ღმერთი

ღმერთი

суббота, 27 июля 2013 г.

ცნობები უძველესი წყაროებიდან.

კობა ჭუმბურიძე
ცნობები უძველესი წყაროებიდან



”ჰალიძონთა სპას მოუძღვებოდნენ ოდიოსი და ეპისტროფოსი,

ვერცხლის უშრეტი საბადოებით სახელგანთქმული ალიბეს მხრიდან”

ილიადა

უძველეს ისტორიულ წყაროებში მრავალი საინტერესო ცნობა მოიპოვება ჩვენი ერის შესახებ. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ ფრაგმენტებს, რომლებიც საბრძოლო ხელოვნების თვალსაზრისითაა საინტერესო:

დავიწყოთ იმით, რომ, ჩვენი მიწა ერთ-ერთი პირველი კერა ყოფილა ადამიანის მოდგმისა. ამის დასტურია დმანისში ნაპოვნი უძველესი ევროპელი ჰომინიდი, რომელიც აქ 1,8 მილიონი წლის წინ სახლობდა. იქნებ სწორედ მისი შთამომავალი გამრავლდა და განეფინა ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე, ხოლო მოგვიანებით, მცირეოდენ აჭრელებული, რიგ მიზეზთა გამო, ისევ საწყის წერტილში შეიკუმშა და ქართულ ეთნოსად იწყო დადგინება.

ბიბლიაში, თავში “პირველი ნეშტთა”, პატრიარქ ნოეს ახლო შთამომავალთა შორის მოიხსენიებიან:

- ნოეს ძის, იაფეთის ვაჟები – თუბალი და მეშექი.

- ნოეს ძის, ქამის შვილიშვილი – ხეთი

- ნოეს ძის, სემის ვაჟი – ასევე მეშექი

- ლამექის ძე – თუბალ-კაინი

- ციბყონის ძე – აია

- სემისა – ელამი

ეს სახელები იმიტომ გამოვყავით, რომ ისინი წინარექართულ, ან მათ მონათესავე ტომთა დასახელებებს ემთხვევიან.

ქასქები, პონტოს მთებში, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მოსახლე ტომი, პირველად მოიხსენიება ძვ. წ. XVII საუკუნის ხეთურ წყაროებში. ეს ტომი პროტოხეთების, ანუ ხეთთა წინამორბედი კულტურის შემოქმედი ხათის ტომის მონათესავეა. პროტოხეთურად მთვარეს “ქაშქუ” ერქვა(!) (ინდოევროპული მოდგმის ხეთები ამ ტერიტორიაზე ძვ. წ. III ათასწლეულში გამოჩნდნენ და ხათის კულტურის გავლენის ქვეშ განავითარეს საკუთარი).

ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებს ხეთთა დედაქალაქი ხათუსა დაურბევიათ. საუკუნის შემდეგ ამ ტომს ხეთთა სახელოვანი მეფის, სუფილულუმას ძე – მურსილი II შებრძოლებია. საინტერესოა, რომ თვით სუფილულუმა ხელშეკრულებებში მოიხსენიება გამოთქმით “ჩემი მზე” (შეადარე ჩვენებური გამოთქმა “ჩემმა მზემ”).

ქასქების საზოგადოება სამხედრო დემოკრატიის პრინციპით ყოფილა მოწყობილი.

ლეგენდარული ქალაქის ტროას სახელი გადმოცემით ფრიგიის მეფის, ერითრონოსის ძის ტროსის სახელს უკავშირდება. ფრიგია კი, როგორც ცნობილია, მუშქებით იყო დასახლებული. იქნებ ამით აიხსნება, რომ ტროას ომში ქართველ ტომთა ერთი ნაწილი ტროელთა მხარეს იბრძოდა (ჰომეროსი პირდაპირ მიუთითებს ჰალიძონებს (ხალიბებს), რომელთაც ოდიოსი და ეპისტროფოსი სარდლობდნენ). გარდა იმისა, რომ ხალიბები ვერცხლის მოპოვებით იყვნენ ცნობილნი, ანტიკური სამყარო მათ რკინის პირველდაუფლებასაც მიაწერს.

ზოგი ბერძნული მითის თანახმად ლითონის დამუშავება ტროას მახლობლად, იდას მთაგრეხილთან მოსახლე დაქტილებმა დაიწყეს. ამ არემარეში მცხოვრები დარდანოსთა ტომი კი რომაელთა წინაპრად ითვლება, რადგან მათი მეფე იყო ანქიზე, ტროას მეფის, ილოსის შვილიშვილი და ენევსის მამა.

