ღმერთი

ღმერთი

четверг, 16 мая 2013 г.

წმინდა აფრაატი, სპარსი ბრძენი – “მკვდართა აღდგომაზე”

1. ხშირია უთანხმოება ამ საკითხზე – “როგორ აღდგებიან მკვდრები და როგორ სხეული ექნებათ მათ?”(1 კორ 15:35) აი ვხედავთ, სხეული ცვთება და იხრწნება, ისევე როგორც ძვლები, უეჭველია, რაც დრო გადის, ქრებიან და ვეღარ პოულობენ. და როცა შედიხართ საფლავში სადაც ასი კაცი ასვენია, ვერაფერს ნახულობთ გარდა მტვრისა. ამის გამო ამბობენ ზოგიერთნი: ‘ჩვენ ვიცით რა თქმა უნდა, რომ მკვდრები აღდგებიან; მაგრამ შემოისებიან ციური სხეულებით და ფორმებით. და თუ ასე არაა, მაშ რატომ ხდება რომ ეს ასი გარდაცვლილი რომლებიც დამარხულ არიან საფლავში, მათი ფიზიკური სხეულიდან არაფერი რჩება? და როცა მკვდრები გაცოცხლდებიან რითი უნდა შეიმოსონ თუ არა ზეციური სხეულით? მიწიერი სხეული ხომ გამქრალია? აი ხომ ხედავთ, რომ არაფერია საფლავში.”
2. ვინც ასე აზროვნებს უგუნურია და უმეცარი. როცა მკვდრები მოიყვანეს, მაშინ რაღაც იყვნენ, მას მერე დიდი დრო გავიდა და ეხლა მათგან არაფერია დარჩენილი. და როცა დრო მოვა მკვდრები აღდგებიან, ეს არაფერი რაღაც გარდაიქმნება და მისი ბუნება შეიცვლება. ოჰ თქვე უმეცარნო, რომელნიც ასე აზროვნებთ, გაიგეთ ის რასაც ნეტარი მოციქული ამბობს როცა თქვენნაირ ხალხთ შეაგონებს: “უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს – საკუთარ სხეულს.”(1 კორ 15:36-38)

3. ასე რომ უგუნურო, შეიგნე, რომ ყოველი თესლი შემოსილია საკუთარ სხეულში. შეუძლებელია დათესო ხორბალი და ქერი მიიღო, ასევე შეუძლებელია ყურძენი დათესო და ლეღვი მოისხას; მაგრამ ყველაფერი იზრდება თავისი ბუნების მიხედვით. ასევე, როგორც სხეული იქნა დათესილი მიწაში, მსგავსადვე აღდგება. და რადგანაც სხეული იხრწნება და ქრება, უნდა შეისწავლო თესლის მაგალითის მნიშვნელობა; როგორც თესლი, რომელიც მიწაში იქნა დათესილი, იშლება და იხრწნება და ამ დაშლის მერე აღმოაცენებს მცენარეს და ისხავს ნაყოფს. რადგან მიწა, რომელიც დაუმუშავებელია, არ აღმოაცენებს ნაყოფს, თუნდაც გაჟღენთილ იყოს წვიმით. ასევეა საფლავიც, რომელშიც არავინაა დამარხული, რომელშიც ვერავინ გაიგებს იმ საყვირის ხმას, რომელიც აღადგენს მკვდრებს. და თუ როგორც ესენი ამბობენ მართალთა სულები ცაში ავლენ და შეიმოსავენ ზეციურ სხეულთ, მაშინ ცაში ყოფილან. და ვინც აღადგენს მკვდრებს ისიც ცაშია. მაშინ როცა უფალი მოვა, ვის აღადგენს მიწიდან? რატომ გვითხრა: “ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას… მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.”(იოანე 5:25,28) გგონიათ ზეციური სხეული ჩამოვა, შევა საფლავში და შემდეგ მისგან გამოვა?

4. აი ასე ამბობენ ისინი ვინც ჯიუტობენ უკეთურობაში: – რატომ თქვა მოციქულმა, – “არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი”(1 კორ 15:40) მაგრამ ვინც ამას კითხულობს, ესეც წაიკითხოს: “არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.” და კვლავ ამბობს მოციქული: “ყველანი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით”(1 კორ 15:51) და აგრძელებს: ” რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.” (1 კორ 15:53) და კიდევ: “თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის? ” (1 კორ 15:29) და დაე ესეც გაიგონ მათ: ” ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა”(1 კორ 15:16,17).

მართლაც, თუ არ აღდგებიან მკვდრები, აღარც განკითხვა ყოფილა და “ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით”(1 კორ 15:32-33)

ჰოდა მაშ რატომ განასხვავა მიწიერი და ზეციური სხეულნი, იკითხავენ ისინი. ეს სიტყვები ასე უნდა გაიგებოდეს: როცა მართალთა სხეულნი აღდგებიან, ისინი იწოდებიან ზეციურად. ხოლო რომელიც არ შეიცვლება მას ეწოდება მიწიერი, რადგან მიწიერია ბუნებით.

5. გაიგეთ საყვარელნო, რომ მოციქულმა სხვაგანაც განასხვავა მიწიერი და სულიერი ასე: “ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.”(1 კორ 2:15) და აქაც: “რადგანაც ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, სულიერნი კი – სულისას.”(რომ 8:5) და კიდევ: “ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ – სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში”(რომ 5:9). ასე რომ მკვდართა აღდგომისას, მართალნი შეიცვლებიან და მათი მიწიერი ფორმა შეიცვლება ზეციერით(სულიერით), სწორედ ამიტომ იწოდება იგი ზეციურ სხეულად. ხოლო რომელიც არ შეიცვლება იმას მიწიერი ეწოდება.

6. ამ მკვდართა აღდგომას რაც შეეხება საყვარელნო, როგორც შემეძლება ისე აგიხსნით მას. დასაბამად ღმერთმა შეწმნა ადამი; გამოძერწა იგი მიწის მტვრისგან და გააცოცხლა იგი. ჰოდა თუ მან ადამიანი მტვრისგან შექმნა, განა ადვილი არ იქნება მისი აღდგენაც იმავე მტვრისგან? აი როგორც ნათესი თესლიდან აღმოცენებული მცენარე. ღმერთი რომ მხოლოდ ისეთ რამეებს აკეთებდეს, რაც ჩვენ მარტივად გვეჩვენება, მაშინ სადღაა მისი ძლევამოსილება? აი როგორც არსებობენ ხელმარჯვე ოსტატები, რომელნიც ქმნიან შედევრებს და ასევე არიან უბრალო ადამიანები, რომლებიც განცვიფრებულნი ტკბებიან ამ სანახაობით, რომლის გაკეთებაც რთულად ეჩვენებათ, განა უფრო მეტად არ უნდა განგვაცვიფროს ღვთის საქმეებმა? ღვთისთვის კი ცხადია მკვდართა აღდგომა რთული სულაც არაა. სანამ თესლი მიწაში დაითესებოდა, მიწას უკვე ჰქონდა წარმოშობილი ის რაც ჯერ არ იყო მასში დათესილი. სანამ ის დაითესებოდა, მასში იყო ქალწულობა. მაშ რამდენად უფრო ადვილი იქნება მიწისთვის ის აღმოაცენოს რაც მასში დათესილია ადამიანის სახით? როგორც ესაია ამბობს: “ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად?”(ესაია 66:8) რადგან ადამი, დაუთესავი, ჩაუსახავი იქნა დაბადებული. მაგრამ ეხლა მისი შთამომავლები დათესილნი არიან, ელოდებიან წვიმას რათა წამოიმართონ. ახლოა მათი აღდგომის თარიღიც!

7. ჩვენი მამებიც აღდგომის მოლოდინში იყვნენ; როგორც ნეტარმა მოციქულმა თქვა “თუ მართალნი იყვნენ იმ ქალაქის მოლოდინში, საიდანაც აბრაამი წამოვიდა, მათ ექნებოდათ შანსი ზურგი ექციათ ან მისკენ წასულიყვნენ. მაგრა ისინი უფრო უკეთესისკენ მიისწაფოდნენ, რაც არის ზეცა”.(ებრ. 9:15) ხოლო რასაც მე თქვენ გიწერთ, დაიმახსოვრეთ, რომ ისინი აღდგომას ელოდნენ. რადგან იაკობმა, ჩვენი მამამ,სიკვდილის წინ იოსებს დააფიცებინა, რომ დანაპირებს აუსრულებდა, რომელიც იყო: “დამმარხეთ იმ საფლავში სადაც ჩემი მამები არიან, აბრაამთა, სარასთან, ისააკთან და რებეკასთან ერთად.”(დაბ. 49:29) და რატომ ჩემო საყვარელნო, მითხარით რატომ ითხოვა ეგვიპტეში, მის წინაპრებთან ერთად დამარხულიყო? მან გვაჩვენა, რომ იგი აღდგომას ელოდა; რომ როცა აღდგომის საყვირის ხმას გაიგებდა, არ გაცოცხლებულიყო ბოროტეულებთან ერთად, რომელნიც კვლავ ჯოჯოხეთსა(“შეოლ”) და ტანჯვას დაუბრუნდებოდნენ, არამედ მართლებთან ერთად.

8. იოსებმაც ასევე დააფიცა ისრაელიანებს: “როცა ღმერთი მოგხედავთ, აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები.”(დაბ 50:25) ეს დაპირება შემდგომ მოსემ აასრულა, ვისთვისაც ამ მართალი კაცის ძვლები უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე ოქრო და ვერცხლი, რომელიც ისრაელის ძეებმა ეგვიპტიდან წამოიღეს; ამის შემდეგ, როცა მოსემაც მიიძნა, მან დაუტოვა ეს ძვლები იესუ ნავეს ძეს. და რატომ მისცა მან ეს ძვლები იესუს? მიზეზი ნათელია, რადგანაც ის იყო ეფრემის, იოსების ძის ტომიდან. და მან დამარხა ძვლები აღთქმულ მიწაზე. ასევე, როცა იაკობი კვდებოდა, მან დალოცა თავისი ტომები, და აჩვენა მათ თუ რა მოხდებოდა ბოლო დღეებში: “რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი. ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი.” იაკობის ჩაძინებიდან მოსეს ჩაძინებამდე 233 წელი გავიდა. ამის შემდგომ მოსემ ისურვა საკუთარი მღვდლური ძალით, რომ ჩამოეცილებინა რეუბნებისგან მისი შეცოდება, რომელიც მამის ხარჭასთან დაწოლით ჩაიდინა; და როცა მისი ძმები აღდგებოდნენ, არ იქნებოდა რეუბენი მათგან გამოკლებული. ამიტომაც თქვა დალოცვის დასაწყისში: “იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი.”(მეორე რჯ. 33:6)

9. და როცა დრო მოვიდა მოსეს დაძინებისა მამებთან ერთად, დამწუხრდა და სთხოვა უფალს შეეშვა აღთქმულ მიწაზე. მაშ რატომ საყვარელნო, რატომ წუხდა მოსე აღთქმულ მიწაზე შეუსვლელობის გამო? აშკარაა იმიტომ, რომ მას უნდოდა დამარხულიყო საკუთარი მამების მიწაზე და მტრებისა, მოაბიტთა მიწაზე. მოაბიტებმა ხომ დაიქირავს ბალაამი, ბეორის ძე რათა ისრაელი დაეწყევლა. ამიტომ მოსეს არ უნდოდა მაგ მიწაზე დაკრძალულიყო, რადგან შეიძლებოდა მოაბიტებს შურისძიების მიზნით მისი ძვლები შეეურაწჰყოთ. და ღმერთმა თავისი მადლით დაიფარა მოსე ამისგან როცა მას აღთქმული მიწა უჩვენა. და როცა მოსემ შეხედა მთელ მიწას, როცა დააკვირდა იებუსიტთა მთებს სადაც კარავი უნდა მდგარიყო, ის დამწუხრდა და ატირდა როცა ნახა, რომ მისი მამების საფლავი შორს იყო და მათთან ერთად ვერ დაიკრძალებოდა და ვერ აღდგებოდა აღდგომისას. თუმცა უფალმა ანუგეშა იგი და უთხრა მას, რომ მისი საფლავი არავის ეცოდინებოდა. “მოკვდა მოსე, უფლის მორჩილი, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისაებრ. დამარხეს იგი ველზე მოაბის ქვეყანაში ბეთ-ფეღორის წინ და არავინ იცის მისი საფლავი დღევანდლამდე.”(მეორე რჯ. 34:5,6) ამით უფალმა ორი კარგი საქმე გაუკეთა მოსეს. პირველი, რომ მის მტრებს არ ეცოდინებოდათ მისი საფლავი და მისი ძვლები არ შეეურაწჰყოთ და მეორე, რომ არც ებრაელებმა იცოდნენ მისი საფლავი, რითიც არ იყო იმის საშიშროება რომ ისედაც უკვე “გაღმერთებული” მოსეს საფლავი სალოცავ ადგილად არ გარდაქმნილიყო. და გააცნობიერეთ ეს ჩემო საყვარელნო, რომ როცა მოსე მთაში ავიდა და ებრაელები ქვევით დატოვა, მათ ოქროს ხბო გააკეთეს, ღმერთი არც გახსენებიათ. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ღმერთმა მოსესადმი პატივისცემის გამო დამალა მისი საფლავის ვინაობა, რათა ებრაელებს მისი საფლავი სალოცავ ადგილად არ ექციათ, არ გაეკეთებინათ მისი კერპები და არ დაერღვიათ მისი ძვლების მყუდროება.

