ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწვლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებს. მკვდარი სარწმუნოება კი მხოლოდ კაცის ბაგეებზე ჩანს და მის გულში არ შეუღწევია, იგი ვერ მართავს მის მოქმედებას და არც მის საქმეებში ჩანს. იაკობ მოციქული გვასწავლის: სარწმუნოება თვინიერ საქმეთა მკუდარ არს. ბუნება კაცისა დაცემულია და მარადის ცოდვისაკენ მიდრეკილი. სარწმუნოება ცხოველი მარადის განაღვიძებს მას და ცოდვის ჩადენის საშუალებას არ აძლევს. სარწმუნოება უნდა იყოს მისი ვნებებისათვის, როგორც აღვირი. იგი მაშინ არის ცხოველი, როცა ისე მართავს ადამიანის სვლას ცხოვრების გზაზე, ვითარცა აღვირი ცხენს. პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველი სარწმუნოებისა სიყვარულია. ჩვენ კი სიყვარულიც გვაკლია და ერთობაც, მისი მეორე ნაყოფი სიმართლისა და მართლმსაჯულების სიყვარულია, ჩვენ ამ სათნოებასაც მოკლებულნი ვართ, რადგან მოყვარეთა ჩვენთა, თუნდაც უღირსნი იყვნენ, ვაქებთ, ხოლო მტრებს, თუნდაც ქების ღირსნი იყვნენ, ვაძაგებთ. თუ ცხოველი სარწმუნოება გვექნება, ჩვენს გულებში ქრისტე იქნება. ხოლო იგი უქმად და უნაყოფოდ არ დარჩება. თავისი მადლით ქრისტე განწმენდს და განაცხოველებს ჩვენს სულებს და მათ უფლისაკენ მიაქცევს.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Комментариев нет:
Отправить комментарий