ღმერთი

ღმერთი

вторник, 13 августа 2013 г.

ძვირის ხსოვნა.

ავმეხსიერის ლოცვა ქვაზე თესვას ჰგავს.

ნუ დაიმახსოვრებ ავს, თუ არ გინდა, რომ საკუთარ თავს ავნო.


ავის ხსოვნა და ლოცვა იგივეა, რაც ის, რომ ზღვაში თესო და მოსავალს ელოდო.


ის, ვის სულშიც ბოროტის ხსოვნაა, ჰგავს ადამიანს, თივაში რომ ინახავს ცეცხლს.


ის, ვის სულშიც ბოროტის ხსოვნაა, ჰგავს ადამიანს, თივაში რომ ინახავს ცეცხლს.


პატივმოყვარეობა პატივცემულებს აამაყებს, დამცირებულებს კი - ავმეხსიერებად აქცევს.


ვინც გულში ავის ხსოვნას ინახავს, ჰგავს კაცს, რომელსაც გულში გველი ჰყავს ჩაბუდებული.


ვინც ავმეხსიერია ეშმაკის მიმართ, იგი კაცთა სიავეს არ იმახსოვრებს; მაგრამ ეშმაკთან მშვიდობას ამყარებს ის, ვინც ძმის მიმართ ავმეხსიერია.


თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვთის ტაძარია.


აი, რაშია აზრების შემოტევის მიზეზი: თქვენ ისმენთ ფუჭ საუბრებს, რომლებსაც მახსოვრობა აკავებს. მტერი იღებს მახსოვრობის ამ მონახაზებს და გონების თვალის წინაშე ქსოვს მათგან ბადეს, რათა გონება მასში გახლართოს. ამ დროს უნდა ჩახვიდეთ გულში, თვალები მოაშოროთ მტრის მოჩვენბით სახეებს და მოუხმოთ უფალს.


გამოცდა.
ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი რამ მოგვითხრო:
-მოხდა ისე, რომ ჩემს ერთ ძმას დავემდურე და მასზე განვრისხდი. ერთხელ ჩემს სენაკში მუშაობისას უცებ ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. უეცრად დავინახე, რომ ჩემს სენაკში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. მას ბერების წესისამებრ, ლოცვა არ უთქვამს, და მომმართა:
-ვხედავ, რომ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ.
-განმეშორე, რადგან ღვთისგან არა ხარ და აქ აღარასოდეს მოხვიდე, - ვუპასუხე მე.
მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა:
-მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან უკვე ჩემი ხარ.
-შენი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ, - ვუთხარი მე.
მაგრამ ყმაწვილმა მომიგო:
-ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის; უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე. ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეენიისა; შენ კი გულში ძმისთვის ბოროტი გიდევს. სწორედ ამიტომ ჩემი და მხოლოდ ჩემი ხარ, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის.
  ამ ამბის შემდეგ სასწრაფოთ ძმასთან გავიქეცი და შენდობა ვთხოვე; სენაკში დაბრუნებულს კი ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. დამწვარი დამხვდა ფარდაგიც, რომელზეც ლოცვისას მუხლს ვიდრეკდი.



სასჯელი ბოროტის ხსოვნისთვის.
მღვდელი ტიტე და დიაკონი ევაგრე კიევო-პეჩორის ლავრაში ცხოვრობდნენ. ეშმაკმა, რომელიც ადამიანთა გულებში განუწყვეტლივ შურსა და დაპირისპირებას თესავს, მათ შორის მტრობა გააჩინა. თუ ადრე ისინი გულწრფელად მეგობრობდნენ, ახლა ერთმანეთის დანახვაც არ სურდათ. ისინი გაურბოდნენ ტაძარში შეხვედრას, ხოლო თუ ერთი აკმევდა, მეორე მოშორებით გადიოდა. მონასტრის ძმები მოშუღლართა შერიგებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ.
ერთხელ ტიტე ძლიერ ავად გახდა. ავადმყოფობამ ბერს ქედი მოახრევინა. მან კეთილგონივრულად შეინანა და ევაგრეს მოუხმო, რათა მისთვის შენდობა ეთხოვა და შერიგებოდა; მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ტიტესთვის შეენდო და მისი წყევა და ავსიტყვობა დაიწყო. მაშინ ბერებმა ევაგრეს ხელი სტაცეს და ავადმყოფთან ძალით მიიყვანეს.
-შემინდე, ძმაო! - ცრემლით შესთხოვა ტიტემ, რომელიც ძლივს ხედავდა ევაგრეს.
-არასოდეს შეგირიგდები, არც ამ ცხოვრებაში და არც იმ ქვეყნად, - უგულოდ წამოიძახა ევაგრემ.
მაგრამ ამ სიტყვების თქმა ვერც კი მოასწრო რომ მკვდარი დაეცე. ტიტე კი, პირიქით, სარეცელიდან ძალებით აღსავსე ადგა და ძმებს ასეთი რამ უამბო:
-უკვე სიკვდილის პირას ვიყავი, მაგრამ ევაგრეზე კვლავ ვბრაზობდი. უეცრად დავინახე როგორ მომიახლოვდნენ ანგელოზები, რომლებიც მაშინვე განმეშორნენ და ჩემი სულის დაღუპვას გლოვობდნენ. ამის შემდეგ მომიახლოვდნენ ეშმაკები, რომლებიც ხარობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ ავის ხსომის გამო ჩემს სულს დაეპატროვნენ. მაშინ ჩემი სულის ცოდვილობა შევიცანი და გთხოვეთ, ევაგრე ჩემთან მოგეყვანათ, რათა ერთმანეთისთვის შეგვენდო. როდესაც მუხლი მოვუყარე, ის ჩემგან შებრუნდა, მე კი უეცრად გვერდით დავინახე საშინელი ანგელოზი ელვარე მახვილით. ამ მახვილით მან შეუბრალებლად განგმირა ევაგრე, რომელიც მკვდარი დაეცა. შემდეგ ანგელოზმა ხელი გამომიწოდა და ამაყენა. აი, მე ჯანმრთელი ვარ.
  ანგელოზის მიერ ევაგრეს დასჯამ ძმებს თავზარი დასცა. იმ დღიდან ბერები ერთმანეთის მიმართ უფრო თანამგრძნობნი და შემწყნარებელნი გახდნენ.