10. და მოსემ ნათლად გვაჩვენა, რომ იქნება აღდგომა როცა ღმერთმა თქვა მისი პირით: “მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ”(მეორე რჯ. 32:39). ასევე ჰანაც, როცა მან თქვა თავის ლოცვაში: “უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში(შეოლში) ჩაჰყავს და ამოჰყავს.”(1 სამ 2:6) იგივე გვამცნო წინასწარმეტყველმა ესაიამაც: ” გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო!”(ესაია 26:19) და დავითმაც: “მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ, საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე.”(ფს. 87[88]:10,11,12 ფეშიტა) მაშ რომელ წყალობაზე ისაუბრებენ საფლავში? რომელზე და აღდგომისას, როცა საყვირის ხმას გაიგებენ, წამოდგებიან და იტყვიან: “დიდია მადლი ჩვენზედ გადმოსული. რადგან მაშინ როცა იმედები თითქმის გადაგვეწურა, მხოლოდ ერთი რამის იმედი დაგვრჩა. ჩვენი საპყრობილი სიბნელე იყო, ეხლა სინათლეზე გამოვედით. ჩვენ დავითესეთ ხრწნილებით და ვდგებით დიდებით. ჩვენ დავიმარხეთ ბუნებრივად და ვდგებით სულიერად.” აი ესაა ის მადლი რაზეც ისაუბრებენ საფლავებში.

11. ეს მხოლოდ სიტყვები არ ყოფილა ჩემო საყვარელნო, როცა ღმერთმა თქვა: “მე ვაცოცხლებ მკვდრებს”, არამედ საქმეებით დაგვიდასტურა ეს რათა არ გვქონდეს ეჭვი ამის თაობაზე. მან გვაჩვენა ეს ელია წინასწარმეტყველით, ვისი ხელითაც აღსრულდა სასწაული, რომ მკვდრები გაცოცხლდებიან და მტვერში მძინარენი წამოდგებიან. რადგან როცა ქვრივის შვილი გარდაიცვალა, ელიამ აღადგინა იგი და დედას დაუბრუნა. და ელიშამაც, მისმა მოცოქულმა, აღადგინა შუნამიტის ძე რათა ორი ადამიანის მოწმობა გადმოეცათ ჩვენთვის აღდგომის შესახებ. ხოლო როცა ისრაელის შვილებმა მკვდარი კაცი ელიშას ძვლებთან მიიტანეს, იგი გაცოცხლდა. სამი მოწმე კი უკვე ჭეშმარიტებაა.

12. ასევე ეზეკიელ წინასწარმეტყველითაც მოხდა მკვდართა აღდგომის დამტკიცება, როცა ღმერთმა მის თვალწინ მინდორზე უამრავი ძვალი აჩვენა და უთხრა: “ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი.”(ეზეკიელი 37:1-10) და რა მოხდა იცით შემდგომ? ღმერთმა ეს ძვლები აღადგინა და წამოიმართნენ, გეგონება არც მომკვდარიყვნენ. და წერია: “უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.”

13. მაგრამ რატომ, ჩემო საყვარელნო, რატომ არ გაცოცხლდნენ ისინი სრულყოფილად ეზეკიელის სიტყვის შემდგომ? რატომ დასჭირდა მეორე სიტყვა რათა მათ სული შთაბეროდათ? ეს მოხდა იმიტომ, რომ სრულყოფილი აღდგომა მხოლოდ უფალი იესო ქრისტესთვის იქნა გადადებული, ვინც ბოლო დღეს ერთი სიტყვით გააცოცხლებს ყველას. ანუ განა სიტყვა იყო უძლური, არამედ სიტყვის წარმომთქმელი არ იყო საკმარისი ძალის მქონე. ისიც გაიხსენეთ, რომ ელიშასა და ელიას მკვდარი უცებ, ერთი სიტყვით კი არ აღუდგენიათ, არამედ ლოცვის შედეგად.

14. ჩვენმა უფალმა კი, პირველად მოსვლისას სამი ადამიანი გააცოცხლა, რათა სამის მოწმობით სრულ ჭეშმარიტებად მიგვეჩნია აღდგომის იდეა. პირველი იყო ქვრივის ძე, რომელსაც უთხრა: ” ჭაბუკო, აღდეგ!”(ლუკა 7:14) მეორე იყო სინაგოგის უფროსის ქალიშვილი, რომელსაც უთხრა: “პატარავ, აღდეგ”(მარკ. 5:47) და ბოლოს ლაზარეს აღდგინება, როცა მას დაუძახა: “ლაზარე, გამოდი”(იოანე 11:43). საინტერესოა ისიც, რომ ყველგან ორი სიტყვა დასჭირდა მათ აღდგინებას.

15. ამ ყველაფერზე უკვე აგიხსენით, რომ ისინი ორი სიტყვით იქნენ გაცოცხლებულნი, რადგან მათთვის ორი აღდგომა არსებობს. მეორე არის ის, რომელიც მეორედ მოსვლისას იქნება. ხოლო იმ აღდგომით აღდგენილებიდან აღარავინ მოკვდება; ღვთის ერთი სიტყვით, რომელიც ქრისტეს მიერ იქნება ნათქვამი, ყველა მკვდარი თვალის დახამხამებაში აღდგება.როგორც ითქვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ: “რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე.”(ესაია 55:10,11) ვიცით, რომ წვიმა და თოვლი არ უბრუნდება უკან ზეცაში, არამედ ასრულებს მის დავალებაც ვინც გამოგზავნა იგი. ამიტომ სიტყვა, რომელსაც იგი გამოგვიგზავნის მესიის მიერ, რომელიც თავად არის სიტყვა და წერილი, დაუბრუნდება მას დიდი ძალით. რადგან როცა ჩამოვა და მოიტანს მას, იქნება წვიმა და თოვლივით და მისით აღმოცენდება უამრავი მართალი ნაყოფი და ამის მერე დაუბრუნდება სიტყვა თავის გამომგზავნელს. უნაყოფო კი არ იქნება მისი ჩამოსვლა, არამედ იტყვის: “აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა”(ესაია 8:15) და სწორედ ამ სიტყვებით გაცოცხლდებიან მკვდრები. ამის შესახებ მაცხოვარი გვიმოწმებს: “მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.”(იოანე 5:25) როგორც დაწერილია: “დასაბამში იყო ხმა”, რომელიც არის სიტყვა.(იოანე 1:1) ასევე: “სიტყვა განკაცდა და იყო ჩვენს შორის”(იოანე 1:14) აი ეს არის ის სიტყვა, რომელიც გაისმება ზეციდან და აღადგენს მკვდრებს.

16. ასევე, ჩვენმა უფალმა აუხსნა სადუკევლებს მკვდართა აღდგომის შესახებ როცა მათ მოიყვანეს მაგალითი ქალისა, რომელმაც შვიდი ქმარი გამოიცვალა და ჰკითხეს მას: “მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა.”(მათე 22:28) უფალმა კი პასუხა: “სცდებით, რადგან არც წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ ღმერთმა, რომელიც ამბობს: მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ – ცოცხლებისა.”(მათე 22:29-32) ხედავთ? ის არაა მკვდრების ღმერთი, რადგან ცოცხლები არიან მისთვის.

17. არსებობენ ისინიც ვინც ცოცხლები არიან მაგრამ ღვთისთვის მკვდრები არიან. ხომ გახსოვთ როცა მან ადამს დაუდო მცნება: “როცა შეჭამ იმ ხის ნაყოფს, მოკვდები”(დაბ. 2:17) და როცა მან დაარღვია ეს მცნება მას მერე კიდევ ცხრაას ოცდაათი წელი იცოცხლა; მაგრამ ის ღვთისთვის მკვდარი იყო მისი ცოდვის გამო. მაგრამ მინდა უფრო ნათელი გავხადო ის ფაქტი, რომ ცოდვილი ღვთისთვის უკვე მკვდარია. როგორც წერია ეზეკიელ წინასწარმეტყველში: “როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალთა უფალი, ასევე არ მინდა სიკვდილი მკვდარი ცოდვილისა.”(ეზეკიელი 33:11)

