მოციქულისა და შემდეგ მისი ოთხი მემკვიდრის ხელში, ერთიანი არაბული თეოკრატიულ-პოლიტიკური სახელმწიფოს - სახალიფოს შესაქმნელად, რომელიც თავისი სამხედრო პოლიტიკით და სისასტიკით კარგა ხანს აფორიაქებდა მთელ მსოფლიოს. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო ალაჰის იდეა, რომლის სახელითაც არაბების მიერ პოლიტიკური ბატონობის მისაღწევად ჩადენილი მრავალი უსამართლობა ალაჰისადმი ერთგულებად ცხადდებოდა.

VII ს-ის შუა წლებში ახალი ძალის, არაბების გამოჩენას კავკასიაში პოლიტიკურად დაშლილი და მკვიდრ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას მოკლებული ქართული სამეფო-სამთავროები მოუმზადებელნი შეხვდნენ. არაბთა გაბატონებასა და მკვიდრად ფეხის მოკიდებას ქართულ მიწაზე ხელი შეუწყო VI საუკუნეში ქართული სახელმწიფოს გაუქმებამ და ეროვნული ინსტიტუტების, კერძოდ კი ქართული ქალკედონური ეკლესიის დასუსტებამ. ამან იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებაზე, რომ მისი შედეგების აღმოფხვრას საუკუნეები დასჭირდა.

VI საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ორი სახელმწიფოებრივი გაერთიანება:

1. იბერიის (ქართლის) სამეფო, რომელიც აერთიანებდა მთელ აღმოსავლეთსა და სამხრეთ საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს (შემდეგდროინდელს ქართლს, მესხეთსა და კახეთ-ჰერეთს).

2. ლაზიკის (ეგრისის) სამეფო, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული იყო დასავლეთ საქართველოს ქვეყნები.

VI ს-ის განმავლობაში ორი მეზობელი დიდი იმპერია - ირანისა და აღმოსავლეთ რომისა (ბიზანტიისა) - იბრძოდა ქართულ სამეფოებზე პოლიტიკურ გავლენის მოპოვებისათვის.

პირველად, VI საუკუნის I ნახევარში, ირანმა დაიპყრო და შეიერთა იბერიის (ქართლის) სამეფო, რომელსაც ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსული ჰქონდა, ანუ წმინდა არჩილის დიდი პაპის ბაკურის დროს ( გენიალოგიური ხაზი - ვახტანგი - დაჩი - ბაკური - ფარსმანი - მისი ძმისწული ფარსმანი - ბაკური), მემატიანის თქმით, „დაესრულა მეფობაი ქართლისაი“. მეფობის გაუქმება 532 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დადებულმა საზავო ხელშეკრულებამაც დააკანონა.

იმ პერიოდში სპარსელებისთვის მისაღები სარწმუნოება მონოფიზიტობა იყო. ისინი სომხურ ეკლესიას მფარველობდნენ, ხოლო ქართულ ქალკედონურ ეკლესიას კი სასტიკად დევნიდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, სპარსთა მეფე დასავლეთ საქართველოში შეჭრილა, ბიზანტიელების ციხე-ქალაქი პეტრა (დღევანდელი ციხისძირი) აუღია და დასავლეთ საქართველოს სრული დაპყრობის შემდეგ, ქართული მოსახლეობის გადასახლება და მათ ადგილზე სხვა ტომის ჩამოსახლება გადაუწყვეტია. ქართველები აჯანყდნენ და 549 წელს ბიზანტიელების დახმარებით სპარსელები ლაზიკიდან განდევნეს. 550 წელს სპარსელები ლაზიკაში კვლავ შევიდნენ და მუხურისის ხეობაში გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ. სპარსეთსა და ბიზანტიას შორის ლაზიკისთვის ომი დასრულდა 563 წლის ზავით. ლაზიკა კვლავ ბიზანტიელაებს დარჩათ, ხოლო იბერია კი სპარსელებს. ლაზიკაშიც თანდათან გააუქმეს სახელმწიფოებრიობა და მოსპეს მეფობა.

VI ს-ის 70-იან წლებში ქართველმა ერისმთავრებმა ისარგებლეს სპარსეთში დაწყებული საომარი ვითარებით, მოციქული წარგზავნეს მავრიკ კეისართან და მეფეთა საგვარეულოდან ერისმთავრის დადგინება მოითხოვეს. კეისარმაც აღასრულა მათი მოთხოვნა და „მოსცა მეფედ ძისწული (შთამომავალი) მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისგან, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს. ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა და წარმოგზავნა მცხეთას“. ეროვნული ხელისუფლება აღდგა, მაგრამ იმ დროს არსებული საერთაშორისო ვითარების გამო იბერიის ძველი სამეფოს აღდგენა ვეღარ მოხერხდა. ხელისუფლების მეთაური ატარებდა არა „მეფის“, არამედ „ერისმთავრის“ ანუ „დიდი ერისთავის“ ტიტულს.

ბაკურ მეფის შვილები „ნათესავნი დაჩისნი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს... დასხდეს უჯარმას და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა“. გუარამმა კეისრის მიერ გამოგზავნილი განძით დაიქირავა „ოვსნი, დურძუკნი და დიდონი“ და მონაწილეობა მიიღო ბერძენთა მიერ სპარსელების წინაარმდეგ წარმოებულ ომში. ხოლო მათი დამოყვრების შემდგომ (მავრიკ კეისარმა თავისი ქალიშვილი ცოლად მისცა სპარსთა მეფეს ხუასროს) გუარამი იყო მორჩილებასა ბერძენთასა. იგი იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. მან წამოიწყო „ეკლესიაი ჯუარისა პატიოსანისა; აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო და ქმნა ეკლესიაი წელთამდის ოდენ“. მანვე განაახლა სიონის ეკლესიის საფუძველი. მოკვდა გვარამი და ერისმთავრად მისი ძე სტეფანოზი დაჯდა. მემატიანის გადმოცემოთ იგი იყო „უშიში ღმრთისა“. სტეფანოზ I-ის მეფობის დროს მავრიკ კეისარი და მისი შვილები „ფოკას მხედარმა“ ამოწყვიტა და იმპერიას დაეპატრონა. როდესაც სპარსთა მეფე ხუასრომ სიმამრისა და ცოლისძმების სიკვდილი შეიტყო, განრისხებული ჯერ საბერძნეთში შეიჭრა და მოაოხრა, ხოლო შემდეგ „წარმოსტყუენა იერუსალიმი“. ღმრთის დაშვებით, მან დაატყვევა და მოსრა ურიცხვი ერი „დედათა და მამათა, მღუდელთა და დიაკონთა და ქალწულთა“, რითაც აღსრულდა მაცხოვრის სიტყვა „არა დაშთეს ქვაი ქვასა ზედა, ვიდრემდის ყოველივე არა დაირღუეს“. წმინდა ქალაქი მანამდეც მრავალჯერ იყო ბაბილოვნელთა და რომაელთა მიერ გაძარცული, მაგრამ ამ ჯერზე სპარსელებმა თან წაიღეს „ძელი ცხორებისა“ და ტყვედ წაიყვანეს დიდი მამათმთავარი ზაქარია. „ძელი ცხორებისა“, რომელზეც ჩვენი ცოდვებისთვის უფალი ჩვენი იესო ქრისტე ევნო, სპარსთა შორისაც მრავალ სასწაულს აღასრულებდა, რის გამოც სპარსელები ამბობდნენ: „ღმერთი ქრისტეანეთა მოსრულ არს“-ო.

როდესაც სტეფანოზ I-მა ხუასროს გამარჯვების ამბავი შეიტყო, განუდგა ბერძნებს და სპარსელების მხარე დაიჭირა. „დაჯდა იგი ტფილისს და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა“. მცხეთის ჯვარს კი მისი ძმა დემეტრე აშენებდა. ქართლი კვლავ ირანის ვასალად ითვლებოდა, ხოლო ბიზანტიის იმპერიაში დიდი ცვლილებები განხორციელდა. „საბერძნეთს გამოჩნდა კაცი ერთი, თვისი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე, ამან მოკლა ფოკას კეისარი და დაიპყრა საბერძნეთი“ მოგვითხრობს მემატიანე. ერაკლე კეისარმა პოლიტიკური მოსაზრებით ყივჩაღთა მეფეს თავისი ასული მიათხოვა, მათი დახმარებით დასავლეთიდან ურიცხვი ლაშქარი შეკრიბა და წამოემართა „სპარსეთად ძებნად ძელისა ცხორებისასა და მოვიდა პირველად ქართლს“. მაგრამ სტეფანოზ მთავარი სპარსელებს არ გადაუდგა და „განამაგრნა ციხე-ქალაქნი და დადგა ტფილისსა. მოვიდა ერაკლე მეფე და ტფილისს მოადგა“. სტეფანოზი მამაცი მეომარი იყო. იგი ყოველ დღე ქალაქის კარიდან გამოდიოდა და ბერძნებს ებრძოდა. ერთ-ერთ ბრძოლაში მოიკლა კიდეც, რის შემდეგაც ჰერაკლემ თბილისი დაიპყრო.

ჰერაკლე კეისარმა მოუხმო ბაკურის შვილს - ადარნასეს, რომელიც კახეთს ერისმთავრობდა და მისცა მას თბილისი და მთავრობა ქართლისა. „მაშინ წარიღეს ბერძენთა საზღუარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი“, ხოლო სტეფანოზის შვილები დარჩნენ „კლდეთა შინა კლარჯეთისათა“ და სხვა ერისმთავრების მსგავსად მორჩილებდნენ ადარნასე მთავარს. ერაკლე კეისარმა კი სპარსეთს გაილაშქრა, მოკლა ხუასრო, ბაღდადი აიღო, და ძელი ცხორებისაც თან წამოაბრძანა. ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილები ზოგი იერუსალიმში დააბრძანა და ზოგიც კონსტანტინეპოლში გაგზავნა, ზაქარია მამათმთავარი კი კვლავ თავისივე საყდარზე დაადგინა (623წ). მეშვიდე წელს კი, როდესაც კვლავ ქართლში გამოიარა, მცხეთის ჯვარი და თბილისის სიონი უკვე დასრულებული ჰქონდა ადარნასე მთავარს. „მაშინ ერაკლე მეფემან ტფილისს, მცხეთას და უჯარმას ქადაგნი განავლინა, რაითა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიას შევიდნენ და ყოველნი მოგუნი და ცეცხლის-მსახურნი, რომელნიცა არა მოინათლნენ, მოსრენ, ხოლო მათ ნათლისღებაი არა ინებეს, არამედ ზაკვით აღირივნეს ქრისტეანეთა თანა, და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა მახვილი, და გაწმიდა სჯული ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა. მაშინ ერაკლე კეისრმან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ჩუენთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესნი, რომელ მოცემულ იყუნენ კონსტანტინესაგან მირიანისდა“. შეწუხდა ადარნასე მთავარი და ევედრებოდა კეისარს, რათა „არა წარიხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისამიერნი“, მაგრამ კეისარმა მისი თხოვნა არ შეისმინა.

ერეკლე კეისრის აღმოსავლეთში ლაშქრობის დროიდან იბერია კვლავ ბიზანტიის გავლენის სფეროში მოექცა, მაგრამ ბიზანტიელებმა დიდხანს ვერ შესძლეს ესარგებლათ მიღწეული წარმატებებით, რადგანაც მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ძალა, რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული ვითარება.

სპარსეთიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ კეისარს ეგვიპტეში დიდი ძღვენით წინ მიეგება ისლამის ფუძემდებელი მუჰამედი და საცხოვრებელი და სასაძოვრე ადგილები გამოსთხოვა. მანაც არაბეთის მახლობლად „ქუეყანისა სინისასა“ მისცა მიწები.

გაძლიერდა მუჰამედი და ბატონობდა სპარსელებზე და არაბებზე. მან არა მარტო ისლამს ჩაუყარა საფუძველი, არამედ რელიგიის დროშით ერთ მუშტად შეკრა არაბეთის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მცხოვრები დაუმორჩილებელი ხალხი. მის ხელში აღმოჩნდა როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფლება. როგორც მაქსიმე აღმსარებელი ამბობდა: „დამდაბლდეს მეფენი ბერძენთანი და განძლიერდეს სპარსნი და არაბნი მიშუებითა ღმრთისაითა“.

ადარნასეს სიკვდილის შემდგომ ქართლის მთავრად დადგინდა მისი ძე სტეფანოზ II, მამა მეფისა არჩილისა, რომელიც „იყო უმეტეს ყოველთა ქართლისა მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა და აღაშენა დარბაზნი“. და განუწესა იქ შეკრება ყოველ პარასკევს ეპისკოპოსებს და მღვდლებს კათალიკოსთან ერთად, რათა ყოველი პარასკევი ისე განადიდონ, როგორც დიდი პარასკევი. ხოლო ხუთშაბათს დააწესა საკათალიკოსო შეხვედრები სიონში, რათა ადიდონ წმინდა სიონი, როგორც დიდ ხუთშაბათს, „საიდუმლოსა თანა ხორცითა და სისხლითა ქრისტესითა“. ხოლო მცხეთას კი სამშაბათს დააწესა შეკრება და ხსენება წმიდისა პირველმოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, „დიდისა მისგან ძლიერებასა სპარსთასა, რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა,“ რომელმა მთიულნი მოაქცია, ხოლო მისი პატიოსანი გვამი დადებულ-არს მცხეთას, ეპისკოპოსთა სამარხავში. და „დღესასწაულთსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა“.

როდესაც ერაკლე კეისარს აცნობეს, თუ როგორ იკიდებდა ფეხს არაბობა შუამდინარეთში, ჯარი ფილისტიმში განალაგა და საბრძოლველად მოემზადა. მაგრამ იქ იყო „მონაზონი ვინმე, წმინდა ღმრთისა“ და მან უთხრა მეფეს: „ივლტოდეთ, რამეთუ უფალმა მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა“. რაც ვარსკვლავთმრიცხველებმაც დაუდასტურეს. მაშინ ერაკლემ ააშენა სვეტი და დაწერა მას ზედა: „მშვიდობა შუამდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარხდეს შვიდნი შვიდეულნი“. ხოლო „შვიდეულისათვის ესრეთ ჰპოვეს განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათვის, რომელ არს ორასორმოცდაათი წელი“.

წარჩინებულები და მდიდარი ბერძნები შეშინდნენ და თავიანთთი განძი მიწაში დაჰფლეს, ხოლო ერაკლემ რანიდან კვლავ ქართლში გამოიარა და ერისმთავარი მოსალოდნელი საშიშროების შესახებ გააფრთხილა. იქ მცხოვრები ბერძნებს კი უთხრა: „უკეთუ უწყით, რამეთუ დაესრულა მეფობაი თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა. და მათ დაუტევეს ქუეყანაი ესე და დაფლეს განძი მათნი; რომელნიმე წარჰყვეს და რომელნიმე დადგეს და შეიტანეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი“, რათა როდესაც უკან დაბრუნდებოდნენ, სცოდნოდაი თუ ვისი საგანძური სად იყო და ვის რა ეკუთვნოდა.

სტეფანოზ II- მ თავის ორი ძეს - მირსა და არჩილს განუყო ყოველი საქონელი და საგანძური ოქროსა და ვერცხლისა და პატიოსანთა თვალთა; ნახევარი წაიღო ეგრისში, წაიყვანა უფროსი შვილი მირი, და იქ დაჰფლეს საიდუმლოდ, ხოლო მეორე ნახევარი მისცა არჩილს, უმცროს ვაჟს, რომელმაც დაჰფლა განძი „ხევსა კახეთისასა“. ხოლო ოქროსა და ვერცხლის სახმარი ნივთები დაჰფლეს „ხევსა უჯარმოსასა“, და ქართლისა და ჯავახეთის საგანძურნი დაჰფლეს „გორს“, რომელიც ერაკლე კეისარმა იმ საგანძურის სამალავადაც განაჩინა, რომელიც ვერ მიჰქონდა. ამ გორას ეწოდებოდა „ტონთიო“, და ითარგმნება როგორც „მთა ოქროსა“. და დასვა ზედ საიდუმლო ნიშანი, ისე, რომ ვერავინ შესძლებდა მის პოვნას. ეკლესიათა საგანძურნი კი დაჰფლეს აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთას.

VII ს-ის II ნახევრიდან არაბებმა მკვიდრად მოიკიდეს ფეხი კავკასიაში. არაბთა ხალიფატი უშუალო მეზობელი გახდა ლაზეთის სამთავროსი. არაბები პირველად 643-645 წ.წ. შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ჰაბიბმა თბილისი აიღო, საამირო დაარსა და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარა. ქართველებმა დაზავება შესთავაზეს. არაბებიც დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა. ქართველების ვალდებული იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინარი ეხადათ, ხოლო ვინც ისლამს მიიღებდა გადასახადისგან თავისუფლდებოდა. ჩუენამდის მოაღწია ამ ხელშეკრულების ტექსტმაც. აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდენ 657 წლამდე, როდესაც არაბთა შორის დაიწყო შინაური ომი და არეულობა, რაც 661 წლამდე გაგრძელდა, ხოლო 678 წელს მათ ბიზანტიასთან დაუდიათ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც „იბერია მათ თანასწორად ექნებოდათ“.

VII ს-ის II ნახევარში დასავლეთ საქართველოში გაიშალა ფართო მოძრაობა არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ. ამ მოძრაობას სათავეში ედგა ლაზეთის მთავარი ლეონ I. იგი გაეცალა ლაზეთს და გადავიდა ლაზეთის ქვეყნების ჩრდილოეთ სანაპიროზე - აფხაზეთში და იქ გამაგრდა. მას პოლიტიკური კავშირი დაუმყარებია ბიზანტიასთან, უცვნია მისი სიუზერენიტეტი და მათი თანადგომით არაბთაგან გაუთავისუფლებია აფხაზეთის მხარეები. ამავე დროს ბიზანტიასაც გარკვეული ვალდებულებანი აუღია და, კერძოდ ლეონ I-ის დინასტია უცვნია მემკვიდრეობით მფლობელებად არაბებისაგან გათავისუფლებული აფხაზეთის მხარეებისა, კეისრის ერისთავის - არქონტის ტიტულით. ლეონ I-ს ასევე კავშირი შეუკრავს იბერიის ანტიარაბული ფრონტის მეთაურებთან - ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის შვილებთან - მირთან და არჩილთან. მათი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-რესტავრაცია იყო იმ სახით, როგორიც მას გაუქმების დროს ჰქონდა. ქართველთა მიზანი იყო აღდგენილიყო „ქართლის სამეფო“, ანუ გორგასლისდროინდელი დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო. ეკლესიის მამები ამხნევებდნენ ქართველ ერს - ისინი წინასწარმეტყუელებდნენ, რომ აღდგებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ქართული ენა კვლავ თავის ადგილს დაიჭერდა. ამიტომაც არაბებს გადაუწყვეტიათ ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ წინააღმდეგობის ეს კერა დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ისახავდა ის დიდი ლაშქრობა, რომელიც მოაწყო ხალიფას მოადგილემ კავკასიაში, ომაიანთა დინასტიის წევრმა მურვან II იბნ მუჰამედმა (ამირა მურვანმა), რომელსაც უმაგალითო სისასტიკისა და შეუსმენლობის გამო ქართველმა ხალხმა „მურვან-ყრუ“ შეარქვა. მურვან-ყრუმ „აღძრა ყოველი თესლ-ტომი წარმართთა და ვითარცა ღრუბელი ბნელი, ვითარცა მკალი და მუმლი მოეფინა და დაფარა პირი ქუეყანისა“. მან ააოხრა საბერძნეთი და მიწასთან გაასწორა მთელი კავკასია, ხოლო შემდგომ კი 120 ათასიანი ლაშქრით ქართლში შემოიჭრა, „დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა“ (668 წ.). მტრის რჩეული ლაშქარი ქართლიდან მესხეთს გადავიდა, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი) დააქცია, ცეცხლითა და მახვილით სამცხე-ჯავახეთს და ტაო-კლარჯეთს გადაუარა და არგვეთისკენ (იმერეთისკენ) დაიძრა. ქართველთა უმრავლესობა მთასა და ტყე-ღრეში გაიხიზნა. ზეკარზე გადმოსულ არაბთა რჩეულ, წინამავალ რაზმს არგვეთელთა ლაშქარი ფერსათის მთაზე, ხანისწყლის ჩამოსასვლელთან შეეგება და ქრისტეს სახელით ბრძოლაში ჩაება. ქართველთა ლაშქარს წინამბრძოლობდნენ არგვეთის მთავრები - დავით და კონსტანტინე მხეიძეები. უმაგალითო იყო ქართველთა სიმამაცე. სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი კი სირბილით უკან მიაწყდნენ. როდესაც მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ მისი რჩეული ლაშქარი განადგურებული იყო, ძლიერ განრისხდა და შურისძიებით ანთებული, ურიცხვი ლაშქრით არგვეთისკენ გამოემართა. დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას დაადგნენ. მამაცურად უმკლავდებოდნენ ქართველები დამარცხებით გაბოროტებულ მტერს, მაგრამ ბრძოლა უთანასწორო იყო და ქართველები დამარცხდნენ. მუსლიმებმა ხელთ ჩაიგდეს მრავალი ქრისტიანი. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ხოლო გადარჩენილებმა ტყეს შეაფარეს თავი. არგვეთის დიდებული მთავრები მცირე ლაშქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანეს.. არგვეთელი მთავრების სიმტკიცითა და ვაჟკაცობით გაშმაგებულმა მურვან-ყრუმ მათი წამებით სიკვდილი ბრძანა. ისინი მდინარე რიონის პირას გაიყვანეს, გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და არგნებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე უზარმაზარი, მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს და რიონში გადაყარეს.

მურვან-ყრუს შემოსევამდე იმ ადგილზე იყო ხალხმრავალი ციხე-ქალაქი, რომელიც უსჯულო მტერს ისე აეოხრებინა და დაეწვა, რომ მხოლოდ ერთი დარღვეული ხარების ეკლესიაღა იდგა. ამ ეკლესიის ქვეშ იყო ცარიელი აკლდამა, რომელშიც დამარხეს წმიდა მოწამეთა ნეშტები.

არგვეთელი მთავრების წამების შემდგომ მურვან-ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა და დაბანაკდა ჭყონდიდის სანახებში, ცხენისწყლიდან აფხაზეთამდე. არაბებმა აიღეს და დაანგრიეს ციხე-ქალაქი გოჯი (ნოქალაქევი) და გააუდაბურეს სამეგრელო (შიდა ეგრისი) და აფხაზეთი, იქვე ეწია ღვთის რისხვა მურვან-ყრუს ლაშქარს. აბაშები დაბანაკებული იყვნენ მდინარესთან, რომელსაც შემდგომში აბაშა ეწოდა, ხოლო მათი ცხენ-ეტლი კი მდინარესთან, რომელსაც ეწოდა ცხენისწყალი. ღვთის განგებით მათ საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა ქუხილი დაატყდათ თავს, მიწამ პირი გააღო და წყალი აღმოაცენა, ხოლო ხმელეთი ზღვად გადაიქცა, წალეკა აბაშთა ლაშქარი და მდინარეში ჩაიტანა. ასევე მეორე მდინარემაც წალეკა მათი ცხენ-ეტლი, რის შემდეგაც ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი ეწოდათ. როდესაც მურვან-ყრუმ იხილა მათზე მიწევნული განსცდელი, ძალიან დამწუხრდა, ვიწრო და მიუვალ ქვეყანაში დაბანაკების გამო, გადალახა კელასურის ქვის კედელი, შეიჭრა აფხაზეთში და დაბანაკდა „პიტიოტას“ - ზღვის პირა ქალაქში, რომელსაც შემდგომში ცხუმი (სოხუმი) ეწოდა. მან დაანგრია ქალაქი და ანაკოფიისკენ გაეშურა. ანაკოფიის ციხეში, სადაც დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, გამაგრებულები იყვნენ აფხაზეთის მთავარი ლეონ I და ქართლის ერისმთავარი - მირი და მისი ძმა არჩილი, რომელთაც მთელი გულით შეთხოვეს სასწაულმოქმედ ხატს შემწეობა. ძნელი იყო მურვან-ყრუს ურიცხვ ლაშქართან გამკლავება. ყოვლად მოწყალე დედოფალმაც უსწრაფესად შეისმინა მათი ვედრება. წმინდა არჩილს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა „წარვედით და ეწყუენით აგარეანთა, რამეთუ მომივლინებიან მათ ზედა გუემაი სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე, ხოლო თქუენ მხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისაითა“. გათენებამდე ღმერთმა მართლაც მოუვლინა სარკინოზებს სამხრეთის მხურვალე ქარი, ამას თან დაერთო საშინელი დაავადება - მუცელა, რის გამოც 35 ათასი სარკინოზი ამოწყდა, ხოლო 3 ათასი მახვილით მოისრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაუმართეს არაბებს იბერიისა და აფხაზეთის შეერთებულმა ძალებმა, გამარჯვება მცირერიცხოვ ქართველებს დარჩათ. ქრისტიანთაგან იმ დღეს მხოლოდ სამოცი კაცი დაიღუპა. გახარებულმა ბიზანტიის კეისარმა სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და წერილი გამოუგზავნა ძმებს - თქვენი იყოს მეფობა ქართლში, და თუ ამჟამად ჩვენთან ერთად იდევნებით ჯვარის მსახურებისათვის, შემდგომში, როგორც უფალმა აღგვითქვა, მასთან ერთად ვიდიდებით. შემუსრეთ აგარიანნი და ყოველნი მათნი ამამაღლებელნი დამდაბლდებიან და ჩვენთან ერთად მადიდებელნი ამაღლდებიან - წერდა კეისარი.

ბრძოლაში დაჭრილ მირს წყლულები ძლიერ დაუმძიმდა. სიკვდილის წინ იხმო არჩილი, სამეფო გადააბარა და თავისი შვიდი ასულის მფარველობა შესთხოვა. გარდაცვალების შემდეგ მირი მისი სურვილისამებრ მცხეთის ზემო ეკლესიის შესავალ კარებთან დაკრძალეს. იქვე გადაასვენეს შფოთიანობის გამო დროებით ქუთაისში დაფლული მამაც - სტეფანოზ II ერისმთავარი. ნეტარმა არჩილმა, როგორც გონიერმა და შორსმჭვრეტელმა პოლიტიკოსმა, შეასრულა ძმის ანდერძი და ექვსი ასული ქართველ ერისთავებს მიათხოვა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე - გურანდუხტი კი აფხაზთა ერისთავს ლეონს I-ს, რითიც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიანობასა და სიმტკიცეს. ამ ლაშქრობის შემდეგ საბოლოოდ განმტკიცდა „აფხაზეთის“ სამფლობელოს პოლიტიკური მდგომარეობა და თუმცა დასავლეთ საქართველოს ძირითად ნაწილს კვლავ არაბები ფლობდნენ, ლაზეთის ქვეყნის ეს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი საბოლოოდ გათავისუფლდა არაბთა ბატონობისაგან.

არჩილი გამეფდა და იბერიის დამოუკიდებლობა აღადგინა, ხანმოკლე დროის მანძილზე მან მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული, რომელსაც აღარ ატარებდნენ საქართველოს მთავრები VI ს-დან - VIII ს-მდე. ამავე დროს მომხდარა დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაც არაბთა მფლობელობისგან.

წმინდა გვირგვინოსანი თავდაპირველად ეგრისში დაემკვიდრა. გაამაგრა ციხენი და ქალაქნი. თორმეტი წლის შემდეგ კი გადავიდა არაბთა მიერ გავერანებულ ქართლში და დაიწყო აღმშენებლობითი მოღვაწეობა. იმ ხანებში მასთან მივიდა დავით წინასწარმეტყველის ნათესავი - ადარნასე ბაგრატიონი და შულავერი და არტაანი გამოსთხოვა.

არჩილ II გააერთიანა საქართველოს ძირითადი პროვინციები: კახეთ-ჰერეთი, ქართლი (გარდა თბილისის მხარისა, სადაც არაბები ისხდნენ), მესხეთი, აგრეთვე ნაწილი ლაზიკისა (დასავლეთ საქართველოსი). ქართველთა მეფის სამფლობელო სწვდებოდა ცენტრალური კავკასიიდან (ნუხის მხრიდან) - ვიდრე შავ ზღვამდე (ჭოროხის ხეობაში), ხოლო მისი სამყოფელი კახეთი შეიქმნა. ამის გარდა ქართველთა სამეფოს გავლენა ვრცელდებოდა ჩრდილო კავკასიის მთიელთა ზოგიერთ პროვინციაზე (დაღესტნის სანაპირო თემებზე). წმინდა მეფემ ფართო მაშტაბის სახელმწიფოებრივი მშენებლობა წამოიწყო. აღადგინა და ააშენა ციხეები: ხადრი, კასრი (სოფ კაკში - დღევანდელ საინგილოში), ლაკუასტი, ნუხპატი; ღმრთისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღვსილმა საძმორსა, კასრში და ნოდოკრაში ააგო წმინდა ტაძრები. არჩილმა ცოლად შეირთო გუარამ კურაპალატის ასული. მათ შეეძინათ ორი ძე - ჯუანშერი და ივანე და ოთხი ასული - გურანდუხტი, მარიამი, მირანდუხტი და შუშანა.

ყოვლადტკბილი და სახიერი უფლის შეწევნითა და ნეტარი მეფის ღვაწლით, ორმოცდაათი წლის განმავლობაში მშვიდობა სუფევდა საქართველოში. არაბი ხალიფები ერისთავებისგან მხოლოდ ხარკს ჯერდებოდნენ. მაგრამ ქართველების მოშენება და სარწმუნოებრივი განმტკიცება მოსვენებას უკარგავდა მაჰმადიანებს. მათ განიზრახეს საქართველოს ან სრული განადგურება და ქართველი ერის სრული გამაჰმადიანება. ამ მიზნით ქართლში შემოიჭრა მუჰამედის ნათესავი, უსჯულო ასიმ-ჭიჭნაუმი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი. შიშმა მოიცვა მთელი კახეთი, და რადგანაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გააჩნდათ, დაუყოვნებლივ მიუვალ მთებში გაიხიზნენ. მურვან-ყრუსაგან იავარქმნილი ქვეყანა ჯერ მყარად ვერ დამდგარიყო ფეხზე.

უფლის სიყვარულით ცეცხლებრ ანთებულმა მეფე არჩილმა განიზრახა ხლებოდა ასიმს და დიდი მეუფის მსგავსად, თავისი სული მსხვერპლად შეეწირა ქრისტიანებისათვის. ეთხოვა ქვეყნის მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. წინააღმდეგობის შემთხვევაში, მზად იყო მოწამეობრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით გაემშვენებინა ქრისტეს ეკლესია. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქუეყანისა ამის“, - ბრძანა ნეტარმა და ეახლა ასიმს, რომელმაც ძალიან გაიხარა, წინ მიეგება და შესაფერისი პატივით მიიღო. ის დღე ერთად დაჰყვეს. ასიმი მოიხიბლა მეფის წესიერებითა და ზნეკეთილობით, შეაქო მისი პირმშვენიერება და მხცოვანება, უხვად დაასაჩუქრა და დაასვენა. მხცოვანი მეფის შესახედაობას კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებდა შინაგანი სულიერი სათნოება. ამ სიკეთის წინაშე თვით უღმრთონიც იდრეკენ ქედს (დანიელ წინასწარმეტყველი ხომ ქალდაველთა შორის გაბრწყინდა). უღმრთო ასიმიც პატივისცემით ეპყრობოდა წმინდა არჩილს, მისი სიკეთისა და დიდებულების გამო. უგუნურს ეგონა, რომ ასეთი პატივითა და საბოძარის აღთქმით აცდუნებდა ქრისტეს ახოვან მხედარს, რომელიც თავისი ნებით იყო მისული, რათა წმინდა მსხვერპლად შეწირულიყო.

უსჯულომ რამდენიმე დღის შემდეგ მზაკვრული ალერსით შეაპარა ქრისტეს სჯულის დატოვება და სარკინოზად მიქცევა. სანაცვლოდ აღუთქვა დიდი პატივი, ამსოფლიური სიკეთე და სამშობლო ქვეყანაში ხელმწიფობა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა წმინდა გვირგვინოსანს და მტკიცედ უპასუხა: ნუ ირჯები უხვსიტყვაობით ჩემს საცდუნებლად, მძლავრო, როგორ ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ძე დაუსაბამო მამისა და თანასწორი ყოვლად წმიდის სულისა, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის, გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა ყოვლად უბიწო ქალწული მარიამისაგან და ხორციელი სიკვდილი დაითმინა, დაეფლა და აღდგა ღვთაებრივი ძალით, ამაღლდა ზეცად და მასთან ერთად ამაღლდა ჩვენი ბუნება, კვლავ მოვა ღვთივმშვენიერი დიდებით, განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა. შენ რომ დაგიჯერო, მალე თქვენსავით სიკვდილით მოვკვდები და საუკუნო სატანჯველს მოვიპოვებ. და თუ მომკლავ მისი სახელისათვის, მეც მისებრ აღვდგები, მასთან ერთად ვიდიდები და მასთან ერთად დავიმკვიდრებ საუკუნო სასუფეველს. ამ მოკლე სიტყვით წმინდანმა ჩამოაყალიბა ჩვენი ცხოვრების საიდუმლო და უფლის განკაცების განგებულება, რითაც დაადუმა ბილწი მთავარი და შეარცხვინა ბნელეთის მთავარი-ეშმაკი; ხოლო ანგელოზებმა გაიხარეს, ესმათ რა ასეთი აღსარება და განადიდეს მოწამის განმაძლიერებელი მაცხოვარი.

წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე, უსჯულოს ძლიერ გაუკვირდა, სიმშვიდე რისხვით შეცვალა და ბრძანა მისი დილეგში ჩაგდება. რადგანაც ეგონა, წმინდანის შეურყეველი გონება სატანჯველის შიშით მოიდრიკებოდა. წმინდა არჩილი კი თითქოს სასძლოს შესახვედრად მიჰყავდათ, პირმხიარული მიემართებოდა საპყრობილისკენ. თან მადლობდა უფალს, რომ ღირსი გახადა მეფეთა და მთავართა წინაშე ჭეშმარიტების აღიარებისა და ამ აღიარებისთვის შეპყრობისა. გზად მიმავალი ფსალმუნს გალობდა: „აღგამაღლო შენ უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა“. ბნელ დილეგში დამწყვდეულმა დაიწყო გულმხურვალე ლოცვა და უფალს ევედრებოდა, რათა ღირსი გამხდარიყო მოწამეთა შორის დამკვიდრებისა, რომელთაც ქრისტესთვის თავის გაწირვით უკვდავება მოიპოვეს. ნეტარს ხელებსა და ფეხებზე ორმაგი ჯაჭვი ედო და ნატრობდა მართალთა სიკვდილით აღსრულებას, რადგან „ძალი მაღლისა ზეგარდამო“ იფარავდა და შეეწეოდა მკლავი უფლისა.

ბოროტ ჭიჭნაუმს კი უფრო მეტად უღვივდებოდა მისი სარკინოზად მიქცევის სურვილი. თან არ ემეტებოდა სასიკვდილოდ, რადგან მოხიბლული იყო წმინდა მეფის პირმშვენიერებით, ახოვანებითა და მხცოვანებით. ხორცთმოყვარე, უგუნურ პირუტყვთა მსგავსად, მხოლოდ ხორციელ სილამაზეს ხედავდა და ვერ ამჩნევდა სანატრელის სულიერ მშვენიერებას, იმ სიკეთეს, რომელზეც წინასწარმეტყველი ამბობდა: „უფალო, ეც სიკეთესა ჩემსა ძალი“. სწორედ ამ სიკეთისთვის იღვწოდა ქრისტეს ახოვანი მხედარი, რათა უბიწოდ შეენახა უკვდავი სიძისთვის, რომ შემდეგ სასუფეველში მზესავით გამობრწყინებულიყო, ხოლო წარმავალი ცხოვრება, დიდება და ამქვეყნიური მეფობა მოეშორებინა, როგორც მტვერი და არაფრად ჩაეგდო.

ამ დროს ასიმის წინაშე წარსდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას, ადარნასე მეფეს, შეუწყალებია, რის გამოც შურისძიებით ალესილმა უკეთურმა მოახსენა ჭიჭნაუმს: დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შთამომავალი; იგი თან ახლდა მამას, როდესაც სამეფოს განძს მალავდა და ისიც ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს განძი. ესმა რა ყოველივე ასიმს, მსწრაფლ გამოიხმო არჩილი საპყრობილიდან და პირფერობით მიმართა: თავდაპირველად შენი სიკეთისთვის გცემდი პატივს, რადგან ძალიან მშვენიერი აგებულების ხარ, მაგრამ ახლა შევიტყვე, რომ დიდ ფარნავაზიანთა შთამომავალი ყოფილხარ და უფრო მეტად განგადიდებ, თუ შეისმენ ჩემსას. ქართლის სამეფოსა და მამა-პაპათა საგანძურს შენ გიბოძებ, ოღონდ მაჩვენე ჰერაკლე მეფის მიერ საქართველოში დაფლული განძი, მოიქეცი ჩემს სჯულზე, სპასალარად დაგნიშნავ და ქართლის მეფედაც დაგამტკიცებ. დიდხანს ეპირფერებოდა ჭიჭუმი წმინდანს და დიდ პატივსაც აღუთქვამდა, ოღონდ უარეყო ქრისტე. მაგრამ წმინდა არჩილმა უპასუხა: ეს იცოდე, მძლავრო, რომ არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც მარადიულ დიდებას გავყიდი წარმავალ დიდებაზე, არც ამ საწუთროზე გავცვლი საუკუნო ცხოვრებას და ჟამიერ მეფობაზე - უჟამოდ ქრისტესთან ერთად სუფევას. საგანძურის შესახებ კი არაფერი ვიცი, რადგანაც ყრმა ვიყავი, როცა ჰერაკლემ ჩვენი ქვეყანა განვლო, მამამ და ძმამ ჩემმა მურვან-ყრუს შემოსევის დროს ის განძი იმ ციხეში გადამალეს, რომელიც ახლა ბერძენთა ხელშია. მაშინ ასიმმა ჰკითხა: შენ იქ იყავი, როცა სარკინოზნი აფხაზეთში დაეცნენ? მეფემ უპასუხა - „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“. განრისხებულმა ასიმმა კვლავ ჰკითხა - „რომელმა ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“. მეფე არჩილმა მტკიცედ უპასუხა: ცხოველმა ღმერთმა, რომელიცაა ცათა და ქვეყნის შემომქმედი, რომელიც მოვიდა ზეციდან ქვეყნად კაცთა ხსნისათვის და თვისი სიკვდილით მოკლა ჩვენი მკვლელი, ჩვენ კი უკვდავება მოგვანიჭა, სწორედ მან, ძლიერმა და ყოვლის შემძლემ, დასცა და შემუსრა ისინი.

საშინელი გულისწყრომით აღივსო უსჯულო, დაივიწყა თავდაპირველი სიმშვიდე, პირფერობა და განრისხებულმა, ბოროტებით სახეარეულმა მიმართა წმინდანს: რადგანაც არ გსურს სიცოცხლე და მოკვდავის მიმართ გაქვს სასოება, ღირსი ხარ მოკვდე ბოროტად. წმინდა არჩილი კი სიხარულით აღივსო და ხმამაღლა მიმართა: სჯობს ჩემი სიკვდილი ჩვენთვის მომკვდარი მეუფისთვის, რათა მასთან ერთად ვსუფევდე“. მაშინ უსჯულომ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. აღარ მოერიდა არც მის სიკეთესა და აღარც მისი დიდებულებისა შერცხვა. გარეთ გაიყვანეს ქრისტეს ტარიგი, თავისი ნებით მისული შესაწირავი უფლისა, სურნელოვან სულად რომ შეწირულიყო ზეციურ საკურთხეველზე. წმინდა არჩილი ისე პირმხიარული გამოვიდა, თითქოს სასძლოსთან შესახვედრად მიდიოდა და არა სიკვდილთან, ხოლო სახე ანგელოზივით უბრწყინავდა. ნეტარმა მცირე დრო მოითხოვა სალოცავად. მოიდრიკა მუხლი, ხელები ზეცას აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა; შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქრისტიანთა გაძლიერება ქართლში. ილოცა მეუღლისა და შვილებისათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი სჯული. „უფალო ღმერთო, რომელნი ახსენებდნენ ღუაწლთა ჩემთა და სახელთა ჩემ ცოდვილისა მონისა შენისათა გევედრებიან, აღუსრულე ყოველი კეთილი თხოვაი მათი და აღავსენ იგინი უხუებითა კეთილთა ნიჭთა შენთაითა“, - დასძინა ბოლოს, - უფალო ღმერთო, ვინც ახსენებს ჩემს ღვაწლსა და შენი უღირსი მონის სახელით შემოგვედრებს, აუსრულე ყოველი კეთილი თხოვნა მათი და უხვად აავსე ისინი შენი სიკეთით. როცა დაასრულა ლოცვა, წამოდგა ფეხზე, მოიხარა ქედი და შეჰვედრა სული უფალს. მტარვალებმა მახვილი მოუქნიეს და ღმრთივგანბრძნობილი თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 718 წლის 20 მარტს.

მისი სული აღვიდა ზეცაში, სადაც ბრწყინავს თვალშეუდგამი ნათელი და უხორცოთა მხედრობა დაუცხრომელად ღაღადებს სამგზის წმიდა გალობას, სადაც გამოუთქმელი სიხარულია და დაუსრულებელი შვება, სადაც სუფევს წმინდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა გუნდი, სადაც ბრწყინავენ წმინდა მოწამენი; შეუერთდა მათ და მიუწვდომელი სიტკბოებით აღივსო, რადგან ხედავს ქრისტეს უსაზღვრო მშვენიერებას და მას შემდეგ ჩვენი შემწე და მეოხი გახდა უფლის წინაშე.

ღამით მოვიდნენ „გოდერძიანნი ტბელნი და მათთანა სხუანიცა აზნაურნი“, ფარულად წამოაბრძანეს ქართლში წმინდანის გვამი და დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ნოტკორას (ნოდოკრას), მის მიერვე აგებულ ტაძარში.

VIII ს-ის 40-იან წლებში არაბთა ხალიფატში იწყება დიდი შინაგანი არეულობა. 744 წელს ამირა მურვანი (მურვან-ყრუ) კავკასიიდან სირიაში მიდის და ბრძოლების შემდეგ იჭერს ხალიფის ტახტს, მაგრამ არეულობა ამით არ დასრულებულა და მურვანი, უკანასკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, 750 წ. იანვარში, მდინარე ზაბზე აბასიანებთან ბრძოლაში დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იმავე წლის აგვისტოში მოკლეს.

VIII ს-ის II-ე ნახევარში ხალიფატში განმტკიცდა აბასიდების ახალი დინასტია და კავკასიაშიც არაბობამ მოიცა ძალა. 60-იანი წლებიდან კი საქართველოში კვლავ არაბები გაბატონდნენ, ახლა უკვე ხანგრძლივი დროით, ვიდრე დავით აღმაშენებელმა არ ალაგმა მათი თარეში.

წმინდა არჩილის უმცროსი ძე - იოანე დედასთან და ორ დასთან ერთად ეგრისში გადავიდა, ხოლო ჯუანშერი ორ დასთან ერთად ქართლ-კახეთში დარჩა. ხაზართა მეფეს ესმა წმინდა არჩილის უმცროსი ქალიშვილის სილამაზე და ცოლად მოითხოვა, თან არაბებთან ბრძოლაში შეწევნას შეჰპირდა, მაგრამ კეთილმსახურმა ძმებმა დის წარმართისათვის მითხოვება არ ინებეს. მაშინ განრისხებულმა მეფემ თავისი მხედარმთავარი წარმოავლინა ურიცხვი ლაშქრით. მათ გამოიარეს ლეკეთის გზა, და მოადგნენ იმ ციხეს, სადაც ჯუანშერი იყო გამაგრებული. მცირე ხანში სძლიეს, გამოიყვანეს ციხეში მყოფნი და თბილისი საფუძვლითურთ შემუსრეს. შემდგომ დარუბანდის გზით გაბრუნდნენ უკან და თან შუშანა და ჯუანშერიც წაიყვანეს. „არამედ შუშან აღირჩია სიკუდილი, ვიდრეღა შეიგინოს წარმართისაგან; აქუნდა სამსალა (საწამლავი) ბეჭედსა; მოსწოვა და მოკუდა“. მხედარმთავარმა თან წაიღო შუშანას გვამი და ჯუანშერიც თან წაიყვანა, მაგრამ ხაზართა მეფე განურისხდა სარდალს და გაუფრთხილებლობისათვის სიკვდილით დასაჯა. ჯუანშერი კი შვიდი წელი იმყოფებოდა ხაზართა მეფის კარზე, რის შემდეგაც დაჯილდოებული ქართლს გამოუშვეს.

საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ფარნავაზიანთა ერთ დროს სახელოვანი დინასტია, მაგრამ ძველი სამეფო დინასტიის გაქრობის კვალდაკვალ ყურადღების ცენტრში მოექცა კლარჯეთის მპყრობელ ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩუენი მემატიანეები და გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნენ. ამავე დროს ჯუანშერმა ცოლად შეირთო ადარნასე ბაგრატიონის ქალიშვილი ლატავრა (წმინდა მეფის - აშოტ კურაპალატის და). რითაც ბაგრატიონთა სამეფო სახლმა, ძველი სამეფო დინასტიისგან მიიღო სამეფო უფლება.

ქართულმა ეკლესიამ წმინდა არჩილის მოსახსენებელ დღედ 21 ივნისი (ახ. 4 ივლისი) დაადგინა. იმ დღეს მასთან ერთად მოიხსენება წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბი. ჩვენი წინაპრები ლუარსაბის ხსენებას 20 მარტს (ძვ. სტ.) აღასრულებდნენ, მაგრამ XVIII ს-ში საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ანტონ I მისი მოხსენიება წმინდა არჩილის მოხსენიების დღეს დაადგინა და სადღესასწაულო წეს-განგებაც ერთი განუჩინა. წმინდა მეფენი არჩილი და ლუარსაბი არ იყვნენ ერთმანეთის თანამედროვენი. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ლუარსაბს ათასი წელი აშორებს წმინდა არჩილისაგან და მათი წამების ადგილიც სხვადასხვაა, მათ ერთი წმინდა განზრახვა ამოქმედებდათ - თავისი ეკლესიისა და მამულის გადარჩენა. მეფეთა თავგანწირული მოქმედების შედეგად მრავალი ქრისტიანი გადარჩა, ხოლო მათმა თავდადებამ განსაცდელისაგან დაიფარა ჩვენი ეკლესია. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, სრულიად აღიხოცებოდა ქართლ-კახეთში ქრისტეანობა.

„ხსოვნა, დაფასება და პატივისცემა ამგვარი სულიერი გმირებისა ამხნევებს, აღვიძებს, ალმობიერებს, აკეთილებს და ზნეობრივი სიმამაცით ჰმოსავს შთამომავლობას, ჩვენ კი... თუმც ხშირად ვარქმევთ ჩვენს შვილებს სახელად არჩილსა და ლუარსაბს, არ ვიცით ამ სახელების წმინდანების ცხოვრება და ღვაწლი, არ გვახსოვს მათი ხსენების დღე და არაფრით არ გამოვთქვამთ მათდამი პატივისცემას. წმინდა ლუარსაბის წმინდა ძვლები დღესაც სპარსეთში არიან და წმინდა არჩილის საფლავი კი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს, თორემ სხვას არავის.

დროა თვალები გავახილოთ, დროა შევიგნოთ ჩუენი მოვალეობა!

ივერიის ეკლესიის ბრწყინვალენო სვეტნო, გვირგვინოსანნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ! ვხედავთ და ვგრძნობთ ჩვენს დანაშაულსა და პირშაობას თქვენს წინაშე, გვესმის ჩვენი გარეწრობა და დაუდევრობა თქვენი ხსოვნისადმი, გარნა ნუ მოგვიძულებთ სრულიად თქვენს ესოდენ უძრებ, უმადურ და უღირს სულიერ შვილებს, შეგვავედრეთ მამობრივი გულსმოდგინებიოთ თქვენს სასოს - ყოვლად-წმინდა ღმრთისმშობელს, რომ გაგვიღვივოს გულში თქვენებრ მძლავრი ალი ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულისა! ამინ“. კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე).

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა.

georoyal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий