ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 1 июня 2014 г.

1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება..

გილოცავთ ნინოობას!


“მოქცევაი ქართლისაი”

ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.

1-ლი ივნისი წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა და ამ დღეს საქართველოში ნინოობა აღინიშნება..


კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის დის, სოსანას ერთადერთი ასული იყო.

როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. ნინოს მამა ბოლოს ბერად აღკვეცილა, დედა კი გლახაკთა სამზრუნველოს მსახური გამხდარა. ნინო კი აღსაზრდელად მოხუც ქალს – სარა ნიაფორს მისცეს. იგი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში. ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: “წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები”.

ამაზე ნინომ უპასუხა: “როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?”

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: “მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა”.

გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან საკუთარი თმებით შეკრა იგი.

იერუსალიმიდან წამოსული ნინო იმპერატორ კონსტანტინე I-ის კარზე მოხვედრილა, სადაც დედოფალ ელენესა და სეფე-ქალებს ქრისტიანობას უქადაგებდა. ამის შემდეგ ნინო საქართველოში წამოსულა.

მცხეთაში, თავის სადგომში, სალოცავად აღუმართავს ვაზის ნასხლავისაგან გაკეთებული ჯვარი. თავისი ქადაგებებითა და სამკურნალო ხელოვნებით ნინოს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღება და სიყვარული დაუმსახურებია. მას მეტსახელად “ტყვესაც” ეძახდნენ, როგორც უცხოელ, უთვისტომო ადამიანს. ნინოს წყალობით მცხეთაში ქრისტიანობას მრავალი მიმდევარი გასჩენია.

მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია. ნინოს სამისიონერო მოღვაწეობა ქართლის სამეფოს სხვა კუთხეებშიც განუგრძია. ერისთავის, სამღვდელოებისა და ჯარის თანხლებით ნინო მთიანეთში ასულა და წილკნელები, ჭართლელები, ფხოველები და ერწო-თიანეთელებიც გაუქრისტიანებია. უკან დაბრუნებისას ნინო ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) გარდაიცვალა. წმინდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო”.

ყოველწლიურად, 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნენი ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმინდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ.

მამა კახაბერ შურღაია (წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): “ნინოობა, წმიდა ნინოს ხსენება, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიისთვის უდიდესი დღესასწაულია, რადგანაც ის ქართველთა განმანათლებელია.

როდესაც ღვთისმშობელს საქართველოში ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქრისტიანობის ქადაგება წილად ხვდა, მაცხოვარი გამოეცხადა მას და ამცნო, რომ მოახლოებული იყო ჟამი, როცა წმიდა ქალწული მარიამი უფლის წინაშე უნდა წარმდგარიყო. სწორედ ამიტომ ქართლში ქადაგება სხვისთვის უნდა გადაებარებინა და ეს მისია ანდრია პირველწოდებულს ერგო. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ღვთისმშობელმა საქართველო მიატოვა, პირიქით, რადგან მას წილხვედრად ერგო, ამის შემდგომ წმიდა მარიამს არასოდეს მიუტოვებია საქართველო. ანდრია პირველწოდებულს თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა. იგი საქართველოში შემოვიდა, ქრისტიანობა იქადაგა და ეკლესია დააფუძნა.

შემდეგ ღვთისმშობლის გამოცხადებით წმიდა ნინოს დაევალა ქართლის მოქცევა. როდესაც მან ნახა ერი, რომელიც წარმართულ ღვთაებას სცემდა თაყვანს, ცხარე ცრემლით ტიროდა და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ეს ერი ქრისტეს სჯულზე მოექცია.

საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლა სამ ეტაპად შეიძლება დავყოთ: შემოსვლა-გაცნობის, დამკვიდრებისა და განმტკიცების.

ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლითა და მისი ქადაგებით ქართველმა ერმა, ფაქტობრივად, გაიცნო ჭეშმარიტი სარწმუნოება.

როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით წმიდა ნინომ ქართლში იქადაგა და ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია გამოცხადდა, ეს მეორე ეტაპი იყო. წმიდა ნინო რომ შემოვიდა, მაშინ ქართველებმა უკვე იცოდნენ ქრისტიანობა რა იყო, თუნდაც დაწყებული ქრისტეს კვართიდან, რომელიც ებრაელებმა ჩამოიტანეს. ანდრია პირველწოდებულის მიერ უკვე ნაქადაგები იყო ქრისტიანული და თემებიც კი არსებობდა. წმიდა ნინოს შემოსვლით კი მოხდა ქრისტიანობის დამკვიდრება და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

მესამე ეტაპი კი ასურელი მამების მოღვაწეობას უკავშირდება. მაშინ, როდესაც საქართველოში მაზდეანობა ჭარბობდა და ქრისტიანებს სდევნიდნენ, ამ დროს ცამეტი ასურელი მამა მოვიდა, რათა სარწმუნოება განემტკიცებინათ.

წმიდა ნინოს შემოსვლა არის უდიდესი ეტაპი ქართველი ერისათვის, რადგან ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა. წმიდა ნინო კი ჩვენი ერის უდიდესი მფარველია”.


ქეთი ჭელიძე


ambioni.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий