დღეს დღესასწაულია ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა, რომელიც საქართველოში ათონის ივერთა მონასტრიდან იქნა ჩამობრძანებული. 9 აპრილიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 1989 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოში ათონის მთიდან ჩამობრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საგანგებოდ შესრულებული ასლი, რომელსაც ოფიციალურ სიგელში `კანონიერი ასლი~ ეწოდება. კანონიერი ასლი დედნის არა მარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ მსგავსებასაც წარმოადგენს და მისი დაზიანების, დაკარგვისა და განადგურების შემთხვევაში დედნის მნიშვნელობას იძენს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიუმართავს ივერიის მიწაზე სტუმრად მყოფი ათონელი ბერებისათვის, რათა კარიბჭის ხატიდან საქარ¬თველოსთვის ასლი გადაეღოთ. ორიოდე წელიწადში ხატი დაასრულეს. იგი ორმოცი დღის განმავლობაში მიდებული ჰქონდათ დედანთან, რათა მისგან მადლი და ნიჭი მიეღო. ხატის კურთხევა ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში შესრულდა. მის შექმნასა და სიონში ჩამობრძანებაზე ჟურნალ ”კარიბჭის” ჟურნალისტს ესაუბრა დეკანოზი ამირან ამირანაშვილი: _ როდესაც ხატის ასლი შეიქმნა ათონის წმინდა მთაზე, მხატვარმა შეგნებულად აარიდა თავი დეტალების სიზუსტეს, იმის შიშით, რომ მადლი არ გამოსულიყო მონასტრის კარიბჭის მცველი ხატიდან. მიუხედავად მათი მცდელობისა, სასწაული მაინც მოხდა: ცნობილია, რომ იმ ადგილას, სადაც ხატი ზღვიდან გამოაბრძანა ღირსმა მამა გაბრიელ ქართველმა, წყარომ ამოხეთქა. მოგვიანებით, ათონის წმინდა მთის კეთილმოწყობისას, სამი მილით ამ წყაროს წყალი თანაბრად მიეწოდებოდა მონასტრებს. როდესაც ჩვენმა დელეგაციამ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლთან ერთად დატოვა მონასტერი, წმინდა მთა პანიკამ მოიცვა, რადგან სამივე მილში იკლო წყლის დონემ. ყველა მონასტრიდან მოვიდნენ ბერები, ილოცეს, მაგრამ ამაოდ _ წყაროზე დაიკლო ჭავლმა, ერთ მილში კი წყალი მთლიანად დაშრა. წმინდა ხატმა ხილული სასწაული თბილისშიც მოახდინა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ივერიის ღვთისმშობლის ხატი ოქროს პერანგით უნდა შემოსილიყო. როდესაც გახსნეს ხატის საცავი, რომელიც სისქით 20-25 სანტიმეტრია, იხილეს საოცრება _ მინაზე გადმოსულიყო ხატის ზუსტი ასლი. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მთელი საქართველოდან, ჩვენი მეზობელი ქრისტიანული ქვეყნებიდან უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ მომლოცველები. ზოგმა სამეცნიერო კვლევაც ჩაატარა, მაგრამ სასწაული ვერავინ ახსნა. ამჟამად ხატის საცავი, რომლის მინაზე ახლაც შეგიძლიათ იხილოთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბრძანდება ტაძრის ჩრდილოეთ ეკვდერში, რომელიც წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობისაა. სურათზე ივერიის ღვთისმშობლის ხატს მიაბრძანებენ მახათას მთაზე, სადაც ახლა მის სახელობის ტაძარი შენდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий