ღმერთი

ღმერთი

четверг, 16 января 2014 г.

დაუმორჩილებელი ქართული პოეზია - გიორგი გვაზავა

  ”ვიკიპედიაში” გიორგი გვაზავას შესახებ დაბეჭდილია მოკლე ინფორმაცია:

”გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (დ. 23 აპრილი 1869 წ, სოფ. ნოქალაქევი, სენაკის რაიონი. გ. 20 იანვარი, 1941 წ, პარიზი) – ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გიორგი იყო მენშევიკური საქართველოს ეროვნული საბჭოს და მისი აღმასკომის, აგრეთვე პარლამენტის წევრი და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაური, 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა 1941 წლის 20 იანვარს, პარიზში”.

კიდევ რა არის მასზე ცნობილი? 1907 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილთან და მიხაკო წერეთელთან ერთად გამოსცა ჟურნალი ”Грузинская мысль”, რომელიც ცენზურამ აკრძალა. მთავრობის საწინააღმდეგო კორესპონდენციებისათვის ის 1911 წელს მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1921 წლიდან გიორგი გვზავა ემიგრაციაშია. პარიზში დასახლების შემდეგ, 1926-1939 წწ. ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალ "პრომეთეს". 1929 წ. პარიზში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ჟოლიო დე კრებიონის ტრაგედია "რადამისტი და ზენობია" სათაურით "ფარსმან მეფე ივერიისა". ასევე თარგმნა პასინის "მითრიდატი", ექსილეს "მიჯაჭვული პრომეთე". 1938 წელს პარიზში გამოიცა გ. გვაზავას მიერ ფრანგულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" (პროზაული ვარიანტი).

1929-1938 წწ. პარიზში გიორგი გვაზავას რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო გაზეთი "საქართველო", სადაც წერილებს ათავსებდა "გ. გ"–ს, "სტამბოლელის", "მეთვალყურეს", "მკითხველის", "წკიპურტის", "Politicys"-ის, "X"–ის ხელმოწერით.

მისმა თანამემამულეებმა, სამწუხაროდ, დღეისათვის ნაკლებად უწყიან, რომ გიორგი გვაზავა შესანიშნავი პოეტი იყო. მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ლექსების მთავარი თემა მშობელი ქვეყნის ბედ-იღბალი და მისი უნუგეშო მდგომარეობა გახლდათ. ქვემოთ გთავაზობთ დაუმორჩილებლობის პათოსით განმსჭვალულ მის რამდენიმე ნაწარმოებს:

***



ქართველი ქალი



ოსმალელმა ქართველ ქალსა

შემოჰფიცა სიყვარული,

ჰკადრა, ”ტურფავ, ცეცხლის ალსა

შენ მიეცი ჩემი გული;

დამეკარგა სულ იმედი,

ცრემლიც ბევრი დამედინა,

მოწმედ მომყავს მოჰამედი,

მისი მექა და მედინა!!

რუსმა ჰკადრა – „ფრთხილად ქალო,

ურჯულომ არ შეგაცდინოს,

მასში რაა სატრფიალო,

ჰქეიფობს და არ სვამს ღვინოს!

შენს სიტურფეს, გულის ძგერას

დააფასებს იგი განა?

შენ დაგაჭკნობს, ვარდისფერას

მის უმზეო ჰარამხანა.

ტურფავ, ჰნახე ჩემი მხარე,

ჰნახე როგორ მიიშლება

მის სივრცეზე მოელვარე

დასავლეთის მონათება;

ამ შუქითა მოკაზმული

შეიქნები ბედნიერი,

ქალო, ჩვენ გვაქვს ერთი რჯული,

ერთი უნდა გვქონდეს ჭერი.“

ქალმა ბრძანა: „დამეხსენით,

ორივესა გიცნობთ კარგად,

ნდობა წმინდა, სავსე ლხინით,

ორთავესა დაგეკარგათ;

დღე არ მახსოვს აქამდინა

უღრუბლო და უბურუსო;

არც მექა მწამს, არც მედინა

და არც შენი ფიცი, რუსო!


1908წ. (”ნიშადური” №34)


***
კაზაკი-რუსის სიმღერა



ჰე, ჩემო ცხენო! შენა ხარ მარტო

კაზაკი-რუსის მოძმე და ტოლი,

ხოცვაში სწრაფო, ძარცვაში მარდო,

შემასხი მეც ფრთა გულ-შემაძრწოლი.

ლაგამ-უნაგრით გამოგიყვანო

შეკაზმული და მით მშვენიერი, -

დაიჭიხვინე, ჩემო მერანო,

და სთელე ფეხით ქართველი ერი!



მშვიდობა გახდა შეუძლებელი,

ბატონი ჩვენ ვართ - სხვა რაღა გვინდა?

თაფლად ვაქციოთ სასწავლებელი

და ხელოვნების ტაძარი წმინდა;

შენ იქ დაგაბამ, იქ უნდა გბანო,

იქ დაგიყარო თივა და ქერი;

დაიჭიხვინე, ჩემო მერანო,

და სთელე ფეხით ქართველი ერი!



დამორჩილება განუკითხავი

მუდამ ყოფილა ჩვენი ხელობა,

დავღვაროთ სისხლი, შევწიროთ თავი,

ოღონდ დავიცვათ თვითმპყრობელობა.

ავიღე ხიშტი, რომ მივატანო

თავისუფლებას იმისი წვერი.

დაიჭიხვინე, ჩემო მერანო,

და სთელე ფეხით ქართველი ერი!



მე სული ვნახე თავზარ-დამცემი,

იმან მიბრძანა: ” -ნუ გაქვსო რიდი,

ეხლა დასდგაო დროება ჩემი!”

და ჩამაბარა მათრახი დიდი.

ის სული იყო დღეს სათაყვანო

თემურ ლენგისა - სული ციური.

დაიჭიხვინე, ჩემო მერანო,

და სთელე ფეხით ქართველი ერი!



განათლება და მეცნიერება,

თავისუფალი სიტყვა და შრომა,

იმ ცვრის ღრუბლებში ჩაიმარხება,

რომელსაც შენი აადენს ხტომა.

უნდა ერთიან გაავერანო

კანონი, რჯული...სუყველაფერი.

დაიჭიხვინე, ჩემო მერანო,

და სთელე ფეხით ქართველი ერი!

1906 წ. (”კუკუ-რეკუ” №2)


***
ფიქრი



იგრიალა რაღაც ძალმა

და სასტიკმა ქარიშხალმა

ყველაფერი აგვიბნია,

არია და გადმოდენა

უცხო რჯული, უცხო რწმენა,

ოლიმპი და სინაია;

და მოძღვრება მრავალგვარი,

როგორც ტალღა წარმომქდარი,

წამოვიდა მღელვარებით,

ჩვენი ქვეყნის კუთხე ყველა

მან კამკამით ააჭრელა

და მოიცვა უცხო ხმებით.

ჩვენ შევდექით...ჩვენა ვტირით:

გადაჭრითა პირდაპირით

ვერაფერი მიგვიღია;

ყოველ ტალღის ჟრიამულსა

ჩვენ შარა–გზას ვაძლევთ სრულსა

კარი ყველგან არის ღია.

ტალღა ზოგი დუღს და შხუის,

კენჭებითა ტკბილ სიცრუის

მოჭედილი უჩანს ძირი;

ზოგი მოდის ტკბილი ჟღერით,

აღთქმებითა ფერად–ფერით

მოუქარგავს განაპირი.

ბევრს იტაცებს ტალღა წმინდა,

ბევრი კიდეც გადაცვინდა

მისაწვდომად მიუწვდენის.

დაიღუპა ბევრი გმირი,

ტალღამ ისევ შეჰკრა პირი,

შეუცვლელად თვისი დენის.

განცვიფრებულ მდუმარებით

ჩვენ ტალღებში ვიყურებით

უმეცრებით აღჭურვილნი;

ჩვენ არ ვიცით, რას ვესწრაფოთ,

ტალღას რომელს დავეწაფოთ,

რომ მოვიკლათ სიწყურვილი;

თავბრუ გვესხმის, ვერას ვხედავთ,

ვერაფერსაც ვერა ვხედავთ,

ცრემლი მოგვდის მდუღარედა,

ვტირით, როგორც ებრაელნი,

საწყალნი და მოუვლელნი

ბაბილონის წყალთა ზედა.

ვის მივმართოთ, რა ვიღონოთ,

რომ თვით ჩვენვე ვეპატრონოთ

ჩვენს თავსა და ჩვენსა შრომას?

სიტყვა ძმური ძმას არ სჯერა,

არცა წრფელი გულის ძგერა,

ყველაფერი ასცდა ზომას.

ბნელი სუსხი ამ დროების,

გულში წმიდა სასოების

გახმა ვარდი, ჩაჭკნა ია;

და არ ვიცით, წინ რა გველის,

და არ ვიცით, რა გვიშველის –

ოლიმპი თუ სინაია?!



Комментариев нет:

Отправить комментарий