ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი (დ. 20 ივლისი 1916, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 დეკემბერი 1944, სოფ. ლესა, ნოვარა, დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია), ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).
ფორე მოსულიშვილი დაიბადა 1916 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ სწავლობდა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის წარმატებით დამთავრების მერე, 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში.
მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში.
ერთ–ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.
სხვა ტყვეებთან ერთად ფორე პოლონეთში გადაიყვანეს, კრუშინოს ტყვეთა ბანაკში, რომლის კომენდანტიც სიმკაცრით იყო განთქმული. ერთ–ერთი შემოვლისას მისი ყურადღება ფორემ მიიპყრო, ალბათ, ახოვანი აღნაგობის და წვერის გამო. დაიჩოქეო, — უბრძანა. ფორე კიდევ უფრო გაიმართა წელში და თვალი თვალში გაუყარა. კომენდანტმა ერთხანს უყურა ფორეს, მერე მათრახი მოიმარჯვა და გადაუჭირა. ფორე არც შერხეულა, მოულოდნელად მოუქნია მკლავი და სახეში გაარტყა... კომენდანტი მოცელილივით დავარდა მიწაყრილზე. მისი დაცვა და ტყვეები გაოგნებისგან გაშეშდნენ... კომენდანტი ძლივს წამოდგა, ყურიდან და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. ჯარისკაცებს ანიშნა, უკან დაიხიეთო და აკანკალებული ხელით ამოიღო „პარაბელუმი“ ... მერე კი შეტრიალდა და წავიდა ...
საღამოს ფორემ თავის მეგობარ ისაკ ძამნაშვილს უთხრა: „ეს კაცი მართლა ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა!“
1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს.
1944 წელს სამხედრო ტყვეთა ერთი ნაწილი, რომელშიც ფორეც იყო, ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია) აღმოჩნდა. ერთ საღამოს გერმანელები დათვრნენ და დაცვაში მხოლოდ ერთი ჯარისკაცი დატოვეს. ფორემ განაიარაღა მცველი, ყოფილ ტყვეებს არც დარჩენილი გალეშილი გერმანელების დატყვევება გასჭირვებიათ. სოფელ ჯენეზიას ტყეში ფორეს რაზმი იტალიელ პარტიზანთა რაზმს შეხვდა, რომელსაც ედო დელგრატო მეთაურობდა. ფორე 70-ზე მეტი ქართველით შეუერთდა მათ.
პირველი საბრძოლო ოპერაცია რაზმმა 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელგრატო. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო...
1944 წლის სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი იბრძოდა დაბა დომოდოსოლოს რაიონში, სადაც მოსპეს 30 გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.
გერმანელებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელეს ”რემო სერვადეის” 181-ე ბრიგადაზე, რომლის მეორე ბატალიონ „პეპინოს“ მეთაურობდა ფორე და იქვე იბრძოდა 27 სხვა ქართველი პარტიზანი. 1944 წლის 3 დეკემბერს სოფელ კოლონიის ბოლოს, რაზმი, რომელიც ქ. არონადან ეშელონის აფეთქების შემდეგ ბრუნდებოდა, გერმანელთა ალყაში აღმოჩნდა.
თექვსმეტი პარტიზანიდან 7 ქართველი იყო: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი, შოთა ბექაია, ვლადიმერ ჭეჟია და ზაქარია თომაშვილი. ცნობილია რამდენიმე იტალიელი თანამებრძოლის ვინაობაც: ედო დელგრატო, რაზმის მეთაური ქალაქ პიზადან; მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.
გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანთა დიდი ნაწილი დაიჭრა და ვაზნებიც ილეოდა. გერმანელებმა მეთაურის დანებება მოითხოვეს და სხვებს სიცოცხლის შენარჩუნებას დაპირდნენ.
მარიო ძინონი იხსენებს: „ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელგატო და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ 16 კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე...“
იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ .
ოქროს მედალი მხედრული მამაცობისათვის
(იტალიის სახელმწიფო ჯილდო).
ოქროს მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი და ყველაზე საპატიო ჯილდოა. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად ითვლება და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს იმ ჯარიკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს. ოქროს მედლის კავალერთა რიცხვი მცირეა და იშვიათად თუ გადაეცემა მფლობელს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ცოცხლები აღარ არიან...
ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.
1990 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ).
http://ka.wikipedia.org/wiki/ფორე_მოსულიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий