ღმერთი

ღმერთი

суббота, 8 июня 2013 г.

მართლმადიდებლობა იმყოფება დიდ განსაცდელში.


პროტოპრესვიტერი თეოდორ ზიზისი

თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი


მართლმადიდებლობა იმყოფება დიდ განსაცდელში.

(ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით)


დღეს ვინმე მოახლოებულ საშიშროებაზე თუ ლაპარაკობს, მას "კინდინოლოგს" (ანუ საშიშ სიტუაციათა შემსწავლელს) უწოდებენ და გულისხმობენ, რომ მას ეშინია და ლაპარაკობს საშიშროებაზე, რომელიც რეალურად არ არსებობს. ნეტავ მართლა არ არსებულიყო საშიშორება და "კინდინოლოგი" კი არა, "მატყუარები", "ცრუპენტელები" და "გიჟები" ეწოდებინათ ჩვენთვის. დღევანდელ საუბარში, ღმრთის მადლით და მრავალ წმიდათა ლოცვით, რომლებიც მართლმადიდებლობის დასაცავად იბრძოდნენ და მოწამეებად და აღმსარებლებად აღესრულნენ, შევეცდებით მოკლედ წარმოგიდგინოთ ის მონაცემები და მიზეზები, რომლებმაც საკმაოდ ნათელი და მკაფიო ნიშნებით გვამცნეს მოახლოებული საშიშროების შესახებ. მოდი ვიხილოთ, რატომ არის ჩვენს დროში ეს საშიშროება უფრო დიდი და სერიოზული წარსულთან შედარებით. მიზეზები, რომლებსაც მე დავიმოწმებ, ერთადერთი არ არის, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი.


1. თითქმის ყველა ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია ეკუმენიზმისა და პაპიზმის ტყვეობაშია

ეკუმენიზმი, ეს არის მწვალებლობათა მწვალებლობა, რომელიც გაჩნდა და განმტკიცდა XX საუკუნეში. ეკუმენიზმი იმთავითვე აითვისა მსოფლიო საპატრიარქომ, უმთავრესად თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ. ქრისტეანული დასავლეთის დახმარებამ არ გაამართლა, გაცრუვდა ფერარო-ფლორენციის კრებასთან დაკავშირებული იმედიც, როდესაც იკონომიითა და დიპლომატიური მანევრებით გატაცებულმა მართლმადიდებლებმა ქრისტეს სწავლებაში გაერთიანების განსახორციელებლად, "რათა ყველანი ერთი იყვნენ" (იოანე 17:21), რწმენასა და აკრიბიას გადაუხვიეს.

არგუმენტი რომელიც დღესაც გვესმის: "ნუ ნერვიულობთ, საპატრიარქო დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამს, რათა გადავრჩეთ", ძალიან მყიფეა. ჯერ-ერთი იმიტომ, რომ ეპისკოპოსები დიპლომატები კი არა მწყემსები არიან, რომლებმაც უკანასკნელ "იოტამდეც" კი უნდა დაიცვან სახარებისეული ჭეშმარიტება და დაუმახინჯებლად გადასცენ იგი მომდევნო თაობებს; თავიანთ სასოებას ისინი ღმერთზე უნდა ამყარებდნენ და არა ადამიანებზე ან პოლიტიკაზე.

ფლორენციის უნიიდან მოყოლებული დღემდე, ამდენი ღია საუბრების, კომპრომისების, უკან დახევების, წმიდა კანონების უგულებელყოფის, ერთობლივი ლოცვებისა და "და-ეკლესიებისადმი" სახარების ქადაგების "ერთობლივი პასუხისმგებლობის" მოწოდებების შემდეგ, რაში უნდა მდგომარეობდეს პაპისა და პროტესტანტების დახმარება კონსტანტინოპოლისადმი?

საშუალო დონის დიპლომატიც კი შეიგნებდა ერთგვარ აბუჩად ამგდებ და არასაიმედო დამოკიდებულებას და ყურადღებით თუ დააკვირვებოდა "სიყვარულისა" და "ძმობის" ამ ფარისევლურ სიტყვებს, უცილობლივ შეცვლიდა თავის დიპლომატიურ ტაქტიკას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ტაქტიკას არ ვცვლით, და არ მივისწრაფვით საკუთარ თავს დავეხმაროთ იმაში, რომ გამოჩნდნენ ახალი მარკოზ ევგენიკოსები, რომლებიც შეძლებდნენ მართლმადიდებელთა შეკავშირებას; ისეთ რთულ ვითარებაში, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესია სისხლისგან იცლება, არ გვსურს მოვუწოდოთ ღმერთს და ჩავეკრათ მის წყალობას.

სადღეისოდ იშვა დოგმა, სწავლება, მწვალებლობა, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც ათინაგორას საპატრიარქო საყდარს თავს მოახვიეს ამერიკიდან გამოგზავნილი იერარქები... ათინაგორა და მისი მემკვიდრეები უწინაც და დღესაც წარმატებით აკეთებენ თავიანთ საქმეს, როგორც ეს პატრიარქისა და პაპის 2006 წლის 30 ნოემბრის ბოლო შეხვედრაზე ვნახეთ. პირველმოსაყდრე ეკლესია ეკუმენიზმით აღმოჩნდა დატყვევებული, რომელიც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს სხვა ადგილობრივ, ავტოკეფალურ ეკლესიებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, დამოუკიდებელნი არიან საკუთარ პასუხისმგებლობაში. მიუხედავად ამისა, ისინიც, ამსოფლიური მოთხოვნილებებისა და პოლიტიკური ლიდერების ზეგავლენით, ადვილად მიჰყვებიან პირველი ადგილობრივი ეკლესიის (ანუ, კონსტანტინოპოლის) პოლიტიკურ-რელიგიურ კურსს (1).


