ღმერთი

ღმერთი

суббота, 23 марта 2013 г.

ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი. I

ქრისტიანი რატომ ვერ იქნება ოკულტისტი

(თეოსოფია, ანთროპოსოფია, იოგა – მართლმადიდებლური თვალთახედვით)



"რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს, და რომელი ეზიაროს ამპარტავანსა, მიემსგავსოს მას".

სიბრძნე ისუ ზირაქისა 13,1

"რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის თვისებას იძენს, თუმც ვერ ხედავენ ამას გამოუცდელნი".

წმ. პეტრე დამასკელი1



ცრუმოძღვრებები და მათ შორის ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული ნეოწარმართული სწავლებები საფრთხეს წარმოადგენენ იმ ქრისტიანებისთვის, რომლებმაც არ იციან ან ცუდად იციან ქრისტიანობა. სწორედ ესაა იმ ფაქტის მიზეზი, რომ არსებობენ მორწმუნე ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ შეიძლება ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო და ამავდროულად სულიერი სარგებელი მიიღო ისეთი რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობებისგან, როგორებიცაა იოგა, ბუდიზმი, თეოსოფია, ანთროპოსოფია... ან იმკურნალო ექსტრასენსებთან, რჩევა ჰკითხო ე.წ. ნათელმხილველებს, ასტროლოგებს და ა.შ.



წმიდა წერილი ნათლად გვიცხადებს, რომ ღმერთი მორწმუნეთაგან ითხოვს წრფელ სარწმუნოებას, ერთგულებას, წარმართთა რელიგიებისა და ცრუღმერთების უარყოფას; ღვთის სიტყვა არ განასხვავებს კარგ და ცუდ წარმართობას, ეზოთერულ და ეგზოთერულ წარმართობას.



წმიდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნის მერვე თავში აღწერილია ამგვარი ხილვა: წინასწარმეტყველს უფალი აჩვენებს, რომ იერუსალიმის ტაძარში კერპია მოთავსებული, ტაძრის გალავნის საიდუმლო ოთახების კედლები მოხატულია არაწმინდა ცხოველებისა და კერპების გამოსახულებებით, ხოლო ებრაელი ერის წარჩინებულნი წმიდა ტაძრის ტერიტორიაზე ფარულად თაყვანს სცემენ კერპებს. უფალი ამბობს, რომ ამ ცოდვის გამო აღარ შეისმენს მათ ლოცვებს: "...და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ხმითა დიდითა ყურთა ჩემთა, და არა შევისმინო მათი" (ეზეკ. 8;18). წმიდა ილია წინასწარმეტყველი ასე მიმართავდა სულიერ ორგულობაში ჩავარდნილ, ბაალის თაყვანისმცემელ თანამემამულეებს: "ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას, და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა" (3 მეფ. 18,21). ახალ აღთქმაში იმავე სენით შეპყრობილთ წმიდა პავლე მოციქული ამხილებს: "ვერ ხელ-გეწიფების სასუმელი უფლისაჲ სუმად და სასუმელი ეშმაკთაჲ; ვერ ხელ-ეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაჲ და ტაბლასა ეშმაკთასა“ (1 კორ. 10,21). როგორც ვხედავთ, კაცთა მოდგმის მტერი ყოველთვის ცდილობდა მართლმორწმუნეთა ცდუნებას, ღვთისადმი სასოებაში ეჭვის ჩათესვას, უცხო რელიგიებისა და ცრუ ღმერთების განდიდებას, საღვთო სიბრძნის დამცირებას და თავისი "საიდუმლო სიბრძნის" მომხიბლავ ფერებში წარმოჩენას; და ჭეშმარიტი ღმერთის არაჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი უწინაც და დღესაც მიწიერი კეთილდღეობის, განდიდების, საიდუმლო სიბრძნის დაუფლების სურვილით შეპყრობილნი იწყნარებენ ცრუ ღმერთებს, ცრუ სწავლებებს, ცრუ წინასწარმეტყველებს, ცრუ მკურნალებს...



ქრისტეს ეკლესიის პირველ მტერთაგანნი, თითქოსდა საიდუმლო სიბრძნეს დაუფლებული გნოსტიკოსები ცდილობდნენ "უნივერსალური" მოძღვრების შექმნას, რომლის მიზანი სინამდვილეში სახარების დამახინჯება და ქრისტიანობის წარმართობით ჩანაცვლება იყო. მათ განსაქიქებლად დაწერილ ვრცელ ნაშრომში მეორე საუკუნის მოღვაწე, წმიდა ირინეოს ლიონელი ასე ამხილებს ჭეშმარიტებისა და სიცრუის შერევის მსურველთ: "უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭეშმარიტებაა და სიცრუე არ არის მასთან... მოციქულებიც, ჭეშმარიტების მოწაფეები, უცხო არიან ყოველგვარი სიცრუისაგან, რამეთუ სიცრუე ვერ უერთდება ჭეშმარიტებას, როგორც სიბნელე სინათლეს, არამედ ერთის ყოფნა გამორიცხავს მეორეს".2

* * *

ბოლო საუკუნეებში სააშკარაოზე გამოსულ სწავლებებს, რომლებიც წარმართული მეთოდებით საიდუმლო სიბრძნისა და სულიერი ძალების დაუფლებას ჰპირდებიან თავის მიმდევრებს, ზოგადად ოკულტიზმს (ლათ. okkultus – საიდუმლო, დაფარული) უწოდებენ; დაახლოებით იგივე შინაარსს ატარებს ტერმინი ეზოთერიზმი (ბერძნ. ἐσωτερικός – შინაგანი). კონკრეტული ავტორების გარდა ოკულტიზმის ღია პოპულარიზაცია მოახდინეს ისეთმა ცნობილმა მიმდინარეობებმა, როგორებიცაა: თეოსოფია და ანთროპოსოფია. ოკულტისტების თქმით, თანამედროვე ოკულტიზმის წინაპრები არიან: გერმეტიზმი, მაგია, ალქიმია, ასტროლოგია, სპირიტიზმი, იოგა, კაბალა...



მიუხედავად გარეგნული განსხვავებებისა, ოკულტურ მოძღვრებათა საშუალებით მაცდური სული ცდილობს მთავარი ბოროტება – ამპარტავნება – სათნოებად წარმოადგინოს; ზოგადად ბოროტება და ცოდვა – ნეიტრალურ, ილუზორულ ან დროებით მოვლენად, რასაც მარადიული შედეგი არ მოყვება; წარმართული და მწვალებლური ზღაპრები – საიდუმლო სიბრძნედ; დემონებთან დაახლოების მეთოდები – სულიერ ცხოვრებად. ოკულტიზმის ორი მთავარი დამახასიათებელი თვისება – სიცრუე და ამპარტავნება – თვალსაჩინოდაა წარმოჩენილი ამ საცთურის ერთ-ერთი თანამედროვე მქადაგებლის, კარლ ბრანდლერ ბრახტის სიტყვებში: "სწავლების ბოლოს ის (იგულისხმება ოკულტისტი) უკვე ისეთი ძალების მფლობელი იქნება, რომ სწორი გამოყენების შედეგად დაცული იქნება ყოველგვარი უბედურების, ავადმყოფობისა და ტანჯვისაგან. მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არც თუ ისე უსუსურია, არამედ უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისაგან თავს დაიცავს, დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარაფერს ავნებს"3... "მასწავლებლის მნიშვნელობა – უსაზღვროა. მისი ცოდნა სწვდება ყველაფრის შინაგან, დაფარულ ბუნებას და სწორად მსჯელობს ყოველივეზე, რაც არსებობს, უარსებია და იარსებებს კიდეც, რომელიც დამოკიდებული არ არის დროსა და სივრცეზე. მასწავლებელი, რომელმაც ამგვარ ზნეობრივ სიმაღლეს მიაღწია, რა თქმა უნდა აღარ განიცდის ახალ განსხეულებას. მის მორჩილებაშია მატერია და ამიტომაც შეუძლია თავისი სხეულის სიცოცხლის უნარი გაახანგრძლივოს იმდენ ხანს, რამდენიც მოესურვება, ასევე შეუძლია მიატოვოს ეს სხეული მაშინ, როცა კი მოისურვებს და ამისთვის მას სრულიადაც არ სჭირდება სიკვდილი სხვა ადამიანებივით. მისი სული – ყოველთვის თავისუფალია, რადგან დაამარცხა თვით სიკვდილიც კი".4



ამგვარი მომხიბლავი სიტყვები აცდუნებენ სულიერად გაუნათლებელი ადამიანის გონებას, კლავენ სულში ღვთის შიშსა და სინანულს, აღვივებენ ამპარტავნებას და ღმერთად გახდომის მსურველს ეშმაკთა მსახურებისკენ მიუძღვიან (რასაც იგი სიკვდილამდე შეიძლება ვერც მიხვდეს). ეს სწავლებები ნერგავენ აზრს, თითქოს რელიგიებში არსებობს დაფარული, ეზოთერული (შინაგანი) სიბრძნე და ჭეშმარიტება ყველა რელიგიაზე აღმატებულია; მათი სწავლებით, ადამიანს საკუთარი ძალისხმევით (თუკი საიდუმლო სიბრძნეში განისწავლება) შეუძლია მიაღწიოს სრულყოფილებას, ვინაიდან იგი თვითონ არის (შინაგანი არსებით) ღმერთის ნაწილი. ასეთი აზრები ახლობელი და იოლად მისაღებია მათთვის, ვინც ჭეშმარიტებისა და სიმდაბლის ნაცვლად სიცრუე და ამპარტავნება შეიყვარა და როგორც ბრძენი ისუ ზირაქი ამბობს, "შემოქმედისა მისისაგან განდრკა გული მისი" (ზირ. 10,14). და რადგანაც ასეთი სულიერი განწყობილება სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს, ჩვენს თვალწინ ხდება შენიღბული, ქრისტიანთა საცდუნებლად მორთულ-მოკაზმული წარმართობის აყვავება და ქრისტიანობის გაყალბება. ყოველივე ამაში არც არაფერია უცნაური და საკვირველი, ყველაფერი იმგვარად ხდება, როგორც წმიდა წერილი და წმიდა მამები გვასწავლიან. მეოთხე საუკუნეში მოღვაწე წმიდა ეფრემ ასური ასე აღწერდა მომავალს: "...ხოლო მე გეტყვი თქუენ საყუარელნო, ვითარცა-იგი პირველად ჟამად-ჟამად შეჰყვა სიბრმე ისრაელსა, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოს ყოველთა ქრისტეანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შემოხდეს საცთური სოფელსა შინა, და განქარდეს სარწმუნოებაჲ, მოოხრდენ ეკლესიანი, დაირღუენ საკურთხეველნი, შემცირდენ წმიდანი, და განმრავლებითა მით უშჯულოებისაჲთა განხმეს სიყუარული მრავალთაჲ. მას ჟამსა რბიოდიან ყოველნივე და ეძიებდენ სიტყუასა ღმრთისასა და არა ჰპოვებდენ, რამეთუ დაძუელდენ ყოველნი წიგნნი, მოისრნენ მოძღუარნი, და თუ ვინმე იპოოს მას ჟამსა შინა და ჰმოძღურიდეს, კაცად-კაცადმან ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-წარიქცინენ და ზღაპრებასა მიექცნენ".5



როგორც წმიდა ეკლესია გვასწავლის, ჭეშმარიტ სიბრძნეს საფუძვლად ღვთის შიში უდევს: "დასაბამი სიბრძნისა შიში უფლისაჲ" (ფსალმ. 110,10); სულიერი ცხოვრების დიდი მასწავლებელი წმიდა ისააკ ასური ასე აღწერს სიბრძნისაკენ მიმავალ გზას: "გულისხმისყოფა იგი ბუნებითი არს განყოფა კეთილისა ბოროტისაგან, რომელი დაუნერგავს ღმერთსა ჩუენ შორის (იგულისხმება სინდისი); იგი შობს ჩუენ შორის სარწმუნოებასა, და სარწმუნოება შობს შიშსა ღმრთისასა, და შიში ღმრთისა გვაიძულებს ჩუენ სინანულად, და მერმე მიეცემის კაცსა გულისხმის-ყოფა იგი სულიერი, რომელი-იგი არს მეცნიერება საიდუმლოთა".6 ეს საიდუმლოთა მეცნიერება ანუ საღვთო სიბრძნე სინანულით განსპეტაკებულებს ღვთისაგან ენიჭება და მას ვერ მისწვდებიან ისინი, ვინც საკუთარი ნებით აქცია ზურგი ჭეშმარიტებას (რომელიც ასე შეგვაგონებს: "...ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათე 11,29), და შეუდგნენ სიცრუის მამას, რომელიც იქადის: "...ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაჲთ ვარსკულავთა ცისათა დავდგა საყდარი ჩემი... და ვიყო მსგავს მაღლისა" (ესაია 14;13,14).



ამპარტავნებამ, გველისგან "საიდუმლოდ" ჩაჩურჩულებული საშუალებით განდიდების სურვილმა დასცა პირველი ადამიანები და დღესაც იგივე "საიდუმლო" გზებით ეძებენ სრულყოფილების მიღწევას იმავე გველის მიერ ცდუნებულები. ამიტომაც წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ სამოთხისეულ აკრძალულ ხილზე ნათქვამი სიტყვები ზუსტად ეხმიანება დღევანდელ "საიდუმლო" სწავლებებს: "...არს იგი მსგავს წამალთა მათ მაკუდინებელთა, რომელნი შეიზავებიან თაფლითა, და არიან იგინი სახილავად კეთილ და ტკბილ არნ გემოჲსხილვითა, და საგონებელ არნ იგი, ვითარმედ კეთილ არს, და არნ იგი წარსაწყმედელ მათა, რომელნი მიეახლნიან მას".7

* * *

დღეს გავრცელებულ ოკულტისტურ მოძღვრებათაგან განვიხილოთ ანთროპოსოფია, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდის გარიჟრაჟზე გავრცელდა საქართველოში, განსაკუთრებით ე.წ. ინტელიგენციის იმ ნაწილში, რომელსაც არც ქრისტიანობა ესმოდა ჯეროვნად და ვერც კომუნისტური იდეოლოგიით იკმაყოფილებდა სულიერ მოთხოვნილებას. შემდეგ იგი ფარულად, როგორც რაღაც ელიტარული სიბრძნე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რუდოლფ შტაინერის სწავლებებით მოხიბლულები, რომლებიც ამავდროულად თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, თავიანთი სულიერი ავტორიტეტის კვალდაკვალ ამგვარად მსჯელობენ: მართლმადიდებლობა აღმსარებლობაა, ხოლო ანთროპოსოფია – სულიერი მეცნიერება, ამიტომ შეუძლებელია ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ; პირიქით, ანთროპოსოფია დაეხმარება ადამიანს თავისი აღმსარებლობის უკეთ შეცნობაში.



სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს არასწორად ესმის ქრისტიანობის არსი. რუდოლფ შტაინერი, ანთროპოსოფიის ფუძემდებელი, თავის წიგნებში აყალიბებს მსოფლმხედველობას, რომელიც წარმოადგენს ანთროპოსოფების "სულიერი ცხოვრების" ორიენტირს; ამავე დროს შტაინერის მიერ გამოთქმული შეხედულებები ძირეულად განსხვავდებიან ქრისტიანული მოძღვრების არსისაგან, რომელიც ქრისტიანთა ცხოვრების საფუძველია. წარმართობას მრავალი ქრისტიანი მოძღვარი იცნობდა, მაგრამ ისინი არ ასწავლიდნენ იმას, რასაც შტაინერი და მისი მიმდევრები საიდუმლო ცოდნად, "ეზოთერულ ქრისტიანობად" ასაღებენ; პირიქით, წმიდა მამები ამგვარ მოძღვრებებს ქრისტეს მიერ ნაქადაგები ნათელი სწავლებით ებრძოდნენ, რომელიც სამწუხაროდ შტაინერმა (ისევე როგორც მისმა წინამორბედმა გნოსტიკოსებმა) ვერ გაიგო, თუმცა თავი ქრისტიანობის შემმეცნებლად მოჰქონდა.



ანთროპოსოფიის, ისევე როგორც ნებისმიერი ცრუმოძღვრების საღად შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ჭეშმარიტების ჯეროვნად შეცნობით. იმან, ვისაც ქრისტიანობა სწადია, უნდა უარყოს საკუთარი გონებიდან ან საკუთარი სულიერი გამოცდილებიდან მომდინარე საეჭვო სიბრძნე და წრფელი გულით შეიწყნაროს ჭეშმარიტება; როგორც ბრძენი სოლომონ მეფე გვასწავლის: "იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრძნესა შენსა ნუ აჰყვები" (იგავ. 3,5).



ქრისტიანობის შეცნობა რომ მხოლოდ ქრისტიანული წიგნების კითხვითა და საეკლესიო წესების გარეგნული აღსრულებით არ მიიღწევა, ამაში მრავალი განსწავლული მოღვაწისა და ასკეტის სამწუხარო აღსასრული გვარწმუნებს. ის, ვინც, სიმონ მოგვის მსგავსად, ქრისტიანობისაგან წარმავალ კეთილდღეობას მოელის, ვისი გულიც უფლის წინაშე წრფელი არ არის, ვისაც გულის სიღრმეში ცხოვრების მთავარ მიზნად სულის ცხონება არ დაუსახავს, მას ვერც ცოდნის დაგროვება, ვერც გარეგნულად ეკლესიური ცხოვრება და ვერც მკაცრი მოღვაწეობა ღმერთთან ვერ მიიყვანს. ქრისტეს მკვლელ მწიგნობრებს ბიბლიის ზედმიწევნით შესწავლამ და სჯულის წესების დაცვამ სულიერი სარგებელი ვერ მოუტანა, ამპარტავნებამ მათ სულიერი ხედვა დაუბნელა და არ მიაკარა მათ გულსა და გონებას წმიდა წერილის ნათელი, კაცთა საცხოვნებლად დაწერილი სიტყვები მათ იმგვარად გაიგეს, როგორც ვნებებმა უკარნახეს.



ყველა მართლმორწმუნეს მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია წმიდაა და უცდომელი, თუმცა მისი ამქვეყნიური წევრები, რომლებიც სიკვდილამდე სულიერ ბრძოლაში იმყოფებიან, არ არიან დაზღვეულნი ცდომილებისაგან. ეკლესია წმიდაა, რადგან იგი ერთობაშია სიწმიდის წყაროსთან – წმიდა სამებასთან, რომელიც თავისი მადლით განწმედს და განაბრძნობს ცოდვებთან მებრძოლ ეკლესიის წევრებს. უფალი თავის ნებას, თავის ღვთაებრივ სიბრძნეს სული წმიდის მიერ განბრძნობილ კაცთა მიერ გვიცხადებს. იგი ასე ეუბნება წმიდა მოციქულებს: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს“ (ლუკა 10,16). პავლე მოციქული კი გვასწავლის: „და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ – წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ – მოძღუარნი...“ (1 კორ. 12,28).

* * *

ნათლობის საიდუმლოში ადამიანი აღიარებს თავის ერთგულებას უფლისა და მისი ეკლესიის მიმართ (მრწამს... ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია); წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება ღმერთზე და ყოველივეზე, რაც აუცილებელია მართლმორწმუნეთა სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის. როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს, ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3,15); ეს ჭეშმარიტება განცხადებულია ძველსა და ახალ აღთქმაში, ღვთისმსახურებაში, წმიდა კრებების დადგენილებებში, წმიდა მამათა თხზულებებსა და ცხოვრებებში, საეკლესიო ხელოვნებაში.



შეიძლება თუ არა, რომ არსებობდეს სხვა საკრებულო, ან ვინმე უცხო (არამართლმადიდებელი) "ბრძენი", მფლობელი წმიდა ეკლესიაში დავანებულ სიბრძნეზე უფრო აღმატებული სულიერი სიბრძნისა? არ შეიძლებაო, ამბობს წმიდა წერილი, ამბობენ წმიდა მამები. წმიდა პავლე მოციქული ნათლად წერს: "ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაჲ, ერთ ნათლის-ღებაჲ" (ეფეს. 4,5). ამ სიტყვებს განმარტავს მოციქულთა მოწაფე, ანტიოქიის ეპისკოპოსი წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "ერთი ღმერთი არს ყოველთაჲ, უშობელი იგი მამაჲ, და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაჲ; და ერთი ქადაგებაჲ, და ერთი სარწმუნოებაჲ და ერთი ნათლისღებაჲ; და ერთი ეკლესიაჲ, რომელი დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტესითა და თვისითა შრომითა და ოფლითა".9 კართაგენის ეპისკოპოსი, წმიდა მოწამე კვიპრიანე ასე მოძღვრავდა თავის მრევლს მესამე საუკუნეში: "როგორც შეუძლებელია გემის გარეშე ზღვის გადაცურვა და მყუდრო ნავსაყუდელის მიღწევა, ასევე შეუძლებელია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მორჩილების გარეშე სულიერი ცხონების მიღწევა. დედასავით შეიყვარე იგი, დაემორჩილე მას და გეშინოდეს ღვთის სიტყვის შენებური განმარტებისა. ეკლესიას მიცემული აქვს გასაღები შემეცნებისა და იგია ერთადერთი უცთომელი განმმარტებელი. გახსოვდეს: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არც ღმერთია მამა".10



როდესაც ვამბობთ, რომ ეკლესიის სწავლება წმიდაა და უცთომელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიის მოძღვარი არ შეიძლება ცდებოდეს, ან ვისაც ეკლესია წმინდანად შერაცხავს, მის სწავლებებში ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია. ყველა ადამიანი სიკვდილის წუთამდე სულიერ ბრძოლაში იმყოფება და ამიტომ ნებისმიერ საეკლესიო-იერარქიულ სიმაღლეზე მყოფი ქრისტიანი შეიძლება შეცდეს, წმიდა მამათა სწავლებებშიც ზოგჯერ გვხვდება არასწორი აზრები. ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მთელი ქალაქებისა და ქვეყნების სამღვდელოებისა და მრევლის უმეტესი ნაწილი მცდარი სწავლების მიმდევარი გამხდარა. იყო პერიოდები, როდესაც სიცრუესა და ძალადობასთან ბრძოლაში რამოდენიმე ღვთივკურთხეულ ადამიანს (რომელთაც შეჰყურებდა სიმართლის მოყვარე ერი) თავგანწირული ძალისხმევით და ღვთივმონიჭებული სიბრძნით დაუცავს ჭეშმარიტი სწავლება სიცრუის შემოტევისაგან; ასეთები იყვნენ წმიდა ათანასე დიდი, წმიდა ბასილი დიდი, წმიდა მაქსიმე აღმსარებელი, წმიდა თეოდორე სტუდიელი, წმიდა მარკოზ ეფესელი და მათი ერთგული სულიერი ძმები.



უფალმა აღგვითქვა, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში წმიდა ეკლესია არ დამარცხდება (მათე 16,18; 24,31; 28,20; მარკ. 13,30). და თუკი იქნება ეკლესია, იქნება მისი წმიდა მოძღვრებაც, რადგან ამქვეყნად ეკლესიას მისი მოძღვრებით მცხოვრები ადამიანები შეადგენენ, ისინი ღვთის შეწევნით განასხვავებენ ჭეშმარიტებას სიცრუისაგან და მომავალ თაობებს უმწიკვლოდ გადასცემენ მაცხოვნებელ სიბრძნეს.



ქრისტიანობა იესო ქრისტეს რწმენას, ერთგულებასა და მიმდევრობას ნიშნავს, ეს კი იესო ქრისტეს სწავლების ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ქრისტეს სწავლება ანუ ერთადერთი ჭეშმარიტი მეცნიერება მოცემული გვაქვს წმიდა წიგნებში, რომლებიც გადმოგვეცა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და წმიდა მამათაგან. ეს ერთადერთი ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი სულიერი სიბრძნე მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებაა, იგი წმიდაა და ურყევი, მის სიმტკიცეს ვერასოდეს შეარყევს დემონთა მიერ მოხიბლული, ამპარტავნებით გონებადაბინდული "მოძღვრების" ზღაპრობანი. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი გვაფრთხილებს: "არცა ვის ხელეწიფების, მეფესა გინა მღვდელთმოძღუარსა, ახლისა რაჲსამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაჲ-იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაჲ ერთი, ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვალების".11 თუკი ვინმე, ეკლესიის წევრთაგანი ისე გაკადნიერდება, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა სისხლით დაბეჭდილ ჭეშმარიტ სწავლებას არად ჩააგდებს, დაამცირებს და უპირატესობას საკუთარ ნააზრევს ან სხვა მისთვის უფრო ავტორიტეტულ გარეშე მოძღვარს მიანიჭებს, მაშინ მისი ყოველი ღვაწლი ამაო იქნება. იგივე მამა ამბობს: "უკუეთუ კნინოდენი (მცირეოდენი) შეემთხვიოს ნაკლულევანებაჲ და განდრეკილებაჲ (გადახრა, განშორება) სარწმუნოებისაჲ, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი".12

