ღმერთი

ღმერთი

вторник, 8 октября 2013 г.

შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.

ერთხელ ძმებმა ჰკითხეს წმიდა სისოის:

- უკეთუ ვინმე ძმათაგანი დაეცა ცოდვით, საკმარისია მისთვის ერთი წელი სინანულისა?

- ეგ ძალზედ მკაცრი სასჯელია, - უპასუხა მან.

- ესე იგი, ექვსი თვე საკმარისია, რომ მიეტეოს?

- ესეც ბევრია - უპასუხა სისოი დიდმა.

- კი მაგრამ, ორმოცი დღე ხომ მაინც სჭირდება მონანულ კაცს სინანულისათვის?

- ორმოცი დღეც კი ბევრია, რადგან მწამს, რომ თუ მონანული მთელი გულით შეინანებს თავის ცოდვებს, სამი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთმა მიუტევოს ყოველგვარი ცოდვები - უპასუხა ძმებს წმ. სისოიმ.


* * *

ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმ. ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული, ტკბილი ენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხონებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და თაყვანი სცა. ბერმა მიჰხედა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მან მიუგო, წმ. მამაო, მოვედი, რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთანო. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია, ამ მამების წინაშე აღიარეო. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლები სდიოდა.

აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა, შვილო, რომ ანგელოსის სქემა შეიმოსო? კაცმა უპასუხა, დიახ, წმ. მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც კი მოვიმზადეო... წმ. ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმ. სქემით შემოსა, აჩვენა გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხონებლადო. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს.

გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოსი ედგა ელვარე სახით და ნათელივით სპეტაკი სამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოსი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა. და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდვილს რაღა უფლება მაქვს სინანული და კანონი დავუწესო. თან იგი, თავისი სინდისისაგან მხილებული, ისედაც წმინდა გულით ინანებს მუდამო.

ეს რომ ისმინეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე.


* * *

ღირს პავლე მდაბალს (VI ს.) მჭვრეტელობის ნიჭი ჰქონდა.

ერთხელ მონასტერთან მისული კარიბჭესთან შეჩერდა და დაუკვირდა მლოცველებს. მწუხრის ლოცვა იწყებოდა. ნათელი სახეებითა და გულებით შედიოდნენ მორწმუნე ადამიანები ტაძარში და ყოველ მათგანს მიჰყვებოდა საკუთარი ანგელოზი.

ამ დროს დაინახა ერთი მორწმუნე ძმა, რომელიც მოღუშული სახითა და დამძიმებული გულით შედიოდა ტაძარში. ეშმაკები გარს შემორტყმოდნენ და თავისკენ იზიდავდნენ, მფარველი ანგელოზი ტირილით მიჰყვებოდა.

მწუხრის ლოცვა რომ დასრულდა, საძმო ისეთივე გამოვიდა, როგორიც შევიდა - ღვთიურ ნათელს ასხივებდნენ მლოცველები. მტირალი ძმაც სახეგანათებული გამოვიდა, სულიწმიდის მადლი გადაჰფენოდა, მხარში ედგა მფარველი ანგელოზი, ეშმაკი კი შორიახლოს მიჰყვებოდა და ახლოს მისვლას ვეღარ ბედავდა. ნეტარმა სიხარულით ამცნო მას ნანახი და მოულოდნელი ცვლილებების მიზეზი ჰკითხა.

ბერმა დაინახა, რომ იგი მხილებულია ღვთიური გამოცხადებით და უამბო: „ერთობ ცოდვილი ვარ; მრავალი წელი ვიცხოვრე უწმინდურობაში და ახლა, მოვედი რა ეკლესიაში, გავიგე, რომ კითხულობდნენ წმინდა წინასწარმეტყველ ესაიას, უმჯობესია თუ ვიტყვით საღვთო საკითხავს, რომელიც მისი პირით ლაპარაკობდა: „განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი. მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება (ის. 1, 16-18).

გული ამიჩუყდა, სულიერი ხედვა დამიბრუნდა, ვაღიარე ჩემი წყეული და დაცემული მდგომარეობა, ამოვიოხრე და გონებით ღმერთს მივმართე: „შენ ამქვყნად ცოდვილთა სახსნელად მოსული ღმერთი ხარ, რაც ახლა თქვი კიდეც შენი წინასწარმეტყველის საშუალებით. აღასრულე ეს ჩემზე საქმით, რომ ამიერიდან შენი დახმარებით აღარაფერი ჩავიდინო ბოროტი, უარი ვთქვა ყველანაირ უკანონობაზე და ამიერიდან სუფთა სინდისით ვიყო შენი მსახური, მეუფეო. მხოლოდ შენ თვითონ მიმიღე მე - მონანული და ნუ უკუაგდებ შენზე მივრდომილს".

