ღმერთი

ღმერთი

вторник, 23 июля 2013 г.

" იმ ეკლესიაში როგორ გავჩერდებოდი, სადაც მონაზვნები ჯიპებით დაგრიალებენ, ხოლო მღვდელმთავრები საპატრიარქოში ერთმანეთს იარაღს ესვრიან?!"

  გვესაუბრება სამთავროს დედათა მონასტრის ყოფილი მორჩილი გულნაზ ჯავახაძე.


ეს მასალა, ინტერვიუ, სამთავროს დედათა მონასტრის ყოფილ მორჩილ, გულნაზ ჯავახაძესთან, გამოქვეყნდა "საერთო გაზეთის" 2011 წლის 13 აგვისტოს ნომერში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ამ დღეებში მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ვახტანგის გარშემო აგორებულ ვნებათაღელვას, აქტუალურობა დღესაც არ დაუკარგავს.

"საქართველო და მსოფლიო" გთავაზობთ ამ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

- უწმინდესის მიმართ დიდი სიყვარული მაქვს და ამას გულიდან ვერავინ ამომგლეჯს მაგრამ ძალიან ცუდ გარემოცვაში არის მოქცეული და ამაზე მწყდება გული. მახსოვს მამა გაბრიელი (ურგებაძე _ ი.კ.) ეუბნებოდა მეუფე ზოსიმეს, რომელიც სასულიერი სემინარიის რექტორი იყო: მეუფეო, რას წვალობთ, სასულიერო პირთა გამოცდებისთვის, აგერ, ალაყაფის კართან გათხარეთ ორმო, ჩაასხით წყალი და ვინც მასზე გაივლის, ის ჩარიცხეთ სასწავლებელშიო. იმდროინდელი სასულიერო სემინარიადამთავრებულები არიან გარმელია, ბულუხია, მაჩიტაძე, ბერბიჭაშვილი, გურამ გამრეკელი ახლა რომ მეუფე იოანედ იწოდება. გურამ შალამბერიძე ლექციებს კითხულობდა მაშინ სემინარიაში.

ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ სამღვდელო პირთაგან ყველა ერთ პერიოდში სწავლობდა. მაშინ მე უკვე ვიყავი მორჩილი და შესანიშნავად ვიცი მათი სასულიერო თუ საერო ცხოვრების ავ-კარგი.
იმიტომაც ეუბნებოდა მეუფე ზოსიმეს მამა გაბრიელი აუზი გააკეთე ალაყაფის კართანო, რომ ერთი ამბავი იყო ატეხილი სემინარიასა და აკადემიაში გამოცდებზე ვინ ჩაერიცხათ და ვინ არა.
ეს ადამიანები, ეს სამღვდელო პირები, ვისზეც მე ვლაპარაკობ, არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სულიერი მონაცემებით. მაშინ არ იყვნენ სულიერად შემკულები და ახლა, რაც დრო გავიდა, რბილად რომ ვთქვა, იმდენ არასახარბიელო რამეს ჩადიან, ჩვენს უწმინდეს პატრიარქს გულსაც სტკენენ და ავტორიტეტსაც ულახავენ.

_ მაინც რაში მიუძღვით ბრალი ამ მეუფეებს, შეგიძლიათ მითხრათ?

