VII ს-ის შუა წლებში ახალი ძალის, არაბების გამოჩენას კავკასიაში პოლიტიკურად დაშლილი და მკვიდრ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას მოკლებული ქართული სამეფო-სამთავროები მოუმზადებელნი შეხვდნენ. არაბთა გაბატონებასა და მკვიდრად ფეხის მოკიდებას ქართულ მიწაზე ხელი შეუწყო VI საუკუნეში ქართული სახელმწიფოს გაუქმებამ და ეროვნული ინსტიტუტების, კერძოდ კი ქართული ქალკედონური ეკლესიის დასუსტებამ. ამან იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებაზე, რომ მისი შედეგების აღმოფხვრას საუკუნეები დასჭირდა.
VII ს-ის მეორე ნახევრიდან არაბებმა მკვიდრად მოიკიდეს ფეხი კავკასიაში. არაბთა ხალიფატი უშუალო მეზობელი გახდა ლაზეთის სამთავროსი. არაბები პირველად 642-643 წლებში შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ქართლის ერისთავარმა სტეფანოს II ელჩები და ძღვენი გაუგზავნა არაბთა სარდალს და დაზავება შესთავაზა. არაბები დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა. ქართველების ვალდებული იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინარი ეხადათ, ხოლო ვინც ისლამს მიიღებდა გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დროთა განმავლობაში მათ მეფობა მოშალეს, თბილისის საამირო დაარსეს და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარეს.
ამ დროს, მიუხედავად სარწმუნოებრივი ერთობისა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ვერ ურიგდებოდა ბიზანტიელთა მფლობელობას და ლაზეთის მთავრის გიორგი ბარნუკის-ძის მეთაურობით აჯანყდა კიდეც მათ წინააღმდეგ. აჯანყებულებმა მცდარი გზა აირჩიეს და დასახმარებლად „ურწმუნო“ არაბებს მიმართეს. საქმე იმით დასრულდა, რომ არაბებს გზა გაეხსნათ დასავლეთ საქართველოსკენ. არაბების ბატონობამ დასავლეთ საქართველოში გასტანა ნახევარი საუკუნე. ხალხში კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიწვია არაბთა ბატონობამ, ვიდრე ბიზანტიელებისამ, რადგანაც იგი ისეთსავე ბარბაროსულ სახეს ატარებდა, მოსახლეობის უსაზღვრო შევიწროებითა და დამსჯელი ოპერაციებით, როგორც კავკასიის სხვა ქვეყნებში.
დასავლეთ საქართველოში არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ მოძრაობას სათავეში ედგა ლაზეთის მთავარი ლეონ I. იგი გაეცალა ლაზეთს და გადავიდა ლაზეთის ქვეყნების ჩრდილოეთ სანაპიროზე – აფხაზეთში და იქ გამაგრდა. მას პოლიტიკური კავშირი დაუმყარებია ბიზანტიასთან, უცვნია მისი სიუზერენიტეტი და მათი თანადგომით არაბთაგან გაუთავისუფლებია აფხაზეთის მხარეები. ამავე დროს ბიზანტიასაც გარკვეული ვალდებულებანი აუღია და, კერძოდ ლეონ I-ის დინასტია უცვნია მემკვიდრეობით მფლობელებად არაბებისაგან გათავისუფლებული აფხაზეთის მხარეებისა, კეისრის ერისთავის – არქონტის ტიტულით. ლეონ I-ს ასევე კავშირი შეუკრავს იბერიის ანტიარაბული ფრონტის მეთაურებთან – გორგასლიანთა ეროვნული დინასტიის დიდ წარმომადგენლებთან, ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზ II-ის შვილებთან – მირთან და არჩილთან (წმინდა მეფე არჩილ II, ხს.21-VI). მათი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-რესტავრაცია იყო იმ სახით, როგორიც მას გაუქმების დროს ჰქონდა. ქართველთა მიზანი იყო აღდგენილიყო „ქართლის სამეფო“, ანუ გორგასლისდროინდელი დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო. ეკლესიის მამები ამხნევებდნენ ქართველ ერს – ისინი წინასწარმეტყუელებდნენ, რომ აღდგებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ქართული ენა კვლავ თავის ადგილს დაიჭერდა. ამიტომაც არაბებს გადაუწყვეტიათ ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ წინააღმდეგობის ეს კერა დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ისახავდა ის დიდი ლაშქრობები, რომელიც 668, 718 და 735 წლებში მოაწყო ხალიფას მოადგილემ კავკასიაში, ომაიანთა დინასტიის წევრმა მურვან II იბნ მუჰამედმა (ამირა მურვანმა), რომელსაც უმაგალითო სისასტიკისა და შეუსმენლობის გამო ქართველმა ხალხმა „მურვან-ყრუ“ შეარქვა. მურვან-ყრუმ „აღძრა ყოველი თესლ-ტომი წარმართთა და ვითარცა ღრუბელი ბნელი, ვითარცა მკალი და მუმლი მოეფინა და დაფარა პირი ქუეყანისა“. მან ააოხრა საბერძნეთი და მიწასთან გაასწორა მთელი კავკასია, შემდგომ კი 120 ათასიანი ლაშქრით ქართლში შემოიჭრა, „დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა“. ქართლიდან იგი სამცხეს გადავიდა, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი) დააქცია, დანარჩენი მესხური მიწებიც ააოხრა და ზეკარის უღელტეხილით იმერეთისკენ დაიძრა. ქართველთა უმრავლესობა მთასა და ტყე-ღრეში გაიხიზნა.
ამ დროს არგვეთში მთავრობდნენ დიდებული წარმომავლობის კეთილმსახური ძმები – დავით და კონსტანტინე მხეიძეები, სიტყვამახვილნი და ქცევამშვენიერნი, ამაყნი, ლაღნი და გონიერნი. „მეცნიერ ძუელისა და ახალისა შჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“. კეთილნი ზნითა და სპეტაკნი ხორცითა. უყვარდათ თავიანთი მამული, ზრუნავდნენ ქვეშევრდომთა კეთილდღეობაზე და ცხოვრობდნენ შრომითა და გარჯით – აღნიშნავს მემატიანე. უფროსი ძმა, 38 წლის დავითი იყო სრული და ახოვანი ვაჟკაცი, „ჰაეროვან და სპეტაკ ჴორცითა, მოწაბლე თმითა, შუენიერ გუამითა და ხშირ წვერითა“, თეთრი პირისახით, შავი თვალებით და ოდნავ ჩამოზიდული ცხვირით. უმცროსი ძმა, 17 წლის კონსტანტინეც მშვენიერი ჭაბუკი იყო, ლამაზი სახით, შავი თვალ-წარბით და წაბლისფერი გრუზა თმით, უწვერული.
