ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 28 июля 2013 г.

ღიმილი – ჯანმრთელობისა და წარმატების საწინდარი.

ღიმილი კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. რატომ უნდა იღიმოდეს ადამიანი? რა როლს თამაშობს ღიმილი ადამიანის ყოველდღიურ ურთიერთობებში? “ამბიონს” ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე ესაუბრა:

„ჩვენ ყოველდღე ვესალმებით ოჯახის წევრებს, მშობლებს, მეუღლეს, შვილს, ახლობლებსა და მეგობრებს და ამ დროს ვიღიმით, მაგრამ შეიძლება არც დავფიქრებულვართ, რატომ ვაკეთებთ ამას და რას ნიშნავს ეს გარშემომყოფებისთვის.

უამრავი კვლევით ცნობილია, რომ ღიმილისა და სიცილის დროს სახის კუნთებიდან განსაკუთრებული იმპულსები გამოდის, რომლებიც ნერვული სისტემისა და თავის ტვინის მუშაობაზე დადებითად მოქმედებენ და დაძაბულობას ხსნიან. მაშინაც კი, როცა არ გიხარიათ და ძალით გაიღიმებით, იგივე მექანიზმი ჩაირთვება და თავს უფრო უკეთესად და მსუბუქად იგრძნობთ.

არსებობს მოსაზრება, რომ თუ ადამიანი ხშირად იღიმის, ის:

. გარშემომყოფებს დადებითად განაწყობს საკუთარი თავის მიმართ;

. ცხოვრებაში ის უფრო წარმატებულია;

. ის უფრო ჯანმრთელია.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ ღიმილი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ღიმილის მეშვეობით გარშემომყოფებს შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მათი დანახვა, მათთან ერთად ყოფნა გვიხარია და გვსიამოვნებს.


ღიმილით შეიძლება გამოიხატოს სიყვარული და ირონიაც, მოპატიჟება და აკრძალვა. თავისი მრავალმნიშვნელოვნებისა და მრავალფეროვნების გამო, ღიმილი შეიძლება გახდეს ენა, რომლითაც გამოიხატება უამრავი ემოცია და განცდა.

ნამდვილი ღიმილი გულიდან მოდის და ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას ეყრდნობა.

ღიმილი ადამიანს ეხმარება მეგობრების პოვნაში, აუმჯობესებს ჯანმრთელობასა და უხანგრძლივებს ცხოვრებას.

სიცილი, ისევე, როგორც ღიმილი, ადამიანის ორგანიზმზე დიდ დადებით ზეგავლენას ახდენს.

ნევროპათოლოგმა ჰენრი რუბინშტეინმა აღმოაჩინა, რომ ჯანსაღი სიცილის 1 წუთი შემდგომი 45 წუთის განმავლობაში ორგანიზმის მოდუნებას უზრუნველყოფს. ხანგრძლივი სიცილი ორგანიზმს ისეთივე ფიზიკურ დატვირთვას აძლევს, როგორც ტრენაჟორზე 10 წუთის ვარჯიში. სიცილი ზრდის სისხლში ჟანგბადის რაოდენობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მადას და წვავს კალორიებს.

აი, სწორედ ამიტომაც ნამდვილი, გულიანი სიცილი, ღიმილი ასე საჭიროა ჯანმრთელობისათვის.

სიცილი ასტიმულირებს ორგანიზმში საკუთარი გამაყუჩებელი ნივთიერებების გამოყოფას და ასევე “სიხარულის”,” ბედნიერების ჰორმონებიც” გამოიყოფა , რომლებსაც ენდორფინებს უწოდებენ და ამით ადამიანს აშორებს სტრესს და კურნავს.“

გვესაუბრეთ ღიმილის სახეობებზე…

გავრცელებულია ღიმილის ფორმები:

.ღიმილი მოკუმული ტუჩებით

ტუჩები ამ დროს სწორ ხაზს ქმნის და კბილები არ ჩანს. ამ ღიმილით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი რაღაცას მალავს.

თქვენთან არ სურს რაიმე საკუთარი შეხედულების, აზრის გამოხატვა, გაზიარება ან რაიმე ინფორმაციის განაწილება.

.გრეხილი ღიმილი

ასეთი ღიმილი სასაცილო ემოციებს ავლენს, ანუ როცა სახის ერთი მხარე იღიმება და მეორე კი მოღუშულად გამოიყურება, სახეზე ამ დროს თითქოს სრულიად განსხვავებული ემოციები იბრძვიან.

.ღიმილი ღია პირით

როცა ღიმილის დროს ქვედა ყბა ქვევით ჩადის და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი იცინის ან თამაშობს. ასეთი ღიმილით სურთ ხოლმე საკუთარ აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენა და პოზიტიური რეაქციის მიღება.

.ღიმილი, რომელსაც თან სდევს შუბლის ქვემოთ ამოხედვა

ამ დროს ადამიანის თავი ოდნავ ქვემოთ არის დახრილი. ადამიანი იღიმება ოდნავ ქვევიდან გვიმზერს. ღიმილი ამ დროს უფრო ბავშვური, ხალისიანი და იდუმალი გამოდის. ასეთი ღიმილი პრინცესა დიანას ჰქონდა.

და ბოლოს, ღიმილი დაცინვა

ამ დროს ადამიანი ავლენს ღიმილის რეაქციას სხვის უარყოფით საქციელზე, თუ ნათქვამზე ან რაიმე ცუდ მოვლენაზე. ამ დროს ღიმილი მისი შურიანობისა და ბოღმის გამოვლინებაა.

როგორი უნდა იყოს ადამიანის ღიმილი, რომ ხელოვნური არ იყოს და გარშემომყოფებისთვის კი – პოზიტიური?

ღიმილი არავერბალური ურთიერთობის უნივერსალური საშუალებაა.

შეხვედრისას ღიმილი ხსნის პირველი წუთების დაძაბულობას, ხელს უწყობს მშვიდ და დარწმუნებულ ურთიერთობას და დადებით ატმოსფეროს ქმნის ადამიანებს შორის. ღიმილით ვანიშნებთ ადამიანს, რომ მისი ნახვა გვახარებს, ის ჩვენს კეთილგანწყობასა და მეგობრულობაზე მიუთითებს.

იმისთვის, რომ ჩვენმა ღიმილმა დადებითი გავლენა მოახდინოს გარშემომყოფებზე, პირველ რიგში, ის უნდა იყოს გულწრფელი და ბუნებრივი და ასევე, დროული. უადგილო და უმიზეზო სიცილი თუ ღიმილი თანამოსაუბრეში გაღიზიანებასა და გაკვირვებას გამოიწვევს.

ფაქტია, რომ ხელოვნური ღიმილით იშვიათად, რომ ვინმე მოტყუვდეს და, რა თქმა უნდა, ის ვერც ბუნებრივ გაღიმებას შეცვლის.

ერთ-ერთი ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ ადამიანებს ერჩივნათ საქმე დაეჭირათ იმათთან, ვინც ბუნებრივად იღიმოდა, ვიდრე მათთან, ვინც ხელოვნურ სიხარულს გამოხატავდა.

იმისთვის, რომ ნამდვილი ღიმილი ყალბისაგან გავარჩიოთ, საჭიროა დავაკვირდეთ წარბსა და ზედა ქუთუთოს შორის ადგილს. ბუნებრივი ღიმილის დროს ეს ნაწილი ოდნავ ქვემოთ ჩამოდის, ხელოვნური გაღიმებისას კი უძრავად რჩება.

გულწრფელი ღიმილი ნიშნავს იყო უშუალო და საკუთარი დამოკიდებულება გამოავლინო. ეს თითქოს ნიჭიც კი არის. ზოგჯერ ადამიანს ეშინია გამოავლინოს თავისი სიმპატია მეორე ადამიანის მიმართ უბრალო გაღიმებით. არადა ამ ემოციას უამრავი დადებითი ეფექტი აქვს, ალბათ, ამასაც გავარჯიშება უნდა და შემდეგ ბუნებრივ უნარშიც გადავა. ნამდვილი გულითადი ღიმილი ხომ იზიდავს ადამიანებს, თავისკენ განაწყობს და ქმნის დადებით და მეგობრულ ტონს ურთიერთობაში?! გისურვებთ ხშირად გაიღიმოთ და საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს მეტი დადებითი ემოცია გაუმჟღავნოთ.

თეონა ნოზაძე


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий