ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 28 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი ოცდამეერთე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი ოცდამეერთე


1. მეფის გული წყლის ნაკადულებია უფლის ხელში: საითაც ინებებს, იქით მიუშვებს.

2. კაცის თვალში სწორია ყველა მისი გზა, ხოლო გულებს უფალი წონის.

3. სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.

4. ქედმაღლობა და დიდგულობა - ბოროტეულთა ლამპარი - ცოდვაა.

5. მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.

6. სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.

7. ბოროტეულთ მათივე ძალადობა წალეკავს, რადგან მათ არ სურთ სამართლის ქმნა.

8. ცრუ კაცის გზა უკუღმართია, ხოლო სუფთა კაცი წრფელად იქცევა.

9. სხვენის კუნჭულში ცხოვრება სჯობია ანჩხლ დედაკაცთან ერთ ჭერქვეშ ყოფნას.

10. ბოროტეულის სულს ავი სწადია; წყალობას ვერ ჰპოვებს მის თვალში მისი მახლობელი.

11. ზნეწამხდარის დასჯით ბრიყვი დაბრძმენდება, ბრძენი შეგონებით ცოდნას იხვეჭს.

12. ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი ბოროტეულთ გააუბედურებს.

13. ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.

14. ფარული ძღვენი წყრომას აცხრობს და უბეში ქრთამი - ძლიერ მრისხანებას.

15. სამართლის ქმნა მართლისათვის სიხარულია, ბოროტმოქმედთათვის - შიში.

16. გონიერების გზა-კვალს აცდენილი კაცი სულთა კრებულში თუ მოისვენებს.

17. ლხინის მოყვარული კაცი გაღატაკდება; ღვინისა და ნელსაცხებლის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

18. მართლის გამოსასყიდი ბოროტეული იქნება, გულწრფელთა კი - მზაკვარი.

19. უბედურ ქვეყანაში ცხოვრება სჯობია ანჩხლ და ბრაზიან ცოლთან ყოფნას.

20. ძვირფასი განძი და ნელსაცხებელია ბრძენის სამყოფელში, ბრიყვი კაცი კი აჩანაგებს მათ.

21. სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს.

22. დევ-გმირთა ქალაქზე აღდგება ბრძენკაცი და დაამხობს საიმედო სიმაგრეს.

23. საკუთარი პირისა და ენის დამცველი თავს გაჭირვებისგან იცავს.

24. ამპარტავანი, მედიდური, ზნეწამხდარი მისი სახელია, ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა.

25. ზარმაცს შიმშილი მოკლავს, რადგან მის ხელებს არა სურთ შრომა.

26. იგი სულ მუდამ გაჭირვებაშია, ხოლო მართალი ხელგაშლილად გასცემს.

27. ბოროტეულთა მსხვერპლი სიბილწეა, მით უფრო, როცა მზაკვრობით სწირავენ.

28. ცრუმოწმე დაიღუპება. თავისი ყურით გამგონე კაცი კი მუდამ ილაპარაკებს.

29. ბოროტეული კაცი ამპარტავნულ სახეს იღებს, წრფელმა კი იცის თავისი გზა.

30. არ არსებობს სიბრძნე, არ არსებობს ცოდნა, არ არსებობს რჩევა უფლის პირისპირ.

31. ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის.




Комментариев нет:

Отправить комментарий