როცა ძმებმა უსჯულოთა სამცხეში დაბანაკება შეიტყვეს, პირველ რიგში ღმერთს შემწეობა სთხოვეს და ერს გაძლიერებული ლოცვა და ღამისთევა დაუდგინეს, შემდეგ კი ლაშქარი შეკრიბეს და მტრის დასახვედრად გაემზადნენ. მტრის
რჩეულმა ლაშქარმა ცეცხლითა და მახვილით სამცხე-ჯავახეთს და ტაო-კლარჯეთს გადაუარა და არგვეთისკენ (იმერეთისკენ) გამოემართა. ამ დროს ქართველთა ლაშქარი უკვე შეკრებილი იყო და წმინდა ძმებთან ერთად იმ საგალობელს გალობდა, რომელიც დავითმა გოლიათთან ბრძოლის წინ იგალობა (დავითნის უნომრო, რიგითობით 151-ე ფსალმუნი). ზეკარზე გადმოსულ არაბთა რჩეულ, წინამავალ რაზმს არგვეთელთა ლაშქარი ფერსათის მთაზე, ხანისწყლის ჩამოსასვლელთან შეეგება და ქრისტეს სახელით ბრძოლაში ჩაება. წმინდა დავითმა გაამხნევა თავისი მებრძოლები, „აღიზახა, ვითარცა ლომმან, და აოტნეს და განაბნიეს იგინი და ურიცხვი მოსრნეს“. უმაგალითო იყო ქართველთა სიმამაცე. სიკვდილს გადარჩენილი არაბი მეწინავენი კი სირბილით უკან მიაწყდნენ, მურვან-ყრუს წარუდგნენ და შეატყობინეს თავს დამტყდარი უბედურება. როდესაც მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ მისი რჩეული ლაშქარი განადგურებული იყო, ძლიერ განრისხდა, თავში ხელი შემოირტყა და თქვა: ვინ იკადრა და ვინ გაბედა წინ აღდგომოდა მუჰამედ მოციქულის მიმდევრებსო და შურისძიებით ანთებული, ურიცხვი ლაშქრით არგვეთისკენ გამოემართა. ტყე-ველი, მთები და ბორცვები ქვიშასავით მომრავლებულმა არაბებმა დაფარეს. დავითი და კონსტანტინე თარეშული ბრძოლის გზას დაადგნენ. დრო და დრო მტერს უსაფრდებოდნენ, მოულოდნელად გამოუხტებოდნენ და თავს ესხმოდნენ, შემდეგ გაუჩინარდებოდნენ და კვლავ ელვისებური თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. მამაცურად უმკლავდებოდნენ ქართველები დამარცხებით გაბოროტებულ ლაშქარს, მაგრამ ბრძოლა უთანასწორო იყო და ქართველები დამარცხდნენ. წარმართებმა ხელთ ჩაიგდეს მრავალი ქრისტიანი. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ხოლო გადარჩენილებმა ტყეს შეაფარეს თავი. არგვეთის დიდებული მთავრები მცირე ლაშქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად ტყვედ აიყვანეს. როცა მურვანმა მათი შეპყრობის ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა, ხელები ზეცად აღაპყრო და განადიდა მუჰამედი და მისი სჯული. ხოლო როდესაც ხელშეკრული ძმები ქუთაისში დაბანაკებულ მურვან-ყრუს მიჰგვარეს, გესლიანად გაიცინა და თქვა: „ვინ ხართ თქვენ, ქვისა და შეშის მსახურებო, და როგორ გაბედეთ ჩემთვის წინააღმდეგობის გაწევა, განა არ იცით, რომ დიდი მოციქულის, მუჰამედის შთამომავალი ვარ და მთელი ქვეყანა მე მემორჩილება დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე “. ძმებმა მიუგეს: „ამაო არის შენი სიცილი და დაქადნება, ვინაიდან შენი დიდება ერთი წუთისა არის და მალე განქარდება, ხოლო შენი გამარჯვება ქრისტიანებზე მოხდა არა შენი ღირსებისთვის, არამედ ჩვენი ცოდვებისთვის. მუჰამედით კი ტყუილად ამაყობ, რადგანაც მან წარსწყმიდა და აცთუნა თქვენი ერი“. მურვან-ყრუ განრისხდა და იქვე მდგომ მტარვალებს ძმების ხელკეტებით ცემა უბრძანა. მათაც ხალისით აღასრულეს მისი ბრძანება და ვიდრე შეეძლოთ სახეში ურტყამდნენ, შემდეგ კი ძირს დაანარცხეს და დიდხანს, გახელებით სცემდნენ „ვიდრეღა დაშურეს“. კეთილმორწმუნე მთავრები უფალს მადლობდნენ და მისი სახელით ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ. მაშინ რისხვითა და გულისწყრომით აღსავსე მძვინვარე მტარვალმა უთხრა მათ: „თქვენ გაბედეთ და ჩემი რჩეული ლაშქარი გაანადგურეთ, ახლა კი დიდებულ და სახელგანთქმულ მოციქულ მუჰამედსაც გვიგინებთ, რომელსაც ყოველი არაბეთი და სპარსეთი ადიდებს“. და რადგანაც საწადელს ვერ მიაღწია, მათი მხნეობით განცვიფრებულმა მოინდომა ძმების ლიქნითა და ტკბილი სიტყვით მოდრეკა: „ჩემი მხედართმთავრებისაგან მსმენია, რომ გონიერი, ბრძოლაში გამოცდილი კაცი ხარ, – მიმართა მან დავითს, – ამიტომ გირჩევ, შენს კეთილისმყოფელს დამიჯერო, განაგდე თქვენი ამაო სჯული და დაემორჩილე მუჰამედის სჯულს“. თანხმობის შემთხვევაში კი ორივე ძმას დიდ პატივსა და სპასალარის წოდებას დაჰპირდა. წმინდა დავითმა ჯვარი გადაისახა და მტკიცედ უთხრა: „ჰოჲ, მძლავრო ბოროტო, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ნათელი მივატოვოთ და ბნელს შევუდგეთ, რადგან ჩვენმა ღმერთმა თავის ნათელში მოგვიწოდა, როდესაც თავისი ძე და სიტყვა – იესო ქრისტე ამ ქვეყანაზე კაცად მოავლინა. მან კი ყოველივე განგებულება თავს იდვა ჩვენთვის – ჯვარცმა, დაფლვა და აღდგომა. შემდგომ კი ამაღლდა და დაბრძანდა „მარჯვენით მამისა“. და ჩვენც მის მეორედ მოვლინებას მოველოდებით, რათა ცოცხლებიცა და მკვდრებიც განსაჯოს. ხოლო როდესაც ჩვენმა მხსნელმა მისი სახელის საქადაგებლად, მთელ ქვეყანაზე თავისი მოწაფეები წარავლინა, ორმა მათგანმა ჩვენს სამშობლომდეც მოაღწია, ჭეშმარიტი სარწმუნოება იქადაგა და ქართველი ერი კერპთმსახურებისაგან მოაქცია. ჩვენც მათ მიერ ვართ განათლებულნი და სხვა, ცრუ სჯულს არ დავემონებით, არამედ მზადა ვართ ქრისტეს სახელისთვის დავითმინოთ ტანჯვა, წამება, ცეცხლი, წყალი, მახვილი და სიკვდილი. ისმინეთ მუჰამედის სჯულის მიმდევრებო: ასეთია ჩვენი სარწმუნოება – ქრისტიანობა“. მურვან-ყრუს გაუკვირდა მათი სიმტკიცე და მიუგო: „კეთილი განზრახვისა და სწავლისათვის ბოროტი და უგუნური პასუხი მოგვიგეთ, ხოლო მუჰამედზე კი უგუნურებას ამბობთ, რადგან სპარსელები და არაბები მან მოაქცია ცეცხლთაყვანისმცემლობისაგან და ერთი ღმერთის თაყვანისცემაც მან ასწავლა“. მაშინ, წმინდა დავითმა ამხილა ყურანი და აგარიანთა სჯული და უთხრა მას: „მუჰამედმა ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქციათ, მაგრამ ღმერთი ვერ შეგამეცნებინათ, ამიტომაც ემსგავსებით იმ ნავთდანთქმულებს, რომელნიც შუა ზღვაში გადარჩნენ, მაგრამ ნაპირს მიღწეულები ჩაიძირნენ“. დავითის მხნე პასუხით განრისხებულმა მურვანმა კონსტანტინეს გადაბირება სცადა და ჰკითხა მას: „შენ რას იტყვი, ყრმაო, გვემორჩილები თუ არა?