თუ გსურს სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, პირველ რიგში, აზრი განათლებული და გამყარებული უნდა გქონდეს იმ სწავლებით, რომელიც უფალმა ჩვნმა იესო ქრისტემ გამოგვიცხადა, მოციქულთაგან გადმოგვეცა, წმიდათა მამათა მიერ განიმარტა და მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკლებლივ დაიცვა. მეორედ, ცხოვრება, ყოფაქცევა და ყოველივე შენი საქმე ამ სწავლების შესაფერისი უნდა იყოს, ანუ ეს სწავლება და აზრები შენს ცხოვრებად და საქმედ უნდა აქციო და არსებაში მოიყვანო. საღმრთო სჯული ისე უნდა დავიცვათ და შევინახოთ, როგორც ჩვენმა მამებმა გადმოგვცეს. ვინც სჯულის საზღვრებს არღვევს, ან ცვლის, იგი ეკლესიის კრებისაგან განგდებულია და ანათემის ქვეშ იმყოფება. საღმრთო სჯულს ორი მხარე აქვს: ერთია სწავლება, ანუ გონებითი განმარტება სჯულის საზღვართა, ე.ი. ჩვენი სჯული როგორ უნდა გვესმოდეს, რა უნდა გვწამდეს და რას უნდა უარვყოფდეთ. სჯულის ამ ნაწილის სწავლებებს დოგმატები ეწოდებათ. დოგმატები ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტეს და განსაზვრეს მამათა ჩვენთა, და ჩვენ მათი გამოცლის უფლება არა გვაქვს. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის მტკიცედ ინახავს იმ სჯულს, ანუ დოგმატს, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებს ასწავლა, მოციქულებმა თავიანთ მოადგილე წმიდა მამებს გადასცეს და ამათგან ჩვენც შეურყევლად და შეუცვლელად გადმოგვეცა. მართლმადიდებელთა გარდა სხვა ქვეყნებშიც მრავლად არიან ქრისტიანები, მაგრამ მათი დოგმატები იესო ქრისტეს და მოციქულების სწავლებას არ ჰგავს. ევროპაში მცხოვრები მრავალი განათლებული ხალხიც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ მათ შორის სწავლების ერთობა აღარ არის. იქ ყოველ კაცს თავისებურად სწამს, ყოველ სოფელში სჯულს განსხვავებულად სწავლობენ, რაც არღვევს ერთობას და დიდად მავნებელია კაცისათვის. საღმრთო სჯულის მეორე მხარე ზნეობა, ცხოვრება და ყოფა-ქცევაა. სწავლების ეს ნაწილი კი ყოველთვის უნდა იცვლებოდეს და უმჯობესდებოდეს. დაუსრულებლად უნდა მაღლდებოდეს; როგორც თითოეული კაცი, ასევე მთელი კაცობრიობა სათნოებასა, ზნეობასა და პატიოსნებაში თანდათან წინ უნდა მიიწევდეს. ღმერთმა დიდი სახე, დიდი იდეალი მოგვცა, ცხოვრების დიდი ასპარეზი, ანუ სარბიელი დაგვინიშნა: იყვენით თქვენ სრულ, იტყვის უფალი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულ არს! აჰა, რა სისრულე და სიწმინდე უნდა ვეძიოთ ქრისტიანებმა; იყვენით თქვენ წმინდა, რამეთუ მე წმინდა ვარ, - გვეუბნება წინასწარმეტყველის პირით ღმერთი. ათასი წელიც რომ იცხოვროს ქვეყანაზე, სათნოების ამ ხარისხზე ასვლას ვინ შეძლებს! მაგრამ საღმრთო სჯულით მოცემული მიზანი ყოველთვის თვალწინ უნდა გვქონდეს, და სათნოებისა და სულიერი წარმატებისათვის ყოველთვის უნდა ვიზრუნოთ.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი
Комментариев нет:
Отправить комментарий