ღმერთი

ღმერთი

суббота, 6 июля 2013 г.

გარდაცვალების საიდუმლო.

ადამიანმა დიდი ცოდნა დააგროვა ამა თუ იმ სფეროში, საგნებთან, მოვლენებთან მიმართებაში, მაგრამ ხშირად ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭირო, მისი თვალთახედვის მიღმა რჩება, ნაკლებად აქცევს ყურადღებას. ერთ-ერთი მათგანი კი გარდაცვალების საიდუმლოა. არის ასეთი ცნობილი გამოთქმა: “გახსოვდეს სიკვდილი”.

ადრე მონასტერში ამგვარი ჩვევა ჰქონდათ: მონასტრის წევრები როდესაც სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ გართულნი, მათთან აგზავნიდნენ ადამიანს, რომ შეეხსენებინა სიკვდილის არსებობა: “ძმებო, ჩვენ მოვკვდებით”, – ამბობდა ის. მონასტრებს, ტაძრებს ხშირად გარს ეკვროდა სასაფლაოები, რაც ასევე ხელს უწყობდა სიკვდილის ხსოვნას.

გარდაცვალების საიდუმლოს შესახებ “ამბიონს” ესაუბრება კლდის უბნის წმ. გიორგის ტაძრის მღვდელმსახური დავით ციცქიშვილი:“რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო მეტს ფიქრობს გარდაცვალებაზე, თითქოს ეჩვევა ერთგვარად მას. მოზარდს ეს ნაკლებად ადარდებს. უფალი უშვებს ამას. პატარამ რომ გააცნობიეროს, ჩაწვდეს იმის არსს, რომ ადრე თუ გვიან გარდაიცვლება, მაშინ დაბრკოლდება, ცხოვრების ხალისს დაკარგავს, უსარგებლო, არამიმზიდველი გახდება მისთვის ყველაფერი.

რაც უფრო ხანშიშესულია ადამიანი, უფრო გამძლე ხდება გარდაცვალების შიშის მიმართ, ნაკლებემოციური. ამასთან, ერთი არარეალური, საფუძველსმოკლებული, მაგრამ მაინც არსებული უცნაური განცდითი დამოკიდებულება შეინიშნება. არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს:

“ჩვენ გარშემორტყმულები ვართ სიკვდილის სურათებით, მაგრამ ამავდროულად როგორი უცნაურიც არ უნდა ჩანდეს, არ ვფიქრობთ მასზე, თითქოსდა არ ვიჯერებთ ჩვენს ამქვეყნიდან წასვლას. ვხედავთ, როგორ კვდებიან სხვები, მაგრამ ამასთან, გვეჩვენება, თითქოსდა აქ დავრჩებით მუდმივად. მართლაც, რა ძნელი წარმოსადგენია ის, რომ ჩვენი გული გაჩერდება რომელიღაც წამს, ის, რომელიც ასე იწვოდა ვნებებით, ბრაზით, თუხთუხებდა სიძულვილითა და ეჭვით, რა იშვიათად იყო მასთან გრძნობა სიყვარულისა, განა ადვილია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ბაგენი დაიხურება სამუდამოდ, რომელიც ასე ხშირად წარმოთქვამდა ტყუილს და ცილისწამებას. იშვიათად კი ლოცვას! ჩამოეშვება ჩვენი ხელები, მზად რომ იყვნენ წარეტაცათ მელი ქვეყანა, ჩამოეშვება უღონოდ, თითქოსდა ჩამოსხმული ყოფილიყოსო ტყვიითა”.

რამდენჯერ შევსწრებივართ დასაფლავების სცენას, რა მძიმე, დამთრგუნველია იგი, ხედვა იმისა, როგორ ეამბორებიან ახლობლები, ნათესავები, მეგობრები მიცვალებულს უკანასკნელად, როგორ ახურავენ ჩასასვენებელს თავს, უშვებენ თოკებით საფლავში და აყრიან მიწას, რომელიც ორმოს თანდათანობით ემატება და იშლება კიდეც პროცესია. რამდენჯერაც არ უნდა შეხედო ამ სცენას, ვერასდროს თავისუფლდები იმ დამთრგუნველი განცდისაგან, რომ როდესღაც შენც ვერ ასცდები ამას. გონებაში ჩნდება აზრი, რომ როდესმე თავადაც მიგატოვებენ ამგვარად და დარჩები ხალხის წასვლის შემდგომ მარტოდმარტო აქ. თუმცაღა ამ დროს ხშირად რაღაც უცნაური განცდაც იჩენს თავს, თითქოსდა, მიუხედავად ყველაფრისა, რომ იგი გარდაუვალია, ეს შენ მაინც არ შეგეხება, არ მოგელის, ან კიდევ სიკვდილი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. თავს იმშვიდებ, გადაგაქვს ყურადღება სხვაგან.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასეთი მძაფრი, დამთრგუნველი შეგრძნებების მიუხედავად, სურათი იცვლება, როცა ადამიანი დიდი სულიერებით გამოირჩევა. ერთ-ერთ მონაზონს როცა ჰკითხეს, თუ იგი როგორ გრძნობდა თავს, პასუხად მიიღეს: “ხანდაზმულად, შურს განვიცდი რა მომაკვდავთა მიმართ”.

როდესაც მამა პაისი ათონელს უთხრეს, რომ მას სიმსივნის ავთვისებიანი მეტად მძიმე ფორმა ჰქონდა და დიდი დღე აღარ ეწერა, თქვა: მომიტანეთ რაიმე ნაჭერი, რომ დავიწყო ცეკვა. იყავ ჯანმრთელად, ნახვამდის უბედურო ქვეყანა! ცხოვრებაში არ მიცეკვია, მაგრამ ახლა სიხარულისგან გავაკეთებ ამას, რამეთუ ახლოვდება წამი გარდაცვალებისაო.

უბრალო მოკვდავისთვის, ალბათ, არც თუ ადვილი გასაგებია, როგორ უნდა გარდაისახოს ადამიანი ამგვარად, რომ ასე შეხვდეს სიკვდილის წამს, მაგრამ ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლაც ესოდენ ცვლის მისდამი დამოკიდებულებას. ამქვეყნიდან გასვლა განიხილება როგორც არა უკვე შემაძრწუნებელი რამ, არამედ, პირიქით, როგორც განთავისუფლება ტანჯვისაგან.

განსაკუთრებული მნიშვნელობა, როცა გარდაცვალების საიდუმლოს ვეხებით, ენიჭება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების, საქმიანობის შეფასებასაც. იქ, ზეციურ სამყაროში აუცილებლად მოხდება განხილვა, განსჯა იმისა, თუ რით ვცოდავდით მიწიერ სიცოცხლეში, ან რა ნაკლოვანებები გაგვაჩნდა ამქვეყნად, ვცდილობდით თუ არა მათ გამოსწორებას და რა შედეგს მივაღწიეთ ამ მხრიდან, რამდენად ვინანიებდით დაშვებულ შეცდომებს და როგორ ვევედრებოდით შეწყალებას, დახმარებას უფალს.
ბუნებრივია, მოხდება შეფასება იმისაც, თუ რამ კარგი ჩაგვიდენია, გაგვიკეთებია, ამასთან როგორი წარმატებული იყო ჩვენი ბრძოლა ადამიანური ვნებების მოთოკვის, სხვისადმი დახმარების კუთხიდან.

ჩვენ იმგვარად ვართ მოწყობილნი, რომ ზოგჯერ ეჭვი გვეპარება, არსებობს თუ არა ჯოჯოხეთი, შესაბამისად, ვაქარწყლებთ იმქვეყნად დასჯის მომენტსაც.

მორწმუნესთან მეტია რწმენა სიკვდილის შემდგომ მიწიერი ცხოვრების გაგრძელებისა. ეკლესიის წიაღში სულ უფრო ღრმად შესვლასთან ერთად განმტკიცება ხდება ამისა, მაგრამ მაინც სულიერ გზაზე ისეთ წუთებს ვერავინ ასცდება, როცა მაინც ეჭვი გეპარება ამ კუთხითაც.

არადა, ღმერთი თუ არსებობს და საკმარისად ჩლუნგი უნდა იყო, რომ ეს ვერ შეამჩნიო, მაშინ რეალურია ზეციური ქვეყანაც. მიწაზე გალიო მრავალი წელი და ამას ვერ მიხვდე, ყველაფერთან ერთად, პრივიტიზმის გამოვლენაა. თუმცაღა ზოგჯერ ცნობილ, გამოჩენილ ხალხსაც მოსვლია ეს მიწიერ ცხოვრებაში მეცნიერული, ხელოვნებისა თუ მოღვაწეობის სხვა კუთხით, რომ გამოუმჟღავნებიათ დიდი ტალანტი, მახვილი ჭკუა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარში ვერ ასცდენილან მეტად მნიშვნელოვან გონებაშეზღუდვას.

ადამიანის სულიერი მოღვაწეობის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად გულისხმობს უფლის შიშის არსებობას. სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ ცოდნისმიერად, თეორიულად ვერ ვსწავლობთ, ვერ ვიშინაგანებთ, თუ რა არის ღვთისათვის სათნო და რა – არა. მარტოოდენ იმის ცოდნას, რომ გაგვაჩნია ათი მცნება, ესა თუ ის ცოდვები, რომლის ჩადენასაც უნდა ვერიდოთ, ვნებები, რომლებსაც არ უნდა მივცეთ გაქანების საშუალება, უმთავრესად გარდატეხა არ მოაქვს. სანამ არ დაეცემა ადამიანი ამა თუ იმ ცოდვით, შემდეგ კი შეიგრძნობს ამისთვის ზეციურ დასჯას, მომხდარზე მინიშნებას, ხშირად მანამდე სერიოზულად არ ფიქრობს. ჯერ მცირე სასჯელით მიგითითებს უფალი. თუ ვერ შეიგნე, ყურადღება არ მიაქციე, ამკაცრებს ყოველივე ამას. კიდევ თუ არ მოხვედი გონს, შეიძლება გამოგიგზავნოს ჭკუის სასწავლებლად მძიმე განსაცდელი და თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, ეს ადვილი დასანახია. შემდგომ გეშინია უკვე ჩაიდინო ესა თუ ის ცოდვა, მისცე შენს ვნებებს გაქანების საშუალება, რამეთუ იცი, რომ ამის შემდეგ ადგილი ექნება დასჯის მომენტსაც.

უნდა ითქვას, რომ ეკლესიური დაშვებით ჩვენ ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლო წუთამდე გვაქვს შესაძლებლობა, მოვინანიოთ ცოდვები, მცდარი ცხოვრებისეული ნაბიჯები და წარვდგეთ სულიერად განწმენდილები უფლის წინაშე. აქ მონანიებული ცოდვები კი იქ უკვე აღარ მოგვეკითხება. იმაზე, თუ რამდენად უმსუბუქებს მდგომარეობას მღვდელთან ნათქვამი აღსარება კაცს, უხსნის მას ბევრ სულიერ, ფსიქოლოგიურ პრობლემას, მიუთითებს თუნდაც ის შეგრძნებები, რომლებიც გვეუფლება სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას. დიდი ათონელი ბერი მამა პაისი აღნიშნავს: “არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო. ის მეტად დიდი რამაა. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს მასზე დემონთა ძალაუფლებას. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომაც. მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი დიდი და აშკარაა, როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია – მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს”.


ქეთი ჭელიძე


ambioni.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий