ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 17 марта 2013 г.

მკვდრეთით აღდგინება მართლისა ლაზარესი.

მკვდრეთით აღდგინება მართლისა ლაზარესი.


ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება.

ებრაული სახელი "ლაზარე" ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს.


მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად მიიჩნევდა. მაშინ კი, როდესაც უფალმა იხილა ლაზარეს გარდაცვალების გამო გულშეძრული მისი დის მარიამის ცრემლები, თავადაც ატირდა. ~იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო~ . (იოანე, 11.3.11)

მაცხოვარი მივიდა ოთხი დღის წინ დაფლული ლაზარეს საფლავთან და მიმართა მას: ლაზარე, გამოდი გარეთ! და მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარით შემოსილი. ოთხი დღის წინ დაკრძალული მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იუდეველმა მღვდელმთავრებმა, კაიაფას მეტაურობით, სწორედ ამ სასწაულის ხილვის შემდეგ გადაწყვიტეს იესო ქრისტეს შეპყრობა და მოკვდინება, ვინაიდან მათში აღიძრა შური და ბოროტება განკაცებული უფლის მიმართ, რომლიც მათთვის დაუჯერებელ სასწაულებს ახდენდა. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11).

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით. ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია განსაკუთრებულად ზეიმობს. 1985 წლიდან ამავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაის" იხსენებს, რომელშიც მითითებულია, რომ სახარებაში ქართველ ერს ლაზარე ჰქვია. საეკლესიო წესით ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.


Комментариев нет:

Отправить комментарий