* * *

ამპარტავნებით დაცემული ანგელოზები (ეშმაკები) უძლურნი არიან ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე და თავიანთ მზაკვრობას ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის შესაცდენად მიმართავენ, რათა ისიც უფლის წინააღმდგომი და თავისი მსგავსი გახადონ; ისინი ზოგს აშკარა ბოროტებას შთააგონებენ, სხვებს კი თაფლით შეზავებულ საწამლავს სთავაზობენ, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია ცალკეული ადამიანის სული, სინდისი, გონება. თუკი სულიერი ცხოვრებით დაინტერესებული, ამპარტავნებით სნეული კაცი არ გადაწყვეტს მთელი გულით შეუდგს ქრისტეს, უარყოს თავი, უარყოს თავისი მცდარი შეხედულებები, აზრები, გრძნობები, თუკი საშველად ერთადერთ ნამდვილ მშველელს – ჩვენთვის განკაცებულ ღმერთს არ მოუხმობს და მის მიერ ნამცნებ გზას არ დაადგება, მაშინ ვერასოდეს იგრძნობს თავის ნამდვილ დაცემას, ვერ იგრძნობს, რომ მისი "ნათელი" სულიერი აღმოჩენები მხოლოდ ხიბლია და მისი "სულიერი ძალების" აღზევება მარადიული უძლურების საწინდარია; ცდუნებული კაცი მიუწვდომელ საიდუმლოთა მიწვდომას ლამობს და მისი "სულიერი მასწავლებლები" მომხიბლავ "ბრძნულ აზრებს" შთააგონებენ, "ზებუნებრივ უნარებს" ანიჭებენ, და ისიც, მაღალ მწვერვალებს მიდევნებული, სატანური შეწევნით აღჭურვილი, თავს განსაკუთრებულ ადამიანად მიიჩნევს, მაგრამ სამწუხაროდ, თავადაც იღუპება და ხშირად სხვებსაც გზას უბნევს; როგორც წმიდა სახარება გვასწავლის "ბრმაჲ ბრმასა თუ წინა უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან" (მათე 15,14).



წმიდა მამები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ სარწმუნოების საკითხებში ზედმეტი ცნობისმოყვარეობისაგან. წმ. ექვთიმე ათონელის მიერ შედგენილ "წინამძღვარში" ვკითხულობთ: "აწ უკუე ყოველივე მოცემული ჩვენდა სწავლაჲ სჯულისა მიერ და წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა მიერ და მახარებელთა, შეგვიწყნარებიეს და უწყით და გვრწამს, და უმეტესსა მათ მიერ ქადაგებულისასა არას ვეძიებთ, რამეთუ ღმერთი სახიერ არს და მომნიჭებელ ყოვლისავე კეთილისა და არავისთვის შურს კეთილი ყოველივე, რამეთუ უხვი არს და უშურველ წყალობითა და ქველისმოქმედ მოწყალებითა, ყოველივე უწყის და თვითოეულისა უმჯობესსა განაგებს, ამისთვის რომელი ჯერ იყო და უმჯობეს ჩუენდა ცნობად, გუაუწყა, და რომელი ვერ ძალ-გუედვა თავს-დებად, დაგვიფარა".13 წმ. იოანე სინელი კი ამგვარად გვაფრთხილებს: "არა საბრალობელ ვიქმნეთ, საყვარელნო, ჟამსა სიკვდილისასა, ვითარმედ არა ვქმენით სასწაულნი და არა ღვთისვმეტყველებდით და არა ვიყვენით უხილავთა მხილველნი, არამედ სიტყვა მიცემად გვიც ღვთისა, თუ რად არა მარადის ვიგლოვდით" (კიბე 7,91); "არათუ უცთომელ არს სამოსლითა ცურვა, და არა მშვიდობა არს ვნებულისა ღვთისმეტყველება" (კიბე 27,15).



* * *

რუსი თავადის ქალი, ელენე ბლავატსკაია იყო ერთ-ერთი დამაარსებელი თეოსოფიური საზოგადოებისა (1875 წ.), რომელსაც მიზნად ჰქონდა დასახული "ეზოთერული სიბრძნის" მოპოვება და სულიერ წყვდიადში მყოფი ადამიანებისათვის მიწოდება. საზოგადოების გერმანულ სექციას ხელმძღვანელობდა რუდოლფ შტაინერი, რომელმაც 1913 წელს კონფლიქტის გამო მიატოვა თეოსოფები და მალევე დააარსა ანთროპოსოფიული საზოგადოება, რომლის ცენტრი იმყოფება შვეიცარიაში, ქალაქ დორნახში. ანთროპოსოფიის („სულიერი მეცნიერების“) მიზნები ძირითადად ემთხვევა თეოსოფიისას; იგი საზრდოობს ინდუიზმით, ბუდიზმით, წარმართული მისტერიებით, მაზდეანობით, გნოსტიციზმით, მანიქეველობით, ევროპული ოკულტიზმითა და შტაინერის მიერ დამახინჯებული ქრისტიანული სწავლებით.



ანთროპოსოფია თავის სამსახურს სთავაზობს მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს, მაგრამ მისი უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს კაცობრიობის "სულიერ წინსვლას". დაინტერესებულ მოსწავლეს ეს მოძღვრება შეასწავლის იმ მეთოდებსა და ცხოვრების წესს, რომელთა დახმარებით იგი გახდება "ნათელმხილველი", "ხელდასხმული", "საიდუმლო სიბრძნესთან" ზიარებული.



როგორ ხსნის დოქტორი რუდოლფ შტაინერი (როგორც მისი მიმდევრები უწოდებენ) ეზოთერული სიბრძნის წარმოშობას? მისი მოძღვრების მიხედვით კაცობრიობის განვითარების გარკვეულ პერიოდებში "ღვთაებრივი არსებები" ჩასახლდებოდნენ ხოლმე ადამიანის სხეულში და ასწავლიდნენ ხალხს ზეციურ სიბრძნეს; წარმართულ მისტერიებში აღსაზრდელებს (ნეოფიტებს) თვით ზეციური არსებები ამზადებდნენ სულიერი ხედვის მისაღწევად, რათა თვალახელილებს შესძლებოდათ ხალხის სულიერი წინამძღოლობა. ამგვარად მოპოვებული "საიდუმლო სიბრძნე" ინახებოდა რელიგიებში, გასაიდუმლოებულ სკოლებში. ანთროპოსოფების აზრით ქრისტიანობაშიც ყოფილა დამარხული ეს იდუმალი სიბრძნე, რომელიც შინაგან ანუ ეზოთერულ ქრისტიანობად იწოდება, უბრალო მოკვდავნი კი მხოლოდ გარეგნულ (ეგზოთერულ) ქრისტიანობას იცნობენ.



