ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 21 июля 2013 г.

სასუფეველი.

ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამ ქვეყნადვე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის გულს სახარების სიმართლეს დაუმორჩილებს და ცხოვრებას მაცხოვრის მცნებათა მიხედვით ატარებს. სწორედ ასე განგმიმარტა სასუფეველი პავლე მოციქულმა: არ არს სასუფეველი ღმრთისა საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა. (რომ. 14,17) ადამიანის ცხოვრებას ორი მხარე აქვს: ერთი შინაგანი – უხილავი და მეორე გარეგანი – ხულული. პირველს შეადგენს ყოველი, რასაც იგი გულში გრძნობს, მეორეს – ხილული მოქმედებანი. ცხადია, რომ ყოველი გარეგნული მოქმედება კაცისა და საერთოდ მთელი მისი ხილული ცხოვრება სულის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული, ე.ი. კაცის საქმენი იმგვარნი არიან, როგორიც მისი სულიერი თვისებები და მიდრეკილებანია, რადგან იგი მხოლოდ იმას აკეთებს და წარმოაჩენს, რაც გულსა და გონებაში აქვს. როცა მაცხოვარი გვეუბნება მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, ამით გვიჩვენებს, რომ ჩვენი გული და სული სახარებას დავუმორჩილოთ, ანუ ჩვენი შინაგანი სამყარო სახარების მცნებათა მიხედვით მოვაწესრიგოთ, რადგან თუ ჩვენი შინაგანი ცხოვრება სახარებას დაემორჩილება, გარეგნული საქმეებიც კეთილი იქნება და ღმრთის სასუფეველში მთელი არსებთ შევალთ. ერთადერთი პირობა, რომლითაც კაცს სასუფეველში შესვლა შეუძლია, სინანულია. შეინანეთ – გვეუბნება მაცხოვარი. ხოლო თუ რა არის მონანიება, ამას იმ დედაკაცის მაგალითზე ვხედავთ, სიმონ ფარისევლის სახლში უფალს ფეხები საკუთარი ცრემლებით რომ დაბანა და თმებით შეუმშრალა. ჭეშმარიტი სინანული სირცხვილისა და წუხილის განცდაა საკუთარი უღირსების გამო.

