ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 июня 2013 г.

სულიერი ცხოვრებისა და ტელევიზიის შესახებ.

ბერი ეფრემ ვატოპედელი სულიერი ცხოვრებისა და ტელევიზიის შესახებ.


კითხვა: რა ზიანს აყენებს ტელევიზორის ყურება ადამიანის სულიერ ცხოვრებას?


პასუხი: წმინდა მამები ამბობენ, რომ სიკვდილი – გულისხმობენ რა სულიერ სიკვდილს, რომელსაც ცოდვა ბადებს – სულში მხედველობის, სმენის, ყნოსვის, შეგრძნებისა და გემოს – ამ ხუთი გრძნობის სარკმელებიდან შემოდის. ამიტომაცაა, რომ ასკეტური მოღვაწეობის მთელი მართლმადიდებლური სწავლება გრძნობების გონებისადმი დაქვემდებარებაში მდგომარეობს. მაშასადამე, გრძნობები ლოგიკისა და სიტყვის (ამ სიტყვის ფართო სემასიოლოგიური გაგებით, როგორც მიზნისა) გავლენის ქვეშ უნდა ექცეოდეს.

მაგალითად, ჩვენ ვჭამთ იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ და არ ვცხოვრობთ იმისათვის, რომ ვჭამოთ. პირველ შემთხვევაში მიზანი ბიოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში – სურვილისა, რომლის მიზანიც ტკბობაა. წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი პირველ კათოლიკე ეპისტოლეში წარმოგვიდგენს სამი მარტივი მაგრამ მრავლისმომცველი ცნებით თუ რას ნიშნავს სამყარო, მხედველობაში აქვს რა ამქვეყნიური აზროვნება, რომელიც იშიფრება თვალისმიერი სურვილით, ვნებების სურვილით და ცხოვრებისეული ქედმაღლობით.

დღეს ტელევიზია ყველა საშუალებით ცდილობს ისეთი სანახაობა შექმნას, რომელიც ადამიანის ერულ აზროვნებას დააკმაყოფილებს, ვინაიდან ადამიანთა უმეტესობა სწორედ ასეთი აზროვნებით ცხოვრობს, ცხოვრობს შორს ღმრთისაგან და მისი მცნებებისაგან, რომელთა დაცვასაც სიწმინდე და განღმრთობა მოსდევს. ადამიანთა უმეტესობა სულის ნაცვლად – მატერიას, ხოლო ღმრთიური მარადისობისა და უფალთან ურთიერთობის ნაცვლად, რომელიც ამ ცხოვრებაშიც ხელმისაწვდომია, გრძნობებით ხანმოკლე ტკბობას ანიჭებს უპირატესობას.

ამგვარად, ტელევიზიით გვიჩვენებენ ყველაფერს, რასაც ადამიანური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება (თვალისმიერი სურვილები) შეუძლია, რისი საბოლოო მიზანიც ხორციელი მოშვება (ვნებების სურვილი), ტკბობა, ავხორცობა და ხორციელი ვნებებია, რაც ცხოვრებისეული ქედმაღლობით, ამპარტავნებით, პატივმოყვარეობით, ექსპანსიონიზმით, მიმტაცებლობით, თავაშვებული ცხოვრებითა და საბოლოოდ მოძმის მკვლელობით მთავრდება, რომელიც ბატონობისა და ძალაუფლების ეგოისტური გრძნობით გამოწვეული კმაყოფილების უმაღლესი საფეხურია.
ამის გამო ტელევიზიით მეტწილად ეროტიკული, პორნოგრაფიული, ძალადობისა და დანაშაულის სცენების შემცველ ფილმებს აჩვენებენ.
ვინაიდან ადამიანი დღეს დიდ დროს ატარებს ტელევიზორისა თუ კომპიუტერის წინ და იყენებს ინტერნეტს, მის გონებაზე უარყოფითი და ამორალური საგნების მეშვეობით მუდმივად ხდება თავდასხმა. მისი გონება მუდმივად ბინძურდება უზნეო და ამორალური გადაცემებისა და ფილმების ყურებით. გონების დაბინძურებით კი ადამიანი უფალს შორდება და უბედური ხდება.

კითხვა: რატომ აქვს ტელევიზორს ასეთი დიდი გავლენა ადამიანზე?

პასუხი: ტელევიზორის დიდი გავლენა ადამიანზე განპირობებულია ადამიანის ფსიქოლოგიური საჭიროებით, განტვირთვის საჭიროებით, რისი მარტივი საშუალებაც ტელევიზორის ყურებაა. ის იაფია, მის საყიდლად ბევრი ფული არ არის საჭირო და სახლისთვის ფილმების შეძენაც შესაძლებელია. ადამიანები, რომელთაც სწორი სულიერი განწყობა არა აქვთ, ცდილობენ გული მოძრავ გამოსახულებებს გადააყოლონ. ეს მოძრავი გამოსახულებები კი, რომელსაც ტელევიზორით გვიჩვენებენ, ადამიანს დიდ ზიანს, განუზომლად დიდ ზიანს აყენებს. ისინი ცვლიან ადამიანის აზროვნებას. დღითი დღე ანადგურებენ მას. ადამიანთა უმრავლესობა გამუდმებით უყურებს უარყოფით და უზნეო ფილმებს, ქირაობს პორნოგრაფიულ ფილმებს, ვიდეოკასეტებს, იბინძურებს გონებას და ნადგურდება.

კითხვა: რა როლი შეიძლება ითამაშოს ტელევიზიამ კოლექტიური აზროვნების ჩამოყალიბებაში?

პასუხი: დღეს ტელევიზია ამა ქვეყნის ძლიერთა ძალაუფლების ქვეშ არის, ბნელი ძალები კი მას გლობალიზაციისათვის იყენებენ. მათ სურთ, რომ ყველა ადამიანი ერთსა და იმავეს ფიქრობდეს. მათ გონებაზე ზემოქმედებით ისინი ცდილობენ ადამიანებს შავი თეთრად დაანახონ და პირიქით. ეს ხდება ძირითადად იმ გლობალური მმართველობის ცენტრების სურვილის შესაბამისად, რომლებიც ფინანსურად აკონტროლებენ სატელევიზიო არხებს.
გარდა ამისა, ტელევიზიები ზნეობის უგულებელყოფით, სინამდვილეში უზნეობას როგორც ღირებულებას ამკვიდრებენ, ადამიანს მუდმივად აშორებენ სულიერ ტრადიციებსა და ეროვნულ იდეალებს. მათ სურთ, რომ ადამიანები მხოლოდ ამქვეყნიურზე ზრუნავდნენ და საერთოდ არ ფიქრობდნენ სულიერზე. როგორც თქვენც ხედავთ, დღეს ფილმების უმეტესობას სულიერი შინაარსი არ აქვს, რომელიც სიკეთეს წარმოაჩენდა და ზნეობრივობისაკენ გვიბიძგებდა. მსახიობთა უმრავლესობა ზნეობრივობის დამკნინებელნი არიან და არა მისი წარმომჩენნი. ფილმები მთელს მსოფლიოში თითქმის მსგავსია. ესეც იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა საკუთარი ინდივიდუალობა დაკარგოს, პიროვნულად განადგურდეს. სწორედ ეს არის მთელს დედამიწაზე ბნელი ძალების დევიზი.

კითხვა: ტელევიზორი ადამიანს ცოდვებისკენ უბიძგებს?

პასუხი: რა თქმა უნდა უბიძგებს, ვინაიდან ადამიანის გონება ცუდი ფილმების ყურებისას სცოდავს. თავის ოთახში მჯდომი ადამიანი თავისუფლად უყურებს ყველა საზიზღრობას, რასაც კი მისი გონება მოისურვებს. ამ დროს ის უსათუოდ აღიგზნება და რეალურად ვარდება ცოდვებში.

კითხვა: ტელევიზორი კვებავს ვნებებს?

პასუხი: რა თქმა უნდა კვებავს, განსაკუთრებით კი ხორციელ ვნებებს, ვინაიდან ადამიანი აღიგზნება და შემდეგ მიეცემა ხორხიელ ვნებებსა და განცხრომას. როგორც ვიცით ზნეობრივი მდგომარეობა სულიერი ცხოვრების წინაპირობას წარმოადგენს. თუ ადამიანს არ ექნება ზნეობრივი სისუფთავე, მას არ ექნება ღმრთის მადლი. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ვერ შეძლებს მის მოპოვებას. ეკლესიაშიც რომ დადიოდეს და ლოცულობდეს, თუ ის არ იბრძვის ზნეობრივი სიწმინდისათვის, ყველაფერი ამაო და წყლის ნაყვაა.

კითხვა: გვაძლევს ტელევიზორი ცოცხალი ურთიერთობის საშუალებას, გადმოსცემს რეალობას?

პასუხი: დიახ. დღევანდელი ტელევიზიები გვთავაზობენ ცოცხალ, ცოდვილ რეალობას. ისინი რომ ცოცხალ სულიერ რეალობას გვაწვდიდნენ, დღესდღეისობით ძალიან კარგი საშუალება იქნებოდნენ ადამიანის სულიერი წინსვლის საქმეში. სამწუხაროდ ძნელად თუ ნახავ იმგვარ სატელევიზიო არხებს, სულიერ საკითხებს რომ აშუქებდეს. აქ, ქალაქ სალონიკში არის ერთი ასეთი ტელევიზია, სატელევიზიო სადგური, რომელსაც „E4“ ეწოდება და რომელიც ყოველთვის სულიერი შინაარსის გადაცემებსა თუ ფილმებს გადმოსცემს და სარგებელი მოაქვს ადამიანებისათვის. სამწუხაროდ ამას ასიდან ერთი, ათასიდან ერთი ტელევიზია აკეთებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს გარჩევის უნარი რათა მხოლოდ იმას უყუროს, რაც კარგია?

პასუხი: სამწუხაროდ ადამიანს არა აქვს გარჩევის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორს ერთი ღილაკი აქვს ჩასართავად და გამოსართავადაც, ადამიანი, როცა მას ჩართავს, დემონურად იქცევა. დემონური ენერგია მოქმედებს მასზე და მიიზიდავს მას. ამიტომაა რომ ადამიანი არა მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებას, არამედ სხვა გადაცემებსაც უყურებს, უყურებს მანამ სანამ… სხვას რომ თავი გავანებოთ, არც საინფორმაციო გამოშვებას არ უნდა უყურებდეს იგი. სწორედ ამას გვირჩევდა ნეტარი ბერი პაისი, – არც საინფორმაციო გამოშვებას! ასევე, ათონის მთის ბოლო დროის მოღვაწე წმინდა სილუანე, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა, იმ დროს, როცა მხოლოდ ბეჭდვითი საშუალებები არსებობდა და არ არსებობდა ტელევიზორი, ამბობდა, რომ ვისაც სურს მოიპოვოს ლოცვა – გულისხმობდა რა განწმენდილი გულით ლოცვას – არ უნდა წაიკითხოს ჟურნალ-გაზეთები, ვინაიდან მის ლოცვაზე ეს თავდასხმა იქნება. მაშ, რას იტყოდა იგი ამ მობილური ტელესანახაობის საუკუნეში, ანუ ამ ყოვლად ცოდვილ ეპოქაში რომ ეცხოვრა – მაშინ როცა ყველაფერი თითოეული ქრისტიანის მიერ წმინდა ლოცვის მოპოვების სანაცვლოდ, ამის მცდელობის ხარჯზე ხდება? დიდი წმინდანის სილუანეს თქმით, – მლოცველი ადამიანი მსოფლიო მდგომარეობას გულით შეიგრძნობს იმ ინფორმაციით, რომელსაც მას უფალი თავად აწვდის და ამიტომ იგი ტკივილით ლოცულობს ქვეყნიერებისათვის. ამისათვის ასეთ ადამიანს საინფორმაციო გამოშვებების ყურება ან მოსმენა არ სჭირდება.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი საათობით უსხედან ტელევიზორს და რომ ამ დროს მეუღლეები ერთმანეთში არც კი საუბრობენ. ზოგი ხუთი საათი, ზოგი რვა საათი უზის ტელევიზორს! არიან ბავშვები, რომლებიც, ტელევიზორს ათი – თორმეტი საათი უყურებენ, განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში. ეს არის დემონური მდგომარეობა. არადა კარგი არ იქნებოდა რომ კარგ გადაცემებს უყურონ, რათა სარგებელი მიიღონ? ამის მაგიერ ისინი მუდმივად ზიანდებიან. ეს უბრალო „მიკი მაუსებიც“ კი, რასაც ჩვენ პატარაობისას ვუყუყრებდით, ახლა დემონურია. აღარ გვიჩვენებენ ალტრუიზმს, კაცთმოყვარეობას, სიყვარულს როგორც – ძველად. ახლა გვიჩვენებენ სატანურ თავდასხმებს, გვასწავლიან სიძულვილს, შურისძიებას, მკვლელობას. აღმატებულია ის ადამიანი ვინც ადვილად კლავს. ასეა წარმოჩენილი ადამიანი საბავშვო ფილმებში.

კითხვა: მიგაჩნიათ, რომ ტელევიზორს შეუძლია ახალი რელიგია ჩამოაყალიბოს?

პასუხი: ახალ რელიგიას კი არა, არამედ ახალ ცოდვილ მდგომარეობას აყალიბებს, რომელსაც ადამიანი რომ მიეჯაჭვება, სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ასეთ ცოდვილ მდგომარეობაში ვარდება, რასაც უმეტესწილად ტელევიზორი განაპირობებს, მას არ ძალუძს ღმერთის გახსენება და არ აქვს სურვილი უფალთან ზიარებისა.

კითხვა: ტელევიზორისადმი ჩვენი დამოკიდებულება ხომ არ ემსგავსება ზოგადად რელიგიურ დამოკიდებულებას?

პასუხი: დიახ, ტელევიზორისადმი ჩვენ ფანატიკური დამოკიდებულება გვაქვს. იმის ნაცვლად რომ ადამიანი მთელი თავისი არსებით ღმერთს ემსახურებოდეს, მიჯაჭვულია ტელევიზორს. ამიტომ დღესდღეობით ადამიანებს მობილური ტელევიზორები მუდამ თან დააქვთ, ისინი აქვთ მანქანებში და თვითმფრინავებშიც. მაშასადამე ადამიანს სურს, რომ მუდამ რაღაცას უყუროს. ეს დიდი ვნებაა. ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს ღმერთს, მუდმივად ცდილობს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას სხვადასხვა რამის ყურებით.

კითხვა: როგორ შეიძლება ამას თავი დავაღწიოთ?

პასუხი: ადამიანს, რომელიც ნამდვილად სულიწმიდის მადლით ცხოვრობს, ეს ყველაფერი არ სჭირდება. მან ეს ღმრთიური მადლი უნდა მოიხვეჭოს, რაც დღესდღეობით ძალიან ძნელი და რთულად მისაღწევია.


კითხვა: ტელევიზორის ეკრანი მოჩვენებით რეალობაში გამავალ სარკმელს ჰგავს. რა შეიძლება წარმოადგენდეს სარკმელს სულიერი რეალობის შეგრძნების მოსაპოვებლად?

პასუხი: პირველ რიგში ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ უფალთან ახლოს იყვნენ, იბრძოლონ სულიერი ცხოვრებისათვის. მხოლოდ ამ გზით შეძლებენ, უფალი მათ თავად დაეხმარება, რომ ჰქონდეთ იმის გარჩევის უნარი, თუ რა დროს როგორ მოიქცნენ. ეს პირველ რიგში. აგრეთვე უნდა ვეცადოთ, ზეგავლენა მოვახდინოთ სიტუაციებზე, რომ დაარსდეს ისეთი ტელევიზიები, რომლებსაც მამოძრავებლად სულიერი პრინციპები ექნება. ეკლესიამ უნდა შეიგრძნოს ისეთი ტელევიზიის შექმნის საჭიროება, რომელიც კარგ გადაცემებს გაუშვებს. ეს იქნება გამანეიტრალებელი იმ სიკვდილისა, რაც ტელევიზორიდან ცუდი გადაცემებისა თუ ფილმების სახით შემოდის ჩვენში. ჩვენ ვცდილობთ ამაში ზოგადად ადამიანებიც და ეკლესიაც დავარწმუნოთ.
საბედნიეროდ, აქ თესალონიკში, როგორც უკვე გითხარით, ვეხმარებით ტელევიზიას „E4“ ჩვენს მიერ მოწყობილი ღონისძიებებით, ჩვენი სულიერი მოძღვრის ქადაგებებით და რამდენადაც შეგვიძლია ფინანსურადაც. ვცდილობთ მხარში ამოვუდგეთ ამ ტელევიზიას, რადგან მრავალი ადამიანის სულებს განსწავლის… იმიტომ, რომ დღეს შეუძლებელია ხალხს უთხრა, არ უყუროს ტელევიზორს. ეს კედელს რომ ცერცვი შეაყარო, ამის მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, ეკლესიამ ეს საკითხი კარგად უნდა გაიაზროს… სამწუხაროდ დღეს საზოგადოების მდგომარეობა ისეთია, რომ ადამიანს აღარ შეუძლია ტელევიზორის გარეშე. ეს შეუძლებელია. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჩემი პირადი რჩევაა, რომ „გადავაგდოთ ტელევიზორი“. ზოგიერთებს, განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებში სადაც ბავშვები დაჟინებით ითხოვენ ტელევიზორს, ოჯახში მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, მაინც აქვთ ტელევიზორი. დღესდღეობით არათუ ისეთი სახლი არ არის სადაც ტელევიზორი არ აქვთ, არამედ იგი სათითაოდ ყველა ოთახში უდგათ. ეს არადამაიმედებელი ფაქტია, რომელიც დღეს დიდ სასოწარკვეთილებას ბადებს. ხუთ ოთახიან ბინაში შეიძლება ხუთი ტელევიზორი ჰქონდეთ.

კითხვა: რას სთავაზობს ეკლესია ადამიანს იმის საპირწონედ რასაც მას ტელევიზია სთავაზობს?

პასუხი: ეკლესია უნდა ეცადოს დაარწმუნოს თავისი შვილები, რომ განერიდონ ცოდვას. როდესაც ისინი ამაში დარწმუნდებიან, მაშინ გვერდს აუვლიან ტელევიზორს.
დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ არსებობს ამ საკითხთან მიდგომის ერთი პრაქტიკული ხერხი. ის შემდეგში მდგომარეობს: ადამიანებმა ტელევიზორთან ერთად უნდა იქონიონ ვიდეო და მთელი ოჯახისათვის და ბავშვებისათვის სახლში მიიტანონ კარგი ვიდეოკასეტები. უყურონ მხოლოდ ვიდეოდან. ხალხმა ეკლესიისგან უნდა მიიღოს რჩევა-დარიგება და გაიგოს, რომ არ არის საჭირო სატელიტური ანტენების ქონა, რომლებიც ყველანაირ სისაძაგლეს იჭერენ. ამგვარად განეიტრალდება ის ცუდი რაც ტელევიზორიდან მოდის. ეკლესიამ უნდა წამოიწყოს კამპანია, რომ ადამიანებს ტელევიზორის მავნებლობა შეაგნებინოს. აი ახლა, თქვენც ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ, რომ წამოიწყეთ კამპანია ცუდი ტელევიზიების წინააღმდეგ. სინამდვილეში თქვენ ტელევიზიის წინააღმდეგი კი არ ხართ, არამედ წინააღმდეგი ხართ იმ ცუდი გადაცემებისა თუ ფილმებისა რასაც ტელევიზიით აჩვენებენ. სამწუხაროდ დღეს მეტწილად მხოლოდ ცუდს გადმოსცემენ.