“, მაგრამ წმინდა კონსტანტინემ მტკიცედ მიუგო: „ვერ ეღირსები, უკეთურო, რომ შენს ბრძანებას დავემორჩილო, არამედ რაც სწამს ჩემს ძმას, მეც იგივე მწამს და ვაღიარებ, რადგანაც ერთი სჯულითა და ერთი სარწმუნოებითა ვართ განსწავლულნი, და გვწამს მამა, ძე და სული წმინდა და მისთვის მოვკვდებით“. მაშინ განრისხდა უსჯულო მურვანი და ჯალათებს უბრძანა, ძმები ათი დღე ეშიმშილებინათ და შეუსვენებლად ეწამებინათ, ვიდრე მუჰამედის სჯულს არ აღიარებდნენ დავითმა და კონსტანტინემ ლოცვითა და ღვთის წინაშე ვედრებით დაითმინეს შიმშილი, წყურვილი, ცემა და მრავალგვარი ტანჯვა-წამება. ათი დღის შემდეგ უღმერთო მურვანმა კეთილმორწმუნე ძმებს მოგვები და მისნები მიუგზავნა, რათა მათ ტკბილი სიტყვითა და მოფერებით დაეყოლიებინათ არგვეთელი მთავრები სარწმუნოების შეცვლაზე. როცა წარგზავნილები საპატიმროში მივიდნენ და იხილეს ტანჯვითა და შიმშილით ჩამომხმარი წმინდანები, ვითომ განრისხდნენ მათი მტარვალების მიმართ და აღშფოთებულებმა იყვირეს: „ეს რა გიკადრებიათ ესოდენ დიდებული ადამიანებისა და ბრძოლაში გამოცდილი, ქველი ვაჟკაცებისთვის. ნუთუ არ იცით, რომ დიდ ამირა მურვანს ამათი შვება, სიკეთე და ფუფუნება ნებავს?“. შემდეგ კი ერთ-ერთმა მოგვმა ძმებს ტკბილად მიმართა: „არაბეთისა და სპარსეთის დიდმა მთავარმა მურვანმა მოგვავლინა თქვენთან და შემოგითვალათ: ტყუილად ნუ გექნებათ დასჯილი და მოკლული კაცის იმედი და ნუ დაღუპავთ თქვენს სიჭაბუკეს უდროო, მწარე და საშინელი სიკვდილით, არამედ უმჯობესი აირჩიეთ, შეიწყალეთ თქვენი თავი და მოიქეცით მუჰამედის სჯულზე, რათა ჩვენთან ერთად გაიხაროთ, და რადგანაც მეცოდება თქვენი სიჭაბუკე და მხნეობა, უმჯობესს გირჩევთ. თუ დაემორჩილებით დიდი მთავრის, მურვანის ბრძანებას, აჰა, განმზადებულია თქვენთვის მოსაცემი ძვირფასი შესამოსლები“. მტარვალებმა იმწამსვე წინ გაუშალეს ძმებს ძვირფასი ტანსაცმელი, ოქრო-ვერცხლი, სამკაულები, მრავალი საბოძვარი და ყოველი ღონით ცდილობდნენ ძმების გადაბირებას. წმინდა დავითმა უპასუხა: „ვინაიდან უგუნურები ხართ და მზაკვარისა და ყრუს მოგზავნილები, აღარ გავაგრძელებთ ჩვენ სიტყვას, არამედ, როგორც პირველად ვაღიარეთ და დავამოწმეთ ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება, ასევე ახლაც მტკიცენი და შეურყეველნი ვართ და ვერანაირი ჭირი და ამქვეყნიური დიდება ვერ განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულსა, ვინაიდან მზადა ვართ მისი სახელისთვის დავითმინოთ ყოველგვარი ჭირი და თვით სიკვდილიც. თქვენ მიერ მონიჭებული საბოძვარი და დიდება კი საძულველი და საძაგელია ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი სასოება და დიდება იესო ქრისტეა და მისი სახელისთვის სიკვდილი – საწადელი. წადით და უთხარით ეს ყველაფერი თქვენს მომავლინებელ მაცდურსა და მზაკვარს“. სირცხვილ-ნაჭამმა მოგვებმა ყველაფერი მურვან-ყრუს მოახსენეს და უთხრეს: „აღარა გვაქვს მათი მოქცევის იმედი. არც ტანჯვისა ეშინიათ და არც სიკვდილისა, არამედ მტკიცედ სდგანან თავიანთ სარწმუნოებაზე“. მათი სიტყვების შემდეგ არგვეთელი მთავრების სიმტკიცითა და ვაჟკაცობით გაშმაგებულმა მურვან-ყრუმ მათი წამებით სიკვდილი ბრძანა. ისინი მდინარე რიონის პირას გაიყვანეს, (შემდგომდროინდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), სადაც მდინარე ხელმარცხნივ ღრმა ყურედ იჭრებოდა, გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და არგნებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე უზარმაზარი, მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს და განიზრახეს მდინარე რიონში ჩაყრა. სიკვდილის წინ მართლმორწმუნე ძმებმა თვალები ზეცად აღაპყრეს, ვინაიდან ლოდების სიმძიმისაგან ვერ შეძლეს თავის აწევა და მუხლის მოდრეკა, და მხურვალედ უფალს შეჰღაღადეს: „ჰოჲ, უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა მამისაო, რომელმან შეისმინე ჩვენი თხოვნა და ღირსნი გაგვხადე შენი სახელისათვის წამებისა, ახლაც შეისმინე ჩვენი ვედრება და როგორც დავიცავით ჩვენი ხორცი შეუგინებლად, ეგრეთვე ჩვენი წამებისა და სიკვდილის შემგომ დაიცავი ჩვენი გვამები განუხრწნელად და დაურღვევლად. სწრაფი შეწევნა მოუვლინე ყველას, ვინც კი ჩვენი სახელით გიხმობს, ხოლო ჩვენი სხეულის ნაწილებს მიანიჭე მადლი უძლურებისა და სნეულების კურნებისა, რათა ყოველმა კაცმა, რომელიც სარწმუნოებით შეეხება მათ, მიიღოს მადლი, კურთხევა და ცოდვათა შენდობა“. ამის შემდეგ ძმებმა ცხოველსმყოფელი ჯვარი გადაისახეს და თქვეს: „უფალო ღმერთო, იესო ქრისტე, ჴელთა შენთა შევვედრებთ სულთა ჩუენთა, ამინ“. უფალმა წამებულთა თხოვა შეისმინა, რის დასტურადაც ყველას მოესმა ხმა ზეციდან. შეშინებულმა ჯალათებმა მოწამეთა სხეულები სასწრაფოდ რიონში გადაყარეს და იქაურობას გაეცალნენ.
იმ ღამეს მოხდა კიდევ ერთი სასწაული, როდესაც ზეციდან მდინარეზე ჩამოდგა სამი ბრწყინვალე ნათლის სვეტი და უკუნ ღამეში ტყე და ველი გაანათა, ხოლო უსულო წყალმა ბუნება შეიცვალა და თავის ზედაპირზე, როგორც სულიერმა, ისე იტვირთა წმინდა მოწამეთა გვამები. მთავრებს ხელ-ფეხზე საკიდები შემოეხსნათ, ყელზე დაკიდებული ლოდები მოსცილდათ და მათი მბრწყინავი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა და ნაპირისკენ გაირიყა. ღვთის განგებით, მათთან ერთად შეპყრობილმა ორმა მსახურმა, რომლებიც მომსწრენი იყვნენ მათი ტანჯვა-წამებისა და მათ მიერ გამოჩენილი მხნეობისა, მტერს თავი დააღწიეს და ფარულად უთვალთვალებდნენ ჯალათებს. მათ წყლის ზედაპირზე დაინახეს მთავართა მანათობელი ნეშტები და განცვიფრებულნი ღმერთს ადიდებდნენ. ამ დროს სხვა ორი მსახურიც გამოვიდა ტყიდან, რადგან მათაც იხილეს სვეტიდან გამობრწყინვებული ნათელი, მაგრამ, როდესაც მტრის შიშით აგარიანთა სამოსში გამოწყობილი თვისტომნი იხილეს, შეშინებულებმა გაქცევა დააპირეს. დამხვდურებმა იცნეს ისინი და დაუძახეს: „ნუ გეშინიათ, მტრები არა ვართ, ძმები ვართ, მოდით და იხილეთ ჩვენი ბატონები, დავითი და კონსტანტინე, რომელნიც ქრისტესთვის ეწამნენ. ჩვენ მოგითხრობთ მათი გმირობისა და მხნეობის ამბავს“. ისინიც გამხნევდნენ, მიუახლოვდნენ ერთმანეთს და მოუთხრეს, რაც მოხდა. როდესაც მსახურებმა წმინდანთა ნეშტები ნაპირზე გადმოასვენეს, უეცრად ცეცხლოვანი სვეტიდან გამომავალი ხმა მოესმათ: „აიყვანეთ წმინდა მოწამეთა სხეულები და წააბრძანეთ ტყით აღმოსავლეთის მიმართულებით და სადაც დაგათენდებათ, იქ დაკრძალეთ“. ისინიც ძრწოლითა და შიშით მიეახლენ ძვირფას სხეულებს, აიყვანეს და აღმოსავლეთისაკენ წარემართნენ, ხოლო გათენებისას, ღვთის ნებით, აღმოჩნდნენ კლდის თავზე, რომელსაც წყალწითელა ეწოდებოდა. მურვან-ყრუს შემოსევამდე იმ ადგილზე იყო ხალხმრავალი ციხე-ქალაქი, რომელიც უსჯულო მტერს ისე აეოხრებინა და დაეწვა, რომ მხოლოდ ერთი დარღვეული ხარების ეკლესიაღა იდგა. ამ ეკლესიის ქვეშ იყო ცარიელი აკლდამა, რომელშიც დამარხეს წმიდა მოწამეთა ნეშტები.
არგვეთელი მთავრების წამების შემდგომ მურვან-ყრუ ქუთაისიდან ეგრისში გადავიდა და დაბანაკდა ჭყონდიდის სანახებში, ცხენისწყლიდან აფხაზეთამდე. არაბებმა აიღეს და დაანგრიეს ციხე-ქალაქი გოჯი (ნოქალაქევი) და გააუდაბურეს სამეგრელო (შიდა ეგრისი) და აფხაზეთი, იქვე ეწია ღვთის რისხვა მურვან-ყრუს ლაშქარს. აბაშები დაბანაკებული იყვნენ მდინარესთან, რომელსაც შემდგომში აბაშა ეწოდა, ხოლო მათი ცხენ-ეტლი კი მდინარესთან, რომელსაც ეწოდა ცხენისწყალი. ღვთის განგებით მათ საშინელი წვიმა, სეტყვა და ჭექა ქუხილი დაატყდათ თავს, მიწამ პირი გააღო და წყალი აღმოაცენა, ხოლო ხმელეთი ზღვად გადაიქცა, წალეკა აბაშთა ლაშქარი და მდინარეში ჩაიტანა. ასევე მეორე მდინარემაც წალეკა მათი ცხენ-ეტლი, რის შემდეგაც ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი ეწოდათ. როდესაც მურვან-ყრუმ იხილა მათზე მიწევნული განსცდელი, ძალიან დამწუხრდა, ვიწრო და მიუვალ ქვეყანაში დაბანაკების გამო, გადალახა კელასურის ქვის კედელი, შეიჭრა აფხაზეთში და დაბანაკდა „პიტიოტას“ – ზღვის პირა ქალაქში, რომელსაც შემდგომში ცხუმი (სოხუმი) ეწოდა. მან დაანგრია ქალაქი და ანაკოფიისკენ გაეშურა. ანაკოფიის ციხეში, სადაც დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, გამაგრებულები იყვნენ აფხაზეთის მთავარი ლეონ I და ქართლის ერისმთავარი – მირი და მისი ძმა არჩილი, რომელთაც მთელი გულით შეთხოვეს სასწაულმოქმედ ხატს შემწეობა. ყოვლად მოწყალე დედოფალმაც უსწრაფესად შეისმინა მათი ვედრება. წმინდა არჩილ მეფეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა „წარვედით და ეწყუენით აგარეანთა, რამეთუ მომივლინებიან მათ ზედა გუემაჲ სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე, ხოლო თქუენ მხნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისაჲთა“. უფლის შეწევნით არაბთა ჯარში ეპიდემია გაჩნდა, რომელსაც წყალდიდობა ზედ დაერთო და 35 ათასი სარკინოზი ამოწყდა, ხოლო 3 ათასი მახვილით მოისრა. გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელიც გაუმართეს არაბებს იბერიისა და აფხაზეთის შეერთებულმა ძალებმა, გამარჯვება ქართველებს დარჩათ. რის გამოც გახარებულმა ბიზანტიის კეისარმა სამეფო გვირგვინი და სკიპტრა გამოუგზავნა მირს, რომელიც შემდგომში ამ ბრძოლაში მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ამავე დროს არაბთა ჯარში ჭირიც გაჩენილა, რის შემდეგაც მარცხნაჭამი მურვან-ყრუ აფხაზეთიდან უკუიქცა, რადგან უფალმა ისევე დაარღვია მისი განზრახვა, როგორც აქიტობელისი (მეფეთა II, თ. 17). ამ ლაშქრობის შემდეგ საბოლოოდ განმტკიცდა „აფხაზეთის“ სამფლობელოს პოლიტიკური მდგომარეობა და თუმცა დასავლეთ საქართველოს ძირითად ნაწილს კვლავ არაბები ფლობდნენ, ლაზეთის ქვეყნის ეს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი საბოლოოდ გათავისუფლდა არაბთა ბატონობისაგან.
