ღმერთი

ღმერთი

среда, 8 января 2014 г.

ბედის ირონია ანუ გაამოთ- როგორ იღებდნენ ლეგენდარულ საბჭოთა კინო-ჰიტს.

  „იცით რა...ჩვენ, მეგობრები ყოველ ახალ წელს აბანოში დავდივართ...“-ისევ და ისევ იმეორებს საყვარელი და ძვირფასი ჟენია. ჩვენ ყოველთვის გვჯერა მისი, აი, ნადიას კი არ ჯერავს. ის ხმამაღლა გამოხატავს უკმაყოფილებას, აწყობს სკანდალებს, ვერ გაუგია, რას აკეთებს ეს უცნაური ადამიანი მის „პიტერულ ხრუშოვკაში.“ და ჩვენ თვალს ვადევნებთ მათ ამაღელვებელ, მოულოდნელობებით სავსე, რომანტიულ ისტორიას. ასე მგონია, რომ „ბედის ირონია“ ისევე ორგანულად შევიდა საახალწლო პროგრამაში, როგორც საახალწლო ნაძვის ხე, ოლივიე და პრეზიდენტის მილოცვა. მის გარეშე საახალწლო დღესასწაული დღეს, ალბათ, ვეღარავის წარმოუდგენია. მე აღფრთოვანებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ამ უჩვეულო ტრადიციის ერთგულები რჩებიან ყოველ 31 დეკემბერს ჩემს ფილმს უყურებენ.“ (ელდარ რიაზანოვი)


ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ელდარ რიაზანოვს მეგობრები ერთ უცნაურ ისტორიას მოუყვნენ:

ძველ საბჭოთა დროს ომსკში ყრუ-მუნჯთა ჩემპიონატი ტარდებოდა ჭადრაკში. ასპარეზობაში მონაწილეობას ხაბაროვსკის გუნდიც იღებდა. გუნდი ომსკში თვითმფრინავით ჩაფრინდა და მაშინვე ტაქსის გაჩერებას მიაშურა. მათ ტაქსისტს ქაღალდზე დაწერილი მისამართი გაუწოდეს- „ოქტომბრის ქუჩა, 24.“ ტაქსისტმა ისინი ოქტომბრის 24-თან ჩამოსვა, სადაც არანაირი საჭადრაკო კლუბი არ აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი არა ომსკში, არამედ ნოვოსიბირსკში იყვნენ, რადგანაც თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება ნოვოსიბირსკის აეროპორტში განახორციელა, მგზავრები კი 2 საათით დასასვენებლად გაუშვეს. ყრუ-მუნჯებისთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს ისტორია გახდა რიაზანოვის მომავალი შედევრის მთავარი სიუჟეტი.

სხვა ვერსიით, სცენარის იდეა ემილ ბრაგინსკისა და ელდარ რიაზანოვს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ერთი უცნაური, ანეკდოტად ქცეული ისტორია მოისმინეს:

ახალგაზრდა მამაკაცმა აბანოდან პირდაპირ მეგობრებს მიაშურა, სადაც გვარიანად გამოთვრა და სავარძელზე ჩაეძინა. მეგობრებმა კი მას ოინი მოუწყვეს, მატარებელში ჩასვეს და ლენინგრადში გაამგზავრეს.

ბრაგინსკიმ და რიაზანოვმა ფანტაზიას გასაქანი მისცეს და შედეგად, მხიარული, ლირიკული პიესა შექმნეს, მოქმედება კი სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ახალ წელს გადაიტანეს.

ბრაგინსკისა და რიაზანოვის სცენარმა მკაცრი ცენზურა გაიარა და ის „ლოთობის პროპაგანდის“ მოტივით აკრძალეს, თუმცა ცენზორებს შორის ერთი ჭკვიანი ადამიანი, „გოსტელერადიოს“ ხელმძღვანელი ლაპინი აღმოჩნდა. მან და „მოსფილმის“ დირექტორმა პირევმა „მაღლა“ ხმა მიაწვდინეს: „რა მოგივიდათ, ხალხნო? აბანოში არასდროს წასულხართ და ლუდი არ დაგილევიათ?“ ჩინოვნიკებმა ბევრი იფიქრეს და რიაზანოვს ფილმის გადაღების უფლება მისცეს.

თავიდან „ბედის ირონია“ ერთსერიანი უნდა ყოფილიყო. „გოსკინოსა“ და „მოსფილმში“ ფილმის ჩაშვება საერთოდ არ უნდოდათ და რეჟისორს მოკლემეტრაჟიანი სურათის გადაღებას სთავაზობდნენ. რიაზანოვი ფილმის სცენარით ტელევიზიაში მივიდა. სცენარი მიიღეს და გადაწყვიტეს, რომ ის ორსერიანი იქნებოდა.

ფილმის გადაღებები 1975 წელს დაიწყო. მოსკოვის სცენებს მშენებლების ქუჩის 125-ში იღებდნენ, მეზობელ ეზოში კი, სადაც შენობის ტყუპისცალი კორპუსი იდგა, ლენინგრადის სცენების გადაღება მიმდინარეობდა.

მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ლენინგრადში ნატურალური სცენების გადაღებისას. ზამთარი უთოვლი იყო. ამის გამო კადრებში ნატურალური თოვლი საერთოდ არ არის. იმისათვის, რომ თოვლიანი ახალი წლის განწყობა შეექმნათ, გადამღებმა ჯგუფმა ხერხს მიმართა და ტონობით ბამბა და ცარცი შეიძინა. ბამბას ხეების ტოტებსა და სახურავებზე აწყობდნენ, ცარცს კი გზებზე ყრიდნენ.

კარგად თუ დავაკვირდებით, ნადიას გასეირნების სცენაში ნევის სანაპიროზე სახლის სახურავებზე თოვლი საერთოდ არ დევს, გზაზე კი ხელოვნური თოვლი (ცარცი) ყრია.

გადამღები ჯგუფი უთოვლობამ მოსკოვშიც შეაწუხა. ქუჩის სცენებს ვერნადის პროსპექტზე გაზაფხულზე იღებდნენ. მათ გადასაღებ მოედანზე უზარმაზარი ვენტილატორები მიიტანეს და ხელოვნურ ქაღალდის თოვლს ჰაერში აფარფატებდნენ.

ფილმში არაჩვეულებრივი მსახიობების, მიაგკოვისა და ბრილსკას განუმეორებელი ტანდემი შედგა, თუმცა თავდაპირველად მთავარ როლებზე სხვა მსახიობები იყვნენ მიწვეულნი.

ფილმის მთავარი გმირის, ჟენია ლუკაშინის როლზე ცნობილი მსახიობები სტანისლავ ლიუბშინი, პიოტრ ველიამინოვი, ანდრეი მირონოვი და ოლეგ დალი გასინჯეს. რიაზანოვმა მათგან დალი შეარჩია, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდი ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა მსახიობი ძალიან ახალგაზრდა იყო ლუკაშინის როლისთვის, რის გამოც მთავარ როლზე ვერ დაამტკიცეს.

რაც შეეხება ანდრეი მირონოვს, რეჟისორმა მას იპოლიტის როლი შესთავაზა, მაგრამ მსახიობმა განაცხადა, რომ უარყოფითი პერსონაჟის თამაში არ უნდოდა.

„ანდრეიმ მთხოვა ლუკაშინის როლზე მომესინჯა. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ როლისთვის შესაფერისი კანდიდატი არ იყო, მაგრამ უარის თქმა უბრალოდ არ შემეძლო. მე მას ვუთხარი, რომ სასინჯ სცენაში გადავიღებდი და თუ ამ ეპიზოდს თავს წარმატებით გაართმევდა, როლზე დავამტკიცებდი, მაგრამ მან ამ ეპიზოდში დამაჯერებლად ვერ ითამაშა. ამის შემდეგ მე მას იპოლიტის როლი შევთავაზე ყველანაირი სინჯის გარეშე, თუმცა უარი მითხრა იმ მოტივით, რომ უარყოფითი გმირის თამაში არ უნდოდა.“-იხსენებდა შემდგომში რიაზანოვი.

რაც შეეხება ქალის მთავარი როლის შემსრულებელს, ამ მხრივ რეჟისორს კრიტიკული მდგომარეობა შეექმნა. ნადიას როლზე უამრავი მსახიობი მოსინჯეს, მათ შორის, სვეტლანა ნემოლიაევაც, რომელიც შემდგომში იხსენებდა:

„ნადიას როლის შესრულება ბევრმა მსახიობმა სცადა. განსაკუთრებულად რთული იყო მიაგკოვის პარტნიორობა, რადგანაც მას გადასარებ მოედანზე არანორმალურად დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ის ყველას უყვარდა. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. მახსოვს სასინჯი სცენა, რომელშიც ნადიას როლი უნდა მეთამაშა. მეხურა ერთი პარიკი, მეორე, მეკეთა სათვალეებიც... მაგრამ ვერაფრით ამ როლს ვერ მოვერგე. ბოლოს რიაზანოვმა დამიძახა და მითხრა: „სვეტა, რას ვიზამთ, შენი ბედი არ ყოფილა.“

ნემოლიაევას შმდეგ ნადიას როლზე შურანოვა, მერიმსკონი და გურჩენკოც კი გასინჯეს.

„ყველა მსახიობი არაჩვეულებრივად თამაშობდა, მაგრამ მათი სამსახიობო თვისებები არ შეეფერებოდა ნადიას პერსონაჟს. და აქ უცებ გამახსენდა ცნობილი პოლონური ფილმი „სიყვარულის ანატომია“ და მშვენიერი ბარბარა ბრილსკა, რომელმაც ინტიმური სცენები არაჩვეულებრივი ოსტატობით შეასრულა. მის ბრწყინვალე გარეგნობაში იგრძნობოდა ბიოგრაფია, განვლილი გზა და არცთუ ადვილი ბედისწერა.“-იხსენებდა რიაზანოვი.

საბოლოოდ როლზე ბრილსკა დაამტკიცეს, რომელსაც რუსული ენის პრობლემა ჰქონდა. პოლონელი მსახიობის გახმოვანება ვალენტინა ტელიზინას დაევალა, ცვეტაევას, პასტერნაკის, ახმადულინასა და ევტუშენკოს ლექსებზე შექმნილ ლეგენდარულ სიმღერებს კი ფილმში ალა პუგაჩოვა ასრულებს.

რიაზანოვმა ბევრი იწვალა იპოლიტის როლის შემსრულებლის შერჩევაზეც. თავდაპირველად მან როლზე ოლეგ ბასილაშვილი მიიწვია. ბასილაშვილი როლზე დაამტკიცეს. მან რამდენიმე ეპიზოდში ითამაშა, თუმცა მამის გარდაცვალების გამო გადაღებების გაგრძელებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ რიაზანოვმა როლზე იური იაკოვლევი მიიწვია, რომელიც რეჟისორის შეთავაზებას უცბად არ დათანხმებია. მას თეატრში 2 პრემიერა ჰქონდა. რიაზანოვს მეტი არაფერი დარჩენოდა და დახმარებისთის „მოსფილმის“ დირექტორს, ივან პირევს მიმართა. იაკოვლევი „მოსფილმში“ დაიბარეს.

„შევდივარ ივან ალექსანდროვიჩის კაბინეტში და მაგიდასთან ვჯდები. ის კი უცებ მუხლებზე მიჩოქებს და მეხვეწება: ითამაშე, რა, რიაზანოვის ფილმში... მე წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შევძელი,“-იხსენებდა შემდგომში იაკოვლევი, რომელმაც ეჭვიანი იპოლიტის როლი ფილმში ბრწყინვალედ ითამაშა.

ფილმში ჟენიას საცოლის, გალიას როლი თეატრის მსახიობმა ოლგა ნაუმენკომ ითამაშა. როლზე თავდაპირველად ნატალია გვოზდიკოვა იყო მიწვეული, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ნაუმენკოზე შეჩერდა. ნაუმენკო ფილმში უარყოფითი პერსონაჟის, ეჭვიანი გალიას როლს ასრულებს, მაგრამ ეპიზოდური სცენების შესრულება არცთუ ისე ადვილი საქმე გამოდგა. რიაზანოვმა მსახიობებს ხმამაღლა გამოუცხადა, რომ „ფილმში ცუდი პერსონაჟები არ უნდა ყოფილიყვნენ და გალიას პერსონაჟი მსახიობს მაქსიმალურად უნდა გაეკეთილშობილებინა. როგორც გადამღები ჯგუფის წევრები იხსენებდნენ, გადაღებისას რიაზანოვმა ნაუმენკოს მხოლოდ ერთხებ დაუყვირა: „ოლია, აი აქ კი უფრო ანჩხლი უნდა იყო!“

ფილმის გადაღებებს კაზუსების გარეშე არ ჩაუვლია. აბანოს სცენის გადაღებისას მსახიობები გვარიანად შეზარხოშდნენ. სცენის გადაღება ეპიზოდის მონაწილე მსახიობის, ალექსანდრ ბელიავსკის დაბადების დღეს დაემთხვა, რომელსაც მიაგკოვმა, ბურკოვმა და შირვინდტმა სიურპრიზი მოუწყვეს და ბუტაფორიული არყის ბოთლები ნამდვილით შეცვალეს. მსახიობები დუბლების გადაღებისას იმდენად შეზარხოშდნენ, რომ რიაზანოვი წყობიდან გამოიყვანეს. აღშფოთებული რეჟისორი გადასაღებ მოედანზე დარბოდა და ყვიროდა: „გესმით? ისინი მთვრალები არიან!“

გაბრაზებულმა რიაზანოვმა ეპიზოდის გადაღება შეწყვიტა, მეორე დღეს კი ბუტაფორიული ბოთლები თვითონ შეამოწმა და ნაბახუსევ მსახიობებს თამაში აიძულა. გადაღებული ეპიზოდების ნახვისას რიაზანოვის თვალს არ გამოჰპარვია, რომ ნასვამი მსახიობები აბანოს სცენაში გაცილებით კარგად და ბუნებრივად თამაშობდნენ, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა.

„მისი გაბრაზების ამბავი ყველამ კარგად იცოდა. ამიტომ, ჩვენ მას დელიკატურად შევაპარეთ, რომ წინა დღით გადაღებული ეპიზოდები უფრო ბუნებრივი იყო, რაზეც გვითხრა, რომ ლოთების აყვანა რომ სდომოდა, ასეთებს ღობის ძირშიც უხვად იპოვნიდა. ჩვენ მას ვეღარაფერი ვუთხარით, მაგრამ ფილმში საბოლოოდ მაინც პირველ დღეს გადაღებული კადრები მოხვდა,“-იხსენებენ მსახიობები.

რიაზანოვი გადასაღებ მოედანზე იმპროვიზაციის დიდი მოყვარული არ ყოფილა, თუმცა გადაღებების დროს არც უამისობა ყოფილა. მაგალითისთვის, სცენაში, სადაც ნასვამი იპოლიტი აბაზანაში პალტოთი ბანაობს, ფრაზა- „ო, ცხელი წყალიც წამოვიდა“- სცენარში საერთოდ არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ „მოსფილმის“ პავილიონებში ცხელ და ცივ წყალს ვერასდროს ნორმალურად ვერ არეგულირებდნენ, აბაზანაში ჩასულმა იაკოვლევმა კი შხაპის მოშვებისას აღმოაჩინა, რომ ცხელი წყალი მოდიოდა, რაზეც ბუნებრივი რეაქცია გამოხატა. რიაზანოვს მისი ფრაზა იმდენად მოეწონა, რომ ფილმში დატოვა.

გადაღებებზე ხშირი იყო კონფლიქტებიც. ცნობილია, რომ რიაზანოვსა და ოლგა ნაუმენკოს შორის შავმა კატამ ჩაირბინა. ამის მიზეზი კი უხეში შეპასუხება გახდა, რამაც რეჟისორი ძალიან გაანაწყენა. ვერ დაალაგეს ურთიერთობა ვერც ტალიზინამ და ბრილსკამ. მოგვიანებით ბარბარას ნიჭის კომენტირებისას ტალიზინამ იხუმრა: „მე მას ვახმოვანებდი, პუგაჩოვა მის მაგივრად მღეროდა, პრემია კი მას მისცეს.“

„ბედის ირონია“ იმითაც არის გამორჩეული, რომ ფილმი, პირველად საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფის ისტორიაში, 3 კამერით გადაიღეს.

სურათი საბჭოთა კინოეკრანებზე 1975 წლის 16 აგვისტოს გამოვიდა და წლის საუკეთესო ფილმად იქნა აღიარებული, ანდრეი მიაგკოვი კი წლის საუკეთესო მამაკაც მსახიობად დაასახელეს.

საინტერესოა ფილმის ბიუჯეტიც. „ბედის ირონია ანუ გაამოთ“ 372 ათასი მანეთი დაჯდა. ფილმის ავტორებს, რიაზანოვსა და ბრაგინსკის 4,5-4,5 ათასი მანეთი გადაუხადეს. ცნობისათვის, ავტომანქანა „ჟიგული“ 1975 წელს 6 ათასი მანეთი ღირდა.

ფილმი არნახული პოპულარობით არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში სარგებლობს. 1992 წელს „ბედის ირონია“ ტაილანდში აჩვენეს. ადგილობრივებს ფილმი ისე მოეწონათ, რომ ყოველ ახალ წელს ყველა ცენტრალური არხით აჩვენებენ.

2003 წელს კი ვარნადის პროსპექტზე, 125-ე სახლის კედელზე ფილმის მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელზეც მთავარი პერსონაჟები ჟენია და ნადია არიან გამოსახულნი.


http://www.sazogadoeba.ge/index.php?post_id=1257



ბედის ირონია ანუ გაამოთ!




Комментариев нет:

Отправить комментарий