ღმერთი

ღმერთი

четверг, 16 января 2014 г.

დაუმორჩილებელი ქართული პოეზია - ლადო ასათიანის ”გულაგის” ბანაკში გადასახლებული დედისადმი მიძღვნილი ლექსი

ლადო ასათიანის ბიოგრაფიიდან ცნობილია მისი სიცოცხლის უკანასკნელი წლების ასეთი ფაქტი: მან 1940—1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს. პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, დაჭრეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი. 1943 წლის ივლისში პოეტი გარდაიცვალა. 

დარჩა ამ ბოლო დღეებზე თანამოკალმეთა მოგონებები - ალექსანდრე საჯაია წერდა: “ლადო მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს სამშობლოს გმირებს – ხერხეულიძეებს, არაგველებს... თითქოსდა, ლადოს, ჭლექით ავადმყოფს, სევდიანი უნდა გამოსვლოდა სტრიქონები, მაგრამ ასე არ მოხდა, მის ლექსებში მელანქოლიას ადგილი არა აქვს. პირიქით, მის ლექსებს მთიულური საგმირო ფოლკლორის სილაღე და ოპტიმისტური ბუნება ახასიათებს”.

შემთხვევითი არ არის, რომ მრავალი წლის შემდეგ, როდესაც თბილისში სამასი არაგველის ხსოვნის უკვდავსაყოფად ობელისკი აღმართეს, მასზე სწორედ ლადო ასათიანის ლექსის სტრიქონები ამოკვეთეს: ”მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი...”

მაგრამ ჰქონდა მაინც ლადოს ერთი ლექსი - აღსავსე სევდითა და მწუხარებით - ეს გახლდათ დედაზე დაწერილი ლექსი. პოეტის ბიოგრაფიიდან ვგებულობთ: ”ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დედა დაუპატიმრეს და გადაუსახლეს კიდეც. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია... მაშინ მომავალი პოეტი “ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია, ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. იგი დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა... აკი დედაზე სევდამ მის პოეზიაშიც დაიდვა ბინა: „...ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები.. .“

გასაგები მიზეზების გამო დედისადმი მიძღვნილი ლექსი თვით იმ დაჩეხილ კრებულშიც კი ვერ მოხვდებოდა. ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამ გამოაქვეყნა თავის არალეგალურ ჟურნალ ”ოქროს საწმისში”. ქვემოთ გთავაზობთ ამ ლექსს, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდა მკითხველისათვის შეიძლება უცნობი იყოს:

****

დედისადმი



ამ ქვეყნად როცა ავიდგი ენა,

პირველი სიტყვა იყავი დედა,

დედა, სიზმრებმა არ მომასვენა,

შენს ბნელ საკანში გადმომახედა.

გეძახი, მინდა გაგესაუბრო

შუა აზიის ურწყულ მხარეში...

რა გენატრება – ქმარი თუ უფრო

დავაჟკაცებულ შვილის ალერსი.

მთვარეულივით დავდივარ ხმელზე

აგერ ეს ოცდასამი წელია,

მაგრამ, ძვირფასო მშობელო, შენზე

ერთი სიტყვაც არ დამიწერია.

ეს იმიტომ, რომ მიყვარდი ძლიერ,

დამქონდი, როგორც საუნჯე გულით

და სიყვარულის სიმღერის მიერ

ვიყავი დღემდენ დამუნჯებული.

ახლა კი მეტი არ ძალმიძს, არა,

ტირილი მინდა და შეცხადება,

შავმა სიზმრებმა შავ ნიაღვარად

წარმომიდგინეს შენი ხატება.

ჩვენი სახლ–კარი ააწიოკეს

დაუბანელმა გლეხის კაცებმა,

ნეტავ შენსავით ბნელში ვტიროდე,

არ ვუყურებდე ქვეყნის დაქცევას.

ინგრევა შენი ნაამაგარი,

და არ გახსენო, არ შემიძლია,

აღარ გაჰკივის რთველში მაყარი,

ვენახში თოფებს აღარ ისვრიან.

თონეში ცეცხლი აღარ ტკრციალებს,

მამამ ბეღელი ვალში გაყიდა

და ძველებურად არ მოფრიალებს

შუკაში თეთრი ბაშილაყითა.

ჩვენი მარანი და საწნახელი

უფრო ძლიერმა დაიგირავა,

მამა ბუხართან ზის თავდახრილი,

ცეცხლში აფურთხებს და იგინება.

რკინის ჭიშკრიდან ყვითელ გვალვაში

არ შემოვდივართ მე და ურემი

და გაზაფხულის ხმაზე თავლაში

არ ჭიხვინებენ ბედაურები.

დაიქცა ყველა დიდი ჯალაბი,

ნაგაზს ჯაჭვს არვინ არ აღრღნევინებს,

წინათ თუ ღვინოს დაგაძალებდნენ,

დღეს წყალსაც არვინ დაგალევინებს.

დანაცრებულან ციხე-კოშკები,

“მრავალჟამიერ” არსად გუგუნებს,

მე კარგად ვიცი, მალე მოვკვდები,

მე ვერ გავუძლებ ამ საუკუნეს.

ო, ვიცი ეს და ამიტომ მინდა,

უკანასკნელად მაინც გიხილო,

დედაო, ქრისტეს ხატივით წმინდავ,

და ეს ტანჯვები შენ გაგიმხილო.

და პირვანდელი ლუღლუღის მსგავსად

ხელებგაშლით და თვალებ გახელით,

დაუვიწყარო, სიკვდილის ჟამსაც

გავიმეორო შენი სახელი.




Комментариев нет:

Отправить комментарий