ღმერთი

ღმერთი

среда, 21 августа 2013 г.

სიმართლე.

სიმართლის სიყვარული უდიდესი მადლია.



ვისაც სიმართლე სწყურია, იგი უფალს ეძიებს.


ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.


ბერი უნდა იყოს მტკიცე, სიმართლის გამო ყველას აწყენინოს, რადგან, სიმართლე თვითონ ღმერთია.


ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს.


უსამართლობას უნდა ვებრძოლოთ. თუ მას გულგრილად ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავადაც უსამართლონი ვართ.


ისევე როგორც არ ძალგვიძს ყოფნა უჰაეროდ, უწყლოდ, უპუროდ, ასევე არ უნდა შეგვეძლოს ცხოვრება სიმართლის გარეშე.


უწყლოდ და ულუკმაპუროდ ადამიანი ფიზიკურად კვდება, სიმართლის გარეშე კი - კვდება მეორე ანუ სულიერი სიკვდილით.



იყო მართალი მართალთა შორის სანაქებოა და შესაშური, მაგრამ უფრო მეტი ქების ღირსია ის, ვინც მართალია ცოდვილთა გარემოცვაში.


ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ უსამართლობას აღიარებს, საეჭვოა, რომ არ აღემატებოდეს იმას, ვინც ყოველთვის მართალია.



ნუ ეცდები, მართალი გამოჩნდე, მაგრამ ასეთი იყავი. რამეთუ ცნობილია, რომ არასოდეს არ არის მართალი ის, ვინც ცდილობს, მართალი გამოჩნდეს.



ზოგჯერ კაცის მორიდებით და მეზობლების შიშით დამალავს კაცი სიმართლესა, იმას კი არ ფიქრობს,რომ ღვთისა უფრო უნდა ეშინოდეს კაცსა, ვიდრე კაცისა.



სიმართლისათვის კაცმან ყოველი დევნა უნდა მოითმინოს. თუ სიმართლეს დამალავ, ღმერთს განარისხებ; თუ სიმართლეს იტყვი და ვინმემ ამისთვის მოგიძულა და ცუდი რაიმე გიყო, ნუ გეშინიან, ღმერთი სასუფეველს მოგცემს.



ჩვენ უნდა განვეშოროთ არა მარტო უხეშ ტყუილს, არამედ სხვებისთვის ხშირად ძნელად შესამჩნევ დახვეწილ სიცრუესაც. ნახევრად სიმართლე არის თვისება თანამედროვე ადამიანისა. ღვთის წყალობით უნდა განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან.



მიქია წინასწარმეტყველის წიგნში ვკითხულობთ: "ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი. მხოლოდ სიმართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს; და რომ სიბრძნითა და მორჩილებით იარებოდე შენი უფლის წინაშე" (მიქ. 6,8).
და განა შეუძლებელია ამის აღსრულება!



მართალი კაცი ქრისტეს წინაშე, როგორც პირდაღებული ლომი ისე დგას. მას არ ეშინია ღმერთის, იმიტომ რომ მართალია, ღმერთს უყვარს ასეთი კაცი და იგი ქრისტეს ძმა არის. მას როგორც თავის სწორს და ტოლს უფალი ისე უყურებს. ჯერ არიან მონანი ღვთისანი, შვილნი უფლისანი და ძმანი ღვთისანი.



რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ.



პატიოსნება ის არის, როდესაც კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად იტყვის, ყოველსა აღთქმას და პირობასა მიუცილებლად აღასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმა, მრუდედ და მზაკვრად მოქცევა; რაც არ იცის ბეჯითად, იმას არ დაგაჯერებს, რისაც აღსრულება არ შეუძლია, იმაზედ პირობას არ მოგცემს. მოკლედ, რომლის სიტყვა და საქმე ერთია.



ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს "შემოქმედი მშვიდობისა" და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გარემო სამყაროში.



შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა – კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში "ჰო"-საცა და "არა"-საც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად, იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა და ან მეორემ ცალკე გასწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალ-მხრივ გააწევინე ხარსა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.



ადვილი არ არის სწორად ცხოვრება. მაგრამ, "რაც არ უნდა ძნელი იყოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, მას ყოველთვის მოაქვს შვება და თავისუფლება". ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მსგავსია სინათლისა, რომელიც ავადმყოფ თვალებს აღიზიანებს. ადამიანებმა შეიძლება სიმართლეზე თვალი დახუჭონ, დაიხშონ გონება და გული, შეიძლება სასიკვდილოდ გასწირონ სიმართლის პირში მთქმელი, მაგრამ თვით სიმართლეს ვერავინ მოსპობს და იგი ბოლოს მაინც გამარჯვებას იზეიმებს. კაცობრიობის ისტორია ამისი ნათელი დადასტურებაა.



ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. "ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა" - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე.



თვით იკვლიე, თუ შეიძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამოკვლეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო – აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ღრმად დანდობა კი, და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვა რიგად გიჭრის, - ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამრთლიანად განდევნილი, უარყოფილი.



ჩვენ სიმართლისათვის მკვდრები ვართ და საუბედუროდ, ვცოცხლობთ სიბნელისათვის! გულცივნი ვართ საკუთარი სულის საცხონებელი საქმისათვის, რწმენის გაძლიერებისათვის. მაცხოვრის მცნება კი მოგვიწოდებს გვშიოდეს და გვწყუროდეს სიმართლე, ანუ გვქონდეს ძლიერი სურვილი – ვიყოთ მართალნი ღმრთის წინაშე იმის რწმენით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის გამომსყიდველი ამა ქვეყნისა. გვაქვს თუ არა ჩვენ სურვილი უმწიკვლო ცხოვრებისა? განა მთელი ძალით ვცდილობთ ჩვენი ნების სიკეთისაკენ წარმართვას? ჩვენი სულები მძიმედ, სასიკვდილოდ არის ავად, მაგრამ არ ვეძებთ საკურნებელ საშუალებას. იმასაც კი არ ვიღებთ, რასაც გვთავაზობს შვილებს მოყვარული დედა ეკლესია, რომელსაც სურს შეგვასვას საკურნებელი მადლი ღმრთისა.



ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლა მძაფრი და ულმობელი. რომელშიც ადამიანის ხასიათი, მისი შემეცნება, მისი ძალა ყალიბდება. ამ მუდმივმა ბრძოლამ გააძლიერა ჩვენი ხალხი სულიერად და ფიზიკურად. ჩვენ ახლა გვიკვირს, როგორ შეძლო ქართველობამ ამდენი უთანასწორო ბრძოლის გადატანა. ძალა ხალხისა და ეკლესიის ერთიანობაში იყო. მხვნელი, ხელოსანი, მებრძოლი, ბერი, პატრიარქი, მეფე, პოეტი, ყველა ერთი სულით იყო განმსჭვალული - ღრმა რწმენით სიმართლის გამარჯვებისა. ეძებდნენ მარადიულ ჭეშმარიტებას და წუხდნენ, როცა ვერ პოულობდნენ მას. ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი სულის სიდიადეში: ჩვენი მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არამედ აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ. ეს იყო ზეიმი სულისა, ზეიმი მარადიული სიმართლისა. სწორედ ამ სიმართლეს მივყევართ დღეს წინ და გვეძახის არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო და იქნება მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. იესო ქრისტე ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,31).






Комментариев нет:

Отправить комментарий