ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июня 2013 г.

„უცნობი ქალი.“

   ბარბარე თურქესტანიშვილი.

 ბარბარე თურქესტანიშვილი (თურქესტანოვა)––მე–19 საუკუნის ათიანი წლების რუსეთის საიმპერატორო კარის მშვენება ფრეილინა, განათლებული და ჭკვიანი. ამ ქალბატონის ტრაგიკული ბედით დაინტერესებული იყო შემდგომი თაობები. მხატვარმა ი. კრამსკოიმ მისი წარმოსახვით შექმნა პორტრეტული შედევრი „უცნობი ქალი.“

იგი იყო კეთილი, ჭკვიანი, მოალერსე, არაჩვეულებრივად გონიერი ქალი, რომელიც თავისი ხელმოკლე ცხოვრების მიუხედავად, ბევრს სწყალობდა და თავის მრავალრიცხოვან ნაცნობებში სასიამოვნო მოგონებად დარჩა~, _ წერდა ნ.ი. ტურგენევი პ.ა. ვიაზემსკის. ამ ტრაგიკული პიროვნების მიმართ არც სხვა მწერლები ყოფილან გულგრილნი, მისი მშვენების ექო ხმიანობდა მე-19 საუკუნის მხატვართა შემოქმედებაში და გარდაცვალებიდან ექვსი ათეული წლის შემდეგ 1883 წელს მხატვარ ივან კრამსკოის ფუნჯით წარმოჩინდა, როგორც `უცნობი ქალი~. უცნობი, იქნებ იმიტომაც, რომ მხატვრის შთაგონების წყარო ცოცხალი ლამაზმანის ნაცვლად იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ შეკვეთით დამზადებულ ძვირადღირებულ კამეაზე გამოსახული უმშვენიერესი თავადის ქალი ვარვარა თურქესტანოვა იყო წარწერით `მას ვინც ჩემი რჩეულია, მისგან ვინც მისი რჩეულია~. კამეადან მომზირალი თავისუფალი, ლაღი ქართველი ქალი კრამსკოის ტილოზე უკვე გაუმხელელი დარდით გაუცხოებული, თვალებდახრილი სევდიანი ქალბატონია, ვისმა საშინელმა ბედისწერამაც ასეთი პორტრეტის შექმნისაკენ უბიძგა მხატვარს. ეს ბრწყინვალე შედევრი, რომელსაც უცხოეთში ”რუსულ ჯოკონდასაც” უწოდებენ, დღეს ტრეტიაკოვის გალერეას ამშვენებს. რუსმა ჟურნალისტმა იგორ ობოლენსკიმ ახლახან გამოსცა წიგნი `სილამაზის ბედი _ ქართველი ცოლების ისტორია~, რომლის გარეკანზე სწორედ ივან კრამსკოის `უცნობი ქალის~ პორტრეტია გამოსახული.

ბარბარე თურქესტანიშვილი იყო შვილიშვილი ვახტანგ მეექვსის მიერ პეტრე პირველთან გაგზავნილი პირველი დესპანის ბაადურ თურქესტანიშვილის, რომელიც სამშობლოს ბედუკუღმართობის გამო ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგაც რუსეთში ჩარჩა. ბარბარეს მამა ილია დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში. 1812 წელს სრულიად გაღარიბებული ორმოციოდე წლის ულამაზესი ბარბარე იმპერატორ ალექსანდრე პირველს მოსკოვიდან პეტერბურგში გადაუყვანია, სადაც პავლე პირველის დაქვრივებული იმპერატრიცას მარია თედორეს ასულისა და დედოფალ ელიზავეტა ალექსის ასულის ფრეილინა გამხდარა.


`თავადის ასული თურქესტანოვა გამოირჩეოდა დიდი გონიერებით, ფართო საფუძვლიანი განათლებით, სათნო და რამდენადმე ფანტასტიკური გატაცების ბუნებით; აზიური წარმოშობა მას აღმოსავლელი ქალის თვალისმომჭრელ ელვარებას მატებდა, _ წერდა პარიზის ყოფილი ელჩი ბარონი ბუდბერგი, _ მის გამოხედვაში და მიხვრა-მოხვრაში ისეთ სიმკვირცხლე, იმდენი უჩვეულობა იყო, თანაც გაწონასწორბული საუცხოო აღზრდით, რაც ამ გონებრივად და გარეგნულად წარმტაც პიროვნებას მეტ ხიბლსა და სინატიფეს ანიჭებდა~. დასავლური კულტურა, რომელიც ერთობ შეითვისა თავადის ასულმა, ცხადია, ხელს უწყობდა მის წარმატებას სამეფო კარზე. მის უამრავ უცხოელ მეგობართა შორის ყურადღებას იპყრობს შვეიცარიის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, მოსკოვში მცხოვრები ფერდინანდ კრისტინი, რომელთანაც ჩვენი თანამემამულის პეტერბურგიდან მიმოწერა გრძელდებოდა 1812-1819 წლებში და, როგორც ჩანს, იმდენად საინტერესო იყო, რომ მოგვიანებით ფრანგულ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა ჟურნალ `რუსკი არხივის~ 1883-1884 წლების ნომრებში. იგი ერთგვარი მატიანეა სამამულო ომის შემდგომი დროის უმნიშვნელოვანესი მოვლენების. ირკვევა, რომ ბარბარემ შესნიშნავდ იცოდა ისტორია და მისი დროის პოლიტიკური ვითარება, გაოცებული იყო ფერფლადქცეულ მოსკოვში ნაპოლეონის გენერლის ვანდამის პატივსაცემად ვახშმების მოწყობით. მიმოწერიდან ჩანს, რომ პეტერბურგელ მეგობართა შორის მისთვის განსაკუთრებით `ტიოტუშკა~ კნეინა გრუზინსკაია, პეტრე ბაგრატიონის მამიდა ანა ალექსანდრეს ასული ყოფილა, რომელთანაც გულღიად საუბრობდა რუსეთის ჯარების მდგომარეობაზე, რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის იმხანად დადებულ ხელშეკრულებებზე და სხვა. აახენის კონგრესზე ჰერცოგ ველინგტონთან შეხვედრის შემდეგ ნაპოლეონზე გამარჯვების ამ ტრიუმფატორის შესახებ ბარბარე თურქესტანიშვილი წერდა: `იგი ზუსტად ისეთნაირად გამოიყურება, როგორადაც წარმომედგინა. მას ნატიფი ნაკვთები და ნათელი სახე აქვს. ნადიმის შემდეგ იმპერატორმა ინება, რომ ჰერცოგი გამეცნო და წარმადგინა მის წინაშე.

სამეფო კარზე ჩინებულად გატარებულმა მერვე ზაფხულმა სრულიად შეცვალა ფრეილინა თურქესტანიშვილის ცხოვრება. მას თვალი დაადგა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა. `ამ რვა წლის მანძილზე, რაც სამეფო კარზე ვარ, პირველად მომიწია ხელმწიფესთან და მის ოჯახთან ერთად სადილობამ, _ წერდა იგი თავის მოსკოველ უცხოელ მეგობარს, _ რამდენიმე სიტყვა გადავუკარით ერთმანეთს. ნასადილევს კვლავ მომიახლოვდა და ათას წვრილომანზე გამიბა საუბარი. მე როდის შევცბი, ასე რომ ძალზე უშუალოდ და ხალისიანად ვებაასე. მეტად თავაზიანი მომეჩვენა და ასე მგონია, სიგიჟემდე შემიყვარდება~. სხვა წერილებშიც ასეთივე გულახდილობით უამბობდა კრისტინს: `ეს კაცი რომ ხელმწიფე არ ყოფილიყო, ვინატრებდი მასაც ძალიან მოვწონებოდი, რადგან თავდავიწყებამდე გამიტაცა~, ის ერთ-ერთი ულამაზესი მამაკაცია დედამიწის ზურგზე~. იმპერატორთან ზღვაზე ხანგრძლივი გასეირნების შემდეგ აღტაცებული თავადის ქალი წერდა: `მე ვტკბებოდი იმ გულისყურით, რომლითაც მისმენდა იგი~, `ჩვენი აქ ყოფნა ნამდვილი ნეტარებაა, ბუნება ხარობს და პეტერგოფი, მართლაც რომ, დიდებულია... მშვიდობით ბრძანდებოდეთ, კეთილო კრისტინ, იყავით ჯანმრთელად, გიყვარდეთ და ჩემთან ერთად გიხაროდეთ, რომ მე აღარც თვრამეტი წლისა ვარ, აღარც ოცისა და ასეთ ასაკში კეთილგანწყობის ის მცირეოდენი გამოვლინებაც კი, რაც ამ დღეებში მხვდა წილად, შეიძლება სახიფათოც გახდეს ჩემთვის~.

როგორც ჩანს იმპერატორი ალექსანდრე პირველი ისე გაიტაცა ფრეილინა თურქესტანიშვილისადმი გაჩენილმა გრძნობამ, რომ აღარც მალავდა. გვირგვინოსანმა ბარბარობის დღეს თავის ფავორიტს უსახსოვრა მდიდრული კამეა, რომელზედაც თავად ქართველი თავადის ქალის საოცრად მიმსგავსებული პორტრეტი იყო გამოსახული. ფრანგულ ენაზე ქარაგმული ზედწარწერით: `მას, ვინც ჩემი რჩეულია, მისგან ვინც მისი რჩეულია~.

ერთი სიტყვით, ბარბარეს სილამაზითა და გამჭრიახი გონებით მოხიბლული იმპერატორი ალექსანდრე პირველი თურმე მანამდე არ მოეშვა, სანამ არ შეაცდინა. თურქესტანიშვილის ფეხმძიმობა უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობდა. თავად ბარბარემ ისეთი ნებისყოფა გამოიჩინა, რომ ახერხებდა კიდეც უცხო თვალის მოტყუებას. იმპერატორმა ჯერ სიმართლე არც კი იცოდა, მაგრამ ქალის ავადმყოფობამ ცოტა არ იყოს ააფორიაქა. უიღბლო ფრეილინას თვითმკვლელობიდან ერთი თვით ადრე კრისტინისადმი დაწერილ უკანასკნელ ბარათში იგი უჩიოდა თავის ტკივილებს და დასძენდა: `დიდ ბატონს სურს, რომ განსაკუთრებით ვიზრუნო ჩემს ჯანმრთელობაზე! თითქოს ეს შესაძლებელი იყოს ჩვენი კეთილი დიასახლისის ხელში~. სასომიხდილმა ქალმა მშობიარობის შემდეგ, როგორც კი ახალშობილის ამ ქვეყნად მოვლინების მაუწყებელი ტირილი გაიგონა, საწამლავი შესვა და საშინელი წამებით გარდაიცვალა. სამეფო კარმა ახლად დაბადებული გადასცა თავად გოლიცინს, როგორც თურქესტანიშვილის ახლობელსა და გულშემატკივარს, რომელმაც ბავშვს თავისი გვარი მისცა და საჩოთირო ამბავიც მიიჩქმალა. ეს იყო 1919 წლის მაისში. 1936 წელს ალექსანდრე პუშკინი წერდა: `თავადის ასული თურქესტანოვა, ფრეილინა, საიდუმლო კავშირში იმყოფებოდა განსვენებულ ხელმწიფესა და თავად ვლადიმერ გოლიცინთან. სათანადო ზომების წყალობით სასახლეში ისე იმშობიარა, რომ ეჭვიც არავის გამოუთქვამს. იმპერატრიცა მარია თედორეს ასული აკითხავდა უგონოდ მყოფ ვარვარას და სახარებიდან ფრაგმენტებს უკითხავდა. იგი შემდეგ სხვა ოთახში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც~. თავადიშვილი ბარბარე თურქესტანიშვილი დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ნეკროპოლში. 1914 წლის ჟურნალ `რუსსკი არხივში~ (#1, #2) დაიბეჭდა კნეინა ე. შახოვსკაია-სტრეშევას დოკუმენტური მონოგრაფია `თავადის ასული თურქესტანოვა _ უზენაესი სამეფო კარის ფრეილინა”.

Комментариев нет:

Отправить комментарий