მაშინ ყველამ, ვინც ეს მოისმინა, ხმამაღლა ადიდეს უფალი, რომელიც ყველა ადამიანს შეიწყნარებს, ვინც კი მასთან მივა მონანული გულით.


* * *

მჭვრეტელი თვალებით ღირსი ნიფონტი (IV ს.), მოგვიანებით კვიპროსის ქალაქ კონსტანციის ეპისკოპოსი, ხედავდა ადამიანების სხეულიდან გამოსულ სულებს.

ერთხელ, იდგა რა წმინდა ანასტასიას ეკლესიაში (კონსტანტინოპოლში) და ზევით თვალაპყრობილი ლოცულობდა, დაინახა გახსნილი ცა და მრავალრიცხოვანი ანგელოზნი, რომელთაგან ერთნი მიწაზე ეშვებოდნენ, მეორენი კი ზეცად ადიოდნენ და ადამიანთა სულები აჰყავდათ.

ორი ანგელოზი მაღლა ადიოდა და ვიღაცის სული მიჰყავდათ. როდესაც მრუშობის საზვერეს რომ მიუახლოვდნენ, გამოხტნენ განრისხებული ეშმაკები: „ჩვენია ეს სული, როგორ ბედავთ ჩვენგან წაღებას, თითქოს ჩვენი არ იყოს?" ანგელოზებმა იკითხეს: „რა უფლება გაქვს მასზე?" ეშმაკებმა უპასუხეს: „იგი სცოდავდა სიკვდილამდე, თავს იბინძურებდა როგორც ბუნებრივი, ასევე არაბუნებრივი გზით, ამასთანავე განიკითხავდა ახლობელს და რაც ყველაზე ცუდია - მოკვდა აღსარების გარეშე; რას იტყვით ამაზე?" ანგელოზებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და შეეწინააღმდეგნენ: „ჩვენ არ დაგიჯერებთ, არც თქვენ და არც თქვენს მამას - სატანას, სანამ არ გავიგებთ ყველაფერს ამ სულის მფარველი ანგელოზისგან".

ჰკითხეს მას და აი, რა ამცნო მფარველმა ანგელოზმა: „ამ სულმა მართლაც ბევრი შესცოდა, მაგრამ როდესაც ავადმყოფობა ეწვია, ღვთის წინაშე აღსარება და გოდება დაიწყო თავისი ცოდვების გამო. აპატია ღმერთმა, მან იცის - რატომაც. მას აქვს ძალაუფლება და დიდება მის მართლმსაჯულებას". მაშინ ანგელოზებმა სული სამოთხის კარიბჭეში შეიყვანეს.


* * *

ერთმა კონსტანტინეპოლელმა მღვდელმა ეშმაკის ცდუნებით სიძვით შესცოდა. რამდენიმე დღის შემდეგ სინანულში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო, რა მეშველება მე, სულისა და ხორცის წამბილწავს, რა უნდა ვიღონო უბადრუკმა, რომ ცოდვათა შენდობა მივიღოო. ადგა და წავიდა ულუმბოს მთაზე, ნახა იქ მოხუცი ბერი, აღიარა მის წინაშე ყველა ცოდვა და მეძაობის ამბავიც გაუმხილა. ბერმა უთხრა, შვილო, იმ საშინელი ცოდვის შემდეგ წირვის ჩატარება ხომ არ გაგიბედავსო. მან უპასუხა, ჰე, წმინდაო მამაო, გავკადნიერებულვარო. ბერმა მიუგო, მაშინ, იცოდე შვილო, მღვდელი, რომ ასეთ ცოდვებში ჩავარდება, მისი განკურნებისათვის მარტო ერთი გზა არსებობს, დიდი სინანულით უნდა მიეგებოს უფლის კაცთმოყვარებას. ამიერიდან აღარ გაბედო წირვა და სიწმინდის მსახურება, აღიკვეცე მონაზვნობის წესით და ჭეშმარიტად შეინანე. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლის იმედი მაქვს, რომ შეგიწყალებს, როგორც ყოველ მონანულსო.