VIII ს-ის 40-იან წლებში არაბთა ხალიფატში იწყება დიდი შინაგანი არეულობა. 744 წელს ამირა მურვანი (მურვან-ყრუ) კავკასიიდან სირიაში მიდის და ბრძოლების შემდეგ იჭერს ხალიფის ტახტს, მაგრამ არეულობა ამით არ დასრულებულა და მურვანი, უკანასკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, მდინარე ზაბზე აბასიანებთან ბრძოლაში დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იმავე წლის აგვისტოში მოკლეს. ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის აღორძინება და სამხედრო ძლიერების ზრდა, რამაც განაპირობა მისი წარმატება ხალიფატთან ომებში.
VIII ს-ის II-ე ნახევარში ხალიფატში განმტკიცდა აბასიდების ახალი დინასტია და კავკასიაშიც არაბობამ მოიცა ძალა. 60-იანი წლებიდან კი საქართველოში კვლავ არაბები გაბატონდნენ, ახლა უკვე ხანგრძლივი დროით, ვიდრე დავით აღმაშენებელმა არ ალაგმა მათი თარეში.
სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა და სარწმუნოებისათვის წამებულთა განსასვენებელი ადგილი სრულიად საქართველოს გამაერთიანებელი მეფის – ბაგრატ III-ის (975-1014 წ.წ) მეფობამდე უჩინო და დაფარული იყო. ბაგრატ III იყო ძე გურგენ II მეფეთ-მეფისა და შვილობილი და აღზრდილი დავით III კურაპალატისა. ქართული მატიანე ბაგრატ III-ს „დიდ მეფედ“ მოიხსენიებს. იგი მტკიცე ხასიათისა და შეურყეველი ნების პატრონი იყო. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა ქვეყნის გაერთიანების გზაზე: ბრძოლით ჩაახშო ქართლის ფეოდალთა აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა; დაამარცხა ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგე ერისთავი რატი ბაღვაში და დაეუფლა კლდეკარის საერისთავოს; შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი – შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი; დაიკავა კახეთ-ჰერეთი; მან ჩაუყარა საფუძველი გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვან ხელმწიფობას. პირველად საქართველოს ისტორიაში მისი სამეფო ტიტული ასე იწოდებოდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კურაპალატი“. ბაგრატ მეფის მფლობელობის გარეშე დარჩენილი იყო მხოლოდ თბილისი, რომელსაც კვლავ არაბი ამირა მართავდა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქი კი ქუთაისი გახდა. ბაგრატ III განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა ქართულ ეკლესიას. მისი ბრძანებით ათონის მთიდან ჩამოჰქონდათ ექვთიმე ათონელის თარგმნილი საღვთო წიგნები. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკეთდა და ხელახლა აშენდა მრავალი დაზიანებული ეკლესია. მან ააშენა ბრწყინვალე ტაძრები: ბედიისა – აფხაზეთში, ბაგრატისა – ქუთაისში და ნიკორწმინდა რაჭაში. დასრულდა ქართველური ტომებისაგან ერთიანი ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი და მკვიდრი საფუძველი დაედო ქვეყნის მომავალ ძლიერებას, მის დიდ სულიერ აღმავლობას. სწორედ X საუკუნეში გაჩნდა ტერმინები „ქართველი“, „საქართველო“. ბაგრატ III, „მეფე გლახაკთა მოწყალე და სიმართლის მომქმედი ყოველთა კაცთათჳს“, 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხე-სიმაგრეში გარდაიცვალა და მისი სურვილის თანახმად მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს. მემატიანე გვამცნობს – ღმრთისმოყვარე მეფე ბაგრატს სიზმრად ორი ახოვანი მხედარი გამოსცხადებია ჯვრითა და ხმლით ხელში, თავიანთი ვინაობა მოუხსენებიათ და ხარების ეკლესიის აღდგენა და მათი ეკლესიაში გადასვენება უთხოვიათ. სულიწმინდით აღძრულმა ბაგრატმა მათ სამარხზე ააშენა მონასტერი და მშვენიერი ხარების ეკლესია, რომელშიც დიდმოწამე წმინდანები, შავი, ძვირფასი ლუსკუმით (კუბო) დაასვენა და მლოცველთა თაყვანის-საცემელად ცხადად გამოაჩინა მათი უხრწნელი სხეულები, ხოლო მათ მოსახსენებელად და სადიდებლად წმინდა ეკლესიამ დააწესა 2 (15) ოქტომბერი.
800 წელი განისვენებდნენ წმინდა მოწამენი უხრწნელნი და უვნებელნი, ქართველი ერისაგან დიდად პატივცემულნი და ყოველი სნეულისა და გაჭირვებულის მხსნელნი, როგორც თვით ითხოვეს ღმრთისაგან, სანამ ქართველ ერს თავს არ დაატყდა უდიდესი განსაცდელი – ღმრთისმგმობი ხელისუფლება, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა წმინდა ეკლესიას და მურვან-ყრუზე არანაკლები ვნება მიაყენა ქართველ ერსა და მის სათაყვანებელ წმინდანებს.
რევოლუციის შემდგომი წლები ქრისტიანობის მთელი ისტორიის განმავლობაში აღინიშნება ეკლესიის არნახული დევნით, რაც, პირველ რიგში შეეხო მასში ღვთის ძალის არსებობის ხილულ ნიშნებს – წმინდანების უხრწნელ ნეშტებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ღმერთთან მებრძოლ კომუნისტურ თეორიას. წმინდა ნაწილების გახსნისა და განადგურების კამპანია ხორციელდებოდა იუსტიციის სახკომის, განსაკუთრებული მერვე განყოფილების მიერ, დეკრეტის – „ეკლესიის სახელმწიფოსაგან და სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის შესახებ“ – ცხოვრებაში გატარების მსვლელობის დროს და მთელი ისტორიის მანძილზე წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტირელიგიურ ლაშქრობას. ჯერ კიდევ 1919 წლის დასაწყისში, ახალმა ხელისუფლებამ დღის წესრიგში დააყენა საკითხი ცენტრალიზებული ბრძოლის ჩატარების შესახებ ხალხში წმინდა ნაწილების თაყვანისცემის ჩვეულების აღმოსაფხვრელად. იმავე წლის მარტში VIII ყრილობაზე მიღებულ პარტიულ პროგრამაში საქვეყნოდ პირველად გაცხადდა ქრისტიანობის სრული ამოძირკვის ამოცანა. პროგრამა ითვალისწინებდა მთელი რიგი კონკრეტული ღონისძიებების გატარებას, რომლებსაც, ღმერთთან მებრძოლთა ჩანაფიქრით, ხელი უნდა შეეწყო ეკლესიის სრული მოშთობისათვის. ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის პირველ ეტაპზე წინ აყენებდნენ „მართლმადიდებელი ეკლესიის კონტრევულუციური არსის მხილებისა და სამღვდელოების მიერ ხალხის საუკუნოვანი მოტყუების გამოაშკარავების“ ამოცანას. ამ განმაქიქებელი კამპანიის ცენტრალური პუნქტი გახდა წმინდა ნაწილების გახსნა და შეურაცხყოფა მართლმადიდებლურ ტაძრებსა და მონასტრებში, რადგან მიაჩნდათ, რომ ხალხის „გასანათლებლად“ სავსებით იკმარებდა ლუსკუმებში მოთავსებული წმინდა ნაწილების განქიქება. საბჭოთა პრესის ფურცლებზე მყისვე გაიშალა ეკლესიისა და მისი წეს-ჩვეულებების ნამდვილი დევნა. აქვეყნებდნენ ათასობით „აღშფოთების გამომხატველ წერილებსა და მოქალაქეთა მიმართვებს ყველა მონასტერში ლუსკუმების გახსნისა და დათვალიერების მოთხოვნით“, რაც, ბოლშევიკებისთვის წარმოადგენდა ფორმალურ საბაბს წინასწარ დაგეგმილი აქციის დასაწყებად. სპეციალური კომისიები ხშირად „ფორმალურად“ მღვდელთმსახურებსაც ჩართავდნენ და მიუხედავად მორწმუნეთა წინააღმდეგობისა, ძალით ხსნიდნენ წმინდა ნაწილებიან ლუსკუმებს, ადგენდნენ დაწვრილებით ოქმებს და გულმოდგინედ ცდილობდნენ, შეექმნათ თავიანთი მოქმედების კანონიერებისა და მეცნიერულობის მოჩვენებითობა, მაგრამ თავისი არსით ეს „მოკვლევები“ წარმოადგენდნენ აშკარა მკრეხელურ და ანტიზნეობრივ ქმედებებს. სიწმინდეთა გახსნა ტარდებოდა უაღრესად უტიფარი და უსირცხვილო მეთოდებით. ოქმის გაფორმების შემდეგ, რომელსაც ხელს აწერდნენ მღვდელმსახურები და სამედიცინო ექსპერტები, რეკომენდირებული იყო გასინჯვაში „ყველაზე ფართო მასების“ ჩართვა. არცთუ იშვიათად წმინდა ნაწილებს იღებდნენ ლუსკუმებიდან და დიდი დროით შეუმოსავად ტოვებდნენ „მშრომელთა სანახავად“. მორწმუნეთა გრძნობები შეურაცხყოფილი იყო, მაგრამ უხამსობისთვის წინააღმდეგობის გაწევის, შებღალვისაგან სიწმიდეთა დაცვის ცდებს ხელისუფლება მკაცრად სჯიდა. მორწმუნეთა ნებისმიერი გამოსვლა მათ მიერ განიხილებოდა, როგორც დევნის გაძლიერების ხელსაყრელი შემთხვევა. ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო მართლმადიდებლობასთან, აცოფებდა ახალ მმართველებს, ხოლო წმინდანთა ნეშტები, როგორც ღვთის მადლის ხილული საბუთი გაორმაგებულ სიძულვილს იწვევდა მატერიალისტებში. და რადგანაც მიცვალებულთა დამარხვის წესიც კი ზედმეტად დაკავშირებული ეჩვენებოდათ მართლმადიდებელი ეკლესიის საკულტო მოქმედებასთან, დირექტივას „წმინდა ნაწილების ორგანიზებული გახსნის შესახებ“ მოჰყვა კიდევ ერთი დოკუმენტი – საბჭოთა ხელისუფლების სპეციალური დეკრეტი, რომელიც მოუწოდებდა მოსახლეობას, კი არ დაესაფლავებინათ, არამედ დაეწვათ თავიანთი მიცვალებულები. კონკურსიც კი გამოცხადდა ქვეყანაში პირველი კრემატორიუმის პროექტზე უგვანი ლოზუნგით – „კრემატორიუმი – ეს უღმერთობის კათედრაა“, რაც პირდაპირ მიუთითებს „კომუნიზმის მშენებლობის“ ამ პროექტის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე. მათ აშფოთებდათ ისიც, რომ ლუსკუმების გახსნის დროს კომისია ისეთ ფაქტებსა და მოვლენებს აწყდებოდა, რაც ათეისტური თვალსაზრისით სრულიად გაუგებარი იყო. მრავალ შემთხვევაში ექსპერტების დასკვნები აშკარად უნუგეშო იყო ურწმუნოთათვის და ხელისუფლება იძულებული ხდებოდა, გულმოდგინედ დაემალა ან ურცხვად გაეყალბებინა ისინი.
ქართველ ერს ოდითგანვე განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა წმინდა დიდმოწამე ძმების დავითისა და კონსტანტინეს მიმართ, დიდი სიყვარულითა და მოწიწებით ეთაყვანებოდა მათ უხრწნელ ნაწილებს და არაბ დამპყრობელთა წინაარმდეგ მებრძოლ, სამშობლოსათვის წამებულ გმირებად მიიჩნევდა.
ამის გამო, ღმრთისმბრძოლი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც „მოწამეთობა“ ანუ „ორწიფობა“ საქართველოში კვლავ უდიდეს დღესასწაულად რჩებოდა. რასაც, რა თქმა უნდა, ვერ შეეგუებოდნენ ბოლშევიკები. „უღმერთოთა კავშირმა“ ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში დავით და კონსტანტინეს ნეშტის დათვალიერებით დაიწყო. მათ მიზნად დაისახეს, დაედგინათ მათი სასწაულებრივი ხასიათი, რაც საექიმო კომისიის ოქმის გამოქვეყნებით დასრულდა. კომისიამ დაასკვნა, რომ დავით და კონსტანტინეს ნეშტის უხრწნელად შენახვის ფაქტში სასწაულებრივი და არაბუნებრივი არაფერი იყო. ეს ოქმი გამოქვეყნდა 1923 წლის 4 მარტს გაზეთ „მუშა და გლეხში“.
