ღმერთი

ღმერთი

пятница, 11 октября 2013 г.

გულის განწმენდა.


ცოდვა საფლავის კარამდე არავის ტოვებს. ამიტომ მანამდე სიფხიზლე და გულის განწმენდაა საჭირო.




თუ მდინარე სათავეში გაშრა, წყლის დინება მოისპობა. თუ გული გაიწმინდე, საქმენიცა შენნი წმინდა იქნებიან.




რწმენა ჩვენგან გულის განახლებას და სულის აღორძინებას მუდმივად მოითხოვს. ყოველ საღამოს საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ - ხარ თუ არა დღეს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავი?




გამოიკვლიე შენი თავი, ძმაო, ყოველდღიურად, ამასთან, შეიმეცნე შენი გული, თუ რა ვნებაა მასში ღვთის წინაშე და განაგდე ეს ვნება შენი გულისგან, რომ არ გეწიოს შენ მძიმე ჯვარი.




წმინდა სიყვარული სუფთაა, თავისუფალი, მთლიანად ღმერთისმიერი.

წმინდა სიყვარული არის სული წმიდის მოქმედება, რომელიც, გულის განწმენდის კვალდაკვალ, მასში დაიმკვიდრებს.




მეფესავით იჯექი შენს გულში - სულიერი სიმდაბლის ტახტზე და უბრძანებდე სიცილს - წარვედ და წარვიდის, გლოვას - მოვედ! და მოვიდის და ხორცს ამ მონას და მტანჯველს ჩვენსას - ქმენ ესე! და ქმნის. (მათ.8.9.)




განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა.





გრძნობა, ანუ კაცის გულის მოძრაობა მართავს მისსა ცხოვრებასა და საქმეთა. ჭკუასა და მეცნიერებასა ისე არა ემორჩილება კაცი, როგორადაც გულის წადილს და გრძნობასა. მაშასადამე, მოამზადე, დააწყვე გულისა შენისა ჭურჭელი.




ისევე როგორც სუფთა წყალში მკვეთრად აირეკლება ტყე, მზე, ცა, ასევე სუფთა გულში აისახება ღმერთი.

ასეთი გული სულიერად ბეთლემის გამოქვაბულს ემსგავსება. ასეთ გულში იშვება მაცხოვარი და არა მარტო იშვება, მუდმივად დაივანებს იქ.




საერთოდ კი, სხვა არაფერია გულის სიწმინდე, რის შედეგადაც იპოვება ჩვენში ზემოდან გადმომავალი სიმდაბლეც და ყოველგვარი სიკეთე, თუ არა ის, რომ არანაირად არ მივცეთ სულში შემოსვლის ნება ჩვენს წინაშე წარმომდგარ გულისზრახვებს.


"ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მთ. 5,8), - თქვა უფალმა. მათგან, ვისაც ამ ნეტარების მიღწევა სურს, ღმერი მოითხოვს სრულ განწმენდას ცოდვებისაგან, ანუ უსჯულო ვნებებისაგან სრულ განთავისუფლებას და საკუთარ თავში უმაღესი სათნოების დანერგვას.




იესოს ლოცვის მთავარი ძალა და სულის მთელი ნატვრითი ძალა მდგომარეობს გონებრივი ქმედების მეშვეობით გულის განწმენდაში. რას ამბობს უფალი? "ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". არ ამბობს: "ნეტარ იყვნენ ჩვენებების, ხილვების, გამოცხადებების მხილველნი"




 მთელი ცხოვრება უნდა ვუდარაჯოთ საკუთარი გულის კარს და დავიცვათ იგი დაბინძურებისაგან, რათა არ მოვწყდეთ უფალს (იოანე ოქროპირი). ჩვენი მთავარი უბედურება მდგომარეობს ჩვენი გულის მოუწესრიგებლობაში, უპატრონოდ მიგდებაში. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს სიკვდილსაც არ ვაპირებდეთ.




როგორც შეუძლებელია მეწამული ზღვის ნახვა ცარგვალზე, ვარსკვლავთა შორის, და როგორც შეუძლებელია, რომ მიწაზე მავალმა ადამიანმა არ ისუნთქოს ეს ჰაერი, ასევე შეუძლებელია ვნებადი აზრებისგან ჩვენი გულის განწმენდა და მისგან განდევნა გონითი მტრებისა იესო ქრისტეს მიწყივ მოხმობის გარეშე.




უფალი იესო ქრისტე მისთვის მოითხოვს ჩვენგან, ძმანო, წმიდა გულს, რომელ ჩვენი ყოფა–ქცევა პირველად გულში მოიფიქრებს ანუ განიზრახავს კეთილსა, გინდა ბოროტსა საქმესა, და მერმე აღასრულებს. როგორიც გული აქვს კაცსა, ისრეთი საქმეც ექმნება. ამისთვის ძმაო ჩემო, ეცადე, რომ წინაპირველად განიწმიდო გული შენი.




ვისაც წმიდა გული აქვს, იმას მაცხოვარი აღუთქვამს ღვთის ხილვას: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რაეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ვინაითგან ღმერთი არის უწმიდესი არსება, მას იხილავს მხოლოდ კაცი წრფელი გულითა. ღმერთი არის ნათელი ბრწყინვალე, ამისთვის ღმერთს ვერ მიეახლება კაცი იგი, რომელსა აქვს გული დაბნელებული უწმინდურითა აზრითა.


მხედველებაში გქონდეთ, რომ ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ საკვებზე დამოკიდებული, მას უფრო მეტად სულიერი სიმშვიდე განაპირობებს. ცხოვრება ღმერთი ამასოფლის მღელვარებისაგან განგვაშორებს, გულს სიმშვიდით აღავსებს და მისი მეშვეობით სხეულში ყველაფერს სასიკეთოდ აწესრიგებს...

    საქმეები როდია მთვარი ცხოვრებაში; მთავარი ღვთისაკენ მიმართული გულის განწყობაა.





როგორ უნდა ავასრულოთ მაცხოვრის სიტყვები: „ნუ მიაგებ ბოროტსა ბოროტისა წილ“?

ადამიანისთვის ბოროტის წილ ბოროტების მიგება გულიდან იწყება. შემდეგ მოუხდება პირს, პირიდან ენას და ბოლოს საქმით აღესრულება. ამიტომ, განიწმინდე გული, რომ ბოროტი არ მოუხდეს პირს და თუ პირს მიუვარდა, ეცადე არ თქვა ბოროტება ენით. და თუ თქვი ბოროტება, მაშინვე განიშორე, რათა საქმით არ აღასრულო იგი და არ მიაგო ბოროტი ბოროტისა წილ.





მთელი ცხოვრება თვალი გეჭიროს გულზე და მიაყურადე, რომ მიხვდე, რა უდგას წინ მის და ყოვლადსახიერი ღმერთის ერთობას. ეს იგულე მეცნიერებათა მეცნიერებად და ღვთით, ადვილად შეამჩნევ, რა გაშორებს და რა გაერთიანებს მასთან, და ამასაც კი გული გეტყვის, რომელიც ხან ღმერთს მიეკვრება და ხანაც მოსწყდება. ეშმაკია ჩამდგარი ჩვენს გულსა და გამჩენს შორის, ისაა, გვაშორებს ღმერთს, გულისთქმებით, სხვადასხვა ვნებების და ხანაც ჩვენი სიამაყის გამო.





წარმოსახვებისგან სრულიად გაუცხოებული (დაცლილი, დაცარიელებული) გული შობს საღვთო და საიდუმლოებით აზრებს, თავის შიგნით მტოკავთ, ისევე როგორც ეს ხდება დაწყნარებულ ზღვაში, სადაც ტოკავენ თევზები და ყურყუმალაობენ დელფინები; და უნიავებს, ერთი მხრივ, ზღვას მსუბუქი ნიავი, მეორე მხრივ კი გულის უფსკრულს სულიწმინდა, ხოლო „რადგან, – ამბობს, – ხართ ძეები, მოავლინა ღმრთმა სული თავისი ძისა თქვენს გულებში, მღაღდებელი: ამბა მამაო (შდრ. გალ. 4.6).




ეცადე და განაგდე გულისა შენისაგან ბოროტნი გულისზრახვანი, მოამზადე გული შენი, ვითარცა მიწისმოქმედი მოამზადებს ყანასა თვისსა თესვისათვის. მადლსა სულისა წმიდისასა დიახ სურს და ცდილობს, რათა შევიდეს გულსა შინა შენსა, გარნა როდესაც იგი ხედავს მას აღებულსა ცოდვითა და ბოროტებითა, ვერ გაძლებს იგი მას შინა, როგორათაც კაცი ვინმე პატიოსანი, აღზრდილი სიყრმითგანვე შემკულსა და მდიდარსა სახლსა შინა, ვერ შევა და ვერ იცხოვრებს უწმინდურსა და აყროლებლ სახლში.




სჩვევია გულს, რომელიც დღენიადაგ დაცულია და არ ეძლევა ნებართვა, რომ შეიწყნაროს ბნელი და უკეთური სულების დასახულობანი, ხატნი და წარმოსახვანი, თავისი თავისგან წარმოშვას ნათელსხივოსანი გულისზრახვები, რადგან ისევე როგორც ნაკვერცხალი შობს ალს, ამგვარადვე, ბევრად მეტად, წმინდა ნათლისღებისგან გულში დამკვიდრებული ღმერთი, თუკი იგი ჰპოვებს ჩვენი გონების ჰაერს განწმენდილს უკეთურების ქართაგან და დაცულს გონებისეული გუშაგობით, ჭვრეტათა მიმართ აღანთებს ჩვენს გონითობას, როგორც ალი – ცვილის სანთელს.




განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა და ურწმუნოებისაგან, ამპარტავნებისა და შურისაგან, ვერცხლისმოყვარების, მრუშობისა და სხვა სიბილწეთაგან და არ იქცევი ტაძრად სულისა წმიდისა, შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე.




ღვაწლით შემოსილი წმინდა მამები გვირჩევენ, რათა განვიწმინდოთ გულები, უდრტვინველად მივიღოთ ღმრთის ნებით მონიჭებული ნებისმიერი მწუხარება და იწროობა, ვითარცა სამკურნალო საშუალება, რადგანაც ჩვენ ყველანი სულიერად მძიმედ სნეულნი ვართ. „მწუხარება კი ანადგურებს გულში სულიერი ტკბობის ნაკვალევს, აღმოფხვრის ცოდვის ღრმად წასულ ფესვებს“ (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი). გულის სიწმინდის მოსაპოვებლად თითოეული ჩვენგანი მთელი ცხოვრების მანძილზე დაუღალავად უნდა ირჯებოდეს, რომ (ღმერთმა ნუ ქნას) არ გარდავიცვალოთ ცოდვებით სავსე უწმინდური გულით. მეტად საშინელია უფლის სიტყვები: „რაშიც მოგისწრებთ, იმით განგიკითხავთ“.




ძველი აღთქმის სამღვდელო გასაცხადებელნი (იგულისხმება ძველი აღთქმის დიდი მღვდლისთვის ნიშანდობლი გარეგანი აქსესუარები, რაც მის მღვდლობას განაცხადებდა, წმ. ევსუქი ხუცესს, კერძოდ, მხედველობაში აქვს სამღვდელო თავსაბურის – მიტრის შუაში მოთავსებული ოქროს თხელი ფირფიტა – პეტალი) წარმოადგენდა განწმენდილი გულის წინასახეებს, რათა ჩვენც მიგვეპყრო მზერა ჩვენი გულის პეტალისთვის, – ხომ არ იყო გაშავებული ცოდვების მიერ, – და გაგვებანა იგი ცრემლების, სინანულისა და ლოცვის გზით, ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი რამ მოვლენა, ურჯულო ფიქრებისადმი ძნელად დასაოკებელი, თანაბრად იოლად რომ მიჰყვება როგორც უკეთურ, ასევე კეთილ აზრისმიერ წარმოსახვებს.





ერთერთი უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმართავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შესცვალოს, ერთი სიტყვით, სხვა სულიერი და საღმრთო ფერი მისცეს. სიტყვა ღვთისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ თუ გული, ანუ სურვილი კაცისა ცოტ–ცოტად არ იცვლება სულის წმიდის ტაძრად, მაშინ იგი გადიქცევა ცოდვისა და ეშმაკისა სადგურად. მაშასადამე, მორწმუნე და გონიერი ქრისტიანე მღვიძრად უნდა იდგეს სახმილავსა ზედა გულისა თვისისასა და დღითი დღე მიუშვებდეს სულსა წმიდასა, რათა მადლმან სულისა წმიდისამან ცოტ–ცოტად სცვალოს სულერი ფერი მისი.




თქვენი ყურადღება ყველაზე ნაკლებად გარეგან ღვაწლზე შეაჩერეთ. თუმცა ის აუცილებელია, მაგრამ შინაარსით ხარაჩეობს გვაგონებს. შენობაც ხარაჩოებს შორის შენდება, მაგრამ ხარაჩოები შენობა როდია. შენობა გულშია. და სწორედ, გულისმიერ ღვაწლზე უნდა შეჩერდეს მთელი ყურადღება.

    პირველი მაცდუნებელი აზრი თვითკმაყოფილებაა; მას მოჰყვება შინაგანი თავმაღლობა, რომელიც თანდათან გამოგიჭედავთ ყურებს და ბოლოს თავს მოგაწონებინებთ სხვების წინაშე. გააცნობიერეთ ეს. წაიკითხეთ მაკარი დიდი, განსაკუთრებით კი, კიბისაღმწერელი, სადაც ბევრია ნათქვამი აზრების განსხვავების შესახებ. ერთი და იგივე საქემ შესაძლოა ღვთისათვის სათნო იყოს ან საძაგელი იმისდა მიხედვით, თუ როგორი აზრები წარმართავენ მას.







ამიტომ, ვინც თვალს არ აცილებს გველის თავს (შესაქ. 3.15) (ე.ი. ფხიზლობს, ფრთხილობს)და, იყენებს რა მრისხანე გამონათქვამებს, მხურვალე მამხილებლობის შედეგად „მუშტით გვემს მის ტანს (შეუპოვრად იბრძვის), ამ გზით განირიდეს ბრძოლას, რადგან შეუმუსრა რა თავი, უკუაქცია მრავალი ბოროტი გულისზრახვა და უბოროტესი საქმეები. აი მაშინ, აუღელვებელი ჰგიეს აზროვნება, იწონებს რა ღმერთი მის მღვიძარებას გულისზრახვათა მიმართ და ანიჭებს რა, სანაცვლოდ, იმის ცოდნას, თუ როგორ დასძლიოს მოქიშპენი და როგორ განიწმინდოს, მცირე–მცირედ, თავისი გული იმ გულისზრახვებისგან, შინაგან ადამიანს რომ ბილწავს, როგორც ამბობს უფალი იესო: „გულისგან გამოდის უკეთური გულისზრახვები, სიძვანი, მრუშობანი... და ესენი არიან, რომლებიც ბილწავს ადამიანს“ (მთ. 15. 19–20).





წმინდა მამები და მართლმადიდებელი ეკლესია გვთავაზობენ საუკუნეებით გამოცდილ გზას მავნე ზრახვათაგან ჩვენი გონების განწმენდისა. აი, მივაღწიეთ ხანდაზმულობის ასაკს და იმდენად მივეჯაჭვეთ მიწიერ საფიქრალს, ხორციელ საზრუნავს, ისე დავშორდით სულიერ ცხოვრებას, რომ ვერც კი ვხვდებით ზრახვებთან ბრძოლის აუცილებლობას და ბოროტებადაც აღარ მიგვაჩნია მათი არსებობა, რომელნიც უმოწყალოდ გვტაცებენ ყოველივე იმას, რასაც უფლისაგან ვიღებთ საეკლესიო საიდუმლოებათა აღსრულებისას. მაგრამ როგორმე ხომ უნდა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, ვიფიქროთ სულის უკვდავებაზე, ვიზრუნოთ გულის განწმენდაზე, რამეთუ წმინდა გული არის ის საქორწილო სამოსელი, რომლის შესახებაც უფალი თავის იგავში საუბრობს. მხოლოდ ამ სამოსლით შეგვიძლია მოვუსხდეთ ზეციურ ტრაპეზს მარადიულ ცხოვრებაში (მიტროპოლიტი ნიკოლოზ კრუტიცკი).







მართლაც, გულის სიწმინდის გულმოდგინედ დამცველს მოძღვრად ეყოლება ამისვე (ე.ი. გულის სიწმინდის) რჯულმდებელი ქრისტე, რომელიც თავის ნებას საიდუმლოდ ეტყვის მას. „მოვისმენ, რას იტყვის ჩემში უფალი ღმერთი“ (შდრ. ფს. 84.9), ამბობს დავითი, წარმოაჩენს რა სწორედ ამავეს. თან, როდესაც იგი გვიცხადებდა გონების გამომეძიებლობას საკუთარი თავის მიმართ გონოთი ბრძოლის შესახებ და, აგრეთვე, ღვთის შემწეობასა და დამფარველობას, ამბობდა: „და იკითხავს ადამიანი: თუ იქნება, მაშ, ნაყოფი მართლისთვის...“ (ფს. 57.12). შემდეგ, თანაგამოძიების შედეგად ორივე მხრივ დადასტურებული აზრის წარმომჩენი ამბობს: „მაშ, არის ღმერთი, რომელიც განსჯის მათ“, – უკეთურ დემონებს, – ჩვენი გულის „მიწაში" (შდრ. ფს. 57.12). და სხვაგან ამბობს: „მოვა ადამიანი, და გული ღრმაა, და ამაღლდება ღმერთი, და მაშინ მათი წყლულები ჩვილთა ისრებად შეგვერაცხება ჩვენ (შდრ. ფს. 63.7–8).





ვინც გონითი ზღვის (ე.ი. სულიერი ზღვის) წიაღ მიცურავს, მინდობილია იგი იესოს, რადგან საიდუმლოდ ხმობს შიგნით, თავის გულში: „ნუ გეშინია, ჩემო შვილო იაკობ, უმცირესო ისრაელ“ (შდრ. ეს. 14.14), „ნუ გეშინია, მატლო ისრაელ, მე დაგიფარავ შენ“. მაშ, „თუ ღმერთია ჩვენს მხარეს, ვინ ბოროტია ჩვენს წიანააღმდეგ?“ (შდრ. რომ. 8.38). სწორედ მან, ღმერთმა, ნეტარყო ისინი, რომლებსაც წმინდა გული აქვთ (მთ. 5.8). მანვე რჯულდებულყო, რომ წმინდა გულებთან საღვთოდ მიახლება და იქ დამკვიდრება ნებავს ტკბილ იესოს, ერთადერთს წმინდას. ამიტომ, თანახმად პავლე მოციქულისა, ნუ განვუდგებით „გონების წვრთნას ღვთისმსახურებაში"(შდრ. I ტიმ. 4.7). დიახ, ჭეშმარიტად მართებულად ითქვა „ღვთისმსახურება“, რომელიც ძირითურთ აღმოფხვრის უკეთურის თესლებს (შესაძლოა აქ გვქონდეწ მინიშნება ღვარძლის დამთესველ "მტერზე", შდრ. მთ.13.24–30). სწორედ ესაა ღვთისმსახურება, სწორედ ესაა გზა სიტყვისა ანუ გზა აზროვნებისა, რაც იგივეა – გზა გულისზრახვისა.






„დიდად იშვებს მშვიდობით“ (შდრ. ფს.36.11), თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით (აქ საუბარია იმის შესახებ, რომ უკეთურ ძალებს კეთილგანწყობილად არ უნდა მოვექცეთ ანუ როგორც ისინი არიან ჩვენდამი მძულვარებით განმსჭვალულნი, ამგვარივე მძულვარება და არაკეთილგანწყობა უნდა გვქონდეს ჩვენც მათ მიმართ) განსჯის და ასამართლებს მათ თავისი გულის მიწაში, საკადრისს მიუზღავს რა ცოდვას, რადგან დიდმა და მცოდნე მამებმა თავიანთ ზოგ შრომაში ეშმაკებსაც „ადამიანები“ უწოდეს მოაზრონეობის გამო. ასევეა სახარებაშიც, სადაც უფალი ამბობს, რომ უკეთურმა ადამიანმა გაკეთა ეს და ღვარძლი შეურია ხორბალს (შდრ. მთ. 13.28). ამასთან, „უკეთურების მოქმედთა მიმართ მყისვე როდი ვლინდება მამხილებლობა, რაც, თავის მხრივ, ხდება სწორედ მიზეზი იმისა, რომ შთავინთქმებით გულისზრახვებისგან.






არის უფალთან შეერთების ორი გზა: სამოღვაწეო და შემეცნებითი. პირველი - ერის ქრისტიანებისთვისაა, ხოლო მეორე - მათთვის, ვინც საერო ცხოვრება მიატოვა. პირველი არ არსებობს მეორის გარეშე და არც მეორე - პირველის გარეშე. ერის ქრისტიანებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, შემეცნებით გზაზე უნდა იდგნენ... მე გწერდით: მიეჩვიეთ ღვთის მუდმივ ხსოვნას და მისი პირისახის წინაშე სიარულს. ესაა სწორედ შემეცნებითი მხარე...

    იბადება კითხვა, საქმიანობისას როგორღა მივაპყროთ ყურადღება უფალს? აი, როგორ: რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, დიდი იქნება ეს თუ პატარა, გონებაში აღიბეჭდეთ, რომ მას თავად ველგანმყოფი უფალი გავალებთ და თან გაკვირდებათ, როგორ აღასრულებთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენ ყოველგვარ საქმეს ყურადღებით აღასრულებთ და უფალიც გემახსოვრებათ. მიზნისაკე წარმატებული სვლის მთელი საიდუმლოებაც სწორედ ესაა. ეცადეთ ჩასწვდეთ ამას და ამგვარად მოწესრიგდეთ. მაშინ აზრებიც შეწყვეტენ აქეთ-იქით ქროლვას... 

    რატომაა რომ ახლა თქვენში ყველაფერი არეულია? ვფიქრობ იმის გამო, რომ თქვენ გინდათ ღმერთი გახსოვდეთ და საყოფაცხოვრებო საქმეებზე არ იფიქროთ, მაგრამ ეს საქმეები გონებაში მაინც აღწევენ და ღვთის ხსოვნას იქიდან გამოდევნიან. თქვენ კი პირიქით უნდა იქცეოდეთ, საყოფაცხოვრებო საქმეებზე უნდა იზრუნოთ, უნდა მიიღოთ ისინი, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი და ღვთის წინაშე აღსასრულებელ. თვითნებურად ხომ არც ერთი და არც მეორე არ გამოგდით... ხოლო ასე ერთიც და მეორეც გამოგივათ.




რა მოედინება ჩვენი გულიდან? - ცოდვისა და ვნებების მღვრიე, ჭუჭყიანი წყლები. ამ შავი მდინარის სათავე ჩვენი გულის სიღრმეშია, მისი კალაპოტი უფსკრულისკენ მიემართება, ხოლო შესართავი ჯოჯოხეთშია. რა უნდა ვქნათ გულის წყლები რომ განვიწმინდოთ? - ბიბლია მოგვითხრობს, მოსემ ძელი ჩააგდო დამწარებულ წყალში და წყალი დატკბა; ელისე დაბინძურებულ წყალში მარილი ჩააგდო და წყალი დაიწმინდა. მოსეს მიერ ჩაგდებული ძელი მოასწავებს ჯვარს.

    ჩვენ სიყვარულით უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი, ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის, იმ სატანჯველისთვისაც რასაც ის გვიგზავნის, რამეთუ ჭირი, ტანჯვა განსწმენდს ადამიანის სულს, აწრთობს ნებისყოფას. "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა", - ამბობს პავლე მოციქული.

    იოანე დაყუდებულმა თავისი ერთი სულიერი შვილი რომელსაც უდანაშაულოდ ცილი დასწამეს, ასე ანუგეშა: "ბრიყვო, მტრების გარეშე ვერავინ ცხონდება. წარმოიდგინე, ჩირქიანი წყლული გაქვს და შენმა მეგობარმა თავისი ბაგეებით გამოწოვა მთელი ჩირქი. იგივე გაგიკეთა მტერმაც - სულის ცხოვნებაში დაგეხმარა". მარილი ქრისტე მაცხოვრის სწავლებაა, წყლის დაწმენდა - ცხოვრების სახარების მცნებების დაცვით. მთელი სახარება თითქოს შეკუმშულია და ჩადებული იესო ქრისტეს სახელში. ქრისტე არის მთელი წმიდა წერილის ბურჯი, ცენტრი. ქრისტეს სახელის წარმოთქმა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, დიდი პატივიცაა. შევიდეთ ჩვენს გული იესო ქრისტეს სახელით და ვთქვათ: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". ეს ლოცვა ვიმეოროთ განუწყვეტლივ, სინანულის გრძნობით, რათა ჩვენი გულის მღვრიე წყლები იესო ქრისტეს სასწაულმოქმდი სახელის შეხებით დაიწმინდოს, ანკარა გაგხდეს და ცხოველსმყოფელი მადლის იმ წყაროს წყლებად იქცეს, საუკუნო ცხოვრებაში რომ გაედინება, ამინ.




Комментариев нет:

Отправить комментарий