ეს რომ მოისმინა მღვდელმა, ფეხებში ჩაუვარდა ბერს და სთხოვა, რადგან ღმერთმა შენს ხელქვეშ მომიყვანა, წმ. მამაო, ნუ გამიშორებ მე ცოდვილსო. ბერმა მისი მხურვალე ცრემლები რომ ნახა, უთხრა, თუ შენ ასე გინდა, დაგტოვებ ჩემთან, რადგან უფალი ბრძანებს: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (იოანე 6.37).

რამდენიმე დღის შემდეგ აღკვეცა ბერმა ის მღვდელი წმ. მონაზვნობის წესისამებრ და დატოვა თავისთან. იგი მარხვით, ლოცვითა და სინანულით ევედრებოდა ღმერთს.

ბერს სენაკის ქვეშ სამოღვაწეო სამყოფელი ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ მღვდელი შეევედრა, რომ იქ დადგომის კურთხევა მიეცა მისთვის. ისიც დათანხმდა. მღვდელი წავიდა, მოიტანა ჯაჭვი, კისერზე მოიბა, ირგვლივ შემოიხვია, ჯაჭვის მეორე ბოლო კი კლდეს გამოაბა.

სამი დღე რომ გავიდა და ბერთან აღარ მივიდა, თვით ბერმა მიაკითხა, ნახა ასე ჯაჭვით შეკრული და უთხრა, შვილო, ეს რა გიქნიაო? მან მიუგო, ასეთი ტანჯვის ღირსი ვარ ჩემი ურჯულოებისათვის. ერთს გთხოვ, წმინდა მამაო, ორ-სამ დღეში ერთხელ მცირეოდენი საზრდო - პური და წყალი მომიტანონ ხოლმე და ღმერთი მიძღოდეს შენი წმინდა ლოცვითო.

ბერმა ვედრება შეუსრულა, მიჰქონდა პური და წყალი ყოველ ორ დღეში ერთხელ. ის ცრემლებით ალტობდა და ისე ჭამდა. ასეთ ღვაწლსა და სინანულში გაატარა სამი წელი. შემდეგ ბერს ღმერთმა ამცნო ანგელოსის პირით, შევიწყნარე მისი სინანული, მალე აღესრულება, შედი და გახსენიო.

შევიდა ბერი, რომ მისთვის ჯაჭვი მოეხსნა და უთხრა, მამაო, აღსასრული მოგიახლოვდაო. ის ევედრებოდა, რომ არ გაეხსნა და ჯაჭვით აღსრულებულიყო, მაგრამ ბერმა უთხრა, არა, შვილო, აღარ არის შენთვის საჭირო ამგვარი ტანჯვა, რადგან მღვდელი ხარ, გთხოვ ჩემთვისაც ილოცეო. მღვდელს ლოცვა ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, ისე მიაბარა თავისი განწმენდილი სული უფალს, რომელსაც „არა ნებავს სიკუდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული", რადგან მისია დიდება უკუნითი უკუნისამდე.


* * *

ღირსი მამა დავითი, ადრე ყაჩაღი იყო, ოცდაათზე მეტ სხვა ავაზაკთან ერთად იგი აქეთ-იქით დაძრწოდა, მრავალ ბოროტებას და კაცისკვლას ჩადიოდა. ერთ დღეს, როცა მთიან ადგილას სუფრა გაეშალათ და ღრეობდნენ, დავითი მოულოდნელად ღმრთის შიშმა შეიპყრო და გადაწყვიტა სულის ცხონებაზე ეზრუნა. მიატოვა თავისი თანამზრახველები და წავიდა მონასტერში.

კარზე რომ დარეკა, და მეკარე გამოვიდა, დავითმა უთხრა, თქვენთან ყოფნა მინდაო. წავიდა მეკარე და წინამძღვარი მოიყვანა. წინამძღვარმა რომ ნახა დავითი მოხუცი იყო, უთხრა, ძმაო, ვერ შესძლებ ამ ძმების ღვაწლის და შრომის გაზიარებას და მონასტრის კანონის აღსრულებასო. იგი ევედრებოდა, ღმრთის შეწევნით შევძლებ, წმ. მამაო, ოღონდაც დამტოვეო. წინამძღვარმა ისევ გაუმეორა, შვილო, ვერ შესძლებ, მოხუცი ხარო. მაშინ დავითმა უთხრა, იცოდე მამაო, მე ყაჩაღთა მეთაური ვარ, მოვედი უდიდესი სურვილით, რომ ვიტირო და შევინანო ჩემი ცოდვები, მაგრამ თუ ჩემი მიღება არ გინდა, მაშინ სხვა, ბოროტ გზას მივმართავ, მოვალ, მოვიყვან ჩემს ავაზაკებს, ამოგწყვეტთ ყველას და მონასტერსაც გავძარცვავთო.

