
გიორგი შარვაშიძე
სწორედ ამიტომ იყო, გრიგოლ რობაქიძე რომ შენიშნავდა მის შესახებ: „ბაასის საგანი ხშირად საქართველოა. გაბედულება მისი საკითხის გადაწყვეტაში, არავითარი კომპრომისი, სრული თავისუფლება - აი მისი ფიქრის ხვეული.“
****
მამულს
სალამსა გიძღვნი, ჰოი, მამულო!
ობლის სიცოცხლის ჩემის მიზეზო.
ძველის დროიდან უხვად ქებულო,
ძველის ხსოვნითა მარად ლამაზო.
იმ კარგის დროის, როს შენნი შვილნი
შენის შვილობით ამპარტავნობდნენ,
როს მათნი გმირულ მომართულ მშვილდნი
მტერს აწუხებდნენ, არ მოუშვებდნენ.
როს სულით წმინდით ამაღლებულნი,
სახითა წყნარით, ლომებრ გულითა,
ტურფა ვაჟნი ხმალ–გაშიშვლებულნი
თავს გევლებოდნენ სიყვარულითა.
როს ათინელთა მეცნიერების
ლამპარი მაინც გაანათებდა,
და საყვირთ ცემა ხშირის ლაშქრობის
გონების აზრსა არ აყრუებდა.
იმ დროის, როცა პატიოსნება,
ნდობა, ერთობა, სიტყვა უცვალი
ნამდვილ მეფობდნენ, არ ვით ოცნება,
რომელთ არ დარჩა არც სუსტი კვალი!
მაშინ მეცოცხლა, მაშინ მენახე,
სრულად ვიგრძნობდი ბედნიერებას
და ერთის ხმითა ზღვა, მიწა, ტყე, ხე
ჩემთან იმღერდნენ განგების ქებას.
ეხლა რას ვხედავთ? დიდება ჭკუის
წვრილმან ლტოლვებზედ დახურდულია,
აბჯარი მუხთლობს, გლახ ღონე ტყუის,
გზა იმედისაც ბნელით ხშულია.
ჩრდილოეთისა სასტიკი ჩრდილი,
ჰოი, მამულო! სინათლეს გისპობს;
მხოლოდ ელბუზი, ლაღად აყრდნილი,
მოხუცის თავით წყვდიადსა აპობს.
იმ თეთრ ნაკვეთით ჩამოღელვიან
კვნესით, ღრიალით ცრემლნი გლოვისა
და ათას ღარად მკერდს უხეთქიან
ნიშნად ზარისა უბედობისა.
***
შენ იცნობ, ძმაო, ქვეყანას ერთსა,
სად მზე მარად ჟამს ანათებს, ბრწყინავს,
სად მის სახელსა, როგორც რომ ღმერთსა,
ადიდებს ერი და მასზედ ფიცავს!
რა შეღამდება, მუნ ვარსკვლავები
იმ ქვეყნის ქალებს ეჯიბრებიან,
და მათი შუქისმფენი თვალები
იმათ სხივებსა ედარებიან.
იქა მუხთლობა გაუტანელი
იხდის ბეგარას ბოროტებისას;
იქ გულთაძგერა დაუცხრომელი
ასრულებს მხოლოდ ვალსა ნებისას.
იქ სინიდისის ციური ალი
ცივსა განსჯასა სულ ჩაუქრია;
იქა მტყუნდება მხოლოდ მართალი,
რომელსაც თავი ძირს დაუხრია.
იქ ისმის ჟღერა ბორკილებისა,
იქ კვნესის სული, არ ყურობ განა?
ღირსია, ძმაო, შებრალებისა
ის უბედური – ჩემი ქვეყანა!
Комментариев нет:
Отправить комментарий