_ თქვენ იცით, თეკლათში არის დედათა მონასტერი. 1988 წელს უწმინდესის კურთხევით იქ გამაგზავნეს. მონასტრის წინამძღვარი იყო მამა კონსტანტინე (ქვარაია) და იღუმენი დედა ელენე (ადანაია), ეპისკოპოსი ჭყონდიდელი ვახტანგ ახვლედიანი იყო. ვახტანგ ახვლედიანს, რომელიც მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ჩამოდიოდა მონასტერში, მუდმივად ჰქონდა კამათი დედა ელენესთან _ უფრო მეტ თანხას რატომ არ გვაძლევთ, დედათა მონასტერი ჩვენ უნდა გვინახავდესო.
მალე ჭყონდიდელ ეპისკოპოსად მეუფე გიორგი (შალამბერიძე), მიავლინეს, რომელიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას დედათა სავანეს. უფრო ხშირდ აწ გარდაცვლილი ეპისკოპოსი ცეზარ ანანიაშვილი მოდიოდა.
ერთხელ უწმინდესმა შემოწირულობა გამოგვიგზავნა პროდუქტის სახით. მაგრამ ჩვენამდე კარგა ხანს არ მოვიდა. მაშინ დედა ელენემ თავისთან მიმიხმო და მითხრა: წადი, მეუფესთან, გაიგე, რა ხდებაო. ეკლესიაში, რომელიც დადიანების სასახლის ეზოში იყო, მეუფე გიორგი არ დამხვდა. დიდი ხანი ველოდე. ბოლოს დადიანების სასახლის ბაღში მეუფეს მოვკარი თვალი, რომელიც შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მოდიოდა ხეივანში ნელი ნაბიჯით. მე დედა ელენეს კურთხევის სათქმელადაც ვერ გავბედე მასთან მიახლოება, მაგრამ თვითონ შემამჩნია და მითხრა: არასაეკლესიო საქმეზე ვიყავი გასული, ამიტომ ვარ ასე ჩაცმულიო. როცა გაიგო დედა ელენეს გამოგზავნილი რომ ვიყავი, მითხრა: სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარ მამა მარკოზთან (ბულუხიასთან) ერთად მოვალ და შემოწირულობას ამოგიტანთო. ერთ ტომარა შაქარში 10 კგ. ამოგვიტანეს.
თერჯოლის შამპანურის ქარხანა ბულუხიას და შალამბერიძეს ეკუთნის. მე ვიცი, ხშირად კამათობენ ფულის გაყოფაზე მეუფეები.
ერთხლ დედა ელენემ წერილი გამომატანა უწმინდესთან. ქუთაისში ჩემს დედმამიშვილებთან _ დებთან გამოვიარე. იქ შემთხვევით შევხვდი მეუფე ანტონის და მამა ზაქარიას (მაჩიტაძე), რომელიც ზვიადისტებმა ზუგდიდში გაპარსეს. მათ მკითხეს, სად მივდიოდი, გამომართვეს წერილი და მითხრეს_ ჩვენ გადავცემთ უწმინდესსო. წერილი არ მიუღია უწმინდესს, რადგან დედა ელენეს საყვედურები იყო იმ წერილში მეუფეების მიმართ, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ დედათა მონასტერს.
როგორ გგონიათ, თავის დასაკლავ დანას უბეში შეინახავდნენ, ის წერილი დახიეს და გადააგდეს, ალბათ.
სამწუხაროდ, ბევრმა იცის დღეს, რომ მეუფე ანტონს დიდი მეგობრობა აკავშირებს მოსკოვში შავი სამყაროს წარმომადგენლებთან ძმებ გამგონეიშვილებთან.
ერთი კლანია ეს ბულუხია-გარმელია-ბერბიჭაშვილი. მათ პატრიარქის სიცოცხლეც არაფრად უღირთ.
არ ვაფასებთ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში. დღეს პატრიარქს მოლდაველები ემსახურებიან, რომლებიც აფხაზეთიდან მოჰყვებიან. სტეშა, დოკი და ვალია უნდა უვლიდნენ პატრიარქს? მაგრამ საქართველოში, ეტყობა, უფრო ერთგული ხალხი ვერ იპოვეს…



იმ ეკლესიაში როგორ გავჩერდებოდი, სადაც


მონაზვნები ჯიპებით
დაგრიალებენ, ხოლო მღვდელმთავრები საპატრიარქოში ერთმანეთს იარაღს ესვრიან?!




_ პატრიარქი არ უყვართ? რას ემართლებიან უწმინდესს?

_ ჩემო კარგო, იცით თუ არა თქვენ, რომ ამ ხალხს პატრიარქობაზე უჭირავს თვალი?
ფოთიდან რომ გამოუვლიდა ბერბიჭაშვილი ბულუხიას, შალამბერიძეს და მღვდელ მაჩიტაძეს, მერე ღამეებს ათენებდნენ კამათში, ვინ იქნებოდა ეპისკოპოსი, ვინ _ პატრიარქი. გარმელია ამ დროს სემინარია-აკადემიის რექტორი იყო და მისი იმედი ჰქონდათ. მამა ზაქარიას (მაჩიტაძე) ძალიან უნდოდა ეპისკოპოსობა, მაგრამ ხელი შეეშალა რატომღაც.
`საერთო გაზეთის~ წინა ნომერში რა სახეებიც ვნახე ფოტოებზე, ყველაფერი, რაც ეკლესიაში არაწმინდება ხდება, თვალწინ წარმომიდგა. ესენი არიან პატრიარქის და ქვეყნის მოღალატეები. ესენი ეკლესიაში განდიდებისთვის არიან და არა უფლის სიყვარულისთვის.
ბულუხიას ციხიდან გამოსვლის მერე ერთი წყება ცოლ-შვილი მოსკოვში ჰყავდა დატოვებული, მე მორჩილი ვიყავი უკვე, როცა იგი სემინარიის სტუდენტი იყო. ერთი ქალი შეუყვარდა. ის ქალიც აკითხავდა და ბულუხია ჩემს კელიაში მალავდა, საღამოს კი მიჰყავდა სახლში. მერე გავიგეთ, იმ ქალს ქმარ-შვილი ჰყოლია, რომელიც გაჰყარა ქმარს, თვითონ შეირთო და შვილიც გააჩინა მასთან.
ეს ის ბულუხიაა, სხვათა შორის, ცალი კალოშით რომ მოვიდა ეკლესიაში და დღეს განცხრომაშია. ამას წინათ ქუჩაში შემხვდა, პანაღეა გულზე კი არ ეკიდა, ღიპზე ჰქონდა გადმოდებული, გასუქებულია უზომოდ და ლოყები უღაჟღაჟებს. ეკლესიაში გასუქდა ეს ადამიანი. ხალხი გაჭირვებულია და ასეთი არამზადები ფუფუნებაში ცხოვრობენ.
მივიდეს ერთი გაჭირვებული, განიკითხავენ? შეეწევიან? პირიქით, ერთ ჭიქა წყალსაც არ დაალევინებენ. კურთხევა არა გვაქვსო. რა კურთხევას ელოდებიან? ეს სიტყვა ისე გააუბრალოეს, ღმერთო მაპატიე და, აღარ მინდა ამის გაგონება.
ამათნაირ მეუფეებსა და ეპისკოპოსებს ეძახდა მამა გაბრიელი არქიბანდიტებს. მეუბნებოდა _ ნახე, გულო, ესენი ნამდვილი არქიბანდიტები არიანო. შალამბერიძეს ვერ იტანდა ყველაზე მეტად.
დარღვეულია სჯულის კანონი, ჩემო კარგო. `უარყავ თავი შენიო~, _ ამბობს უფალი. ამ ეპისკოპოსებს და მეუფეებს თავი კი არა, უფალი ჰყავთ უარყოფილი.
ესენი ღვთის მოყვარული და მისი მცნებების დამცველნი კი არა, კგბ-ს აგენტები და შავი ძალების ერთგულები არიან.

_ იყო პერიოდი, ეკლესიაში ბევრი შეგზავნილი მსახურობდა, მაგრამ ახლა ხომ შეიცვალა ყველაფერი?

