ღმერთი

ღმერთი

среда, 21 августа 2013 г.

თავდაჯერებულობა.

ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება გვმართებს.




"ცხონება ადამიანისათვის ადვილიცაა და ძნელიც, ვინაიდან ჯერ თუ სიმდაბლის გამო სამოთხისკენ აღიყვანება, ერთი წუთის შემდეგ კი – თავს ჯოჯოხეთის სატანჯველში იგდებს თვითდაჯერებულობისა და ამპარტავნების გამო".



თავდაჯერებული ამტკიცებს, რომ ადამიანებს კარგად იცნობს. იგი ამაოდ ფიქრობს, რომ არასოდეს ცდება. გულთამხილავი უფლის გარდა არავინ უწყის, რა სულისაა ესა თუ ის ადამიანი. ადამიანის შეფასებაში დიდი წმინდანებიც კი ცდებოდნენ.



ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, მორწმუნედაც რომ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურესობიდან დაემუქროს. პირველი – ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი, პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ზედმეტი ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.



ნუ გამოიგონებ აღტაცებულ მდგომარეობას, ნუ მისცემ გასაქანს ნერვებს, ნუ აღაგზნებ შენს თავს ნივთიერი, სისხლის დუღილით გამოწვეული ცეცხლით. ღმერთისთვის სათნო მსხვერპლია მხოლოდ გული დამდაბლებული და სული შემუსვრილი. რისხვით უარყოფს ღმერთი თავდაჯერებით, საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით შეპყრობილი ადამიანის მიერ შეწირულ მსხვერპლს, თუნდაც ეს განსაკუთრებული მსხვერპლი იყოს.



ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - სიკვდილს. შემდეგ მოდის ბუნებითი ცოდვა - თავდაჯერებულობა ანუ თვითგანდიდება. მას თან სდევს ცდომილება, შეცდომისას კი სიჯიუტე სათავეა ტყუილისა და სიცრუისა. და ბოლოს ჩვენი სულისმიერი ცოდვა - ძალაუფლების მოყვარება, რასაც ძალმომრეობამდე მივყავართ. ძალმომრეობა კი მთავრდება მკვლელობით. ასეთია გზა ცოდვისა".



თანამედროვე ჩვენი ყოფა იმდენად დამძიმდა, რომ უარყოფითმა მუხტმა მთელი მსოფლიო მოიცვა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით გათამამებულმა ადამიანმა დაივიწყა ღმერთი და თავისი შესაძლებლობების უსაზღვრობა დაიჯერა. წარმოიშვა უკიდურესი ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა, რის საფუძველზეც მოხდა ცნობიერების განშორება რწმენასა და სულიერ ფასეულობებთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლის ხარისხი იქცა ერისა თუ სახელმწიფოს კულტურული დონის განმსაზღვრელად; ამასთან, სულიერებისა და ზნეობრიობის უგულვებელყოფის ხარჯზე განხორციელდა ადამიანის ეგოისტური მომხმარებლური შესაძლებლობების უკონტროლო ზრდა.
რა თქმა უნდა, ტექნიკური პროგრესი თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცუდია ის, რომ საზოგადოებამ არ მოინდომა სულიერი ღირებულებების შენარჩუნება, რათა მათ შორის ბალანსი არ დარღვეულიყო.







Комментариев нет:

Отправить комментарий