ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 21 июля 2013 г.

საღმრთო ქორწილი.

სახარება გვასწავლის, რომ სასუფეველი ჰგავს ქორწილს, რომელიც მეფემ თავის ძეს გადაუხადა. მეფე ამ იგავში თვით ღმერთია, ხოლო ქორწილი მისი ის განგებულება, მოქმედება და მადლია, რომელიც ზეციერმა მამამ ჩვენი განათლებისა და ცხოვრებისათვის გამოიჩინა. მაგრამ რამდენადაც მამა ღმერთი კაცთა ნათესავს თავისი ძის საშუალებით გამოიხსნის, განანათლებს და აცხოვნებს, ამდენად ამ ქორწილს ძის ქორწილს უწოდებს. მონანი, რომელნიც ღმერთმა ქორწილზე მოსაპატიჟებლად წარგზავნა, ის მოძღვარნი, წინასწარმეტყველნი, მამამთავარნი, მღვდელნი და მღვდელმთავარნია, რომელთაც ღმერთი თავისი სიტყვის ქადაგებას დასაბამითგან მიანდობდა. ისინი ყოველ კაცს ქორწილზე იწვვდნენ, ანუ ასწავლიდნან როგორ მიეღოთ მაცხოვნებელი მადლი და ცათა სასუფეველში როგორ შესულიყვნენ. ჩინებულნი, რომელთაც ისინი იწვევდნენ, უწინარეს ყოვლისა, ისრაელთა ერი იყო, მაგრამ იგი ღმრთის მოწოდებას ხშირად უარყოფდა, მიუხედავად ამისა, კაცთმოყვარე და მოწყალე ღმერთმა მათ მოსაწვევად კვალად წარავლინა სხვანი მონანი და დააბარა, რომ პური მზად იყო, ზვარაკები და უსხები დაკლული. ზვარაკები და უსხები იქ იმ დამატკბობელსა და ნუგეშისმცემელ მადლს ნიშნავს, რომელსაც ჩინებულნი მეფის ძის საღმრთო ქორწილზე, ანუ სასუფეველში მიიღებდნენ. მაგრამ მათ მიწვევა უარყვეს და თავთავიანთ საქმეებზე წავიდნენ. აქ სახარება ცხადყოფს მიზეზს, რომლის გამოც ჩინებულნი ქორწილზე არ წავიდნენ – ესაა სიყვარული ანგარებისა და ამსოფლიურ ნუგეშთა და პატივისა. ხოლო სხვებმა მეფისაგან წარმოგზავნილნი მონები შეიპყრეს და მოკლეს. ისრაელიანები ასე ხშირად იქცეოდნენ, წინასწამეტყველებს დევნიდნენ და კლავდნენ. ფრაიდ საკვირველია და დაუჯერებელი, რომ ღმრთისგან მოვლინებული მონები ჩინებულებს ქორწილზე იწვევდნენ, დიდსა და გამოუთქმელ ნუგეშსა და განათლებას ჰპირდებოდნენ და ნაცვლად მადლობისა, გინებასა და შეურაცხყოფას იღებდნენ. ურიებმა ბოლოს არა მხოლოდ მონები, არამედ თვით ძე ღმრთისაც, რომელიც მათ საკუთარ ქორწილზე უხმობდა, მოკლეს. მაშინ განრისხდა მეფე და რადგანაც პირველწოდებული ისრაიტელნი ქორწილის ღირსი არ აღმოჩნდნენ, თავის მონებს, ე.ი. მოციქულებს და მოწაფეებს ყოველ ქვეყნაში ღმრთის სიტყვის ქადაგება და ყოველი ხალხის ქორწილზე ანუ ქრისტიანულ ეკლესიაში მოწვევა უბრძანა. და განვიდნენ მონანი იგი მისნი გზათა ზედა, - მართლაც, მოციქულებმა აღასრულეს ბრძანება ღმრთისა, ყოველი ქვეყანა მოიარეს, ვინც მათი სიტყვა მოისმინა, ნათელი სცეს და ქორწილში, ე.ი. ეკლესიაში შემოიყვანეს, მათ შორის ბოროტნიც, იმიტომ, რომ უფალმა მათ არა კეთილისა და ბოროტის გარჩევა მიანდო, არამედ, შეწყნარება ყოველთა, რომელნიც მათ სიტყვას ისმენდნენ და ქორწილზე მისვლას ითხოვდნენ.


წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი





Комментариев нет:

Отправить комментарий