ღმერთი

ღმერთი

среда, 31 июля 2013 г.

სიკვდილისა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სიკვდილისა და საუკუნო სიცოცხლის შესახებ.

სიკვდილთან ჩემეული, თავისებური დამოკიდებულება მაქვს. და ახლა, მინდა გაგიზიაროთ, თუ რატომ მაქვს სიკვდილთან არამცთუ მშვიდი, სასურველი, იმედიანი, თითქოსდა მოწყურებული დამოკიდებულებაც კი.

ჩემში პირველი ნათელი შთაბეჭდილება სიკვდილთან დაკვაშირებით მამაჩემთან საუბრისას შემოვიდა. ერთხელ მან მითხრა, რომ უნდა მეცხოვრა და მესწავლა სიკვდილის მოლოდინი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი მოლოდინი, როგორადაც საქმრო ელის სასძლოს; ველოდო მას, მსურდეს იგი, წინასწარ ვზეიმობდე მასთან შეხვედრას და შევხვდე მას თბილად, ალერსით.

აი, პირველი შთაბეჭდილება.

მეორე შთაბეჭდილება კი უკვე დიდი ხმის შემდეგ, მამის სიკვდილის დროს გამიჩნდა. იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. შევედი მასთან. ეს იყო პატარა ოთახი. ფრანგული სახლის მეორე სართულზე იდგა საწოლი, მაგიდა, ტაბურეტი და რამდენიმე წიგნი; შიგნით შევედი, კარი დავხურე და ისეთმა სიჩუმემ მომიცვა, რომ დავიყვირე:

- ადამიანებს ჰგონიათ, რომ სიკვდილი არსებობს?! ეს ხომ ტყუილია!

მთელი ოთახი სავსე იყო ისეთი სიცოცხლით, როგორსაც არ ქუჩაში, არც ეზოში და არც არსად არ შევხვედრივარ. აი, რატომ მაქვს ასეთი დამოკიდებულება სიკვდილთან და აი, რატომ განვიცდი ასე ძალუმად პავლე მოციქულის სიტყვებს: „ქრისტეა ჩემი ცხოვრება, ამიტომაცაა სიკვდილი მონაპოვარი“. სანამ ხორცში ვარ, მანამდე განშორებული ვარ ქრისტეს. მისმა სხვა სიტყვებმაც შემძრეს. მას მთელი ძალისხმევით სურს სიკვდილი და ქრისტესთან შეერთება: „თქვენ გჭირდებათ, რომ დავრჩე თქვენთან, მე ვიცოცხლებ“. ეს არის უკანასკნელი მსხვერპლი, რაც მას შეუძლია გაიღოს. ყველაფერი, რისკენაც ის მიისწრაფვის, რაზეც იმედოვნებს, რაც სურს, იგი მზადაა გადასდოს, რადგან იგი სხვებს სჭირდება.

მე ბევრი სიკვდილი მინახავს. 15 წელი ექიმად ვიმუშავე, მათგან 5 წელი ფრონტზე ვიმსახურე საფრანგეთის არმიაში. ამის შემდეგ 46 წელი მღვდელი ვიყავი და ნელ-ნელა დავასაფლავე ჩვენი ადრეული ემიგრაციის მთელი თაობა. მე გამაოცა იმან, რომ მართლმადიდებლები მშვიდად კვდებოდნენ, სხვები კი შიშით. და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მართლმადიდებლებს სწამთ მარადისობა, სწამთ, რომ გარდაცვალების შემდეგ საუკუნო სიცოცხლეს ეზიარებიან. უპირველესი ჭეშმარიტება, რომელსაც ყოველი მღვდელი და ყოველი ადამიანი უნდა უმეორებდეს თავის თავასაც და სხვასაც, არის ის, რომ ადამიანი სიკვდილისთვის კი არა, მარადიული ცხოვრებისთვის უნდა ემზადებოდეს.

სიკვდილის შესახებ გამოცდილება ჩვენ არა გვაქვს, არა გვაქვს გამოცდილება იმისიც, რაც სიკვდილის დროს ხდება. მაგრამ იმის შეგრძნება კი გვაქვს, თუნდაც ჩანასახის დონეზე, თუ რა არის მარადისობა. თითოეულ ჩვენთაგანს გამოუცდია წამი, როცა ადამიანი დროის გარეშე არსებობს, არსებობს ცხოვრების მთელი იმ სისავსით და იმ აღმაფრენით, რაც არ ეკუთვნის მიწას. ამიტომაც პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ და სხვასაც ვასწავლოთ - ეს არის ის, რომ სიკვდილისთვის კი არ უნდა ვემზადოთ, არამედ ცხოვრებისთვის. და თუ ვსაუბრობთ სიკვდილზე, მაშინ ვისაუბროთ მასზე, როგორც კარზე, რომელიც ფართოდ გაიღება და საშუალებას მოგვცემს შევიდეთ მარადიულობაში. მაგრამ სიკვდილი ადვილი მაინც არაა. რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ სიკვდილზე, მარადიულობაზე, მაინც არაფერი ვიცით სიკვდილზე თავისთავად.

მინდა გიამბოთ ომის დროინდელი ჩემი ცხოვრებიდან ერთი რამ:

ფრონტზე უმცროსი ქირურგი ვიყავი. გვიკვდებოდა ახალგაზრდა ჯარისკაცი, 25 წლისა. მასთან საღამოს მივედი, გვერდით დავუჯექი და ვეუბნები:

- როგორ გრძნობ თავს?

შემომხედა და მითხრა:

- ამაღამ მოვკვდები.

- გეშინია სიკვდილის?

- სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ მეძნელება ყველაფერ ამასთან განშორება, რაც ასე მიყვარს; ჩემს ცოლთან, სოფელთან, მშობლებთან. ის კი, მართლაც, საშინელებაა, მარტო რომ ვკვდები.

- შენ მარტო არ მოკვდები.

- ეს როგორ?

- მე შენთან დავრჩები.

- თქვენ ვერ შეძლებთ მთელი ღამის ჩემთან გატარებას.

- ვითომ რატომ? შევძლებ.

იგი ჩაფიქრდა და თქვა:

- ჩემთანაც რომ დარჩეთ, რომელიღაც მომენტში ჩემთვის ამის შეგრძნება შეუძლებელი გახდება, და მაშინ მე წყვდიადში მარტო ჩავეფლობი.

- არა, სულაც არ იქნება ასე. შენ მე მიამბობ შენს სოფელზე, შენს ბავშვობაზე, ყველაფერზე, რაც გახსოვს და რაც სულში ჩაგრჩენია, რაც გიყვარს. მე შენი ხელი მექნება ხელში, თანდათანობით დაგღლის ლაპარაკი, მაშინ მე უფრო ბევრს ვილაპარაკებ, ვიდრე შენ. და როცა დავინახავ, რომ უკვე თვლემ, მაშინ ხმადაბლა განვაგრძობ საუბარს. შენ დახუჭავ თვალებს; მე ლაპარაკს შევწყვეტ, მაგრამ შენი ხელი მაინც მეჭირება და შენ პერიოდულად ხელს მომიჭერ ხელზე, რათა დარწმუნდე, რომ მე შენთან ვარ. თანდათან ვეღარ შეძლებ ხელის მოჭერას, მაგრამ ჩემს სიახლოვეს ახლა მე გაგრძნობინებ, მე მოგიჭერ ხოლმე ხელზე ხელს. და რაღაც მომენტში შენ აღარ იქნები ჩვენს შორის, მაგრამ შენ წახვალ მარტო კი არა, ჩემთან ერთად. ჩვენ მთელ გზას გავივლით ერთად.

და მართლაც, იმ ღამით რამდენიმე საათი ერთად გავატარეთ. რაღაც მომენტიდან მან ვეღარ შეძლო ხელის მოჭერა, მაშინ მე დავიწყე ამის კეთება, რომ მას თავი მარტო არ ეგრძნო. მერე მისმა ხელმა იწყო გაციება, გაიშალა და იგი უკვე აღარ იყო ჩვენთან... დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის დროს, როცა ადამიანი მარადისობაში გადადის, მარტო არ იყოს. არსებობს კიდევ სხვა. ზოგჯერ ადამიანი დიდხანს ავადმყოფობს და იგი გარემოცულია ახლობელთა სიყვარულით, სითბოთი, მზრუნველობით. ამ დროს სიკვდილი ადვილია, თუმცა მტკივნეული. მაგრამ ძალიან მძიმეა სიკვდილი, როცა ადამიანს გარს აკრავს ისეთი ადამიანები, რომლებიც მოელიან მის სიკვდილს, რადგან ისინი მისი ავადმყოფობის ტყვეებად იქცნენ, მათ არ შეუძლიათ მოსცილდნენ მის საწოლს, მათ არ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრება, არ შეუძლიათ იხარონ თავიანთი სიხარულით; სნეული შავი ღრუბელივით ადგათ მათ თავზე:

„ნეტავ მალე მოკვდეს!“

ასეთი ფიქრები იპყრობს მათ. მით უმეტეს, თუ ეს თვეების მანძილზე გრძელდება; ახლობლები სულ უფრო მეტი და მეტი გულგრილობით კითხულობენ, როგორ გრძნობს თავს და ხომ არ ჭირდება რამე, მერე კი იმიზეზებენ საქმეებს, ამბობენ, რომ მალე დაბრუნდებიან და მარტო სტოვებენ. ამას მომაკვდავი გრძნობს; და თუმცა, მათი ხმა შესაძლოა სულაც არ ჟღერდეს სასტიკად, ადამიანმა იცის, რომ იგი მოინახულეს მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მოენახულებინათ, სინამდვილეში კი მის სიკვდილს მოუთმენლად ელიან.

ზოგჯერ სხვაგვარადაც ხდება; ადამიანი კვდება, კვდება დიდხანს, მაგრამ იგი მაინც ძვირფასი და ახლობელია. ამ დროს ახლობელი ადამიანი მისთვის ყველაფერს სწირავს, გამუდმებით მის გვერდით იმყოფება და ამით ანიჭებს მას სიხარულს.

წიგნიდან „საფეხურები“, თბილისი, 2000 წ 

Комментариев нет:

Отправить комментарий