ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июня 2013 г.

გურჯი ხათუნი.

თამარ დედოფალი _ გურჯი ხათუნი.


თამარ დედოფალი––(გურჯი ხათუნი)––თამარ მეფის შვილიშვილი. რუსუდანის ასული თამარი სელჯუკიანთა სასულთანოს დედოფალი იყო „გურჯ ხათუნად“ წოდებული, რომელსაც უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

მოხდა ისე, რომ მე-13 საუკუნის საქართველოს უმძიმესი პოლიტიკური მდგომარეობის გამო თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული თამარი სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფალი გახდა. იგი დიდი პატივით მიიღეს თავისი მეუღლის ქვეყანაში. უზომოდ შეყვარებულმა სულთან ყაისედინ ქაიხოსრო მეორემ გადაწყვიტა სიმბოლურად წარმოეჩინა თავისი დიდებული ქართველი მეუღლის თამარის, ანუ როგორც მას სიყვარულით უწოდებდა `გურჯი ხათუნის~ პიროვნება. 1236 წელს გამოსცა სახელმწიფოს ახალი ფული-მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფაფარაყრილი ლომი და სხივოსანი მზე. მზის დისკოში ნატიფი და მშვენიერი ქალის თამარის სახე იკვეთებოდა. ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა `შირ-უ-ხურში~, მზე და ლომი, რომელიც შემდგომ სელჯუკთა სხვა სულთანებმაც გამოიყენეს, მოგვიანებით კი სპარსელებმაც გაითავისეს. ასე, რომ ქრისტიანი, ლაღად აღზრდილი ქართველი მეფის ასულისთვის ისლამის სამყაროში ცხოვრება მძიმე და არასასურველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ `სიტურფით აღმატებულსა~ და გონებგამჭრიახ, მტკიცე ხასიათის მქონე თამარს უაღრესად დიდი ავტორიტეტი მოუპოვებია სულთანის კარზე. თავისი ქველმოქმედებით, `სათნოებითა და უბიწოებით~, დიდსულოვნებით, `ღატაკთა მფარველობითა~ და `ღვთის მოშიშობით~ იმდენად შორს გაუთქვამს სახელი, რომ იგი ლეგენდებსა თუ `წმინდანთა ცხოვრების~ აღმწერის თხრობის ობიექტად ქცეულა. თუმცა დედამისის რუსუდანის შესახებ ამას ვერ ვიტყოდით. როგორც `ქართლის ცხოვრება~ გვაუწყებს _ რუსუდანმა სიძესა და ქალიშვილს მათთან სტუმრადმყოფი ბიძაშვილის დავით ულუს შესახებ მისწერა: `მოჰკალით ჩემი ძმიშვილი, მანდ რომ დიდი ხანია გიზითო.~ ლაშა-გიორგის შვილის დავით ულუს მოკვლით რუსუდანს სურდა თავისი შვილის დავით ნარინისათვის ტახტისაკენ გაეკაფა გზა. როცა სიძე-ქალიშვილმა სასტიკი უარი შემოუთვალეს, მაშინ გაავებულმა რუსუდანმა ფარულად სიძეს გაუგზავნა თავისი ასულისა და დავით ულუს შესახებ ცილისმწამებლური წერილი, რასაც სულთან ყაისედინის აღშფოთება მოჰყვა. მან `უპატიოდ განითრია ცოლი თვისი, მოფხურითა თმათა და ფერხითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა მშვენიერსა.~ ცემით სისხლი ადინა, სალოცავი ხატები დაულეწა და სიკვდილით დაემუქრა თუ ქრისტეს სჯულს არ დატოვებდა.

დედის ამ ვერაგობამ ჭეშმარიტად მორწმუნე თამარი აიძულა მეუღლისთვის ანგარიში გაეწია, მაგრამ თამარ დედოფალს ორთოდოქსალური ისლამი და მისი დოგმები არასოდეს მიუღია. მან იწამა ისლამში არსებული ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც შედარებით ახლოს იყო და ენათესავებოდა მის მორწმუნე ქრისტიანულ სულს. ეს იყო სუფიზმი, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი იყო აღმოსავლეთის უდიდესი პოეტი და მოაზროვნე ჯალალედ-დინ რუმი-მევლანა. შემდგომში იგი იქცა `გურჯი ხათუნის~ სულიერ მეგობრად და მისი იდეები იწამა თამარ დედოფალმაც. ჯალალედ-დინ რუმის აზრით, ადამიანი არის სამყაროს დამაგვირგვინებელი ეტაპი. იგია კოსმოგონიური უწყვეტი წრიული მოძრაობის ცენტრალური წერტილი, სადაც მთავრდება განსხეულება და სრულყოფა ხილვადი სამყაროსი და საიდანაც იწყება სრულქმნა და ამაღლება ღვთიური სულისა. ამიტომაც უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე ადამიანს. ვიდრე მოვკვდებით უნდა გავიგოთ ერთმანეთის ყადრი და უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.

აღმოსავლეთის ეს დიდი მოაზროვნე პირველი იყო, ვინც აღიარა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა. თამარ დედოფლის შესახებ იგი თავის ერთ ეპისტოლეში წერდა: `მწყალობელი და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული, ჭეშმარიტი მონა ღმრთისა, ქალბატონთა ღირსება, მათ შორის ყველაზე უმწიკლო და ნამუსიანი კეთილბუნებოვანი და სათნომყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი...

როცა თამარ დედოფლის მეუღლე სულთანი ყაისედინი ქაიხოსრო მეორე მოკლეს თუ გარდაიცვალა, ქვეყნის განმგებლობა ხელთ იგდო სულთანის მრჩეველმა და ვეზირმა სულეიმან ფერვანამ და სელჯუკიანთა ტრადიციების მიხედვით მისი მეუღლე დედოფალი თამარი – გურჯი ხათუნი გახდა. მასაც თავდავიწყებით შეჰყვარებია თამარ დედოფალი და მის ყოველ ბრძანებასა თუ თხოვნას უსიტყვოდ ასრულებდა. იგი ეთაყვანებოდა `ქვეყნიერების დედოფლის~ სულიერ მამას ჯალალედ-დინ რუმსაც, რომელიც მათ სამფლობელოში ქალაქ კონიაში დასახლდა და დიდ ზეგავლენას ახდენდა აღმოსავლური ფილოსოფიური და პოეტური აზროვნების განვითარებაზე.

ჰეგელი თავის `ესთეტიკაში~ მრავალჯერ იმოწმებს ჯალალედ-დინ რუმს, ხოლო `სულის ფილოსოფიაში~ მას მშვენიერსა და აღმატებულს უწოდებს. გოეთეც დიდ პატივს სცემდა აღმოსავლეთის ამ გენიალურ პოეტს. ჩვენთვის კი საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ უდიდეს მოაზროვნეებამდე ექვსი საუკუნით ადრე ჯალალედ-დინ რუმის გენიალობასა და სიდიადეს თამარ დედოფალიც გრძნობდა და აღიარებდა.ამიტომაც აირჩია იგი თავის სულიერ მამად და მეგობრად, მფარველობდა მის ოჯახსა და შთამომავლობას. სელჯუკების საისტორიო წყაროების დადასტურებით, ჯალალედ-დინ რუმის ნახატი სურათის შექმნისა და მისთვის თურბეს ე.ი. აკლდამის აშენების ინიციატორი, სულისჩამდგმელი და დამფინანსებელი იყო თამარ დედოფალი, “გურჯი ხათუნი”, რომელსაც დიდად აფასებდა აღმოსავლეთის პროგრესული საზოგადოებრიობა. ჯალალედ-დინ რუმის გრანდიოზული აკლდამა 21-ე საუკუნეშიც ქალაქ კონიის არქიტექტურული მშვენებაა.

G ჟურნალი “ცისკარი”, 1970 წ. #1, გვ. 106-117.


ciagi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий