ღმერთი

ღმერთი

понедельник, 6 января 2014 г.

ალილოობა საქართველოში.


- ოცდახუთსა დეკემბერსა                                                      - ცაზე ვარსკვლავი გამოჩნდა         ქრისტე იშვა ბეთლემსაო                                                           შობის მახარობელიო 

- ანგელოზები გალობენ                                                            - ალათასა ბალათასა 
დიდება მაღალთა შინა                                                              ხელი ჩავკარ კალათასა


- ეს რომ მწყემსებმა გაიგეს                                                        შიგ რომ ვერა ვიპოვე-რა 
მივიდნენ და თაყვანი სცეს მას                                                ღმერთი მოგცემს ბარაქასა

- ჩიტი ღობეზე შემოჯდა                                                           - ოცდახუთსა დეკემბერსა
იძახოდა ქრისტეშობას                                                                ქრისტე იშვა ბეთლემსაო



ოცდაერთი საუკუნის წინათ, ზამთრის ერთ ბნელ და ცივ ღამეს იშვა მხსნელი ჩვენი და მაცხოვარი - იესო ქრისტე. ხოლო მისი შობა ასე მოხდა: იმ დროს ისრაელი რომის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი. იმპერატორმა მოსახლეობის აღწერა განიზრახა, რის გამოც ყველა ადამიანი იმ ქალაქში უნდა ჩასულიყო და აღწერილიყო, საიდანაც იყო წარმოშობით. როგორც იცით, ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი დანიშნული იყო მართალ იოსებზე. და აი, მათ მოუწიათ წასვლა დაბა ბეთლემში, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით. ბეთლემში ჩასულებს ყველა სახლი და სასტუმრო დაკავებული დახვდათ, ვერსად იპოვეს თავშესაფარი. მაშინ გავიდნენ დაბიდან და მის შორიახლოს საქონლის ბაგაში შევიდნენ. სწორედ იქ, ბაგაში იშვა მაცხოვარი და ამით გვიქადაგა თავმდაბლობა. ბაგის ახლომახლო მწყემსები ცეცხლს შემოსხდომოდნენ და თბებოდნენ. ამ დროს ისინი უცნაური სახილველის მოწმენი გახდნენ. ზეციდან დაეშვა ანგელოზთა გუნდი, რომლებიც გალობდნენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ანგელოზებმა გაოცებულ მწყემსებს ახარეს: რას დგახართ აქ? დღეს თქვენთვის იშვა მაცხოვარი. და აი, ნახავთ მას ბაგაში თავის დედასთან ერთად. ამის შემდეგ ანგელოზთა გუნდი უჩინო შეიქმნა. მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ იმ ადგილისაკენ, საითაც ანგელოზებმა მიანიშნეს და იქ, მართლაც, იხილეს უბრალო სახვევებში შეხვეული ჩვილი იესო ყოვლადწმიდა ქალწულის მკლავებში და თაყვანი სცეს მას. შემდეგ კი გახარებულნი დაბრუნდნენ მინდორში და ადიდებდნენ ღმერთს, რომ ასეთი დიდი სასწაულის ხილვის ღირსნი გახადა (ლუკა 2, 8-20).

ყოველი შობის ღამეს, ვარსკვლავის გამოჩენისა და ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მოციქულების წინამორბედი, ქრისტეს მახარებელი მწყემსები შორეული წარსულიდან დღემდე მთელს სამყაროს ამცნობენ იმ უდიდესი საიდუმლოს განხორციელებას, რასაც იესო ქრისტეს განკაცება ჰქვია. მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარი მამაკაცები, თუ ტყავის ჯუბებში გამოწყობილი ბავშვები, ზოგი კომბლებით, ზოგი ჩირაღდნებით ხელში, ალილოს გალობით, თვითოეული თანასოფლელის კარმიდამოს მოივლიდნენ და მოუთმენლად მომლოდინე მასპინძლებს ღვთის სადიდებელს - ალილოს - ხმამაღლა უგალობდნენ:

„ალილო და აქა ალილო,
ალილო და აქა შობა,
ღმერთმა ბევრი გაგითენოთ
შობა-ახალწელიწადი.
ოცდახუთსა ამთვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
ჩიტი შემოჯდა ღობესა,
იძახის ქრისტეშობასა.
ჩვენ მათხოვრები არა ვართ,
ვართ ქრისტეს მახარობლები,
ალილო და აქა შობა,
აქა ალილო“ (მესხეთი)