ამ ვერსიით ფრიგიის ათლეტიკურ თამაშებზე გამარჯვებულ ილოსს ზევსის ნებით დაუარსებია ქალაქი, რომელსაც მისი სახელის მიხედვით ილიონი (ტროას მეორე სახელი) ეწოდა. ამდენად, ფრიგიული ათლეტური თამაშები უნდა გამართულიყო დაახლოებით XIV საუკუნეში, ანუ ბერძნული ოლიმპიური თამაშების დაწესებამდე ექვსი საუკუნით ადრე.

მითის მიხედვით ილოსის წინაპარი დარდანი ჰესპერიაში (დღევანდელი იტალია) დაბადებულა. შემდეგ გადმოსახლდა ფრიგიაში, სადაც ადგილობრივმა მეფემ სამეფო უბოძა და ქალიშვილი მიათხოვა. ილოსის შვილთაშვილი ენევსი, ტროას ომის გმირი, ქალაქის დაცემის შემდეგ, ზევსის ნებით თავის ამალასთან ერთად ძველ სამშობლოში – იტალიაში (ლაციუმში) გადასახლდა, სადაც მას გულთბილად დახვდნენ ადრე ჩასული არკადიელები (პელაზგნი) და მის მხარეზეც იბრძოლეს რუტულთა წინააღმდეგ.

ამის შემდგომ (ასევე ზევსის ნებით) ენევსის შთამომავლებმა დააარსეს რომი. ცნობილია, რომ იულიუს კეისარი და მთელი მისი გვარი ენეადთა შთამომავლობით ამაყობდა.

გადმოცემის თანახმად იტალიას სახელი აქ გადმოსახლებული სიკულების (სიცილიელთა) მეფის, ოდისევსისა და ცირცეს (აეტის დის) შვილიშვილის, იტალოსის სახელის მიხედვით ეწოდა.

სწავლულთა აზრით ცირცე არის მცდარი წარმოთქმა სახელისა კირკე, რაც ბერძნულად შევარდენს ნიშნავს და აგრეთვე წრეს, მრგვალს. ასევე არის მისი დაკავშირების მცდელობა სვანურ სიტყვასთან – ლიკირკე (გაგორება). იქნებ უფრო ბუნებრივია მისი ახსნა იმ ენაში ვეძიოთ, რომელზეც მისი ნათლია მეტყველებდა. ცირა მეგრულად მცირეს, პატარას ნიშნავს. შეადარე მეგრულსავე სახელს – ცოტნე (ცოტა, პატარა).

როდესაც ასურეთის მბრძანებელი ტიგლატ-ფალასარი თავის წარწერაში (1100 წ.ძ.წ.) პირველად მოიხსენიებს მუშქებს, ეს უკანასკნელნი იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ ასურეთის სამფლობელოთა დაპყრობას ლამობდნენ. მუშქთა ქვეყანა რამდენიმე სამეფოსაგან შედგებოდა, მაგრამ, როგორც წარწერიდან ჩანს, საჭიროებისას ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ.

ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებულია ქართული ტომები, რომელთა წინააღმდეგაც ასურეთი ძველი წელთაღრიცხვის XI-დან VIII-ე საუკუნემდე აწარმოებდა ბრძოლას. მუშქებთან ერთად ესენი გახლავან თუბალები და ქასქები.

ურარტუ ასურული დასახელებაა და ამ ენაზე სრულქმნილ ხალხს ნიშნავს. თავად ურარტელნი თავის ქვეყანას ბიაინას ეძახდნენ. სარგონ II-ის წყაროებით ურარტუს ჯარს ჰყავდა ყველაზე უკეთ გაწვრთნილი ცხენები, რომლებიც “შეტევაში, ეტლში, უკანდახევაში თუ საბრძოლოდ განლაგებაში არასდროს ხდებიანო უმართავნი”.

ადრეული ურარტუ ნაირის ტომთა ერთობლიობა იყო და ცენტრალიზებული გახდა ძ.წ. 900 წელს. დედაქალაქი იყო თუშფა, მდინარეს კი გუგუნა ერქვა (მთის ხმაურიანი მდინარე თუ იყო?). აშენებდნენ ფანჯრებიან და აივნებიან სახლებს. ვაჭრობდნენ საკმაოდ დიდ მანძილზე. ურარტული ხარისთავა კარდალა იტალიაშია ნაპოვნი. სხვათა შორის, სომხები ჩვენ გვეძახიან ურაცის. პროფესორ ერზენის თვალსაზრისით ურარტული აგლუტინაციური, ანუ არაინდოევროპული ენაა.

აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული ერთი მასალის თანახმად (სტატიის ავტორი ბ. პიოტროვსკი) ურარტუს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე, დაახლოებით ძ.წ. VI საუკუნეში, დასავლეთიდან მოვიდნენ პროტოსომხები და შეერივნენ ადგილობრივ ტომს (HURRIANS).

თუ ეს ჰურიანი თავის თავს ქალდეას ეძახდნენ, შესაძლოა მათ ნათესაური კავშირი ჰქონდეთ სემიტურ ტომ ქალდუსთან, რომელიც არამეულ ენაზე მეტყველებდა. ბერძენ-რომაელნი ბაბილონელ ქურუმებსაც კი, მათი განსაკუთრებული ცოდნა-უნარის გამო, ამ დაწინაურებული ტომის მიხედვით ქალდეველებს ეძახდენ.

ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს ურარტული სიტყვები : არწიბი – არწივი ; ათიბი – ათი ათასი ; ათუ – შეჭმა, განადგურება (ჩვენში ბავშვს, ლუკმის გადაყლაპვის მერე, აჩვენებენ ცარიელ კოვზს და ეტყვიან – ათუ). ასევე საინტერესოა ურარტული გამოთქმები “ივრი ალალე” (უფალო ალალე), “თარი ალალე” (ძლიერო ალალე), “არი ალალე” (მომეც ალალე)…

ურარტუს დამხობის შემდეგ სახელმწიფოებრივმა ცენტრებმა ჩრდილოეთით გადაინაცვლეს, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორი ქართული სახელმწიფო – იბერია და კოლხეთი.

ძველ აღთქმაში მე-6 საუკუნეში მცხოვრები ეზეკიელ წინასწარმეტყველი ასე აღწერს მუშექთა და თუბალთ: “დიდებულად შემოსილი უშქარი კრებული, თოროსანნი და ფარისმპყრობელნი, მახვილიანნი…, ყველანი ცხენზე ამხედრებულნი”.

ამ პერიოდში კოლხები ქმნიან ძლიერ სამეფოს, რომელიც ურარტულ ლურსმულ წარწერებში კულხა/კოლხას სახელით იხსენიება. სტრაბონი შემდეგ ცნობას გვაწვდის კოლხეთის შესახებ: “თუ რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იაზონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე ფრიქსეს [ლაშქრობაზე]… ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი ამ ლაშქრობებისა”.

კოლხთა მეფე აიეტი მოხსენიებული ჰყავს ჰესიოდეს (VIII ს. ძვ. წ.), ხოლო არგონავტების მითის უძველესი ვარიანტი მოყვანილია ევმელოს როდოსელის “კორინთიკაში” (VIII ს. ძვ. წ.). ევმელოსის აზრით კოლხთა მეფე აიეტი კორინთოდან იყო წარმოშობით. მითის თანახმად კი მას მემკვიდრეობით ერგო კორინთო, მაგრამ კოლხეთი ირჩია. ამ მოსაზრებაში წინარექართულ ტომთა ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთით მიგრაციის ცოდნა იკითხება.

ჰეროდოტეს (480-426 წ.ძ.წ.) ცნობით – “მოსხები ატარებდნენ ხის ჩაჩქანს, ფარსა და მოკლე შუბებს, რომელთაც გრძელი რკინა ჰქონდათ. ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები სალაშქროდ მოსხთა მსგავსი შეიარაღებით გამოდიოდნენ”.

- “ხალიბებს თავზე ეხურათ სპილენძის მუზარადები, მუზარადებზე იყო სპილენძისგან ნაკეთები ხარის ყურები და რქები”.

- “მარები ატარებდნენ ადგილობრივ მოქსოვილ მუზარადებს და შეიარაღებულნი იყვნენ ტყავის პატარა ფარებითა და ხელშუბებით.

კოლხები ატარებდნენ ხის ჩაჩქნებს, ხარის გამოუქნელი ტყავის პატარა ფარებს, მოკლე შუბებსა და საბრძოლო დანებს”.

ქსენოფონტე (431-354 წ.ძ.წ.) ხალიბთა შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “ეს იყო უმამაცესი ხალხი მათ შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონდათ თავისი ლაშქრობის დროს. ეს ყველაზე უკეთ მათ იგრძნეს, ვინც მათთან ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობდა. ხალიბები ატარებდნენ სელის ჯავშანს. ამ ჯავშნის ქვედა ნაწილი შედგებოდა სქლად ნაქსოვი ზონრებისაგან. მათ ჰქონდათ აგრეთვე ანქერი და მუზარადი, ქამრებზე კი ეკიდათ ხმლები დაახლოებით სპარტულ მახვილთა ზომისა. ამ ხმლებით ისინი ხოცავდნენ ყველას, ვისაც კი მოიხელთებდნენ. ისინი თავებსაც კვეთდნენ და მიჰქონდათ წინ, ცეკვითა და სიმღერით, მტრის დასანახად. მათი შუბების სიგრძე 15 ბერძნულ არშინს აღწევდა და ერთ მხარეზე გამახვილებული რკინა ჰქონდა. ისინი თავიანთ ადგილებზე ცხოვრობდნენ, ხოლო როდესაც ელინები მახლობლად გაივლიდნენ, დაედევნებოდნენ და ებრძოდნენ”.

