ღმერთი

ღმერთი

среда, 31 июля 2013 г.

როგორ გავიგოთ ფრაზა: „სიმდაბლე უპირატესობას მოყვასს ანიჭებს"?

დიდი ბოროტებაა, როდესაც ჭეშმარიტ სარგებლობას კი არა, პირველობას ვესწრაფვით. ნურასოდეს მოვინდომებთ პირველობას, არამედ მივდიოთ ნეტარი პავლეს რჩევას, რომელიც ამბობს: „ძმათმოყვარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივისცემასა ერთიერთსა უსწრობდით" (რომ. 12,10), და ვეცადოთ დავიმდაბლოთ თავი. რამეთუ სწორედ ეს ანიჭებს ადამიანს პირველობას, როგორც მაცხოვარმა თქვა: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლკ. 14,11). ჭეშმარიტი სიმდაბლე ის არის, როდესაც ვუთმობთ მათ, ვინც ერთი შეხედვით ჩვენზე დაბლა დგას, და უპირატესობას ვანიჭებთ მათ, ვინც ჩვენზე უარსი ჩანს. თუმცა, თუ განსჯის უნარს მოვუხმობთ, არც არავი მივიჩნევთ ჩვენზე უარესად, არამედ ყოველ ადამიანს ჩვენზე უკეთესად ვაღიარებთ. და ამას საკუთარ თავზე კი არ ვამბობ, ვინც უთვალავ ცოდვებში ვარ ჩაძირული - არა, დაე მან, ვინც თავის თავში აურაცხელ სათნოებებს ხედავს, იცოდეს, რომ თუ თავს ყოველ ადამიანზე უარესად არ მიიჩნევს, ყველა მისი ღირსება არავითარ სარგებლობას რა მოუტანს. რამეთუ სიმდაბლე სწორედ ის არის, როდესაც მავანი, ვისაც აქვს სიამაყის მიზეზი, თავს იმდაბლებს, არარად აგდებს და თავმდაბლად იქცევა.

სწორედ მაშინ აღწევს იგი ჭეშმარიტ სიმაღლეს, როგორც უფალმა აღგვითქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს". მართლაც, არაფერს მოაქვს სულისთვის ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე, როგორიც თვინიერებას და თავმდაბლობას, ეს სიკეთე კი მისი მფლობელისათვის ყოველგვარ დიადემაზე უფრო ძვირფასია და ყოველგვარ დიდებასა და ბრწყინვალებაზე უფრო სასარგებლო. რამეთუ ვინ შეიძლება იყოს უფრო ნეტარი, ვიდრე შინაგანი ბრძოლისგან თავისუფალი კაცი? თუნდაც ამა სოფლის ყველა სიკეთეს ვფლობდეთ, თუ ჩვენს სულში გულისსიტყვათა შფოთისაგან ატეხილი ხმაური და ქარიშხალი დგას, მაშინ გარეგნულ სიმშვიდეს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს - ისევე, როგორც არაფერია იმ ქალაქზე უფრო ბედკრული, რომელსაც უთვალავი კედელი და ციხესიმაგრე იცავს, მაგრამ მისივე მკვიდრნი ღალატობენ. ამრიგად, გვედრით, პირველ ყოვლისა იმას ვეცადოთ, რომ ჩვენი სული შფოთისაგან შეუვალად ვაქციოთ, სიმშვიდის ნავსაყუდელში შევიყვანოთ და გავთავისუფლდეთ ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობისაგან, რათა ჩვენ თვითონაც სრული მშვიდობით დავტკბეთ და ახლობლებთანაც თანხმობა გვქონდეს. რამეთუ სწორედ ესაა გონიერი არსების განმასხვავებელი თვისება, რომ იყოს მოკრძალებული, თვინიერი, შემწყნარებელი, მდაბალი, მშვიდი, არ აჰყვეს მონურ მრისხანებას ან რაიმე სხვა ვნებას, არამედ გონებით სძლიოს შინაგან შფოთს, დაიცვას თავისი მაღალი ღირსება და, თავისივე დაუდევრობით არ დაეცეს პირუტყვთა ცხოველურ მდგომარეობამდე.


წმიდა იოანე ოქროპირი



Комментариев нет:

Отправить комментарий