„ოცდახუთსა ამ თვესაო,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო,
თქვენ გვაჩუქეთ გროშებიო,
დაგელოცოთ ბოვშვებიო“ (სამეგრელო)

„ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,
შობის მადლი შეგეწიოთ, ქრისტე დაბადებულაო,
ეს სახლი ვინ ააშენა, ვინ დახურა მუხის გული?
ამშენებლის დედა ცხონდეს, დამხურავის მამის სული.
„კოშკიდან“ გადავიხედე, ერბო გიდგათ ქილებითა,
ალათასა, ბალათასა, კვერხცი უნდა კალათასა,
აქა ღორი დაკლულიო, ნაყელარი ჩვენიაო, ნასამედი თქვენიაო.
პატარძალო ჩვენო ლხინო, მარნის კარი გიჭრიალებს,
მარნის ქოცო აგვიხადე, ყელი ჩაგვიმაჭრიანე“ (კახეთი)

შობა- შობა მარიობა,
შობის ახალ წელიწადი,
ჩვენ ხომ მათხოვრები არ ვართ.
ქრისტეს მახარობლები ვართ.
ჩიტი შემოჯდა ოლესა,
იძახის მარიობასა
ღმერთმა ყველა დაგვასწროს
აღდგომა –მარიობასა” (რაჭა)

მეალილოებს ყველა მოუთმენლად ელოდა, რათა მათგან მოესმინათ სასიხარულო ამბავი, დალოცვა და, რაც მთავარია, ალილო. „ალილო“ წარმოებულია ბერძნული სიტყვისაგან „ალილუია“, რაც ნიშნავს „აქებდით უფალსა“. მეალილეები მგალობლები და ე.წ. „ქრისტეს მახარებლები იყვნენ“. როდესაც ჩვენში მეალილეები სიმღერას დაასრულებდნენ, მასპინძელი ან შინ შეიპატიჟებდა მათ ან გარეთ გამოუტანდა კვერცხს, სურსათ-სანოვაგეს, რაც გააჩნდა, ზოგჯერ ფულსაც. ზოგან, მაგალითად, თუშეთში მათ საგანგებოდ გამომცხვარი ორი დიდი ქადით „ალილოს კოტორით“ უმასპინძლდებოდნენ. მეალილეები ერთს იქვე შეჭამდნენ, მეორეს თან წაიღებდნენ. ალილოობის ბოლოს მეალილეები სადმე იკრიბებოდნენ, ზოგან ბოლო მასპინძლის ოჯახში რჩებოდნენ და ერთად, მხიარულებაში ატარებდნენ ამ ბედნიერ დღეს.

ჩვენი წინაპრები ამ საოცარი ამბით, სიხარულითა და ვარსკვლავით განათებულ ღამეში უხვად აჯილდოვებდნენ მეალილეებს ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, რომელიც შობის სიმბოლოა და რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა (მეალილოეთა ძღვნის გარეშე გაშვება ხალხში ფუძის უბარაქობისა და ზიანის მომტანად ითვლებოდა) იმ მწყემსთათვის, რომლებიც ღვთისა და ანგელოზებისაგან დამოძღვრილ სახარებისეულ მწყემსებს განასახიერებდნენ, ვისაც მთელი ქვეყნისათვის ღვთისა და ანგელოზების ნებით ადამიანთა გამოხსნის უდიდესი საიდუმლოს შესახებ უნდა ეუწყებინათ. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის, ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.

შობას წესად ძღვნის მირთმევაც სცოდნიათ. სამეგრელოში ნათლული ნათლიას მამალს, ღვეზელს და კვერს მიართმევდა. გურიაში რძლის მშობლებს ანუ მძახლებს უგზავნიდნენ ძღვენს. ეს შეიძლება ყოფილიყო ხარი ან ძროხა, ცხვარი, ინდაური, ღვინო, პურები, ხაჭაპურები და უსათუოდ საშობაო ღვეზელი.

აი, ასეთი ძვირფასი და დიდი დღესასწაული იყო შობა ქართველისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
№ 1 (103), 2001 წ. 6-12 იანვარი

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“
№ 50 (258), 2003 წ. 18-24 დეკემბერი

Комментариев нет:

Отправить комментарий