2. ელადის ეკლესიის გადახრა

იმის შემდეგ, რაც 1998 წ. დიმიტიადის მიტროპოლიიდან საარქიეპისკოპოსო კათედრაზე ბ-ნი ქრისტოდულოსი ავიდა, ბევრი რამ გართულდა მართლმადიდებლობისთვის, რომელიც სახიფათოც გზაზე აღმოჩნდა... მრავალი, ვინც კარგად არ იცნობდა ამ პიროვნებას, მოხიბლული იყო პაპიზმისა და პროტესტანტიზმის წინააღმდეგ მისი ქადაგებებით. საკმაოდ ხატოვნად აცხადებდა ის ეკუმენიზმს მწვალებლობად, აღფრთოვანებით სთავაზობდა ყველას ეკლესიის მამათა სწავლებებსა და ცხოვრებას. ყველას ეგონა რომ საარქიეპისკოპოსო კათედრაზე ავიდა ახალი ოქროპირი, ახალი ფოტიუსი, მარკოზ ევგენიკოსი... სამწუხაროდ, მწარედ მოვტყუვდით.

არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსამდე ელადის ეკლესია მკაცრად ტრადიციული, მართლმადიდებლური, ანტიპაპისტური და ანტიეკუმენისტური იყო. (...) მრავალი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ის ერთადერთი იყო ძლიერი, თავისუფალი და ცოცხალი ეკლესია, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, თავისუფალი იყო კომუნისტური რეჟიმისგან. ამავდროულად ელადის ეკლესია ფლობდა ორ უძლიერეს საღვთისმეტყველო სკოლა-ფაკულტეტს ათენსა და თესალონიკში. იმისათვის, რათა წარმოვიდგინოთ როგორი იყო ელადის ეკლესია და როგორი გახდა ის დღეს, წარმოგიდგენთ რამდენიმე დამახასიათებელ ფაქტს, რომელიც მრავალი ადამიანისთვის უცნობია.

როდესაც ათინაგორამ, ვატიკანის შესაბამისი მოწვევის შემდეგ, გადაწყვიტა ვატიკანის კრებაზე მართლმადიდებელთა მხრიდან დამკვირვებლები გაეგზავნა და 1963 წ., კუნძულ როდოსზე სრულიად მართლმადიდებლური თათბირი მოიწვია, დაუყოვნებლივი წინააღმდეგობა გაუწიეს მას არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს II და ყველა იერარქმა, რომლებმაც უგუნურებად მიიჩნიეს წარმომადგენელთა დასწრებაც კი ამ კრებაზე, რადგან წმიდა წერილი და წმ. მამები, თავიანთ საეკლესიო კანონებში მწვალებლებთან ყოველგვარ ურთიერთობას კრძალავენ.

ტელეგრამაში, რომელიც არქიეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ათინაგორას გაუგზავნა, ეწერა: "პირადად მე უკვე დასაწყისშივე გადაწყვეტილად მიმაჩნია ეს საკითხი; იერარქთა ერთობლივი დადგენილებით ჩვენ თავს ვიკავებთ თქვენთან თანაზიარობისგან. აღშფოთებულია საზოგადოებრივი აზრიც". სატელეფონო საუბარში ათინაგორამ ქრიზოსტომოსს ჰკითხა თუ რატომ არ მისდევს მას, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "ლაპარაკია სარწმუნოებრივ საკითხებზე და მწვალებლებთან ურთიერთობაზე; თანაც, ყველა იმ ბოროტების შემდეგ, რაც მათ (ლათინებმა - მთარგმნ.) მიაყენეს ჩვენს ეკლესიას, იმის შემდეგ, რაც გაგვაჩნია იერარქთა და ჩვენი ეკლესიის სისავსის საერთო აზრი, უხერხულადაც კი მიგვაჩნია შევიწყნაროთ თქვენი თვალსაზრისი" (Χρυσοστόμου Β', Αρχιεπισκόπου Αθηνών, Πεπραγμένα από 15-7-1963 μέχρι 15-7-1964, Αθήναι 1964, σελ. 14).

ელადის ეკლესიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი იერარქი, რომელიც დაეჭვდებოდა იმაში, რომ პაპიზმი არის მწვალებლობა. (...) რა ხდება ახლა და რას ვამბობთ ამჟამად? საიდან შევუდგეთ ელადის ეკლესიის სრული განდგომისა და მერყევი საპატრიარქოს მიყოლის დატირებას, რომელიც უკვე არა თუ ეკუმენისტურ სვლაში უწყობს ფეხს განდგომილ საპატრიარქოს, არამედ ეჯიბრება და ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ფანარას "გადამჭრელ გამბედაობას"?

სხვათა შორის, ფანარასა ("ფანარა" - კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადგილსამყოფელი (თურქეთის ტერიტორიაზე) - მთარგმნ.) და ათენს შორის დავის ერთ ერთი ძირითადი მიზეზი, ე. წ. "ახალ ოლქებზე" იურისდიქციული საკითხების გარდა, კიდევ ის არის, რომ ათენის არქიეპისკოპოსს უნტეროფიცრობა და საპატრიარქოს კუდში ჩანჩალი "არ აწყობს". მას სურს თანასწორობა მართლმადიდებელთშორის და ქრისტეანთშორის კულტურულ დიალოგებში... ამიტომაც, წარმატებას რომ მიაღწიოს, ანალოგიურ აღიარებას ქრისტეანთშორის ურთიერთობათა სფეროში ელტვის, რომელსაც ელადის ეკლესიის დაცემით გახარებული პაპი და პროტესტანტები სთავაზობენ.

ამ მიზეზით შეუერთდა ელადის ეკლესია ეკუმენიზმის ყოვლადმწვალებლობას. არქიეპისკოპოსს აქებენ, ტაშს უკრავენ, აჯილდოვებენ იმიტომ, რომ როგორც იქნა, მან დატოვა "თალიბანები", როგორც ახასიათებდა ის მკაცრ მართლმადიდებლებს, და გახდა "პროგრესული", "თანამედროვე" პიროვნება, რომელიც რელიგიათშორისი, ეკუმენისტური პროცესების ავანგარდში დგას.

მან მრავალი "რეკორდი" დაამხო და წარმატებით წაშალა ზღვარი ჭეშმარიტებასა და ცდომილებას შორის, მართლმადიდებლობასა და მწვალებლობას შორის; მართლმადიდებლობის მიწასთან გასწორების საქმეში მას ბადალი არ ჰყავს. მან პირველმა გაბედა და 2001 წელს რომის პაპი საბერძნეთში მოიწვია. მან პირველმა მოიწვია და მონაწილეობა მიიღო მწვალებლობათა მსოფლიო საბჭოს სხდომაში, რომელიც მართლმადიდებელ მიწა-წყალზე გამართა. ელადის არქიეპისკოპოსთა შორის ის პირველია, რომელიც ემს-ს შტაბ-ბინას ეწვია ჟენევაში, სადაც უდიდესი პატივით მიიღეს. საბოლოო ჯამში, როგორც არქიეპისკოპოსი, ის პირველი ეწვია რომის პაპს ვატიკანში. მის წინამორბედ არქიეპისკოპოსთაგან არავის აზრადაც კი არ გაუვლია იმ რუბიკონის (ანუ საზღვრის) გადალახვა, რომლის იქით პაპისტური მწვალებლობაა. ამისთვის ის მრავალგვარი პატივითა და ხოტბა-დიდებით დააჯილდოვეს. ელადის ეკლესიის მისიონერობის გაძლიერებისთვის რომის პაპმა მას მოციქულ პავლეს ბორკილების ორი რგოლი აჩუქა, რომლის ნამდვილობა ეჭვ ქვეშ დააყენა ათენის უნივერსიტეტის ბიზანტიოლოგიის სერიოზულმა და ავტორიტეტულმა პროფესორმა, ბ-მა სტავროს კურუსისმა თავის სტატიაში, რომელიც "ორთოდოქს ტიპოსში" დაიბეჭდა ("᾿Ορθόδοξος Τύπος". 12-1-2007 წ.). მიუხედავად იმისა ყალბია თუ არა, მოციქულ პავლეს ბორკილთა რგოლები პაპიზმისა და ეკუმენიზმის საპყრობილეში ელადის ეკლესიის შებორკვის სიმბოლოს წარმოადგენენ.

თუმცა, მარტო ეს როდი გახლავთ მართლმადიდებლური გადმოცემისგან განდგომის ყველაზე დიდი ტვირთი, რომელიც ელადის ეკლესიამ აიკიდა. გარდა ამისა, ეს არის ეკუმენისტური სწავლება, ყოველივე ის, რასაც ფილოპაპისტური და ეკუმენისტური სულისკვეთებით ქადაგებდა არქიეპისკოპოსი ქრისტოდულოსი სხვადასხვა ადგილას.

2001 წლის მაისში, ათენში, რომის პაპის ვიზიტის დროს, მისასალმებელი სიტყვებისა და პასუხების წარმოთქმისას, ისევე როგორც ერთობლივ განცხადებებში, ელადის არქიეპისკოპოსი ირჩევდა ისეთ ფრაზებს, რომლებიც რომის კანონიერ ეპისკოპოსად აღიარებდა პაპ-ერესიარქს და პაპისტურ მწვალებლობას ეკლესიურს უწოდებდა. იმ დროს, მრავალრიცხოვან სტატიებში ჩვენ ჩამოვთვლიდით პაპიზმის სიახლეებს და ეკლესიის საზღვრების მორყევაზე ვლაპარაკობდით.

არქიეპისკოპოსისადმი მიწერილ ღია წერილში, სხვათა შორის, ჩვენ ვწერდით: "თქვენ გაქელეთ ქრისტეს სახარება, წალეკეთ წმიდა კანონები, შეურაცხყოფთ პაპიზმის წინააღმდეგ მებრძოლ წმინდანებს, და ეკლესიის კარს უღებთ მძვინვარე მგლებს. პატივს მიაგებთ ათასგვარი მწვალებლობებით დამძიმებულ პაპს, ყველა ძველ მწვალებელსა და ცრუმოძღვარს: არიოზს, მაკედონიუსს, ევტიქის, ნესტორს და აპოლინარის, რომლებიც ფრთებგამოსხმული ანგელოზები არიან პაპთან და მის ცდომილებებთან შედარებით. თქვენთვის უკვე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც სახარებას, არც მსოფლიო კრებებს, წმიდა და ღმერთშემოსილ მამათა სწავლებებს. თქვენი საქმიანობას თქვენივე სიტყვები ააშკარავებს. მაშ, ჩამოხსენით ტაძრებიდან წმინდანთა ხატები, რადგან თქვენ გადადიხართ და მეტიც, აუქმებთ მათ სწავლებებს, რათა აღელვებული და სასოწარკვეთილი ერი უკეთ მიხვდეს რა ხდება" (პერიოდული გამოცემა: Θεοδρομία, ἔτος Γ, τέυχος 2, ἔτος 2001, σελ. 9).

არქიეპისკოპოსს ყურიც არ შეუბერტყავს, როდესაც პაპის საპასუხო სიტყვაში მოისმინა, რომ "ჩვენი უფლის, იესუ ქრისტესადმი საერთო რწმენა და საერთო სამოციქულო ღირსება გაგვაჩნია; ასევე შეკრულნი ვართ ნათლობის საიდუმლო საკვრელებით, აქედან კი ყველანი, როგორც ღმრთის სახლის წევრები, მოწოდებულნი ვართ ვემსახუროთ ერთ უფალს და მსოფლიოს სახარება ვუქადაგოთ".

როდესაც ჩვენს ქვეყანაში რომის პაპის ამ გამოწვევის კომენტარს ვაკეთებდი, მე ვწერდი: "მაშ, ნუთუ Filioque (სულიწმიდის "ძისგან" გამომავლობის პაპისტური დოგმატი - მთარგმნ.), პაპის პირველობის პრიმატი, მისი უცდომელობის დოგმატი, აზიმ-მაცები, სალხინებლის ცეცხლი ან ღვთისმშობლის "უბიწო ჩასახვა" და სხვა მსგავსი მწვალებლობანი, "ჩვენი საერთო სამოციქულო სწავლებაა" და "საერთო მონაპოვარია"? ნუთუ "ჩვენ ყველანი ღმრთის ერთი სახლის წევრები" ვართ, თან ისე, რომ გავურბივართ სიტყვა "ეკლესიას", რათა ჩვენი პროვოცირება არ მოხდეს, თუმცა აზრი ხომ იგივეა და ნუთუ ჩვენ მოწოდებულნი ვართ ერთად ვემსახუროთ "ერთ ღმერთს და მსოფლიოში სახარება ერთად ვიქადაგოთ"?

თუ ასეა, რატომ არ მიატოვებთ მისიონერობა იმ რეგიონებში, სადაც პაპის მისიონერები მოღვაწეობენ, თუკი ისინიც იმავე სახარებას ქადაგებენ, რასაც ჩვენ და იმავე უფალს ემსახურებიან? მაშ, ნუთუ "ერთსა და იმავე ოჯახს" ეკუთვნიან მართლმადიდებლები და მწვალებლები? ნუთუ მწვალებლობა არ არის ეშმაკის გამონაგონი იმისთვის, რათა დაარღვიოს ეკლესიის ერთობა და წარწყმიდოს ცდომილებაში შთავარდნილი ადამიანები?

შეუძლია კი ვინმეს წარმოიდგინოს ჭეშმარიტ მოციქულთა და ახალ ცრუმოციქულთა ერთობა, რომლებიც ერთურთს ეამბორებიან, ერთობლივ ეპისტოლეებს წერენ და ირწმუნებიან, რომ საერთო რწმენა აქვთ და ერთსა და იმავე სახარებას ქადაგებენ?

შეუძლია კი ვინმეს წარმოიდგინოს ერთი და იგივე საქმის ერთად მკეთებელი წმიდა მამები და მწვალებლები? მართლმადიდებლური შეგნების კოროზია და საზღვრების მოშლა მწვალებლობასა და მართლმადიდებლობას შორის უდიდესი საშიშროებაა. მარტო ამ ტექსტმა უნდა გააღვიძოს მართლმადიდებელნი და განაწყოს ისინი იმ გამცემლობისა და ღალატის წინააღმდეგ, რომელიც მოხდა" (Θεοδρομία, ἔτος Γ, τέυχος 2, ἔτος 2001, σελ. 18-21). და, რა თქმა უნდა ეს ერთადერთი ტექსტი როდია. ანალოგიური რამ ითქვა არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსის მისამართითაც (Θεοδρομία, ἔτος Γ, τέυχος 2, ἔτος 2001, σελ. 21).

არქიეპისკოპოსი ანადგურებს დოგმატს "ერთი, წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიის" შესახებ, რომელიც შედის სარწმუნოების სიმბოლოში. ის ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია არ არის ერთადერთი. თურმე, სხვა ეკლესიებიც არსებობენ, მაგალითად პაპისტური. ამ პოზიციის გასამყარებლად, არქიეპისკოპოსი და მისი თანამოაზრენი მხარს უჭერენ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც "პაპიზმი მწვალებლობა არ არის". სადღეისოდ, ძველ ლათინოფილთაგან კადნიერად გაისმის ხმები, რომ ლათინობა "არ არის სქიზმა, რომ ეს არის სხვა ქრისტეანული სწავლება მრავალ ქრისტეანულ დოგმატებს შორის"! (...) და ამ ლათინოფილურ გზას, სამწუხაროდ, მდუმარედ მიჰყვებიან ელადის ეკლესიის სხვა იერარქებიც...

ლათინოფილებს განეკუთვნებიან ტინოსელი დოროთე, და სხვები. მის ეპარქიაში პაპისტებთან ლოცვა არა თუ ჩვეული მოვლენაა, არამედ არის ცნობები, რომ ნებადართულია კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა ერთი ბარძიმიდან მორიგეობითი ზიარება, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე პაპისტურ ტაძრებში!

ეკუმენისტური მწვალებლობა თანდათანობით სპობს ჯანმრთელ უჯრედებს და მართლმადიდებლურ წინააღმდეგობას. (...) ჩვენ არაერთხელ ვიუწყებოდით კალაბრიელი და ეგიალეიელი მიტროპოლიტის, ამბროსის მკრეხელური განცხადებების შესახებ, რომელმაც გაუმართლებელი უმეცრება გამოიჩინა სულიწმიდის "ძისგანაც" გამომავლობის საკითხში და გაქელა უფლის სწავლება, რომელიც ცხადად და კატეგორიულად გადმოგვცემს, რომ სულიწმიდა მხოლოდ მამისგან გამოდის (ინ. 15:26). მაგრამ მიტრ. ამბროსი თავდაყირა აყენებს ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლოში გადმოცემულ ისტორიულ რწმენას, რომელიც წმიდა კრებებისა და მამების მიერ არის დამტკიცებული. წმიდა კრებას მართებდა მოეწოდებინა ამ მიტროპოლიტისთვის მოეცა განმარტება ამგვარი გმობის გამო და თუ დარჩებოდა თავის შეხედულებაზე, მიეთითებინა რომელი კანონების ქვეშ ექცევა ასეთ შემთხვევაში.


3. საღვთისმეტყველო ფაკულტეტების გახრწნა

ეს ფაქტორი გახლავთ საღვთისმეტყველო გარემოს ეკუმენისტური გახრწნის შედეგი. საღვთისმეტყველო ფაკულტეტების სტუდენტებსა და მოსწავლეებს, რომლებიც მომავალი კლერიკოსები უნდა გახდნენ, ეკუმენისტური სულისკვეთებით ზრდიან და შესაბამის, ეკუმენისტურ განათლებას აძლევენ. ხოლო იმას, რასაც საღვთისმეტყველო ფაკულტეტებზე უმეტესწილად ეკუმენისტი პროფესორები ასწავლიან, საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ღვთისმეტყველები უკვე სახალხო სკოლებსა და გიმნაზიებში გადასცემენ. (...).


4. განხეთქილებები და წინააღმდეგობები ათონის მთაზე

მართლმადიდებლობა იმდენად დიდ საფრთხეშია, რომ "მართლმადიდებლობის კიდობნად" წოდებული ათონის წმიდა მთაც კი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს ბაღი, გაყოფილი და თავშეკავებულია. ადრე, წმიდა მთა გაბედულად აღიმაღლებდა თავის ხმას ეკუმენისტური საწყისების წინააღმდეგ და თამამად ამხელდა პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს. ამჯერად ის დუმს.


5. ქორწინებულ თუ უქორწინებელ კლერიკოსთა აბსოლუტური დამოკიდებულება ეპისკოპოსთა განწყობასა და სურვილებზე, რომლებიც საკუთარი ნება-სურვილების მიხედვით იყენებენ კანონებს და აშინებენ ყველას, ვინც კი მათ შეეწინააღმდეგება თვით სარწმუნოების საკითხებშიც კი

სამრევლოები იმისთვის ყალიბდებოდნენ, რათა მღვდლებს მრავალმხრივი და ქმედითი დამოკიდებულება ჰქონოდათ მორწმუნეთა ეკლესიურ სისავსესთან. ამჯერად ამგვარი განწყობა დაკარგულია. დღეს აქ აბსოლუტური განუკითხაობა ბატონობს. სამრევლოებში იზრდება მღვდელმსახურთა რაოდენობა, თითქოსდა ეს რაღაც პროფესიის სამსახური იყოს. მათი უმთავრესი საზრუნავია კარგი დამოკიდებულება ჰქონდეთ თავიანთ ეპისკოპოსთან, რათა არ დაკარგონ ადილი და მომავალში უფრო მდიდარ სამრევლოებში დანიშვნის იმედი ჰქონდეთ.


6. სარწმუნოების საკითხებში მორწმუნეთა კატეხიზაციის არარსებობა

ანტიერეტიკულ ქადაგებებზე აღარაფერს ვამბობ, უკვე აღარ ისმის ქადაგებები თვით დოგმატურ საკითხებზეც კი. კლერიკოსთა უმეტესობა ბაძავს ეკლესიის ხელმძღვანელობას და პატრიოტული ან პირადი შინაარსის მქონე ქადაგებებით იფარგლება. მათ დაავიწყდათ, რომ "ჩვენი მოქალაქეობა ცაშია" (ფილიპ. 3:20), რომ ეკლესია, როგორც ღმრთის სასუფეველი "არა ამ სოფლისაგან არს" (ლუკა 18:31), რომ ქრისტეანები ზეციურზე უნდა ფიქრობდნენ და არა მიწიერზე (კოლას. 3:2), ლიტურგიკული ასამაღლებელის თანხმიერად: "ზე გვაქუნდენ გულნი..." (...).

ეპისკოპოსთაგან მრავალი, იმის ნაცვლად, რომ მღვიძარებდეს და თავის მრევლს პაპიზმისა და ეკუმენიზმის საშიშროებაზე უთითებდეს, თავს იმით იმშვიდებს, რომ მათ პოზიციას მრავალი არაკატეხიზირებული და გაურკვეველი ადამიანი ეთანხმება და მისდევს; მაშინ როდესაც, საქმეში ჩახედულ და ბრძოლაში ჩაბმულ მართლმადიდებლებს ეპისკოპატი "ფანატიკოსთა" უმცირესობასა და "უკიდურესად კონსერვატიულებს" უწოდებს. აქ ზედგამოჭრილია უფლის სიტყვები, რომელმაც თავისი ჯვარცმის წინ მწიგნობრებსა და ფარისევლებს უთხრა: "ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას" (მათე 23:13-14).


7. ხალხი მოკლებულია მართალ და ობიექტურ ინფორმაციას

ბეჭდვითი და ელექტრონული მედია, დაუბრკოლებლად უკრავს ტაშს საეკლესიო ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ყველა ეკუმენისტურ და სინკრეტულ წამოწყებას, ხოლო ტრადიციულ პოზიციებსა და ღირებულებებს, როგორც ძველსა და დრომოჭმულს, აბუჩად იგდებს. დღეს, საეკლესიო ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი საინფორმაციო საშუალებები, ასევე ელადის ეკლესიის რადიოსადგურები, ენთუზიაზმით გვთავაზობენ ყოველგვარ ეკუმენისტურ განცხადებას მაშინ, როდესაც მართლმადიდებელთა ხმა საზოგადოებისგან იზოლირებულია.


8. კლერიკოსთა და ერის გაამსოფლიურება

მომხიბლავია წუთისოფლის სიამე, რის გამოც მოსაგრეობითი მოშურნეობა დაუძლურებულია, წმიდა სახარებისა და ღირს მამათა "ვიწრო და ეკლიანი გზა" კი მივიწყებულია. თუმცა, მართლმადიდებლობისადმი გულგრილნი ამ ვითარებიდანაც პოულობენ "გამოსავალს": "ეკლესია არასოდეს დამარცხდება, ის უძლეველია, ნუ გეშინიათ". მართლაც, ეკლესია უძლეველია, რადგან ის არის სხეული ქრისტესი, რომლის თავი თვით ცოცხალი ქრისტეა. ჩვენ თვით უფალმა აღგვითქვა, რომ "ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ ეკლესიას" (იხ. მათე 16:18). საშიშროება ეკლესიას კი არ ეხება, რომელიც უკუნითი უკუნისამდე თავის თავთან, უფალ იესუსთან იქნება, არამედ ეკლესიის წევრებს, მორწმუნეებს, რომლებსაც სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ თუკი დაიკარგება მართალი რწმენა - მართლმადიდებლობა და მის ნაცვლად მწვალებლობა და ცდომილება დაისადგურებს.

ცხონდება კი ვინმე, როდესაც მართლმადიდებლური რწმენა დაკარგულია? პირიქით, მართლმადიდებლურ და წმიდა ეკლესიაში, ნებისმიერ მომენტში, უდიდესი ცოდვილიც კი შეიძლება ცხონდეს, ოღონდ თუკი შეინანებს და თავის ცოდვებს აღიარებს. ჩვენი ცოდვების გამო თავსდატეხილი საშიშროება სინანულითა და აღსარებით იკურნება, ხოლო მწვალებლობისგან მოსალოდნელი საფრთხე არაფრით; მას უეჭველი წარწყმედისკენ მიჰყავს საკუთარ თავში დარწმუნებული მწვალებელი. თვით უფალმა მიუთითა ცრუმოძღვართა საშიშროებაზე, რომლებიც ცდილობენ აცთუნონ თავიანთი სამწყსო. მორწმუნეებს მართებთ არ უსმინონ "დაქირავებულ მონათა ხმას" მაშინ, როდესაც "კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის, ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის (ე. ი. ერეტიკოსების - მთარგმნ.) დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები" (იოანე 10:1-16). ამიტომაც, ქადაგებდნენ დაუღალავად ჭეშმარიტი მწყემსები - წმ. მოციქულები და წმ. მამები და დაქირავებულთა (ანუ ცრუმწყემსთა - მთარგმნ.) მსგავსად, უმოქმედობით თავს როდი იმშვიდებდნენ.

მთელი მათი ცხოვრება, როგორც ეს მათი ეპისტოლეებიდანაც ჩანს, იყო დაუღალავი ბრძოლა შეურყვნელი და ჭეშმარიტი სარწმუნოების გასამყარებლად, რათა მწვალებელთ მართლმადიდებლობის დაზიანების შესაძლებლობა წართმეოდათ; რომ სხვა სახარება ან გაუსახურებული და საკუთარ სურვილებს დაქვემდებარებული სხვა "ქრისტე" არ ექადაგათ. მათმა უმეტესობამ თავისი სიცოცხლე გასწირა და მოწამე გახდა "ქრისტესა და წმიდა სარწმუნოების გულისთვის". ისინი არიან უდიდესი აღმსარებლები და ჭეშმარიტების მოძღვრები: დევნილნი, შეურაცხყოფილნი, ცილნაწამებნი, ნაგინებნი, ყოველდღე მომაკვდავნი...

მოციქულმა პავლემ, როდესაც მილიტაში თავისი აღსასრულის მოახლოვება იგრძნო, ეფესოში მყოფ პრესვიტერებს თავიანთი მსახურების უპირველეს მოვალეობად საკუთარი თავისა და სამწყსოსთვის ლოცვა დაუსახა. დაავალა მათ დაემწყემსათ ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია, ქრისტესი, რომელიც არ ფილოსოფოსობდა, არც ყალბ სიმშვიდეს მისცემია და არც უმბრძანებლია, არამედ საკუთარი სისხლი დაღვარა თავისი ეკლესიისთვის.

მან გვიწინასწარმეტყველა, რომ "მოვიდოდნენ ცხვრის ქურქში გახვეული მგლები", ანუ ერეტიკოსები. ხოლო, ყველაზე მწარე და სამწუხარო ის გვიწინასწარმეტყველა, რომ სწორედ მათგან, ანუ ეპისკოპოსთაგან და მღვდელთაგან აღდგებოდნენ კაცნი, "რომელნიც ილაპარაკებენ უკუღმართად, რათა მოწაფეები გადაიბირონ" (საქმე 20:30)...

და რადგან ეს წინასწარმეტყველება იყო, უმოკლეს დროში აღსრულდა კიდეც და დღემდე მოჰყვება იგი ეკლესიის მთელს ისტორიას. ქრისტე ვინმეს კი არ ამშვიდებს ამის გამო, არამედ განგაშის საყვირს სცემს, ყურადღებას იპყრობს და გვაფხიზლებს. ის მათ ეუბნება: "მაშ, იფხიზლეთ და გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამ, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თვითეულ თქვენგანს" (საქმე 20:31). პავლე მოციქულის ეს "იფხიზლეთ" არის მოწოდება, რომელიც დღეს დავიწყებულია და რაოდენ ცუდად იქცევა მრავალი ჩვენი კლერიკოსი, როდესაც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გზიდან გადაჰყავს მართლმორწმუნეთა დიდი რაოდენობა და პაპიზმისა და ეკუმენიზმის მთხრებლში აგდებს მათ.

ის რომ "ეკლესია არსოდეს დაეცემა" ჭეშმარიტია, მაგრამ არა ყალბი სიმშვიდის პოზიციიდან, რომელიც უმოქმედობისა და გულგრილობისკენ უბიძგებს ადამიანს, არამედ როგორც ბრძოლისკენ მოწოდება: "იფხიზლეთ, იშრომეთ, იღვაწეთ, თამამად აღიარეთ თქვენი სარწმუნოება და ღმერთი არ მიატოვებს თავის ეკლესიას". ჩვენი თანაქმედითობის გარეშე (სინერგია), რომელიც ჩვენი სარწმუნოების სწავლებაა, ღმერთი მიგვატოვებს, რადგან ის საკუთარი ნებისა და ღმრთისადმი სწრაფვის გარეშე როდი აცხოვნებს, პროტესტანტების მცდარი და მწვალებლური სწავლებისგან განსხვავებით, რომელიც აბსოლუტურ წინასწარგანსაზღვრულობას ასწავლის.

სხვათა შორის, ისტორია გვასწავლის, რომ გაქრნენ მთელი ძველი ადგილობრივი ეკლესიები, როგორც მაგალითად, აპოკალიფსისის შვიდი ადგილობრივი ეკლესია, ხოლო მრავალი სხვა დაუძლურდა და უმთავრესად, სარწმუნოებისგან განდგომის გამო, მოძღვართა და ერისკაცთა გამცემლობის გამო სულს ძლივსღა ღაფავს.

მაგრამ ეკლესია მაინც არსებობს! მართლმადიდებლობა აღზევებულია და გამრავლებულია სხვა ხალხთა ხარჯზე, რომელიც ჭეშმარიტებაში იარება და წინ ეკლესიის ჯვარცმული დამფუძნებლის მტკიცე ხელი და განგებულება უძღვის. მწვალებლური დასავლეთი, რომელიც გარეგნული ტანჯვისგან, საღმრთო პედაგოგიისა და მფარველობის ამ ნიშნისგან, გათავისუფლებით ამაყობს და, რომელსაც სრულიად დაუკარგავს თავისი ქრისტეანული არსი, სრულიად განიდრიკა ქრისტეანობისგან. და ეს სულიერი გაპარტახება კიდევ უფრო მძიმეა, რადგან სულიერი სიკვდილი ხორციელ სიკვდილზე უარესია. "ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას" (მათე 10:28). მთელი ევროპა, რომელიც უკიდეგანო სასაფლაოს დამსგავსებია, სიკვდილის ამ სუნითაა აყროლებული, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა პაპიზმსა და პროტესტანტიზმს ეკუთვნით. მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს სუნი ამ მწვალებლებთან მეგობრობას, ვიზიტებსა და შეხვედრებს გადააქვს. მეტიც, ჩვენ ხომ მათ "ეკლესიებადაც" ვაღიარებთ, და მივიჩნევთ, რომ იქაც არის "გზა ცხოვნებისა".

დასავლეთის ხალხები მათ სულიერად მოკლეს, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, ცხოველმყოფელი და მაცხოვნებელი მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება ვაჩვენოთ და მათი ერებიც გადავარჩინოთ, რაღაც აბდაუბდას ვქადაგებთ და საკუთარ კურთხეულ ერსაც ვაეჭვებთ. მეტიც, ვუბიძგებთ მას წარწყმედისკენ, რადგან წმიდა მამათა დადგენილებებს ვარღვევთ, რის გამოც ძალზედ ადვილია ჭეშმარიტებიდან მწვალებლობაში, სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლა (...).

ძალიან მალე საბერძნეთში საძებარი გვექნება მართლმადიდებლობა და ვერ ვჰპოვებთ მას. ვკარგავთ ჩვენს შვილებს, აწმყოს, მომავალ თაობებს... უმრავლესობა ვერ ხედავს საშიშროებას, რადგან სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩაურგავს. მართლაც, ეკლესია არ გაქრება, შეიძლება ათი ათასობით სული გაქრეს, მართლმადიდებელიც და არამართლმადიდებელიც, მაგრამ, სამი მართლმადიდებელიც რომ დარჩეს, ის იარსებებს!...

ამ აშკარა საშიშროების წინაშე, რომელიც დღეს გვემუქრება, აუცილებელია უმეცრების გამო ჩაძინებული მართლმადიდებელი ერი გამოვაღვიძოთ... როგორც კონსტანტინოპოლის მომავალი დანგრევის მჭვრეტელი პატრიარქი, გენადი სქოლარიუსი ამბობდა, "აუცილებელია გავაღვიძოთ ქალაქი, რომელსაც სძინავს და ვერ შეუგნია ის ბოროტება, რომელიც მოდის" (...).

მაშ, მოდი, მუხლზე დავეცეთ და ვევედროთ ქრისტეს, რომელსაც ჩვენი უდებების გამო თითქოსდა ჩასძინებია ქარიშხლით ატაცებულ ნავში, რათა გაიღვიძოს, დააცხროს ქარბუქი, განაქარვოს განხეთქილებანი და ყველა დაბნეული და მწვალებელი დააბრუნოს თავის წმიდა ეკლესიაში, რადგან მხოლოდ ეს შექმნის ჭეშმარიტ ერთობას. არ უნდა მივეცეთ უსასოობას, არამედ სიხარულით გადავიტანოთ ჭირვებანი და ვიყოთ სასოებით აღვსილ მოლოდინში, რადგან საბოლოო ჯამში გამარჯვება და ტრიუმფი ქრისტესი იქნება და არა ანტიქრისტესი.

http//orthodoxia-agiapisti.blogpost.com/2008/01/blog-post_03.html




1. სადღეისოდ, მხოლოდ ორი, საქართველოს და ბულგარეთის, ავტოკეფალური ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან და ეკუმენიზმიდან განდგომის ხაზს მისდევენ (შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკუმენიზმიდან გამოსვლით საქართველოს ოფიციალური, "მართლმადიდებელი" ეკლესია, ეკუმენისტურ ხაზს არც ისე მტკიცედ განუდგა, რაზეც უამრავი ფაქტი მეტყველებს. ავიღოთ თუნდაც მისი ევქარისტული ერთობა იმ ეკლესიებთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ეკუმენიზმში. გამოდის, რომ საქართველოს ოფიციალური ეკლესია, მართალია, ემს-ს სხდომებში არ მონაწილეობს, მაგრამ ირიბად მაინც ეკუმენისტური მიმართულების ერთგული რჩება და პოლიტიკურ კონიუნქტურასაც უწევს ანგარიშს. იგივე უნდა ითქვას ბულგარეთის "მართლმადიდებელ" ეკლესიაზეც - მთარგმნ.). მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში შეკრულმა ერმა, საეკლესიო სისავსემ, მრავალ კლერიკოსებთან და ბერებთან ერთად აიძულეს საეკლესიო ხელისუფლება მიჰყოლოდა მართლმადიდებლობის გზას! ეს მართლაცდა აუხდენელი ოცნებაა ეკლესიათა უმეტესობისთვის, სადაც ეკუმენისტური ხელმძღვანელობა სრულიად აკონტროლებს სიტუაციას და მუქარებით, დევნითა და აკრძალვებით ახრჩობს და ახშობს მართლმადიდებელთა სამართლიან ხმას. ამ მხრივ დამახასიათებელია რუმინეთი, სადაც კომუნისტური მონობა და შევიწროება ეპისკოპოსთა უმრავლესობის ეკუმენისტური სისასტიკით შეიცვალა. ერისკაცთა უმრავლესობის თავშესაფრად მხოლოდ მონასტრებიღა თუ რჩება.



http://www.apocalypse.ge/apost_t_zizisi_martlmadidebloba_safrtxeshia.html


Комментариев нет:

Отправить комментарий