რა აზრისაა წმიდა ეკლესია წარმართობაში დამარხულ "სიბრძნეზე"? მართლმადიდებელი სარწმუნოების თანახმად (რომელიც ეფუძნება წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას) უფალი გამორჩეულ, ღვთისმოყვარე კაცთა მიერ შეაგონებდა ადამის შთამომავალთ და ცოდვისაგან განშორებას ამცნებდა; ერების წარმოშობის შემდეგ უფალმა გამოირჩია ებრაელი ერი, რომელიც ინახავდა ღვთაებრივ სიბრძნეს, გადასცემდა მომავალ თაობებს და წარმართნიც ებრაელთაგან ეცნობოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. ებრაელი წინასწარმეტყველნი იუწყებოდნენ ღვთისაგან გამოცხადებით მიღებულ სწავლებას, რომელიც იწერებოდა და ასე იქმნებოდა წმიდა წერილი – ჭეშმარიტი, ღვთაებრივი სიბრძნის წიგნი. როდესაც ჭეშმარიტებისმოყვარე ებრაელი ერის შვილები განიწმიდებოდნენ უფლის მცნებების აღსრულებით, ლოცვით, მარხვით, ღვთისმსახურებაში მონაწილეობით, მაშინ ეშმაკისაგან ცთუნებული წარმართები იბილწებოდნენ ცრუ ღმერთების თაყვანისცემით, უზნეო ცხოვრებით, მაგიური რიტუალებით. (ხშირად მათი სიბილწე ებრაელებსაც გადაედებოდათ ხოლმე). ჭეშმარიტი ღვთისმსახურების საწინააღმდეგოდ, წარმართი ქურუმები ასრულებდნენ ბილწ მსახურებას და მისი მეშვეობით დაცემულ სულებთან ამყარებდნენ ურთიერთობას. ეშმაკებისგან "განბრძნობილნი" და მათი შეწევნით აღჭურვილნი, მაგიური სასწაულების დახმარებით იღწვოდნენ გაბრიყვებული ხალხის სატანის სამწყსოში მისათვლელად. ბოროტ ძალებთან ურთიერთობის საშინელი სიბილწე აღწერილია ყოფილი ქურუმის, წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში. იგი მშობლებმა ბავშვობიდანვე აზიარეს წარმართულ საკულტო მსახურებას; კვიპრიანე სატანის უახლოესი მსახური გახდა, მაგრამ როდესაც მისი გრძნეულება უძლური აღმოჩნდა ღვთის მადლით შემოზღუდული ქრისტიანი ქალწულის, იუსტინას წინაშე, ქურუმმა ბოროტების მამას ზურგი აქცია და ქრისტეს შეუდგა. შემდგომში კვიპრიანე ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, სადაც მოწამებრივად აღესრულა 304 წელს.



ანთროპოსოფები არ იშურებენ საქებარ სიტყვებს წარმართული მისტერიებისადმი, მაგრამ ქრისტიანისათვის ცხადია, რომ ნეოფიტის ხელდასხმა სხვა არაფერია, თუ არა ბოროტ ძალებთან უახლოეს სულიერ კავშირში შესვლა. თუმცაღა ეს კაცთმოძულე უხილავი სულები ხშირად ადამიანის მეგობარ არსებებად ასაღებენ თავს და თავისი წარმოუდგენელი მზაკვრობითა და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით არა მხოლოდ სულიერ წყვდიადში მყოფ წარმართებს, არამედ ზოგჯერ ქრისტიან ასკეტებსაც კი აცდუნებდნენ. ამის ნათელი მაგალითი მოტანილია წმ. ისააკ ასურის სწავლებებში:"ერთი ვინმე, სახელად მალპასი, წარმოშობით ედესიდან, ერთ დროს ევკტიტების მწვალებლობის გამომგონებელი გახდა. ის ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა, მძიმე შრომასა და მწუხარებებს იტანდა. ამბობენ, რომ იგი ნეტარი იულიანეს (საბად წოდებულის) მოწაფე იყო, მცირე ხნით მასთან ერთად სინასა და ეგვიპტეში იმოგზაურა. მალპასმა იმ დროის დიდი მამები იხილა, ნახა ნეტარი ანტონი (დიდი), საიდუმლო სიტყვები ესმა მისგან სულის სიწმინდესა და ცხონებაზე, ზედმიწევნითი მსჯელობა მოისმინა ვნებების შესახებ. ამ საუბარში ანტონი დიდი ხსნიდა, რომ გონება, განწმედის შემდეგ, სულიერ საიდუმლოებებს ჭვრეტს და სულს ძალუძს მადლის მიერ უვნებელობას მიაღწიოს, მას შემდეგ, რაც მცნებების აღსრულებით ძველი ვნებებისაგან გათავისუფლდება და თავისი პირვანდელი ბუნების სიჯანსაღეს მოიპოვებს. და როცა მალპასმა თავისი სიჭაბუკის გაფურჩქვნის ჟამს ეს სიტყვები მოისმინა, ცეცხლივით აღეგზნა და თავის ქალაქში დაბრუნდა. და რადგან მასში დიდებისმოყვარეობის ვნება აენთო, აირჩია განდეგილის ნაგებობა და შრომას, უწყალო გაჭირვებებსა და განუწყვეტელ ლოცვას მისცა თავი. როდესაც მასში დიდებისმოყვარეობის ვნება უზომოდ აგიზგიზდა, ანუ იმ მაღალი ნიჭების მიღების იმედი მიეცა, რომელთა შესახებაც სმენოდა, ვერ გულისხმაყო ეშმაკის ხრიკები, ტყუილები და გაქნილობა, რომლითაც ის ძლიერებს იტაცებს დასაღუპად. მალპასს არ ჰქონდა შესწავლილი ჭეშმარიტების მტრების წინააღდგომის ხელოვნება, იმედი შრომაზე, გაჭირვებაზე, უპოვარებაზე, მოღვაწეობასა და მოთმინებაზე დაამყარა, როცა მოპოვებული არ ჰქონდა ბოროტთან საბრძოლველი უძველესი იარაღები – თავის დამცირება, სიმდაბლე, გულის შემუსვრილება; მან წმიდა წერილიც დაივიწყა, რომელიც ამბობს: როდესაც საქმეს აღასრულებთ, მცნებებს დაიცავთ, გაჭირვებას გადაიტანთ, თქვენი თავი უმაქნის მონებად მიიჩნიეთო. ამის საპირისპიროდ, მას თავის ღვაწლზე დაფუძნებული თავდაჯერება განახურვებდა, იმ მაღალი ნიჭის მიღების სურვილით იწვოდა, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდა. და აი, დიდი ხნის შემდეგ, როცა ეშმაკმა შენიშნა, რომ მას სიმდაბლე არ გააჩნდა და მხოლოდ ხილვები სწყუროდა იმ საიდუმლოთა განსაცდელად, რომელთა შესახებაც სმენოდა, გამოეცხადა ბრწყინვალე ნათელში და უთხრა: მე ვარ ნუგეშინისმცემელი, მამისგან შენთან გამოგზავნილი, რათა იმ ხილვების ღირსი გაგხადო, რომლებსაც შენი საქმეების საზღაურად ესწრაფვი, უვნებელობა მოგანიჭო და სამომავლოდ საქმეთაგან განგისვენო. ამის სანაცვლოდ ვერაგმა მტერმა თაყვანისცემა მოითხოვა. გასულელებულმა მალპასმა ვერ იგრძნო ბოროტის ბრძოლა, დაუყოვნებლივ, სიხარულით მიიღო იგი, თაყვანისცა და იმწამსვე მისი ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ხოლო მტერმა ღმრთაებრივი ხილვის ნაცვლად საეშმაკო ოცნებებით აავსო იგი, ჭეშმარიტებისთვის შრომა მიატოვებინა, აღაზვავა და უვნებელობის ამაო იმედით აცთუნა, უთხრა: ახლა შენ აღარ გჭირდება არც საქმეები, არც სხეულის ტანჯვა, არც ვნებებთან და გულისთქმებთან ბრძოლა; შემდეგ ევკტიტების ერესიარქი გახადა იგი. როცა ეს მწვალებლები გამრავლდნენ და მათი საძაგელი და მცდარი სწავლება გამოაშკარავდა, მაშინდელმა ეპისკოპოსმა გააძევა ისინი" (სამოღვაწეო სწავლანი, თ. 55). ძველ პატერიკში კი ასეთ ამბავს ვკითხულობთ: "ერთ კაცს ეშმაკი ნათლის ანგელოზად ეჩვენა და უთხრა: მე ანგელოზი გაბრიელი ვარ, ღმერთმა მომავლინა შენთან. ბერმა უთხრა: მე ცოდვილი და უღირსი ვარ, ვინმე სხვასთან მიგავლენდა. როგორც კი ბერის დიდი სიმდაბლე იხილა, ეშმაკი იმწამსვე გაუჩინარდა".



უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები სწავლობდნენ გარეშე სიბრძნესაც, მაგრამ ამას დიდი სიფრთხილით სჩადიოდნენ: ისინი პირველ რიგში ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ჭეშმარიტ სიბრძნეს ითვისებდნენ და შემდეგ, თუკი გააჩნდათ საამისო ნიჭი და, რაც მთავარია, კურთხევა, ამა სოფლის ბრძენთა ენასაც სწავლობდნენ. წმიდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "მსწრაფლ ხოლო დაისწავა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავა, და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა, ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავლა კეთილად, და რომელი პოვის სიტყუაჲ კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდის. და განითქუა სისრულე იგი მისი სახელოვნად ყოველთა შორის. ხოლო გარეშესა მას სიბრძნესა სოფლისასა ჰბასრობნ სიტყვისაებრ მოციქულისა, ვითარმედ "გან-რაჲმე-აცოფა ღმერთმან სიბრძნე იგი ამის სოფლისა".14

* * *

Комментариев нет:

Отправить комментарий