ეს რომ მოისმინა წინამძღვარმა, მაშინვე შეაყვანინა დავითი მონასტერში. მალე იგი აღკვეცეს და მონაზვნის სქემა შემოსეს. დავითმა კრძალვით და სიმდაბლით დაიწყო მოღვაწეობა. მან ყველას გადააჭარბა სათნოებით და მათაც გულმოდგინებისაკენ მოუწოდებდა.

ერთხელ, როცა იგი სენაკში იჯდა, წრფელი გულით ნანობდა და მხურვალედ ტიროდა თავის ცოდვებს, ეჩვენა გაბრიელ მთავარანგელოსი და უთხრა, დავით, დავით, დამშვიდდი, მოგიტევა უფალმა შენი ცოდვები და ამიერიდან სასწაულთმოქმედი გახდებიო. დავითმა უპასუხა, მაგას ვერ დავიჯერებ, რომ ამდენი ცოდვა ასე მოკლე ხანში მომიტევა. ჩემი ცოდვები ხომ ზღვის ქვიშაზე მრავალიაო.ანგელოსმა მიუგო, დავით, დავით, მე ზაქარიასაც არ მოვერიდე; როცა ჩემი სიტყვა არ ირწმუნა და ძის ყოლა არ დაიჯერა. მასაც კი შევუკარი ენა და განა შენ მოგერიდები? ამიერიდან დამუნჯდებიო.

დავითმა თაყვანი სცა ანგელოსს და უთხრა, წმიდაო, ყაჩაღი და ბოროტმოქმედი რომ ვიყავი და სისხლს ვღვრიდი, მაშინ არ დამამუნჯე, არ შემიკარი ხელი და არ მომკალი და როცა ღმრთის მონობა მინდა, სინანულისა და ქების შეწირვა და ხმით ვედრება, ახლა მამუნჯებ, რომ უფალი არ ვადიდოო?

ანგელოსმა მიუგო, კარგი, იმეტყველებ, როცა ღმრთის დიდებას და ლოცვით ვედრებას მოიწადინებ, სხვა დროს კი დადუმდებიო და წავიდა.

მას შემდეგ მრავალი სასწაული მოახდინა ღმერთმა დავითის მიერ - ბრმებს თვალები აუხილა, კოჭლებს სიარული შეაძლებინა, ეშმაკეულები განკურნა. იგი გალობდა ეკლესიაში ღმრთის სავედრებელს, მაგრამ გარდა ამისა, სხვას ვერაფერს - ორიოდ სიტყვასაც კი ვერ წაროთქვამდა. ასე კეთილად დაასრულა მან თავისი სიცოცხლე და განწმენდილი სული მიაბარა უფალს რომელსაც შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


* * *

აფრიკეთში ერთი კაცი იყო, რომელსაც მრავალ სხვა ცოდვასთან ერთად არაერთი მკვლელობაც ჰქონდა ჩადენილი. შემდეგ იგი სინანულში მოვიდა, აღიარა ცოდვები და აღთქმა დადო, რომ აღარ გაიმეორებდა. იგი, თავის ცოლთან ერთად, ქალაქიდან სოფელში გადავიდა და ერთი გლეხი კაცის ოჯახში დაბინავდა. ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით მან ისევ შესცოდა, ოჯახის პატრონის ცოლთან იმრუშა, რის შემდეგაც ავად გახდა და რამდენიმე დღეში მოკვდა.

სოფელთან ახლოს, ას მეტრში მონასტერი იყო. ამ კაცის ცოლი მაშინვე გაიქცა და მონაზვნებს შეატყობინა. დაახლოებით ცხრა საათზე მიცვალებული გადაასვენეს და მონასტერში დაკრძალეს. შუადღის სამ საათზე საფლავიდან ხმა მოისმა, მიშველეთ! მიშველეთო! მაშინვე გახსნეს სამარე და ნახეს, რომ ის კაცი გაცოცხლებულიყო. ჰკითხეს, რა ნახე, ძმაო, და რა გადაგხდაო, მაგრამ ის ტიროდა და ვერაფერს უყვებოდა, მხოლოდ ერთს ევედრებოდა, ღმრთის მონა თალასესთან მიმიყვანეთო. მათ შეუსრულეს თხოვნა და მიიყვანეს. სამი დღის მანძილზე მიწაზე დამხობილი მწარედ ტიროდა ეს კაცი. წმ. მამა ეკითხებოდა, რა ნახეო და მხოლოდ მეოთხე დღეს ძლივს შეძლო ტირილითა და გოდებით ხმის ამოღება: პატიოსანო მამაო, როცა მოვკვდი, შავი, საშინელი ეშმაკები ვნახე. ჩემი სული ძრწოდა და იმალებოდა მათი შიშით. ამათ გარდა ვიხილე ორი მშვენიერი და ბრწყინვალე ანგელოსიც. ჩემი სული გამოხტა სხეულიდან და მათ ხელში აღმოჩნდა. როცა ისინი აფრინდნენ ქვეყნიდან და ჰაერში ადიოდნენ, გვხვდებოდნენ ჰაერის მცველები. იქ იყვნენ თითოეული ადამიანის თითოეული ცოდვის განკითხველები - ზოგი ამპარტავნების, ზოგი განკითხვის, ზოგი ბოროტი სიძვისა, მაგრამ ანგელოსებს, რომლებიც მიმიძღოდნენ, რაღაც ჭურჭელი ჰქონდათ. მასში ჩემი კეთილი საქმეები იყო. ამოჰქონდათ იქედან თითო-თითოდ და მათი მეშვეობით ჩემს ბოროტ საქმეებს აბათილებდნენ.

ასე მივუახლოვდით ცის იმ კარიბჭეს, სადაც არიან მსიძვავთა განმკითხველები. იქ შემიპყრეს და თითოეული სიძვისათვის განმიკითხავდნენ, რაც კი ჩამედინა თორმეტი წლიდან გარდაცვალებამდე. ჩემმა წინამძღვარმა ანგელოზებმა უთხრეს, ყველა ცოდვა, რაც მას ქალაქში ჩაუდენია, შეუნდო ღმერთმა, რადგან შეინანა და აღთქმა დადოო, ეშმაკებმა კი მიუგეს, ჭეშმარიტად ასე არის, მაგრამ ქალაქიდან გადასვლის და აღთქმის დადების შემდეგ ისევ დაეცა მრუშებით გლეხის ცოლთანო. ამ სიტყვების შემდეგ ანგელოსებმა ვერცერთი ჩემი კეთილი საქმე ვერ ნახეს ისეთი, რომ იგი გაებათილებინათ, დამტოვეს და წავიდნენ.

შემიპყრეს იმ შავმა ეშმაკებმა და ცემა-ცემით ისევ დედამიწაზე ჩამომიყვანეს. შემდეგ გააპეს მიწა და შეკრული ჩამაგდეს საშინელ, ბნელ, ვიწრო ლაფში - ჯოჯოხეთის მყრალ ქვესკნელში, სადაც არის ცოდვილი სულების საპყრობილე, მარადიული სატანჯველი, განუწყვეტელი ტირილი, კბილთა ღრჭენა და ენით გამოუთქმელი გოდება. იქ მუდამ ამას მოთქვამენ: ვაი და ვაი ჩვენ, რადგან ენა ვერ აღწერს იმ ჭირს, რომელიც აქ არის, იმ უბედურებას, რომელსაც აქ ვხედავთო. უკვნესით გული და არავინ არის მათი ნუგეშინისმცემელი. ევედრებიან, მაგრამ არავინ არის მათი მსმენელი და დამხმარე.

მეც მათთან ჩამაგდეს და დამტოვეს. ცხრიდან სამ საათამდე ცხარედ ვტიროდი. უცებ დავინახე, რომ ის ორი ბრწყინვალე ანგელოსი შემოსულიყო იქ. შევევედრე, შემიწყალეთ, მიხსენით ამ ჭირისაგან, რომ შევინანო ჩემი ცოდვები და დავემხო უფლის წინაშე-მეთქი. მათ მითხრეს, დაგვიანებულია შენი ვედრება, რადგან აქედან ვერავინ გავა საყოველთაო აღდგომამდეო. მე მაინც მხურვალედ ვევედრებოდი და სინანულს აღვუთქვამდი. ბოლოს ერთმა მეორეს ჰკითხა, შენ იქნები ამის თავმდები, რომ იგი მართლაც სულით და გულით შეინანებსო? მეორემ დაუდასტურა, თავმდები ვიქნებიო და ამის ნიშნად ხელი გაუწოდა. მათ კვლავ ამიტაცეს და გამომიყვანეს იქედან. შემდეგ მიმიყვანეს საფლავთან, მაჩვენეს ჩემი გვამი და მითხრეს, შედი, საიდანაც გამოხვედიო. შევხედე ცხედარს და ვიგრძენი, რომ ჩემი სული მარგალიტივით ბრწყინვალე იყო, ხორცი კი ლაფივით მყრალი და შავი. შემეზიზღა მასში შესვლა. ანგელოსებმა კი მითხრეს, შენი შენდობა შეუძლებელია, თუ ისევ ამ სხეულში არ შეხვალ, რომლითაც სცოდე და ისე არ შეინანებო. მე ვევედრებოდი, არ მინდა ჩემს ხორცში შესვლა მეთქი, მაგრამ მათ გამაფრთხილეს, შედი! თუ არ შეხვალ, ისევ უკან დაგაბრუნებთ, საიდანაც ამოგიყვანეთო. დაბრუნდი, რომ სხვებიც დაარიგო. უამბე, რაც ნახე და შეგემთხვაო. მაშინ შევედი და ხმამაღლა დავიწყე ვედრება, მიშველეთ, მიშველეთ-მეთქი და გამომიყვანეს.

ეს ყველაფერი რომ უამბო წმ. მამას, მსმენელები განცვიფრდნენ და სულისათვის დიდი სარგებელი პოვეს. მათ აღიარეს თავიანთი ცოდვები და შეინანეს. ის კაცი კი ეკლესიაში დარჩა. ერთ ადგილას პირქვე დამხობილი იყო, მწარედ ტიროდა და გამუდმებით სინანულით აღუარებდა ღმერთს თავის ცოდვას. იგი ოხრავდა და მოთქვამდა, ვაი ცოდვილებს, ვაი უნანელებს, რადგან მარადიული სატანჯველი ელით. განსაკუთრებით კი ვაი მათ, ვინც თავისი ხორცი არაწმინდებით წაბილწაო. ორმოცი დღე დაჰყო ასეთ სინანულში. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ღმერთმა ამცნო, რომ აღსასრული უახლოვდებოდა და მან სინანულითა და ცრემლით განწმენდილმა მიაბარა სული უფალს, რომელიც ბრძანებს: „არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და სინანული და ცხოვნება მისი". დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.


* * *

ორი ღვიძლი ძმა ერთად განეშორა სოფელს. ისინი ნიტრიის მთაზე მონაზვნებად აღიკვეცნენ და ერთი სულიერი მამის მორჩილები გახდნენ. ღმერთმა ორივე მათგანს დიდი სინანულის და ცრემლის მადლი მიანიჭა. ერთ დღეს სულიერმა მამამ ჩვენებით იხილა ლოცვაზე მდგომი ორივე ძმა. მათ ხელში დაწერილი ქაღალდის გრაგნილები ეჭირათ და თავიანთი ცრემლებით შლიდნენ იმ ნაწერებს. ერთი მათგანის გრაგნილზე ასოები იოლად იშლებოდა, მეორეზე კი - ძნელად, რადგან მელანი მუქად აჩნდა.

ბერი ღმერთს შეევედრა, რომ გამოეცხადებინა მისთვის, რას ნიშნავდა ეს ხილვა. ეჩვენა მას უფლის ანგელოსი და უთხრა. ქარტებზე იმ ორი ძმის ცოდვები წერია. ერთი მათგანი უნებლიედ ცოდავს ხოლმე და ამიტომ იშლება მისი ცოდვები იოლად. მეორე კი - ნებით ჩადის ცოდვებს. მას მეტი ძალისხმევა სჭირდება მათ ამოსაშლელად, მეტი ღვაწლი და სიმდაბლე სინანულში მოსასვლელადო.

მას შემდეგ ბერი ხშირად არიგებდა იმ მეორე ძმას, იღვაწე, მხოლოდ დიდი ძალისხმევით თუ შევძლებთ სასუფეველში შესვლას, რომლის გზა ვიწრო და საჭირველიაო. ისიც მეტი გულმოდგინებით ირჯებოდა სინანულისა და გულის განწმენდისათვის. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს მადლით, ორთავეს მიეტევა თავიანთი ცოდვები. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.

orthodox.do.am

Комментариев нет:

Отправить комментарий