_ კი, შეიცვალა, მაგრამ ის ხალხი ისევ იქ დარჩნენ. რატომ შეუყენეს წყალი გამსახურდიას? იმიტომ რომ, იგი როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, პირველად ის თქვა _ დავით აღმაშენებელმა სახელმწიფოს მშენებლობა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე უღირსი მღვდლების განკვეთით დაიწყოო. შეეშინდა ზოგიერთს ეკლესიაში. ამიტომ არ დაუდგა სრულიად ეკლესია გვერდით.
ახლაც თვალწინ მიდგას ზვიად გამსახურდია, ციხიდან რომ გამოვიდა, სვეტიცხოველში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში რომ იდგა მორჩილად წირვა-ლოცვაზე.
შეიძლება ახლა ვინმემ თქვას, გამსახურდია სახელმწიფოს სათანადოდ ვერ მართავდაო, მაგრამ თამამად ვიტყვი, იგი სარწმუნოებაში ღრმად ჩახედული და მორწმუნე კაცი იყო. არ მოსწონდა ეს ზოგიერთ მღვდელმთავარს და განუდგნენ. პატრიარქს არ აწვდიდნენ სწორ ინფორმაციას და დარჩა გამსახურდია ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე. ჯაჭვურად არის ყველაფერი ერთმანეთთან. მაშინ სხვა სიტუაცია იყო, სხვა კაცი იყო ზვიადი, ახლა სხვა მდგომარეობაა, ყველა ვხედავთ ამას… ყველა მიხვდეს რასაც ვგულისხმობ.

_ ქალბატონო გულნაზი, რატომ დაეთანხმა სინოდი პარლამენტის გადაწყვეტილებას რელიგიური აღმსარებლობების საჯარო იურიდიულ პირად დაკანონების თაობაზე? ეს ხომ საფრთხეს წარმოადგენს ერისა და ეკლესიისადმი?

_ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფარავნის ტბაზე ვმსახურობდი სხვა დედებთან ერთად. იქ სომხების გარემოცვაში გვიწევდა ყოფნა. დილის 7 საათიდან თუ არ ავიღებდით წყაროდან წყალს, მერე იქ მისვლის უფლებაც არ გვქონდა. სომხის ბავშვები უკიდურეს შეურაცხოფას გვაყენებდნენ, სახლის ფანჯრებს ათასგვარ სიბინძურეს აყრიდნენ, დაგვცინოდნენ, ვერ გვიტანდნენ საერთოდ სომხები და ძალიან გვავიწროვებდნენ.
სომხებიდან დიდი საფრთხე მოდის. იმას, რაც მოხდა ქართული სამღვდელოება და ქართველი ხალხი არ უნდა შეგუებოდა, მაგრამ პატრიარქის ირგვლივ ისეთი გარემოცვაა, შუძლებელია უკეთესი რამ მომხდარიყო.
კიდევ ვიმეორებ, უმაღლესი სამღვდელო პირების უმეტესობას საქართველო არ უყვარს.
ზემოთ ცეზარ ანანიაშვილი ვახსენე, ვიცნობდი, ხშირად მოდიოდა ჩვენთან თეკლათში, მამათმავალი იყო საწყალი და ამის გამო ციხეშიც იჯდა კარგა ხანს.

_ ამით რისი თქმა გნებავთ, რუის-ურბნისის კრების მსგავსი არის აუცილებელი?

_ ცოდვილი ქალი ვარ და ამით, რასაც ახლა ვლაპარაკობ, ვიცი, ცოდვებს ვიმატებ, მაგრამ, მიმაჩნია, რომ სიმართლე უნდა ითქვას.
მე დღეს ქუჩას ვგვი, მეეზოვეებს დავდევ, ზამთარი ჩვენ არ ვიცით და ზაფხული, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ შრომის უნარი მაინც გამაჩნია. ეს გაქსუებული მღვდლები კი გადიდკაცებული განცხრომაში ცხოვრობენ.
მე, ცოდვილი გულნაზი ჯავახაძე თავს უფლებას ვაძლევ შევახსენო მათ, “დრონი მეფობენ, არა-მეფენი” და “არა არს დაფარული, რომ არ გამოცხადდეს”…
წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში დავიბადე, სოფელში სასაფლაოს ტერიტორიზე ხის დანგრეული ეკლესია იყო, რომელსაც სოფლელები მაცხოვარს” ეძახდნენ.
როდესაც ჩემს დას ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, ტაძრის აღდგენა გადავწყვიტეთ. მაშინ მივმართე მეუფე კალისტრატეს, შევკრიბე სოფლის ხალხი და ეკლესიის აღდგენაზე კურთხევა ვთხოვეთ. მაშინ ხელი მომხვია მეუფემ და მითხრა: ვაჟკაცი ქალი ხარ, მჯერა, შენ ამ საქმესაც მიხედავ და მეც შემინახავო. დღესაც მიკვირს, როგორ და რითი უნდა შემენახა მეუფე. შემოწირულობებით თუ ჩემი კუთვნილი გროშებით? გაუგებარია ჩემთვის…
საეკლესიო კრება ამიტომაც არის აუცილებელი. მკაცრად უნდა დაისვას ეს საკითხი და განიკვეთოს ეკლესიიდან უღირსი მღვდლები და უმაღლესი სამღვდელო პირები. ერში ვტრიალებ და ვიცი, ხალხი უკმაყოფილოა პატრიარქის, ეკლესიის. არადა, უწმინდესს ცხოველები უყვარს და ადამიანები არ ეყვარება? მას ყველა უყვარს, გულმოწყალეა და კეთილშობილი, უდიდესი ბრძოლები აქვს გადატანილი და ახლაც ქარ-ცეცხლში ტრიალებს. მგლებივით პირდაღებული უყურებენ საპატრიარქო სავარძელს _ არა მე დავიტაცო, არა _ მეო. ვაი, საქართველოს ამათ ხელში.
როგორ შეიძლება ამათი იმედი გვქონდეს? ერთმანეთს იარაღი ესროლეს საპატრიარქოში, შენზე დიდი ხნის მღვდელთმსახური ვარო, წლებს ითვლიდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კინაღამ დახოცეს ერთმანეთი.
რას ვიზამთ, ბოლო ჟამი ახლოვდება, ამიტომაცაა ამ დღეში ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, ქრისტეს კვართის შემნახავი ეკლესია. ამას ვერ იტანს ბოროტი ძალა და ებრძვის საქართველოს. ჩვენს სამოციქულო ეკლესიას. დაცემულია დღეს სიწმინდე ჩვენს ეკლესიაში. მე თვითონ მახსოვს, პირველად რომ მივედი ტაძარში, უხუცესი დედები დამხვდნენ, წარბები არ უჩანდათ, ისე ეხურათ თავსაფრები, ფეხსაცმლის მაგივრად უბრალო ბანდულები ეცვათ. ისინი იყვნენ ჩემი სულიერი მასწავლებლები და ახლა ამათ რომ ვუყურებ, გული მისკდება. მონაზვნები ჯიპებით დაგრიალებენ, ესაა სარწმუნოება? ქრისტე ვირით დადიოდა, იარონ ამათაც ვირით, მიემსგავსონ ქრისტეს… ნუ აბრკოლებენ სხვებს, რომლებსაც უფლისკენ უნდათ გზა გაიკვალონ. ნუ ერჩიან ჩვენს მხცოვან, უწმინდეს პატრიარქს, თორემ მოვა ჟამი, მოჰკითხავს ამ ეშმაკის მსახურებს ღმერთი ყველაფერს, რაც ბილწი სიკეთე გაუკეთებია მათთვის. საქართველო კი უწმინდესის ლოცვით გაიგნებს გზას ამ წყვდიადში.
2 აგვისტოს პატრიარქის ანგელოზის დღეა. მინდა “საერთო გაზეთის” საშუალებით მივულოცო.
დიდხანს იცოცხლეთ, უწმინდესო, მიყვარხართ ღრმა სულიერი სიყვარულით. იყო დრო დავით აღმაშენებელს მეძახდით, არც მაშინ გავკადნიერებულვარ და ახლა, ერში რაც დავბრუნდი, უფრო ცხადად დავინახე ამ ცხოვრების ამაოება. გაუძელით, “ახლო არს ჟამი სიხარულისა”…
ვითხოვ შენდობას.

-ირანდა კალანდაძე.


Comments_

http://saertogazeti.com/2011/08/13/გვესაუბრება-სამთავროს-დე/

Комментариев нет:

Отправить комментарий