კითხვა: თუ შეიძლება ორიოდ სიტყვით გვესაუბრეთ სიყვარულისა და სიხარულის შესახებ, რომელსაც ეკლესია გვანიჭებს? თუმცა კი ტელევიზორი მაინც გვიზიდავს…

პასუხი: სამწუხაროდ დღეს ადამიანი ამას ვერ ხვდება. მას დავიწყნია სულიწმიდის ნაყოფები, რაც, როგორც თქვენ თქვით, არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სახიერება, სულგრძელება. იგი უძღები შვილის გზით მიდის „შორსა სოფელსა“ და იკვებება ცოდვის საკვებით. ამიტომაც ჩვენი ერთადერთი დედა, ერთადერთი გამზრდელი, ერთადერთი კიდობანი ეკლესიაა. ეკლესიაში ჩვენ სულიწმიდის მადლს ვღებულობთ. ადამიანის მთელი არსება ამისკენ მიილტვის, მაგრამ ხშირად მცდარი გზით ცდილობს მის მოპოვებას. ყოველი წლის დასასრულს და ახლის დამდეგს ერთმანეთს მისალოც ბარათებს ვუგზავნით და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, სიხარულს და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს სიხარული სწყურია, მაგრამ ცოტანი თუ პოულობენ მას, ვინაიდან ცოტანი მიჰყვებიან ეკლესიის გზას, ქრისტეს გზას, გზას რომელსაც ადგნენ ეკლესიის წმინდანები და რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წესი დაგვიტოვეს ჩვენ მაგალითად, რომელსაც ჩვენც უნდა მივყვეთ.
ადამიანის იმედს დღეს მატერიალური სიკეთეები წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, რომ იგი ცურავს ამ მატერიალურ სიკეთეებში, მაინც არა აქვს სიხარული და არ არის ბედნიერი, ვინაიდან შორს არის ღმრთისაგან. როცა უფალი ჩვენს გულს გარეთაა, ჩვენს სახლს გარეთაა, მაშინ ჩვენ სიბნელეში, წყვდიადსა და უკიდურესად უბედურ მდგომარეობაში ვართ. ამ დროს ადამიანი ვერ კმაყოფილდება თავისი ცხოვრებით, სასოწარკეთილებასაც მიეცემა ხოლმე და მუდმივად ცოდვის ჩადენის სურვილი უჩნდება. ამის გამოა რომ დღეს ზოგადად გაიზარდა დანაშაულებების რიცხვი და იმატა მკვლელობის ტენდენციამ. ღმერთი რომ ადამიანების გულებში იყოს, ხომ არ მოხდებოდა მკვლელობები? ალბათ არა.
ადამიანი უკვე ძალზე დაშორდა ღმერთს. ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც დიდი როლი და პასუხისმგებლობა გვაკისრია, ვალდებულნი ვართ ადამიანები ჩვენივე ცხოვრების მაგალითით დავარწმუნოთ, რომ უფალთან მოვიდნენ, ვინაიდან უფალი მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიცნობა. სხვა დანარჩენი ზღაპრებია. ჭეშმარიტება ერთია და არ არსებობს 50% აქ და 50% იქ და 30% სხვაგან. ჭეშმარიტება ერთია და სრულყოფილი. ჭეშმარიტება სწორედ ღმრთიურ გამოცხადებაშია. დასავლეთის „ეკლესიების“ იმ წევრების თქმით, რომლებიც მთაწმინდაზე (ათონის წმინდა მთა) გვსტუმრობენ და ეცნობიან მართლმადიდებლურ ტრადიციებს, ის ჭეშმარიტება რაც იესო ქრისტემ ქვეყნად მოიტანა გვიპყრია ჩვენ, მართლმადიდებლებს. ასე რომ, ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი და ათონელი მონაზვნები, ვქადაგებთ, რომ უფალი მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში შეიცნობა. ამიტომაც, ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც სურს შეიცნოს ჭეშმარიტება, როგორც ცოცხალმა, ნამდვილმა და ჯანმრთელმა წევრმა მართლმადიდებლური ეკლესიისა.

წყარო: ვირგილიოს ვლაესკუ, საუბრები ათონელ მამებთან ტელევიზორისა და სულიერი ცხოვრების შესახებ. § საუბარი ვატოპედის წმინდა სავანის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ეფრემთან, სალონიკი, 2011 წელი.

http://www.pemptousia.ge/2013/02/08/საუბარი-ვატოპედის-წმინდა/

Комментариев нет:

Отправить комментарий