არაბოროტისხსომა ბასილისა.
-წმიდაო მამაო, - - მიაძახა გზად მიმავალ ბასილი დიდს ერთმა ქვრივმა, - დამიფარე მე, ბედკრული, ქალაქის თავისგან; შენ დიდი გავლენა გაქვს მასზე; მე კი, საბრალო ქვრივს, წყენისა და შევიწროვების ატანა აღარ შემიძლია...
ღვთის მოსაგრემ მაშინვე მისწერა მას შემდეგი სახის წერილი: "ამ უპოვარმა ქვრივმა მითხრა, რომ ჩემს თხოვნას შენს წინაშე დიდი ძალა აქვს; თუ ეს მართლაც ასეა, საქმით დამიმტკიცე და ამ საბრალოს მიმართ გულმოწყალება გამოიჩინე...".
ქვრივმა სიხარულით გამოართვა წერილი წმიდა მამას, წარმოიდგინა, რომ ყველანაირ შევიწროებას უკვე ბოლო მოეღო და სიხარულით გაემართა ქალაქის თავისკენ.
მაგრამ მსაჯულს ღირსი მამის თხოვნის აღსრულება ბედნიერებად როდი მიაჩნდა და წერილის წაკითხვის შემდეგ პასუხად მისწერა: "სიამოვნებით გავაკეთებდი ამ საბრალო ქალისთვის ყველაფერს, რასაც ითხოვს, მაგრამ არ შემიძლია, რამეთუ კანონით მისთვის განკუთვნილი ხარკი უნდა გადაიხადოს".
მღვდელმთავარმა მისცა საბრალო ქვრივს, რაც შეეძლო, ქალაქის თავს კი ხელმეორედ მისწერა: "თუ დახმარება გინდოდა, მაგრამ არ შეგეძლო, მაშინ შენი სათნოება და სიკეთე ფასს არ კარგავს; ხოლო თუ შეგეძლო, მაგრამ არ მოისურვე, მაშინ ზეციური მსაჯული ოდესმე მთხოვნელის მდგომარეობაში ჩაგაყენებს; მაშინ მოისურვებ, მაგრამ ვერ შეძლებ...".
ეს წინასწარმეტყველება სულ მალე ახდა.
ქალაქის თავის მომხვეჭელობამ და ანგარებამ მეფის ყურამდე მიაღწია და მისი დატყვევება ბრძანა. ოდესღაც უსამართლო მსაჯულმა გაიხსენა, რომ წმიდა ბასილის განაჩენი სიტყვების უბრალო თამაში არ იყო, როგორც ადრე ეგონა და ბორკილებით დამძიმებული ხელებით გაჭირვებით მისწერა: "ღვთის კაცო! შენი სიტყვა წმიდაა; მე მთხოვნელთა რიგს მივეკუთვნე; გამოითხოვე ჩემ საბრალოსთვის მეფის - ხალხის მამის წყალობა; თუკი მოისურვებ, ყველაფერი შეგიძლია".
წმიდა ბასილიმ არ უგულებელჰყო დასაღუპად განწირული ადამიანის თხოვნა. ქალაქის თავი გაათავისუფლეს; მან წმიდა მამის მაგალითს მიბაძა და ცდილობდა, ასმაგად აენაზღაურებინა საბრალო ქვრივისთვის, რომლის მოსმენაც კი არ ისურვა თავის დროზე.
  გაჭირვებული ადამიანის ხილვისას მის ადგილას ყოველთვის საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ, რამეთუ ამქვეყნიური ბედნიერება მარადიული როდია. ვინც დღეს განდიდებულია, შესაძლოა, ხვალ უკანასკნელი გახდეს. აქედან შეიძლება დავასკვნათ - განა კარგად იქცევიან ამაყი და დაუნდობელი ადამიანები.




Комментариев нет:

Отправить комментарий