სასუფეველი ცათა ბრწყინვალე ქალაქის მსგავსია, რომლის მოქალაქენიც მდიდარი და წარჩინებული ადამიანები არიან. როგორც ღარიბსა და უქონელს არ შეუძლია მათ შორის გარევა და მათგან პატივის მიღება, თუ ჯერ სიმდიდრე არ შეიძინა, ასევე ის ქრისტიანიც, რომელიც სულიერ სიმდიდრეს ანუ სათნოებას არ შეიძენს, სასუფეველის მოქალაქედ ვერ შეირაცხება. ნათლისღება, ეკლესიაში სიარული და ზიარება სასუფეველში შესასვლელად აუცილებელია, მაგრამ შეიძლება კაცმა ეს ყოველივე აღასრულოს, და სასუფევლის მოქალაქე მაინც ვერ გახდეს, თუU მისი გული ცოდვის მორჩილი იქნება, ანუ თუ მას ღმერთზე მეტად სოფელი ეყვარება. სასუფეველი ცათა, როგორც ამას არაერთხელ განგვიმარტავს საღმრთო წერილი, კაცთა შორის ჭეშმარიტების, მშვიდობის და უმეტესად კი სიყვარულის სუფევა ანუ დამკვიდრებაა, როცა ნაცვლად ცოდვისა, მადლი და ჭეშმარიტება სუფევს და მოქმედებს. სასუფეველი ღმრთისა, უპირველესად, თითოეული კაცის გულში უნდა იყოს, შემდეგ ოჯახსა და ბოლოს, მთელ ქვეყანაში. მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს – ქრისტეს მტერი, მისი სასუფევლის მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი – მისი სასუფევლის მოქალაქობა მოგვცა, ამიტომ დიდი სიფრთხილეც გვმართებს, რომ იგი ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ; სასუფეველი როგორც კაცის სულსა და გულში, ისე მის გარეგნულ საქმეებშიცაა. სასუფეველი თავად ადამიანში იმაში მდგომარეობს, რომ იგი ღმრთის ხატი და მსგავსია. მართალია, ცოდვამ დიდად იმოქმედა ადამიანის ბუნებაზე, მაგრამ კვალი იმისა, რომ იგი ღმრთის ხატებაა, თვით ყველაზე ცოდვილშიც კი არსებობს. კაცმა პირველ რიგში სასუფეველი საკუთარ სულსა და გულში უნდა ეძებოს იმ საღმრთო გახსენების აღორძინებით, რომელიც მას უფალმა შთაუნერგა. ანუ სუსტი გრძნობა სიმართლისა, ვითარცა მცირე ნაპერწკალი ერთ დიდ ცეცხლად უნდა ვაქციოთ, რომელიც მთელ ჩვენს ბუნებას გაათავისუფლებს. ღმერთმა ჩვენ ამის ყოველი პირობა შეგვიქმნა: განკაცდა, რათა ჩვენში ღმრთის ხატი აღედგინა, საღმრთო სჯული და საღმრთო წერილი – ცხოვრებისა და სინათლის უკვდავი მდინარენი მოგვცა; ასევე საღმრთო მადლის შვიდი წყარო – შვიდი საიდუმლო, წირვა-ლოცვა, მარხვა და სხვა საეკლესიო წესები გვიბოძა. ყოველივე ეს უნდა მოვიხმაროთ და ჩვენს ბუნებაში ღმრთის სასუფეველი ავაშენოთ; ღმრთის სასუფეევლი გულისა და სულის უხილავი, შინაგანი თვისებაა. იგი იმ კაცს აქვს, რომელმაც ქრისტეს სჯული, მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესგან მონიჭებული სახარება შეითვისა. როგორც მოციქული პავლე ამბობს: არა არს სასუფეველ ღმრთისა საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა. (რომ.14,17) ა) სიმართლეს მრავალგვარი და ღრმა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უმთავრესად იგი იმ განმართლებას გვიჩვენებს, რომელიც ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიტყვითა და საქმით მოგვანიჭა, ე.ი. განმართლებას უფალი იესო ქრისტესი სისხლითა და ხორცით, რომელიც მან ჩვენთვის შესწირა; ბ) მშვიდობა ყოველ კაცს უნდა ჰქონდეს: პირველად – ღმერთთან, მეორედ – თავის თავთან, მესამედ – ყოველ მოყვასთან. ღმერთთან ჩვენი მშვიდობა აღადგინა, ანუ ღმერთთან შეგვარიგა უფალმა იესო ქრისტემ, რადგან მან ყოველი ჩვენი ბრალი და ცოდვა თავის თავზე აღიღო, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ მისი სწავლება გვახსოვს და მის მცნებებს ვემორჩილებით და ვასრულებთ. თავის თავთან მშვიდობა მაშინ აქვს კაცს, როდესაც თვისი გონება და სინდისი არაფერში არ ამტყუნებს და არა არცხვენს. სულიერი მშვიდობა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე მრავალი იღვაწა და ყოველი თვისი ვნება დათრგუნა; გ) და ბოლოს, სასუფეველი ღმრთისა სულიწმიდით სიხარულია. მართალია, კაცი თავისი უღირსებისა და ცოდვისთვის ყოველთვის უნდა სწუხდეს და ტიროდეს, მაგრამ სულიწმიდის მიერ სიხარული არათუ სულიერი მწუხარების, სინანულისა და შემუსვრილების წინააღმდეგი, არამედ უშუალოდ მათი ნაყოფია. სულიწმიდის მიერ სიხარული მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც თვისი სული ყოველი ბიწიერებისგან მწუხარებითა და ცრემლით განბანა და ამით იესო ქრისტეს სიმართლე, ანუ განმართლება მიიღო და ღმერთსა და თავის თავს შეურიგდა. ამასთან, ესეც უნდა დავამატოთ, რომ კაცის გულში ღმრთის სასუფეველს რაიმე უძრავი მდგომარეობა კი არა აქვს, არამედ იგი თითქმის ყოველ წამს ხან დიდდება და ხან მცირდება. თუ გსურთ, რომ თქვენს გულში სასუფეველი ღმრთისა ყოველთვის იზრდებოდეს, ეცადეთ, რომ იგი ყოველდღე განაახლოთ და გააცოცხლოთ ისეთი სულიერი საზრდოს მიცემით, როგორიცაა ლოცვა, კეთილი გრძნობა, კეთილი საქმე, მარხვა, მოთმინება და სხვ.


წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი





Комментариев нет:

Отправить комментарий