ღმერთი

ღმერთი

четверг, 13 июня 2013 г.

რაინდობა.

  რაინდი — წოდება, რომელიც XI საუკუნის დამდეგისათვის ევროპაში წარმოიშვა. რაინდი კეთილშობილ მეომართა საზოგადოებიდან მოდიოდა, რომლისთვისაც უპირველესი ღვთის სამსახური და ღირსების დაცვა უნდა ყოფილიყო.

რაინდობა გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში, ასევე ევროპის ზოგიერთ სხვა ნაწილში, ქრისტიანულ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში.


კურთხევის წესი 

რაინდად გახდომისათვის ბავშობიდანვე ემზადებოდნენ. როდესაც კეთილშობილი ოჯახის ვაჟი 7 წლის გახდებოდა, მიჰყავდათ სენიორის სასახლეში „სასწავლებლად“, სადაც ასწავლიდნენ სიყვარულსა და პატივისცემას ღვთისადმი, სახელმოხვეჭისადმი და ქალისადმი; ასევე ნადირობასა ბრძოლის წესებს. 14 წლიდან იგი ღებულობდა საჭურველთმტვირთველის წოდებას და ხდებოდა თავისი რაინდის განუყრელი თანამგზავრი. 21 წლის საჭურველთმტვირთველს უკვე აკურთხებდნენ რაინდად.

არსებობდა კურთხევის განსაკუთრებული ცერემონიალი. კურთხევის წინ იგი უნდა განბანილიყო და თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილს ღამე ტაძარში გაეთია ლოცვით. მეორე დილით მას ეკლესიის საკურთხეველთან მიიყვანდა მამა ან ნათლია. მათ ხელში ეჭირათ თაფლის სანთელი მოძღვარი აზიარებდა მომავალ რაინდს და იღებდა მისგან საზეიმო ფიცს. შემდეგ იღებდა საკურთხევლიდან მახვილს და შემოარტყამდა წელზე. როდესაც ეს პროცესი დამთავრდებოდა, მას მიუახლოვდებოდა სენიორი, რომლის ციხე-კოშკშიც იზრდებოდა. ის სამჯერ დაადებდა მახვილს მხრებზე და თავზე შემდეგი სიტყვებით: „ღვთის, წმინდა გიორგისა და წმინდა მიხეილის სახელით გაკურთხებ შენ რაინდად!“.

აღჭურვილობა

საბრძოლველად შეიარაღებულ რაინდს მთელი სხეული ჯავშნით ჰქონდა დაფარული. XI საუკუნის ბოლომდე ეს იყო რკინის რგოლებისაგან მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, მოგვიანებით მას ლითონის ფირფიტებისაგან გაკეთებული აბაჯრი ცვლის. ბრძოლის დროს რაინდი თავზე იხურავდა მუზარადს — რკინის ჩაფხუტს, კონუსის ფორმის მქონე ფოლადის თავსაბურავს. მუზარადი რკინის ან შუშის ბურთულით ბოლოვდება. მუზარადს თან ახლდა ლითონის ფირფიტა ცხვირის დასაცავად.

რაინდის საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა მძიმე მახვილი და გრძელი ხის შუბი, რომბისებრი რკინის ბუნიკით. ბუნიკთან აჭედებდნენ ქსოვილისაგან დამზადებულ ემბლემას, რომელიც ქარში ფრიალებდა. რაინდი ასევე განუყრელად ატარებდა ფარს. ფარი ხისა და ტყავისაგან იყო დამზადებული, რომელიც დაფარული იყო ლითონის ფირფიტებით.ფარი ჯერ მრგვალი იყო, შემდგომში კი ისე დაგრძელდა, რომ მთლიანად ფარავდა მხედარს. ფარზე გამოსახული იყო რაინდის გერბი, რომელიც მის კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიუთითებდა. ამრიგად, შეიარაღებული რაინდი ცოცხალ ციხესიმაგრეს ემსგავსებოდა.

ტურნირები

ტურნირებსა და საბრძოლო თამაშებს რაინდთა ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ისინი შეიძლება შევადაროთ ძველი საბერძნეთის ოლიმპიურ თამაშებს. ტურნირებში გამოჩნდებოდა რაინდთა საბრძოლო მომზადების დონე და აქვე ისინჯებოდა მათი იარაღისა და აღჭურვილობის სიმტკიცე.

ტურნირების დროს ბევრი ხალხი იკრიბებოდა სხვადასხვა მხრიდან ფეოდალის სასახლეში. აქ მხოლოდ რაინდები დაიშვებოდნენ. მოედანზე ეწყობოდა სპეციალური ტრიბუნები კეთილშობილი ქალბატონებისა და ბატონებისათვის. გამარჯვებული ტურნირის დედოფლისაგან ჯილდოს იღებდა.

ციხესიმაგრეები 


ფეოდალები შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ ციხე-კოშკებში, რომელიც შენდებოდა განსაკუთრებულ შერჩეულ ადგილებში. იგი გარსშემოვლებული იყო მიწათხრილითა და სქელი გალავნით თვით ეს ნაგებობა წარმოადგენდა როგორც საცხოვრებელ, ასევე სხვა დამხმარე თუ დამცავი ნაგებობისაგან შემდგარ მთელ კომპლექსს.

რაინდი თავის ამალასთან ერთად ცხოვრობდა ციხესიმაგრის მთავარ ნაგებობაში — სასახლეში. დღემდე შემონახულია რაინდობის ხანის შუა საუკუნეების სასახლეები. ამ სახლებს აკლდათ სინათლე, ვინაიდან ვიწრო სარკმლები ჰქონდათ. ასევე არ არსებობდა ჰიგიენის დაცვის პირობები. ოთახები თბებოდა ბუხრებით.

XIII საუკუნის ბოლოდან რაინდობა კარგავს მნიშვნელობას. ისინი თავიანთ იარაღს უკვე არ იყენებდნენ კეთილშობილური მიზნებისათვის. პირიქით, სხვის დასარბევად ხმარობენ. მათი სულისკვეთება კნინდება, ილახება ღირსების გრძნობა, რომელიც ხშირად უაზრო დუელების საბაბი ხდება.

მიუხედავად ამისა, არა მარტო შუა საუკუნეების ხალხების, არამედ დღევანდელობისათვისაც სანიმუშოა რაინდთა ყოფა. ისინი ბარბაროსობისა და უხეშობის პერიოდში იძლეოდნენ თავაზიანობის მაგალითს და ხელს უწყობდნენ სათნოების დამკვიდრებას, კანონისა და მართლმსაჯულების გავრცელებას.  ცხოვრებაში.

სარაინდო ეპოსი 

რაინდთა ბრძოლები, მათი სასიყვარულო და საგმირო თავგადასავალი აისახა შუა საუკუნეების ლიტერატურაში. რაინდები ხშირად თვითონ თხზავდნენ სიმღერებს, რომელიც წარსულ დროებასა და გმირობებს ასახავდა. ასეთი იყო ცნობილი რაინდი ვალტერ ფონ ფოგელვაიდე.

ამ სიმღერებიდან წარმოიშვა ისეთი მშვენიერი სარაინდო ეპოსები, როგორიცაა ნიბელუნგების სიმღერა, ისტორიები პარცეფალის, ლოენგრინისა და მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ. შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში რაინდთა სახეები მაღალმხატვრულადაა გადმოცემული მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანსა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

Комментариев нет:

Отправить комментарий