ღმერთი

ღმერთი

понедельник, 6 января 2014 г.

იმპერატორი, რომელმაც ბიბლიური წინასწარმეტყველება აღასრულა.

(6-ე თავი ა. ა. ოპარინის წიგნიდან: მსაჯულები, რომლებმაც საკუთარი თავი გაასამართლეს. ახალი აღთქმის არქეოლოგია)

 ქრისტეანული ეპოქის წინა ჟამი გამოირჩევა მსოფლიოში უდიდესი იმპერიის შექმნით, რომელმაც სამი კონტინენტის მიწები მოიცვა, ათობით სამეფო დაამხო და ასობით ხალხი დაიმონა. იმპერიის დედაქალაქ რომს მსოფლიოს დედაქალაქს უწოდებდნენ, ხოლო მისი მმართველები ღვთაებრივ ტიტულებს ისაკუთრებდნენ და ღმერთს უყადრებდნენ თავს. იმპერატორთა გაღმერთებული ქანდაკებები ზემოდან დაჰყურებდნენ მთელი მსოფლიოს კერპებს. რომის მმართველის სიტყვით მყარდებოდა მშვიდობა და იწყებოდა ომი, თვალის დახამხამებაში ემხობოდა და შენდებოდა ქალაქები, და ვერავინ ბედავდა რომის იმპერატორთა ნება-სურვილის წინააღმდეგობას. ამ უდიდესი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი აღმშენებელი ოქტავიან ავგუსტუსიც იყო, და მას "ღვთაებრივის" ტიტულს ატარებდა. მის თანამედროვეებს ის ყოვლადძლიერად და ღმრთის თანასწორად მიაჩნდათ და ვინ იფიქრებდა, რომ ეს ძლევამოსილი დამპყრობელი უზუსტესი აღმსრულებელი გახდებოდა უღარიბესი ებრაელის წინასწარმეტყველებისა, რომელიც იმპერატორამდე 600 წლით ადრე ცხოვრობდა და რომლის არსებობის შესახებ იმპერატორს საერთოდ არც კი სმენოდა...

"შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველითგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან" (მიქა 5:2).

ამრიგად, წინასწარმეტყველების თანახმად, იესუ ქრისტე ბეთლემში უნდა დაბადებულიყო. ამდროს იოსები და მარიამი ნაზარეთში ცხოვრობდნენ, 160 კმ-ს მოშორებით ბეთლემიდან. და აი, იმისთვის, რათა ბიბლიური წინასწარმეტყველებისა და ღმრთის სიტყვის უნებლიე აღმასრულებელი გამხდარიყო, იმპერატორმა ავგუსტუსმა მოსახლეობის აღწერა გადაწყვიტა, რომელიც "პირველი აღწერა გახლდათ სირიაში კვირინუსის გამგებლობისას" (შეად. ლუკა 2:2).

მეცნიერებაში მარქსისტული იდეოლოგიის ხანგრძლივი გაბატონების პირობებში, საბჭოთა სახელმძღვანელოები უთითებდნენ, თითქოსდა ამგვარი აღწერა ისტორიაში არსოდეს ყოფილიყოს; რომ კვირინუსი სირიის გამგებელი იყო უფრო გვიანდელ პერიოდში, და დასცინოდნენ ბიბლიის ცნობას იმის შესახებ, რომ ისრაელის ესა თუ ის ტომი თავ-თავის ქალაქში უნდა წასულიყო ჩასაწერად (ლუკა 2:3). მაგრამ ამგვარ ირონიას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ხოლო ისტორიისა და არქეოლოგიის მონაცემები არა თუ აჩვენებენ ბიბლიური მონათხრობის ჭეშმარიტებას, არამედ უმცირეს დეტალებშიც კი ადასტურებენ სახარების გასაოცარ სიზუსტეს ისტორიულ მოვლენებთან დაკავშირებით. ასე, მაგალითად, ლუკა მახარობლის ცნობა კვირინუსის, როგორც სირიის გამგებლისა, და საერთოდ, როგორც ისტორიული პიროვნების შესახებ, დასტურდება როგორც ანტიკური ავტორების თხზულებებში, ასევე არქეოლოგიური მონაპოვრებითაც. ცნობილია, რომ პუბლიუს სულპიციუს კვირინუსი წარმოშობით ქალაქ ლანუვიუმიდან (ლათ.Lanuvium) იყო და ქრ. შობამდე 12 წელს კონსულად არჩევამდე (Тацит К., Сочинения, СПб., Наука, 1993, Анналы, кн. 3, 48, С. 97) იმპერიის გრძელი ადმინისტრაციული კიბე გაიარა.

ეს იყო მზაკვარი და ძალზედ თადარიგიანი კაცი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად არაფერს ერიდებოდა. ასე მაგალითად, ისარგებლა რა მისდამი იმპერატორ ტიბერიუსის კეთილგანწყობით, მან სიკვდილით დასაჯა თავისი ცოლი ლეპიდა, წარჩინებული გვარის წარმომადგენელი, რომელთან ერთად ცოლ-ქმრული ცხოვრებით 20 წელიწადი გაატარა და საკუთარი თავი რომ გაემართლებინა, იცრუა, თითქოსდა ცოლს მისი მოწამვლა სურდა (Гай Светоний Транквилл, Жизнь двенадцати цезарей, М., Наука, 1966, Тиберий, 49, 1, С. 94).

კვირინუსზე, როგორც სირიის გამგებელზე, საუბრობს იოსებ ფლაბიოსიც: "სენატორი კვირინუსი, რომელსაც ადრე ყველა სახელმწიფო თანამდებობა ეპყრა და კონსულობამდე გზაც გაიკვალა, იყო ადამიანი, რომელიც ყველა საქმეში უდიდესი ზეგავლენით სარგებლობდა; ის ჩამოვიდა სირიაში, სადაც იმპერატორმა სამართლის დასაწესებლად და მოსახლეობის მთელი ქონების აღსაწერად გააგზავნა. მასთან ერთად გაიგზავნა ასევე კოპონიუსიც, რომელიც წარმომავლობით მხედართა წოდებიდან გახლდათ. მას მთელი იუდეის უზენაესი ხელისუფლება (პროკურატორობა) ჩაჰბარდა. იუდეაში, რომელიც იმ დროისთვის სირიის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კვირინუსიც ჩამოვიდა, რადგან საერთო აღწერის ჩატარება და არქელაოსის ქონების ჩამორთმევა სურდა" (И. Флавий, Иудейские древности, в 2 т., Минск, Беларусь, 1994, кн. 18, гл. 1, 1, с. 431).

როდესაც კვირინუსის ისტორიულობის უარყოფა ვერ მოხერხდა, მთელმა რიგმა საბჭოთა მეცნიერებმა ხელი "ჩაავლეს" ფლაბიუსის ცნობას, სადაც თუმც კი ლაპარაკია კვირინუსზე, როგორც სირიის გამგებელზე და აღწერაზეც არის მსჯელობა, მაგრამ ნათქვამია, რომ ეს აღწერა ქრისტეს შობიდან 6-7 წელს, ანუ ჰეროდეს გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ მოხდა. მაშინ როდესაც, სახარების ცნობით, ქრისტე ჰეროდეს მეფობის დროს დაიბადა, შედეგად, როგორც მარქსისტები აცხადებდნენ, ლუკა მახარობელს უხეში შეცდომა დაუშვია.

"არის თუ არა შესაძლებელი ლუკა მახარობელს შეცდომა დაეშვა? დიდი ხნის განმავლობაში აღიარებდნენ ლუკა მახარობლის ცთომილებას და მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტიოქიაში აღმოაჩინეს რომაული ტექსტის ფრაგმენტი, ცნობილი გახდა საოცარი ფაქტი, - კვირინუსი სირიაში ადრეც ყოფილა, კერძოდ, იმპერატორ ავგუსტუსის ბრძანებით სატურნინეს პროკონსულობის პერიოდში. იმ დროს კეისრის დავალება სამხედრო ხასიათს ატარებდა. კვირინუსი მეთაურობდა ჰომონადენსების საწინააღმდეგო კამპანიას. ეს იყო ტომი, რომელიც მცირე აზიაში, თავრუსის მთებში ბინადრობდა. ქრისტეს შობამდე 10 და 7 სს-ში, სირიაში ამ მხედართმთავრის შტაბი და რეზიდენცია მდებარეობდა" (Келлер В. Библия как история, М., Крон-Пресс, 1998, с. 384). კვირინუსის გამარჯვებაზე ჰომონადენსებთან ომში ტაციტუსიც იუწყება (Тацит К., Сочинения, СПб., Наука, 1993, Анналы, кн. 3, 48, с. 94).

ამგვარად, კვირინუსი ორიჯერ ყოფილა სირიაში: პირველად იესუ ქრისტეს შობის დროს, ხოლო მეორედ - მოგვიანებით (Р. Бойд, Курганы. Гробницы. Сокровища., Чехословакия, Свет на Востоке, 1991, с. 245).

ის, რომ ქრისტეს შობამდე 7-6 წლებში სირიას კვირინუსი გამგებლობდა უდიდესი საბჭოთა ისტორიკოსი, პროფესორი მაშკინიც აღიარებს (Машкин Н. А., Принципат Августа, М., 1949, с. 545).

ამრიგად, კვირინუსი ნამდვილი ისტორიული პიროვნებაა და ის სირიას მართავდა ქრისტეს შობამდე 6-7 წლებში, ანუ ქრისტეს შობის პერიოდში. მაგრამ იყო თუ არა ამ დროს მოსახლეობის აღწერა რომის იმპერიაში?

როგორც დადგინდა, ნამდვილად ყოფილა, და ლუკა მახარობელს "სწორედ ის აღწერა ჰქონდა მხედველობაში, რომელიც იმპერატორმა ქრ. შობამდე 8-ე წელს ჩაატარა. თუმცა, ის მხოლოდ იმ პირებზე ვრცელდებოდა, რომელთაც რომის მოქალაქეობა გააჩნდათ; მაგრამ, ტაციტუსის ცნობით, ავგუსტუსმა ამის შემდეგ მთელი მოსახლეობის აღწერა პროვინციებშიც და სატელიტ-სახელმწიფოებშიც დაიწყო. სწორედ ამ უკანასკნელთ განეკუთვნებოდა იუდეა. ხოლო ჰეროდე, რომელიც ვასალური მონარქი იყო, მოვალე გახლდათ თავისი ბატონის განკარგულების აღსრულებაზე თვითონ ეზრუნა" (Светлов Э. На пороге Нового Завета, Брюссель, 1983, с. 552).

ავგუსტუსის დროს არსებულ აღწერაებზე ტაციტუსი წერს, რომ მათი ჩატარების დროს შეკრებილ იქნა ცნობები "სახელმწიფო ხაზინის შესახებ, მოქალაქეთა რაოდენობაზე და სამხედრო მოკავშირეებზე, ასევე საზღვაო ხომალდების რაოდენობაზე, სამეფოებზე, პროვინციებზე და როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ გადასახადებზე". ტაციტუსის ამ ცნობას სვეტონიუსიც ადასტურებს (Гай Светоний Транквилл, Жизнь двенадцати цезарей, М., Наука, 1966, с. 75). და ბოლოს, ე. წ. ანკვირულ წარწერებში, თავის აღწერებზე თვით იმპერატორი ავგუსტუსიც იუწყება (Хрестоматия по истории Древнего Рима под ред. Утченко С. Л., М., 1962, 8, с. 528).

ამრიგად, რომის იმპერიის მოსახლეობის აღწერა, რომელიც ლუკას სახარებაშია მოხსენიებული, მოხდა ქრისტეს შობამდე 6-8 წელს, იმპერატორ ავგუსტუსის დროს, როდესაც სირიას კვირინუსი განაგებდა. აქ ხაზი უნდა გაესვას ლუკა მახარობლის, როგორც ისტორიკოსის სიზუსტესა და სკურპულოზურობას, რადგან ის იუწყება: "ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას" (ლუკა 2:2), რითაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ გამგებლის დროს ყოფილა არა ერთი აღწერა. და ეს მართლაც ასეა. პირველი აღწერა განეკუთვნება ქრისტეს შობამდელ დროებას (6-8 წწ. ქრ. შ.-მდე), ხოლო მეორე, რომელზეც იოსებ ფლაბიუსი მსჯელობს, ქრ. შ.-მდე 6 წელს მოხდა.

გარდა ამისა, დღეისთვის სრული ისტორიული დადასტურება ჰპოვა ლუკა მახარობლის ცნობამაც იმის შესახებ, რომ აღწერისთვის საჭირო იყო "საკუთარ ქალაქში წასვლა" (ლუკა 2:3). ასე მაგალითად, ერთ-ერთ პაპირუსში, რომელიც შეიცავს რომაულ განკარგულებას, ნათქვამია: "გაიუს ვიბიუს მაქსიმუსი, ეგვიპტის მმართველი, ბრძანებს: რადგან განვიზრახეთ აღწერის ჩატარება, აუცილებელია ებრძანოს ყველას, ვინც კი თავის სახლს გარეთ ცხოვრობს, დაუბრუნდეს თავის ოლქს, რათა ჩვეულებრივი წესით და რიგით გაიაროს აღწერა" (F. G. Kenyon and H. J. Bell, Greek Papiri in the Museum, London, 1907, 8, p. 125).

სხვა პაპირუსი ასახელებს ტიბერიუსის, კლავდიუსისა და ავგუსტუსის სახელებს, და ადასტურებს ლუკას ცნობას, რომ მოვალეობის აღსასრულებლად ქვეშევრდომი ოჯახთან ერთად სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო (Р. Бойд, Курганы. Гробницы. Сокровища., Чехословакия, Свет на Востоке, 1991, с. 246)

დიდი ხნის განმავლობაში ლუკას სახარების მოცემული ადგილი, რომელიც აღწერაზე გვამცნობს, უხეშ ისტორიულ შეცდომად მიიჩნეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის სახარებისეული მონათხრობის სიზუსტის ბრწყინვალე დასტური გახდა; და არა მარტო ისტორიული, არამედ წინასწარმეტყველური თვალსაზრისითაც, რადგან ეს ერთის შეხედვით უმნიშვნელო ცნობა და მოკლე მონაკვეთი, რომელიც სულ რამოდენიმე სიტყვისგან შედეგება, აჩვენებს როგორ მართავს ღმერთი ისტორიულ პროცესებს. დიდი რომის დიდი იმპერატორი, ოქტავიან ავგუსტუსი, უსტიყვოდ და ზუსტად, ღმრთის მიერ განსაზღვრულ დროს აღასრულებს ღარიბი იუდეველის, მიქას წინასწარმეტყველებას, და მისი განკარგულება ღმრთის ნების თანხვედრილია.

ამგვარად, რომის იმპერატორი იმ მოწმეთა რიცხვში შევიდა, რომლებიც ადასტურებენ ახალი აღთქმისა და მისი ავტორის, უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს ღვთაებრიობას.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий