ღმერთი

ღმერთი

суббота, 11 мая 2013 г.

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 12 მაისს აღნიშნავს.

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.

ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, “რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.


ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, “დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა”. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, “შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.
სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, “ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად”. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, “ფრიად შუენიერი და დიდი” წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. “დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა”, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას “რკინის ჯვარი”).

მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა.

“ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი”. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, “ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა”, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს – ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი – თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა “კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა”.

წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და “დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე”, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ “ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ… შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა”. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა “აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან”. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: “წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სვიმეონს ვიტყვი კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ”.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, № 18(225), 2003 წ.

http://www.ambioni.ge/wminda-mociquli-andria-pirvelwodebuli

Комментариев нет:

Отправить комментарий