1923 წლის აპრილის თვეში, აღდგომის წინა კვირას, ვნების შვიდეულში, როდესაც ტაძარში ცისკრის ლოცვა ტარდებოდა, ვინმე უღირსმა მორჩილმა მიხაილამ, ჩუმად გაუღო მონასტრის შემოსასვლელი კარი „უღმერთოთა კავშირის“ წევრებს და ისინიც, უცხოთესლტომთა მსგავსად, თავს დაესხნენ მუხლმოდრეკილ, მლოცველ ბერებს; ახალგაზრდა კომუნისტებმა დაარბიეს მონასტერი, ააწიოკეს და გაძარცვეს ეკლესია, გაიტანეს მთელი სიმდიდრე, ძვირფასი ხატები, წიგნები, ჩამოგლიჯეს ზარები. მონასტრის დაცვას შეეწირა რამდენიმე ბერი. უგუნურებმა წმინდა დავით და კონსტანტინეს კიდურები დააგლიჯეს და ნაძარცვ ნივთებთან ერთად მატარებლით ქუთაისისკენ წაიღეს წმინდა მოწამეთა ნეშტები. საფიჩხიაზე მათ დროგი ელოდებოდათ და იმით დაატარებდნენ ქუთაისში მოწამეთა ძვირფას ნეშტებს და უპატიოთ შეურაცხყოფდნენ. მამა თორნიკეს (ერისკაცობაში – გაგი მოსაშვილი) გადმოცემით, რომელიც თვითონ იყო თვითმხილველი ამ სამარცხვინო პროცესიისა, დროგზე შემდგარი ახალგაზრდა „ვაი ქართველი“ ხელში ათამაშებდა დიდმოწამე ძმების თავის ქალებს, ერთმანეთს უკაკუნებდა და ქილიკობდა: აბა, ამ ძვლებს თუ რამე შეუძლიათ, რამე მავნონო. მაშინ მამა თორნიკეს ბაბუას, რომელიც ძალიან განიცდიდა ქართველი ერის სათაყვანებელი წმინდანების ასეთ შეურაცხყოფას, მიუძახებია: იმის მეტი რაღა უნდა მოგივიდეს, რაც შენს თავს ტრიალებს, გაუგიჟებიხარ უკვეო. უგუნური ცხოველებივით იქცეოდნენ ეს „ვაი ქართველები“, რადგანაც უღმერთობა ღვთის მსგავსების დაკარგვაა და უგუნურ ცხოველებს დამსგავსება. კარიერის გასაკეთებლად ისინი ზედმიწევნით მონდომებულად ემსახურებოდნენ ნგრევა, რბევა, აწიოკებაში უღმერთო ხელისუფლებას, რომელმაც ეს ყოველივე მათ დამსახურებად ჩაუთვალა და ისინი დიდ რევოლუციონერებად გამოაცხადა. მაგრამ, როგორც წმინდა დავითმა მიმართა ჯალათ მურვანს „წუთ ჟამ არს დიდებაჲ შენი და მალე განქარდება“, – მართლაც განქარდა ბოროტება და ღვთის რისხვა მალე მიეწიათ ახალ ჯალათებსა და მათი ოჯახის წევრებს. უღირს და მოღალატე მორჩილ მიხაილას საშინელი სიკვდილი მიეზღო. ლოგინში მწოლიარე და დაუძლურებული თხამ რქებით აკუწა. ქუთაისის „სობოროს“ ნგრევაში მონაწილე ვინმე გვიშტიბელს, ქვის კეცის მთლელს, რომელმაც ჯვრის ღეროს ნაწილი გადაჭრა, მთელი სხეული დაუწყლულდა, მატლები დაესია და ასე საშინელი ტანჯვით აღესრულა. მასზე ამბობდნენ, ცოდვებმა უწიაო. ქუთაისის „სობოროს“ ნგრევის დროს მოხდა სწორედ, რომ ჭკუიდან გადამდგარი ერთი აქტივისტი, გუმბათიდან გადმოვარდა და იქვე განუტევა სული.
„ჯოჯოხეთური პროცესია“ კი ქუთაისის ქუჩებში გზას განაგრძობდა. ეშმას სულჩასახლებულმა „ვაი ქართველებმა“ განიზრახეს წმინდა მოწამეთა ნეშტების რიონში გადაყრა. ამ მიზნით მათ გაიარეს ურიცკის, თბილისის, ლუქსემბურგის, კიროვის ქუჩები და მიადგნენ მდინარე რიონს. ის ის იყო ხიდზე უნდა შემდგარიყვნენ, რომ ….. ჰოი, საკვირველება – ამ აპრილის მზიან დღეს ქარბუქი ამტყდარა, წამოსულა თავსხმა წვიმა და სეტყვა, ელვისა და ჭექა-ქუხილისაგან კი ჩამობნელებულა კიდეც და ქუთაისის მოსახლეობა მოწმე გამხდარა სასწაულისა, რომელმაც ეს გაუგონარი ბოროტება შეაჩერა. რიონის მხრიდან წვიმა და კოხშერეული ძლიერი ქარი ქროდა, ისეთი, რომ პროცესია ხიდზე ვეღარ გადავიდა, სახეში სცემდათ თურმე ქარი, სეტყვანარევი წვიმის შეუვალი კედელი აღიმართა ხიდთან და მდინარე რიონამდე ვეღარ მივიდნენ საბრალობელი „ვაი ქართველები“ და წმინდა ნაწილების გადაყრაც ვერ მოუხერხებიათ. ამ სასწაულს წლების განმავლობაში მრავალ ოჯახში იხსენებდნენ.
ამ შეფერხებით ისარგებლა სასიქადულო მამაულიშვილმა, ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და საზოგადო მოღვაწემ, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელმა და პირველმა დირექტორმა, პუბლიცისტმა ტრიფონ ჯაფარიძემ (მისი მამა-პაპანი სამღვდელონი იყვნენ) და სასწრაფოდ დაუკავშირდა რესპუბლიკის სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარმმართველობის გამგეს, ვუკოლ ბერიძეს და შეატყობინა, რომ „განსაცდელში იყვნენ საქართველოს ეროვნული გმირები – დავითი და კონსტანტინე“. ვუკოლ ბერიძე დაუკავშირდა მთავრობის წევრებს, მაგრამ მასაც არ უხსენებია, რომ დავითი და კონსტანტინე წმინდანები იყვნენ, არამედ მხოლოდ აღნიშნავდა, რომ ძმები ქართველი ერის სახალხო გმირები იყვნენ და დაუშვებლად მიაჩნდა მათი ნეშტის მოსპობა-განადგურება. თბილისიდან მოვიდა ბრძანება და ტრიფონ ჯაფარიძემ წმინდანთა ნეშტებს ქუთაისის მუზეუმში დაუდო ბინა.
1923 წლიდან 1954 წლამდე დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები დაცული იყო ქუთაისის მუზეუმში, მაგრამ მორწმუნე ერი მაინც ახერხებდა სანთლით ხელში მიახლებოდა მათ წმინდა ნაწილებს და ელოცა მათ წინაშე.
1954 წელს მოწამეთას ეკლესია მოქმედი გახდა და დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები კვლავ დაუბრუნდა პირვანდელ წმინდა სამყოფელს. ბოლშევიკების გეგმის მიხედვით, წმინდა მოწამენი ღამით, ფარულად უნდა ჩამოესვენებინათ, მაგრამ ამ სასიხარულო ამბის დაფარვა მოსახლეობისგან ვერ შეძლეს და XX საუკუნის მრავალ ჭირ-ვარამ გადახდილი და ეკლესიაწართმეული ქართველი ხალხი ანთებული სანთლებითა და ჩირაღდნებით ხელში მიაცილებდა სადგურიდან მოწამეთას ტაძრამდე VIII საუკუნეში წამებულ სანატრელ წმინდანებს და ელოდა, რომ როდესმე თვითონაც დაუბრუნდებოდა დედა ეკლესიის წიაღს, რაც ბოლშევიკების 70 წლიანი უღმერთო მმართველობის დასრულების შემდეგ, ღვთის წყალობით, აღსრულდა კიდეც. ახლადაღდგენილი ეკლესია აკურთხა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (შემდგომში კათალიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-ემ).
მოწამეთას წმინდა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მამათა მონასტერი მდებარეობს მდინარე წყალწითელას მარჯვენა მხარეს, გელათიდან ორი კილომეტრის მანძილზე. მონასტერი გალავნითაა მოზღუდული, რომელიც განსაკუთრებით მაღალია დასავლეთის მხრიდან, ეზოში შესასვლელ კარიბჭესთან, სადაც წინათ ასაწევი ხიდი და კოშკი ყოფილა. გალავნის შიგნით დგას ხარების ეკლესია, რომელსაც ადრე გუმბათი არ ჰქონია. XIX ს-ში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ქიქოძე) მორწმუნეთაგან შემოწირული თანხით აღადგინა ეკლესია და სამრეკლო და ხის ლუსკუმით შემოსა დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნეშტები. ჩატარებული სარეკონსტრუციო სამუშაოების შედეგად, ფაქტობრივად, ხელახლა აშენდა მოწამეთას ხარების ტაძარი. იგი ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია, გუმბათი ოთხ სვეტს ეყრდნობა, რომელთაგან ორი საკურთხევლის შვერილია. ეკლესიას ორი კარი აქვს, დასავლეთისა და სამხრეთისა. ტაძარში საკურთხეველი ჩრდილოეთის მხარეს არის მოთავსებული, რაც ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში იშვიათობაა, ეს კი განაპირობა იმან, რომ აღმოსავლეთის მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, ხის მოჩუქურთმებული ორი ლომის მხრებზე იდგა ხისაგან დამზადებული ლუსკუმი, რომელშიც მოთავსებული იყო დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები; ლუსკუმის ქვემოთ დატოვებული იყო ადგილი, რათა მორწმუნეებმა მუხლმოდრეკით მიეგოთ პატივი მოწამეთა წმინდა ნაწილებისთვის, რომელთა წყალობითაც, საუკუნეების მანძილზე ეფინებოდა ღვთის მადლი მოწამეთას და ვინც წმინდათა საძვალეს ღრმა რწმენით მიეახლებოდა, იკურნებოდა სულიერადაც და ფიზიკურადაც, რადგან წმინდა დავითსა და კონსტანტინეს თავიანთი ერი არასოდეს დაუტოვებიათ და არ გაუწყვეტიათ მასთან სულიერი კავშირი. არც არასოდეს დამცხრალან ერის სასიკეთოდ და მამულისთვის არ მოუკლიათ ღვთის წინაშე შემწეობა და მფარველობა და დღემდე ანიჭებენ კურნებას წმინდა საძვალის წინაშე რწმენითა და სასოებით მლოცველთ. რისი ხილული მაგალითიც ჩვენ დროშიც განცხადდა: წმინდა დავითისა და კონსტანტინეს შესახებ მოწამეთაში დოკუმენტურ ფილმს იღებდა მართლმადიდებლური ფილმების სტუდია „მეოხი“ (ხელმძღვანელი მარიანა კალანდარიშვილი, ოპერატორი გიორგი გელაშვილი) ფილმის გადაღებისას ერთ-ერთი ოპერატორი 22 მეტრიანი კლდიდან გადავარდა და წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს მეოხებით, არათუ გადარჩა, არამედ ზიანიც არ მოსვლია.
2009 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის ხარების ეკლესიიდან მოწამეთას სამონასტრო კომპლექსში ახალი ლუსკუმა მიაბრძანეს, რომელშიც წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები მოთავსდა. ლუსკუმა ქუთაისელმა ოსტატებმა დაამზადეს. ის ოქროსა და ვერცხლშია შესრულებული და ძვირფასი თვლებითაა მოჭედილი. ლუსკუმას დამზადებისას ოსტატებმა ტიხრული მინანქარი და ძველი ქართული ორნამენტები გამოიყენეს. ლუსკუმა მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ფარგლებში მომზადდა.
დავითისა და კონსტანტინეს მარტვილობის ამბავი ძველადვე ყოფილა აღწერილი. ამ „ძველი“ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე შეიქმნა არგვეთის მთავართა მარტვილობის ახალი, მეტაფრასული რედაქცია, რომელიც, სავარაუდოდ, დაწერილია არაუადრეს XII საუკუნის I ნახევრისა (კ. კეკელიძე, ს. ყუბანეიშვილი). ამ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი XIII საუკუნეშია შექმნილი. გარდა ამ თხზულებისა, ჩვენამდე მოღწეულია „დავით და კონსტანტინეს წამების“ ანტონ კათალიკოსისეული რედაქცია (1768-69) და 5 სხვადასხვა სვინაქსარული რედაქცია (XIII-XVIII სს.).
ვგრძნობთ რა დანაშაულსა და პირშაობას მათ წინაშე, მუხლთმოდრეკით ვევედრებით:
ჰოჲ, იმერთ-ამერთა მნათობნო ქართველნო, ანგელოზთა წესთა თანა მდგომარენო წინაშე საღმრთოჲსა საკურთხეველისა, წმიდანო დიდნო მოწამენო დავით და კონსტანტინე! აღახვენით თუალნი თქუენნი და მოიხილეთ ჩუენ ზედა, შეგჳნდეთ ყოველი უშჯულოებანი ჩვენნი, და ბრალნი ჩუენნი და მოგუმადლეთ თქუენი კურთხევაჲ, რომელთაც განგარისხეთ და განგამწარეთ; ეგრევე შეუნდეთ მამათა და პაპათა ჩუენთა სიწმიდეთ-მკრეხელობაჲ და მარტჳლთ-მოძულებაჲ, ხოლო მოსავთა თქუენთა გამოგჳთხოვეთ ჯუარცმულისაგან სიმრთელჱ და დღეგრძელობაჲ, მშჳდობაჲ და მყუდროებაჲ, სიუხვე საზრდელისაჲ და ჰაერთა კეთილ-შეზავებაჲ, თქუენებრ სიყუარული მოუკლებელი ღმრთისაჲ და მოყუასისაჲ, სიმტკიცჱ სულისაჲ, ერთგულებაჲ მამულისაჲ, ძლევაჲ ბოროტთა ზედა გულის თქმათა ჩუენთა და განწყობაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ სათნოდ ღმრთისა, სადიდებელად ერისა და სანუგეშოდ ეკლესიისა, ამინ.

orthodox-geo.com
Комментариев нет:
Отправить комментарий