დრილები, ქსენოფონტეს ცნობით – “ცხოვრობენ ძნელად მისადგომ მთებში და პონტას ყველაზე უფრო მეომარ ხალხს წარმოადგენენ”.

“ტაოხების ქვეყანაში ელინთა ჯარის შესვლის დროს მთელი ხალხი დადგა ფეხზე. ქალები მამაკაცებთან ერთად იბრძოდნენ. ტაოხები თავისუფლების დაკარგვას სიკვდილს ამჯობინებდნენ და მტერს ტყვედ არ ნებდებოდნენ.”

კარდუხები კი “საუცხოო მშვილდოსნები იყვნენ; მათი მშვილდები სიგრძით თითქმის სამ არშინს აღწევდა, ხოლო ისრები ორ არშინზე მეტი იყო. სროლის დროს, საბელის მოჭიმვისას, მარცხენა ფეხს მშვილდის ქვედა ბოლოს ადგამდნენ. მათი ისრები ფარსა და ჯავშანს ხვრეტდა”.

ევსტათის კომენტარებში დიონისე პერიეგეტის შესახებ ვხვდებით შემდეგ ცნობას: “დიონისე ლაპარაკობს, რომ იქ ცხოვრობენ კადუსიანები, რომელთა ქვეყანა მთაგორიანია; ისინი მარდად დაძვრებიან მთებზე, სტრაბონის თქმით, საუცხოოდ ტყორცნიან შუბს და კლდოვან ადგილებში წარმატებით იბრძვიან ქვეითად ცხენოსანთა წინააღმდეგ”.

ტიბარენები თამაშობათა მოყვარულნი ყოფილან. ეფრონის მე-5 წიგნში ნათქვამია – ტიბარენები ხალისით თამაშობენ და მხიარულობენ და დროის ამგვარი გატარება დიდ ბედნიერებად მიაჩნიათო. აპოლონ როდოსელის სქოლასტი კი აღნიშნავს – ტიბარენები ყველაზე უფრო სამართლიანნი არიან. ისინი არასოდეს ჩაებმებიან ბრძოლაში, სანამ არ დაადგენენ ბრძოლის დღეს, ადგილსა და დროსო.

სტრაბონი გვიამბობს: “სოანები… თავის სიმამაცითა და სამხედრო ძლიერებით თითქმის ყველა ხალხებზე უფრო სახელოვანნი არიან. ისინი ცხოვრობენ კავკასიის მაღლობებზე, დიოსკურიის ზემოთ და მართავენ ყველა გარშემორტყმულ ხალხებს”.

არიანე (100-160 წ.ა.წ.) სანთა (ჭანთა) შესახებ წერს: “ხალხები, რომელთა ქვეყნები ჩვენ გავიარეთ, შემდეგია: ტრაპეზონდელების მოსაზღვრე – კოლხები, როგორც ამბობს ქსენოფონტე; მეორე ხალხს კი, მეტად მეომარსა და ტრაპეზონდელთა მიმართ მტრულად განწყობილს, ქსენოფონტე დრილებს უწოდებს. მე კი მგონია ეს სანებია, რადგან ისინი დღემდისაც მეტად მეომარი და ტრაპეზონდელებისადმი ძლიერ მტრულად განწყობილნი არიან. ეს ხალხი მიუდგომელ ადგილებში სახლობს და მეფეები არა ჰყავს”.

ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათი სქოლასტიკოსი ლაზთა შესახებ: “ძლიერ და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც ხელმძღვანელობდნენ; ამაყობდნენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობდნენ, შესაძლოა არც თუ უსაფუძვლოდ. იმ ტომებს შორის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს ექვემდებარებიან, მე არ მეგულება არც ერთი სხვა ესოდენ სახელგანთქმული და მორჭმული, როგორც თავისი სიმდიდრის სიუხვით, ისე ქვეშევრდომთა სიმრავლით, როგორც მიწა-წყლის სიჭარბითა და მოსავლიანობით, ისე ხასიათის სილამაზითა და სიცქვიტით”.

აგათი სქოლასტიკოსს მოხსენიებული ჰყავს ტომით ქართველი რომაელთა სარდალი თეოდორე, რომელსაც “რომაელ სამხედრო მეთაურებს შორის პირველი ადგილი ეკავა”. მისივე თქმით, ლაზები ფრიად დახელოვნებული ზღვაოსნები იყვნენ.

ევკაპი სარდოსელი მოიხსენიებს რომაელ შუბოსანთა მეთაურს, ფაზისელ სუბარმარხს (ეს სახელი ძველი ქართულით შესაძლოა მარჯვე..

ძველეგვიპტურ ღვთაებათა ანარეკლი ქართულშიავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ეთნოლოგია ერთი ვერსიის თანახმად სამყაროს შეიქმნა ცოლ-ქმრად წარმოდგენილ ღვთაებათა ოთხი წყვილის მიერ თავდაპირველი ქაოსიდან.

ამ ღვთაებათა ჯგუფს ოგდოდი ჰქვია და ისინი არიან პირველსაწყისი ქმნილებანი. მამრი ღვთაებანი გამოისახებიან ბაყაყის თავით მამაკაცის სხეულზე, ხოლო მდედრები – გველის თავით ქალის სხეულზე.

ამ ღვთაებებს თაყვანს სცემდნენ ჰერმოპოლისში.

ღვთაება რა მათ მიერ შექმნილ ტურტლის (მეჰტურტ) გორაში იშვა.

ჰუჰი და ჰუჰეთი უსასრულობის გამგებელნი არიან, ნუნი და ნუნეთი – პირველსაწყის წყალთა, ამუნი და ამუნეთი – დაფარულთა (უხილავთა), კუკი და კუკეთი კი წყვდიადისა.

თუმც ამავე დროს, კუკი (კეკი) და კუკეთი სინათლის შექმნაშიც მონაწილეობდნენ. კუკი, როგორც ღამის ღვთაება, სინათლის მომტანად ითვლებოდა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ იგი განაგებდა ღამის მდინარებას და მზის მშობელ ბინდბუნდს.

რას ეძღვნება ჩვენებური როკვა ფარცაკუკუ (კუკილით ხლტომა – საბა). რატომ უნდა ეძახდეს ქართველი წყვდიადს – კუკუნეთსა და კუკუნახს, ხოლო თამაშს – კუკუდამალობანას (კუკუმალულობია).

გავიხსენოთ აგრეთვე თამაში – კეკე, კეკე, მალულა და წარმოვიდგინოთ, რა დროიდან მოდის ჩვენამდე ლექსი:

კეკე, კეკე, მალულა ტყიდან გამოპარულა, დაიჭირა ღამურა, შეწვა, შეახრამუნა.

კუკუნეტი ჩუქჩების ენაზე ჰქვია ბალახს, რომელიც პირველი არღვევს წყვდიადს და მზისკენ მიისწრაფის. ამ ბალახს ჩუქჩის ქალები აგროვებენ, პროცესს კი კაცები უთვალთვალებენ და თავისთვის სასურველ ქალს არჩევენ.

კუკუნა ჰავაიურად მზის სხივია.

კუკუნეთი – უკუნეთი – უკანასკნელი,

კუკი – რაღაცგვარ თოჯინას ქვია, ერთი ახსნით საფრთხობელასაც. იქნებ ეს კუკ-ღვთაების შესახედაობიდან გადმოდის.

ღვთაება შუ ცასა და მიწას შუა შრეა. გარდა ამისა, მისი ერთერთი სახეა შუქი (შეადარე შუმერულ ლილს, რომელიც ერთდროულად შუაშრეა და მასში მოძრავი მზეც და აქვე გაიხსენე სვანური ლილე). ეს ცოდნა გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს გააზრებული ჰქონდათ ატმოსფეროს მიერ სინათლის გარდატეხა და გაფანტვა.

შუ – შუა, შუქი

შუ ბასკურად ცეცხლია

მთვარის მამრი ღვთაება იშვიათია. თოთი ერთი ამათგანია. მან მთვარის ღვთაება ხნუმი (ხმუნი) დაამარცხა და მთვარის შუქის გამოყენებით დღეები დააწესა(?)

თოთი – თუთა (მეგრ. მთვარე)

ნილოსის ყოველწლიურ მოდიდებას ღვთაება ჰაპი განაგებდა.

ჰაპი – ხაპი – ხაპვა

დედაღვთაება მუტი კომენტარსაც არ საჭიროებს.


http://iberiana.wordpress.com/about/k-chumburidze/

Комментариев нет:

Отправить комментарий