ღმერთი

ღმერთი

пятница, 14 июня 2013 г.

“ერი და კაცობრიობა”

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი – “ერი და კაცობრიობა”

 ერი ერთ თვით შემგნებ არსს წარმოადგენს, ერთ სოციალურ შინაარსის მქონე სუპერორგანიზმასა, თავისი სიცოცხლის დამცველს. ამას აქვს თავისი ვნებანი, იდეალები, მისწრაფებანი და სხვა. ამიტომ ერი როგორც სოციალური არსი გაცილებით უკეთილშობილესი არსია, ვიდრე ყველა სხვა არსებულნი სოციალურნი არსნი წარსულში და აწმყოში.

ერი უფრო „ცოცხალია“, ვიდრე სახელმწიფო, ვიდრე ხალხი, საკუთარი წარმოება, საკუთარი ხელოვნება, მეცნიერება, ზნე–ჩვეულება, სამართლის ნორმები, სარწმუნოება, საკუთარი ენა, საკუთარი ეთნიური ტიპიც – ყოველივე ეს ერს ახასიათებს, როგორც ერთ სოციალურ ინდივიდუალობას. მართალია, ზოგ ამ თვისებათაგანი სხვა ერთა თვისებაც არის, მაგალითად, ორ ერს შეიძლება ერთი და იგივე რელიგია ჰქონდეს, ზოგიც დაკარგულია, მაგალითად, საკუთარი სამართალი და პოლიტიკა, რომელთა ადგილიც სხვა სახელმწიფოსგან ძალით შემოტანილ სამართალსა და პოლიტიკას დაუჭერია, ზოგიც ნასესხებია, მაგრამ ყოველთვის საერთოსა და ნასესხებს ადევს ეროვნული ელფერი. დაკარგული კი ან ყოველთვის არსებობს რომელიმე ფორმით, როგორც მაგალითად კონვენციონალური სამართალი, ან ძალით შემოტანილის დათრგუნვა და საკუთარის შემოღების სურვილი ყოველთვის არსებობს ერში.

… დიდი სახელმწიფო მითი განირჩევა ერისაგან, რომ პირველი უფრო უსულო სოციალური ორგანიზმია ან სხვათა დამხრჩობი ვეშაპი, უკანასკნელს კი სოციალური სული უდგია…

ქართველი ერის ერთი ნაწილი დღეს გაოსმალების გზაზე ადგია, ჟამთა ვითარებაში ეს ნაწილი ძალით ჩამოაჭრეს ქართულ ეროვნულ ორგანიზმსა. ქართველს არ სურდა ნებით მოსცილებოდა თავის საზოგადოებას. საუკუნეობით იბრძოდნენ გმირები, მაგრამ დღეს ხალხიღა დარჩენილა ამ ქართველთაგან. იგინი აღარ არიან ნაწილი ქართველი ერისა. ზოგი ისევ საქართველოს ტერიტორიაზედ დარჩენილა, ზოგიც გადასახლებულა ოსმალეთის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ აქ დარჩენილიც და გადასახლებულიც სოციალური მასალაა ქართველი ერისა.

ბევრს გაღვიძებაც ეტყობა: თხოულობენ ქართულ სკოლებს, შეუნახავთ ქართული ენა, რომლის განვითარებასაც თხოულობენ. შერჩენიათ კიდევ ტიპი ქართული და მრავალი ზნე ჩვეულება, ქართველი ერიც სცდილობს დაიბრუნოს თავისი დაკარგული ნაწილი და როდესაც ერთ ნაწილს მაინც დავიბრუნებთ, გავხდით ისევ ჩვენი ერის ნაწილად, მაშინ იმ ნაწილთ დაბრუნებაც ადვილი იქნება, სადაც ენაც კი დავიწყებიათ და მცირე მოგონებებიღა დარჩენილა ქართველობისა, მაშინ კვლავ აღსდგება საქართველო, ისევ გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული ერთობა, ერთობა კულტურისა, მაშინ ვიხილავთ აჭარელ, სამცხელ, ტაოს მწერალთა და ხელოვანთა, იქაურ ქართველ გმირთა, რომელთაც ქართული ეროვნება ისევე ექმნებათ მჯდარი გულში, როგორც გურულსა ან კახელსა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქმნებიან ისინი ნაწილნი ქართველი ერისა, ეხლა კი მოლოდ ხალხის ნაწილნი არიან, უბრალო სოციალური მასალა. ამ მასალის გადამუშავება და ეროვნულ ელემენტებად შექმნა თვით ჩვენი დანარჩენი ერის მხენობისაგან და ენერგიისგან არის დამოკიდებული…

… მიუხედავად ერის ასეთი სიცხოველისა ერთა ისტორიაში მაინც ვამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომ გადაგვარება ეროვნული სოციალური ორგანიზმისა არ არის შეუძლებელი მოვლენა და განსაზღვრულ აუტანელ ცუდ პირობებში ერს, როგორც დაჩაგრულს, ისე თავისუფალს გადაგვარების ნიშნები გამოაჩნდება ხოლმე.



ჩვენ აქ არ შევუდგებით გადაგვარების მიზეზთა გამოკვლევას. ეს სულ სხვა საგანია. ვიტყვით მხოლოდ რაში გამოიხატება ეს გადაგვარება: როდესაც ეროვნული ორგანიზმის ზრდა დამთავრებულია, როგორც არა ვსთქვით, მას აქვს ყველა სოცილური ორგანო თავის ფუნქციათა აღსასრულებლად: ეკონომიკური, არტისტული, სარწმუნოებისა და მეცნიერებისა, ზნეობრივი, იურიდიული, პოლიტიკური. რაც უფრო რთულია და სპეციალური ორგანო, მით უფრო მგრძნობიარეა იგი. ეკონომიკური ორგანო ყველაზე უფრო საზოგადო და მარტივია, მაგარი და მტკიცე. პოლიტიკური კი ყველაზე უფრო სპეციალური, რთული და მგრძნობიარე. უმეტეს შემთხვევაში ერის გადაგვარება იწყება ამ რთულ და მგრძნობიარე ორგანოს ატროფიიდან და თავდება ეკონომიკურ ორგანოთა გაქრობით. შემდეგ თვით ხალხი და ტერიტორია ჰქრება, ეს ორი უპირველესი ელემენტი ეროვნულ-სოციალური ორგანიზმისა, მისი მასალა და საფუძველი. საქართველომ მაგალითად ჯერ პოლიტიკური ორგანო დაჰკარგა, შემდეგ კი თანდათან მიდის მისი სოციალური ორგანიზმის დაცემა. დაიშალა მისი იურიდიული ორგანიზმი პოლიტიკური ორგანიზმის დაშლის შემდეგ, დაეცა ეკლესია და განიძარცვა სიმდიდრისაგან, დაეცნენ ზნე-ჩვეულებანი, მწერლობა, ენა, გაღარიბდა მთელი ერი ეკონომიკურად. თითქმის მთელი მესამედი მისი ტერიტორიისა ოსმალებმა წაიღეს და ზედ დარჩენილი ქართველობა გადააგვარეს და დაუკარგეს ეროვნება, შეარჩინეს მხოლოდ მცირეოდენიღა - ხალხობა. დანარჩენი ორი მესამედი ტერიტორიისა თანდათან ეხლა გვეცლება ხელიდან. ხალხი დაბნევის გზაზედ არის დამდგარი, ენაც ირყვნება და საზოგადოების მაღალ კლასსებს თითქმის ავიწყდება იგი. ამაში იხატება საქართველოს გადაგვარება, ქართველი ერი ებრძვის მართალია გადაგვარებას, მაგრამ ვინ იცის მიაღწევს თუ არა დაშლილი ეროვნული ორგანიზმის აღდგენას – იმდენი ხელის შემშლელი პირობა ახვევია გარს. თუ სძლია ამ პირობათა, მისი ეროვნული ორგანიზმი ხელახლავე აღსდგება. თუ ძლეულ იქნა, მისი ეროვნული ორგანიზმი გაქრება, ტერიტორია – საფუძველი საზოგადოებისა დაიკარგება, ხალხი გაიბნევა მთელ დედამიწაზედ და გახდება მხოლოდ სოციალურ მასალად – ქართველ ხალხად, მსგავსად სომეხთა და ურიათა.



ერი ეს არის ერთი სოციალური სუპერ-ორგანიზმი ანუ ჰიპერ-ორგანიზმი. შემდგარი ერთგვარ ანუ მრავალგვარ ეთნიურ და სოციალურ მასალათაგან, რომელსაც შეუძლია ჟამთა ვითარებაში შექმნას ერთი გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება თავის შემადგენელ ერთეულთა. ერთი საზოგადოება ყველა თავისი ორგანოებითა, ენითა, სარწმუნოებითა, მეცნიერებითა, ზნეობითა, ხელოვნებითა, სამართლითა და პოლიტიკითა – საზოგადოება განსაკუთრებული ისტორიითა, ტიპითა და თვით შეგნებითა, სრულის ინდივიდუალობითა.

iberiana.wordpress.com

Комментариев нет:

Отправить комментарий