ღმერთი

ღმერთი

вторник, 23 июля 2013 г.

იგავნი სოლომონისა. თავი მეთხუთმეტე.

ძველი აღთქმა

იგავნი სოლომონისა


თავი მეთხუთმეტე


1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

2. ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.

3. ყველგან უფლის თვალებია, ხედავენ უკეთურებს და კეთილებს.

4. ტკბილი ენა სიცოცხლის ხეა, ცბიერი კი სულის შემუსვრა.

5. უმეცარს მამის შეგონება ეჯავრება, მხილების ყურადმღები კი საზრიანია.

6. მართლის სახლში დიდძალი განძია, ბოროტეულის მონახვეჭში კი - მწუხარება.

7. ბრძენთა ბაგენი ცოდნას ავრცელებენ, ბრიყვთა გული კი ასეთი არ არის.

8. ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.

9. ბოროტეულთა კვალი სიბილწეა უფლის წინაშე, სიმართლის მიმდევარი კი უყვარს.

10. მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.

11. შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.

12. ქარაფშუტას არ უყვარს თავისი მამხილებელი, იგი ბრძენკაცებთან არ წავა.

13. მხიარული გული სახესაც ახარებს, გულის წუხილისას სულიც იტანჯება.

14. გონიერი გული ცოდნას დაეძებს, ბრიყვთა პირი კი სისულელით საზრდოობს.

15. უკეთურის ყველა დღე ბოროტია, გულკეთილს კი მუდამ ლხინი აქვს.

16. უფლის მოშიშებით მცირეს ქონა უმჯობესია, ვიდრე დიდძალი განძი მოუსვენრობაში.

17. უკეთესია მწვანილეული საზრდო და სიყვარული ვიდრე ნასუქი ხარი და სიძულვილი.

18. ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.

19. ზარმაცის გზა ეკლიანი ღობის მსგავსია, გულმართლის სავალი კი მოსწორებულია.

20. ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.

21. სისულელე ჭკუათხელის სიხარულია, ხოლო გონიერი კაცი სწორ გზაზე დადის.

22. თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება, მრავალი მრჩევლის შემწეობით კი ხორციელდება.

23. კაცის სიხარული მის ბაგეთა პასუხშია; რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!

24. ცხოვრების გზა გონიერისათვის ზევით მიემართება, რათა ქვევით შავეთს ასცდეს.

25. ქედმაღალთა სახლს დაანგრევს უფალი, ქვრივის საბანს კი ზეაღმართავს.

26. უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია.

27. მომხეჭველი თავის სახლს აჩანაგებს, ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.

28. მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.

29. ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, მართალთა ლოცვას კი ისმენს.

30. თვალთა ნათელი გულს ახარებს, კეთილი ამბავი კი ძვლებს აპოხიერებს.

31. სასიცოცხლო მხილების გამგონე ყური ბრძენკაცთა შორის იმყოფება.

32. შეგონების აბუჩად ამგდები საკუთარი თავის მოძულეა, მხილების გამგონე კი გონებას იხვეჭს.

33. უფლის შიშით სიბრძნე ისწავლება და მორჩილება წინ უძღვის დიდებას.





Комментариев нет:

Отправить комментарий