ღმერთი

ღმერთი

среда, 8 мая 2013 г.

ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე (ნიკოლოზ სერბი)

 ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე.

სისუსტე

დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთე იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.

დიალოგი

მეცნიერის გულწრფელი შეკითხვა ბუნებასთან ასეთი იქნებოდა: „ბუნებავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა გავიგო, ვინ ვარ მე...“

ისტორიკოსის გულწრფელი შეკითხვა ისტორიის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ისტორიავ, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“

მოძღვრის გულწრფელი შეკითხვა ღვთის მიმართ ასეთი იქნებოდა: „ღმერთო, მითხარი, ვინ ხარ შენ, რათა ვიცოდე, ვინ ვარ მე...“

სამივე ამ კითხვის უცდომელი პასუხი ასეთი იქნებოდა: „ადამიანო, მიპოვნე საკუთარ თავში!“

გაუჩინარება

დიდი მაშინ გახდები, რიდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარშემოა; როდესაც ამ სიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილს წარსულში: წარსულში აწმყოსა და მომავლის გარეშე.

მაშინ სიკვდილი, რომელიც უცილობლად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.

სიამოვნებათა ფიალა

თუკი შემოგთავაზებდნენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და გეტყოდნენ; „დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია,“ - დალევდი?

მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან.

მოულოდნელი სიკვდილი

ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.

მშიერი მეკუბოვე, რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.

ცოდნის უდაბნო

„ცოდნა სინათლეა“, - ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის უნარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი - საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს.

უმეცრება

ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!

ჭეშმარიტება სიყვარულით შეიცნობა

ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.

ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღად აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებას მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭეშმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!

ჭეშმარიტება

თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი არაფერი გჭირდება.

როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუსფუსში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მეგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი, იქნები ისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, მაგრამ უდედოდ: რამდენი ნათსავიც არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისათვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც შენ ყოველდღიურად ტრაპეზს შეექცევი.

ზეცა

ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.

რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგდე ღვთის ხმას.

შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე.

პატივმოყვარეობა

რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება.

ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმიდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა.

ქება და ძაგება

ჩვენ ყველა ამქვეყნად თითქოსდა ბაზარზე გამოფენილი საქონელი ვართ. ერთნი ჩვენს ფასს ზეცამდე აღამაღლებენ, მეორენი კი გროშის ფასად მიიჩნევენ.

ქება და ძაგება, რომლებსაც ჩვენ ადამიანებისაგან ვღებულობთ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებენ: სულის ერთ ნახევარს უხარია ქება, ხოლო მეორე წუხს ძაგების გამო. რადგან საკუთარი შემეცნების საიდუმლო სიღრმეში ვგრძნობთ, რომ არც ქებითა და არც ძაგებით ჩვენს შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც - რამეთუ შენ არცერთს არ იმსახურებ, - რათა ფრთების გარეშე არ აფრინდე ანდა სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩავარდე.

მზერა

„თვალები სულების შეხვედრის წერტილია,“ - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.

როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი.

მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახბით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასწყისია.

სიცარიელე და სიღატაკე

რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმერთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.

მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს.

ჰორიზონტი

რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.

რაც უფრო ფართოა ფორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.

რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.

რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.

თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი თავისი ქედმაღლობისაგან განიკურნებოდა.

დღე და ღამე

თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.

თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს ავაშენებთ.

თუკი ღვთის წინაშე ვილოცებთ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს.

სულის გამოძახილი

მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ.

ბუნების სიმშვენიერე

სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.

ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი - ბნელი და შეუღწევადი.

ნუ ენდობი ბედნიერებას

თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.

თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.

როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება.

და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.

უმწეობა

ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.

იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.

ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.

სამოთხე და ჯოჯოხეთი

შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? - შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას; რამდენი ბოროტმოქმედი მოიყვანა სინანულში; რამდენი ცოდვილი აქცია წმიდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა აღსრულების საშუალება!

შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა; რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!

შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?

ბედთან შერიგება

რას ნიშნავს „ბედთან შერიგება?“

ერთი მნიშვნელობით, ნებით, უდრტვინველად და დაუცველად მიიტანო თავი მსხვერპლად, და მეორე, მონატრებული შვილის მსგავსად, სიხარულით მიიჩქაროდე მამასთან, სიკვდილის, როგორც უკანასკნელი დაბრკოლების გადალახვით.

პატივმოყვარეობა

როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს.

პილატეს სიმართლე

რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ? მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის.

რომელ სჯულზე ლაპარაკობ? შეგიძლია კი შეასრულო ის უმცირესი მოვალეობა, რომელსაც შენგან სჯული მოითხოვს? შეგიძლია, თავი მოქალაქედ ჩათვალო და არა გმირად ანდა წმიდანად?

ისინი, ვინც ქრისტეს მსჯავრს სდებდნენ, სამოქალაქო კანონის დარღვევაზე როდი აგებენ პასუხს; ისინი მაცხოვრის ჯვარცმისათვის განისჯებიან.

როღესაც ადამიანი ყველა კანონს აღასრულებს, მაშინ შეუძლია მას თქვას; აი, ცხოველის დონეს მივაღწიე, რამეთუ ცხოველი ცხოვრობს კანონთა ზედმიწევნით აღსრულებით. მას, ვინც ჯერ კიდევ არ გაზრდილა ცხოველამდე, შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე?

ხუთი იმპულსი

არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი და საკუთარი სიამოვნება; ოჯახური და ნათესაური კავშირები; სინდისი და მაცხოვნებელი თანამყოფობა.

მეხუთე იმპულსი თავდაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას ვერ შეინარჩუნებს, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებს, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. და მაშინ უკვე მას აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.

განსხვავებული ადამიანები

ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული.

ჰკითხე სულიერ (მშვინვიერ) ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს; „ჩემში ორი ანტიპოდია, და მე ერთი მათგანიდან მეორესთან დავრბივარ,“ - ამბობს თავისი ინსტიქტური და შეგნებული ბუნების შესახებ.

ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე იმ ზეციერს, ვინ ვარ მე?

წყევა და ქება

შეეცადე, გაუკეთო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ.

ნერონი ჯერ აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერებისაკენ მიჰყავდა, მაგრამ როდესაც ამან უფსკრულში მიიყვანა, დასწყევლა იგი.

ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდომს მთაზე ხელს ჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის, წყევლას დაიწყებს.

ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ, უმჯობესია, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელს...

ჯანსაღი აზრი

მცირედმორწმუნე ვერასოდეს გააღვიძებს რწმენას სხვაში; ქედმაღალი უვიცი ვერასოდეს დაიმსახურებს ნდობას. ადამიანებს სიმდიდრე აღიზიანებთ, როდესაც იგი ვაჭრის ხელშია; სძულთ ძალაუფლება, თუ იგი უპატიოსნო ადამიანებს ეკუთვნის; ავადმყოფი არ ენდობა ავადმყოფ ექიმს.

ადამიანებს ჯანსაღი გონება და სწორი მსჯელობა ახასიათებთ. დაღლილი მგზავრი ბრაზობს მედუქნეზე, რომელსაც არ შეუძლია, საუზმე და საწოლი შესთავაზოს და ეკითხება მას: მაშ, რატომ ხარ მედუქნე?

ცხოვრება და პოეზია

სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.

შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი - შემეცნების.

ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია. ამიტომაც პოეზია პროზაზე მეტხანს ცოცხლობს: იმიტომ ხომ არა, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა? თუკი შენს სიცოცხლეს სიმღერად აქცევ, მაშინ შენც უფრო ახლოს იქნები სიმართლესთან, სიცოცხლესთან.

ღიმილი

ადამიანთა ბედნიერების სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.

სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერის სიხარულში და მწუხარის ტირილში თანამონაწილეობას? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი, თუ არა იმაზე, რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება, მწუხარებას კი სიხარული მოსდევს?

სამწუხაროა, რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს - მაიმუნი და აფთარი. ეცადე, რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს, მწუხარება კი - აფთრის უაზრო იპოხონდრიას.

გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი და ღიმილი წმიდანისა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს, წყალობას, სიყვარულსა და მარადიულობას. დიახ, მარადიულობასაც, რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია, ასეთი ღიმილი კი მარადიულია.

გმირობა და ეგოიზმი

ნუ დაუჯერებ თეორიებსა და საუბრებს ეგოიზმის კანონების შესახებ. ის არ არსებობს. უფალი განაგებს სამყაროს, ადამიანები კი ღვთის შვილები არიან.

ადამიანი, რომელიც მორევში გადაეშვება დასახრჩობად განწირული ადამიანის გადასარჩენად, მეყსეულად სპობს მთელ ამ თეორიებსა და საუბრებს.

ბუნება ადამიანის ანარეკლია

საკუთარი თავის სიყვარულის თეორია არ შეიძლება იყოს გამართლებული ბუნების მიერ. ადამიანები ძალიან ადვილად აბრალებენ სხვებს საკუთარ ბოროტებას.

ბუნება ნეიტრალურია ადამიანების მიმართ. იგი თავის ხასიათს ადამიანთა ბუნებასთან შეთანხმებით განაწყობს. სანამ ადამი ღვთის მორჩილი იყო, ბუნებაც ემორჩილებოდა ადამს. როდესაც მან ღვთის მორჩილება შეწყვიტა, ბუნებაც აღდგა მის წინააღმდეგ.

როგორც რაიმე სურვილი, აზრი და ვნება მოქმედებს არა ადამიანის მთელ სხეულზე, არამედ მისი ხასიათი, განწყობა, რწმენა და ზნეობა მოქმედებს ბუნებაზე. ადამიანურ ბოროტებას შეუძლია, ბუნებაც ბოროტებით აღავსოს, ასევე გულმოწყალებაც ბადებს გულისხმიერებას.

ბალკანეთის ხალხმა დღემდე შემოინახა რწმენა იმისა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანი და შიმშილობის წლები, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა დამოკიდებულია ხალხის ზნეობრივ სიწმიდეზე.

წმიდა ადამიანების მიმართ ბუნება შემწყნარებელია, უწმიდურთა და ბოროტგანმზრახველთა მიმართ კი იგი დაუნდობელია.

ბუნება ადამიანის ანარეკლია. როგორიცაა ადამიანი, სწორედ ისეთად ასახავს იგი მას. ბუნებას ეგოიზმი არ ახასიათებს. მაგრამ ადამიანები ეგოისტები არიან, ამიტომ ისინი თავიანთ უსახურ გამოსახულებას ბუნების სარკეში ხედავენ და საკუთარ სიმახინჯეს ბუნებას მიაწერენ.

მაგრამ განა სარკე დამნაშავეა სახის უსახურებაში, რომელსაც იგი უბრალოდ, მართლად ასახავს?

წმიდანი და ბუნება

წმიდანისათვის ბუნება წარსულს ასახავს. მან შეისწავლა მისი ანბანი, წაიკითხა მისი სიტყვები, მოისმინა მისი ბგერები, შეიცნო ყოველივე, რაც მან მას მიანდო და წიგნი დახურა. მხოლოდ წმიდანში მიაღწია ბუნებამ თავის მიზანს: მან მასში ადამიანი გააღვიძა, ღვთისაკენ სავალი გზა ასწავლა და თვალს მიეფარა.

წმიდანი უსაზღვროდ მადლიერია ბუნებისა და განუზომლად გულმოწყალე მის მიმართ, ამიტომაც იგი მას დედამიწაზე თავის ერთადერთ მეგობრად მიიჩნევს.

ჭეშმარიტად, არ არსებობს უფრო ამაღელვებელი სურათი, ვიდრე წმიდანისა და გარეული მხეცების მეგობრობა. ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ იგი მას ისე უყურებს, როგორც მოზრდილი ადამიანი ბავშვურ გასართობებს: აი, კიდევ ერთი მზერა, კიდევ ერთი თანაგრძნობის გამომხატველი ღიმილი, კიდევ ერთი ნაზი მოგონება, - და დროა, მგზავრი გზას გაუდგეს, წინ თუ ზემოთ, ყოველგვარი გაჭირვების მიუხედავად. მან ყველაფერი უნდა დაივიწყოს, დატოვოს ყველაფერი, რათა შეიცნოს და მოიპოვოს ყოველივე.

გურმანისათვის ბუნება მომავალია, მხატვრისათვის - აწმყო, წმიდანისათვის - წარსული.
სად მარხავ მოკლულს?

მნიშვნელობა არა აქვს, ავადმყოფობით მოკვდები თუ ადამიანის ხელით. მაგრამ, ადამიანისაგან განსხვავებით, ავადმყოფობა სიკვდილზე პასუხს არ აგებს. როგორი შესამეცნებელია ფუტკრის მაგალითი: კბენისათვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს.

ყველა შენს მიერ მოკლულს ორი განსასვენებელი აქვს; ერთი მეორე სამყაროა, მეორე კი - შენი სინდისი.

სადაც არ უნდა დამარხო მიცვალებული, შუაღამისას იგი შენს სინდისში გაიღვიძებს და ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, რომლებზეც შენს ოფლში გაღვრილ სინდისს გათენებამდე მოუწევს პასუხის გაცემა.

უღვთობა უჰაერობაა

როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰარო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, განეშორე უღმერთოთა შესაკრებელს, რამეთუ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები.

ღმერთი შენი სულის ჰაერია. ამ ჰაერის გარეშე შენი სული მიწაზე დაეცემა და მტვერში იხოხებს, როგორც გველი.

გული და ბიბლია

ფერფლისგანაა შენი გული, ფერფლისგანაა ის ქაღალდიც, რომელზეც ბიბლიაა დაწერილი. მაგრამ ცხოველმყოფელი სულიწმიდა წერდა ამ ფერფლზე. ამიტომაც ერთი ეპისტოლე მიემართება მეორეს, პირველი განმარტავს მეორეს, მეორე კი - პირველს. როდესაც სამყარო თავისი ვნებებით ერთს დაწვავს, მაშინ მეორეც ხანძრის საშიშროების წინაშე დგება.

უბედურება

უბედურება, რომლის დათმენასაც ღმერთი ჩვენზე უშვებს, ბედნიერებაზე უკეთესია, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისათვის ვაშენებთ. თავის ერთგულებზე ღმერთი ყოველთვის დროულად უშვებს განსაცდელს. ეს მეგობრის ხმაა, რომელიც შუაღამისას გვაღვიძებს მძინარს: ხანძარია!

გონიერი ტოვებს ცეცხლწაკიდებულ სახლს და გარბის, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნას. უგუნური კი ზის და კვნესის ცეცხლის კვამლში, სანამ აალებულ სახლთან ერთად არ დაიღუპება.

დღის სიახლები

დღის სიახლეებია:

ადამიანებმა რუსეთის მეფე მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ;

ადამიანებმა პოლონეთის პრეზიდენტი მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ;

ადამიანებმა საბერძნეთის მინისტრი მოკლეს, რათა უკეთ ეცხოვრათ...

უკანასკნელ ასწლეულში მედიცინას ქირურგიაში დიდი მიღწევები არ ჰქონია. არც პოლიტიკურ ქირურგიას გაუსწრია დიდად პოლიტიკური თერაპიისათვის; უპირატესობა ამპუტაციის მეთოდს ენიჭება, რომელიც უყოყმანოდ აღესრულება, მაგრამ დამახინჯებულ სხეულს სისხლი განუწყვეტლივ სდის.

მაგრამ, როგორც წესი, მკვლელები წაგებულნი არიან: მოკლულები საზოგადობაში იმაზე ნაკლებ როლს როდი თამაშობენ, ვიდრე სიცოცხლეში. ეს ყველას ესმის, ამას ყველა ხედავს, საზოგადოებრივი ორგანიზმიდან მომდინარე სისხლის შეჩერებას ცდილობენ, მაგრამ ამავდროულად გეგმავენ და ამზადებენ მომდევნო ამპუტაციას, მომდევნო სისხლისღვრას.

ხორციელი ადამიანები

ხორციელი ადამიანები ადვილად ეგუებიან ამ წუთისოფელს. სულიერნი მასში თავს ყოველთვის უცხოდ და გადამთიელად გრძნობენ.

ხორციელნი ეძებენ და ამბობენ, რომ საკუთარი წარმოშობის წყაროს თავიანთსავე ეზოს ნაგვის გროვაში პოულობენ; ამიტომ საკუთარ თავს მას ადარებენ და საკუთარი ადამიანური გამომეტყველების გამო ამპარტავნებაში ვარდებიან.

სულიერნი საკუთარ პირველწყაროს უფრო მაღლა ეძებენ, ციურ მნათობთა ზემოთ, მიუწვდომელ გონებასა და სიწმიდესთან, ამიტომ თავმდაბლად არიან და გლოვობენ, რადგან ხედავენ, რა ძლიერ დაშორდნენ ღვთის ხატებას.

სულიერნი თავს არ იმტვრევენ კითხვაზე: ვინ შემქმნა მე? რამეთუ მათ ესმით, რომ მთელს სამყაროში ვერავის უწოდებ ყოველივეს შემოქმედს, ერთადერთი ღმერთის გარდა.

ხორციელი ადამიანები იტანჯებიან ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად, პასუხს საკუთარი სახლის ეზოში ნაგვის გროვაში პოულობენ, ოღონდაც კი არავისი ეშინოდეთ და არავისი რცხვენოდეთ.

სიცრუე უფალს განგვაშორებს

მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე განგვაშორებს უფალს; იმის თქმა, რომ ღმერთს ჭეშმარიტება გვაშორებს, იგივეა, თითქოს თვითონ ღმერთი განგვაშორებს საკუთარ თავს.

სიცრუის ფიქრები, ცრუ სიტყვები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც არარსებობის, ილუზიისა და ღვთისაგან განდგომისაკენ მივყავართ ამ გზიდან მძიმე ცხოვრებისეული შერყევის გარეშე უკანდასაბრუნებელი არ არსებობს, სანამ ადამიანი, სავლესავით დაბრმავებული, მიწზე არ დაეცემა და სანამ ღმერთი მას მტვრიდან და უმწეობიდან არ წამოაყენებს და მხედველობას არ დაუბრუნებს.

მეტი რწმენა

ზოგიერთ ავადმყოფს ექიმები მეტი დოზით უნიშნავენ წამალს, მაგალითად: დალიეთ, რაც შეიძლება, მეტი წყალი!

რწმენა ყველაზე სასარგებლო წამალია ჩვენი სულისათვის, თუკი მას, რაც შეიძლება, მეტი დოზით მივიღებთ. მეტი რწმენა გქონდეს!

ანალიზი

ანალიზი სიყვარულს კლავს, მეცნიერება აგრილებს. ამიტომ საუბრობენ არა ცოდნის სილამაზის, არამედ მისი სარგებლიანობის შესახებ.

მოსიყვარულე არასოდეს კითხულობს შეყვარებულის ასაკს, წარმომავლობასა და მატერიალურ კეთილდღეობას. ზეშთაგონებული სული, ანუ ღვთაებრივი სიყვარულით ანთებული არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმება ღვთის „ანალიზზე.“

სიყვარული განდევნის განსჯას, როგორც უსარგებლო მსტოვარს. სამაგიეროდ აერთიანებს სამ სხივს - გონებას, გულსა და სულს და მათ ერთ სანთლად აღანთებს.

განშორება

მტრების განშორება ორმხრივ სიძულვილს აძლიერებს.

მეგობრების განშორება ორმხრივ მიჯაჭვულობას განამტკიცებს.

დედაშვილის განშორება მათ სიყვარულს განაცხოველებს.

ჩვენი განშორება ღმერთთან აძლიერებს ღვთის სიყვარულს ჩვენდამი. როდესაც ჩვენ ამას ვგრძნობთ, გახურებულ რკინასვით გვწვავს სირცხვილი და მივისწრაფით, უფრო სწრაფად დავბრუნდეთ მასთან, ვიდრე განვეშორეთ; და უდიდესი სიყვარულით ვბრუნდებით.

ადამიანთა სულების უმრავლესობის ისტორია - ეს არის ღვთისაგან დროებითი გაქცევისა და მასთან სწრაფი დაბრუნების მონაცვლეობა.

ო, ოღონდაც ჩვენი მიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში ღმერთთან განშორებულნი არ აღმოვჩნდეთ, არამედ, რაც შეიძლება, მეტად ახლოს ვიყოთ მასთან

Комментариев нет:

Отправить комментарий