18. თანაც, ჩვენმა უფალმა უთხრა იმ კაცს, რომელმაც მან უთხრა: “ნება მომეცი დავმარხო მამაჩემი, შემდეგ მოვალ და წამოგყვები”(ლუკა 9:59,60). თუმცა უფალმა უპასუხა: “მიეცი ნება მკვდრებს დამარხონ საკუთარი მკვდრები, აი შენ კი წადი და ღვთის სასუფეველი იქადაგე.” როგორ გავიგოთ ეს სიტყვები ჩემო საყვარელნო? გინახავთ მკვდრებს მკვდრები დაემარხოთ? ან როგორ აღდგება ერთი მკვდარი და რომ დამარხოს მეორე მკვდარი? მიიღეთ ეს განმარტება ჩემგან, რომ ცოდვილი სანამ ცოცხალია, ღვთისთვის მკვდარია; ხოლო მართალი კაცი, თუნდაც მკვდარი იყოს, ცოცხალია ღვთისათვის. რადგან ასეთი სიკვდილი ძილია, როგორც დავითმა თქვა: “მე დავწექი და დავიძინე, შემდეგ გავიღვიძე”(ფს. 3:4) და ასევე ესაიამ: “ისინი ვისაც სძინავთ მტვერში გაიღვიძებენ.”(ესაია 36:19) ან რა თქვა ჩვენმა უფალმა სინაგოგის მმართველის ქალიშვილზე: “ქალიშვილი მკვდარი არაა, არამედ ღრმად სძინავს”(მათე 9:26); და იგივე ლაზარეს შემთხვევაში: “ჩვენი მეგობარი ლაზარე ძილს მისცემია, უნდა გავაღვიძო”(იოანე 11:11). ასევე მოციქულიც ამბობს: “ჩვენ ყველანი დავიძინებთ, მაგრამ ყველანი არ შევიცვლებით.”(1 კორ 15:51); და კიდევ: “ხოლო მათ გამო ვისაც სძინავთ, არ შეწუხდეთ”(1 თეს 4:13).

19. მაგრამ მართლაც გვმართებს შიში მეორე სიკვდილისა(გამოცხ. 2:11) რომელიც სავსეა ტირილითა და კბილთა ღრჭენით, ოხვრითა და უბედურებით, რომელიც მდებარეობს გარე სიბნელეში. თუმცა ნეტარნი არიან მორწმუნენი და მართალნი აღდგომაში, როცა გაიღვიძებენ და აუსრულდებათ სასიამოვნო დანაპირები. მაგრამ მათთვის ვინც არ არიან მორწმუნენი, ვაი მათ აღდგომისას, იმის გამო რაც მათ მოელით მაშინ! მაგათთვის მართლა სჯობს, რომ თავიანთი რწმენის მიხედვით არც აღდგნენ. როგორც მოსამსახურე, რომელმაც იცის, რომ ბატონი მას ცემას უპირებს, ძილის დროს ოცნებს რომ არ გაიღვიძოს, რომ არ მოვიდეს დილა როცა ბატონი მას სცემს. ხოლო კარგი მსახური კი პირიქით, იმედით ელოდება რიჟრაჟს. და მიუხედავად იმისა, რომ სძინავს, სიზმარში ხედავს მსგავსს იმისას რაც მას ელოდება და ნეტარებს. ბოროტთათვის კი ეს სიზმარი კოშმარი უფროა.

20. თუმცა ჩვენი რწმენა ასე გვასწავლის, რომ როცა ადამიანები იძინებენ, მათ სძინავთ ისე რომ ვერ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამიტომ არც ერთი არ მოელის არაფერს სანამ არ მოვა ის დრო, როცა უფალი დაისვამს ზოგიერთ მათგანს მარცხნივ და ზოგიერთს მარჯვნივ. გააცნობიერეთ ის რაც წერია, რომ როცა მოსამართლე დაჯდება და ყველას გაუხსენებს თავიანთ საქმეებს, მაშინ ყველა საკუთარი საქმეების მიხედვით მიიღებს საკადრის განაჩენს. მართლაც, მადლი იკარგება სამართლიანობაში, რის გამოც არ მოხდება პატიება უკეთურთა. ეს კი ჭეშმარიტად თვისებაა მოსამართლისა, რომლისთვისაც სამართალი უფრო მეტს ნიშნავს ვიდრე წყალობა.

21. მაგრამ ისმინეთ საყვარელო, ეს გასამართლება ბოლოს მოხდება. როგორც მეხვარე, დაჰყოფს საკუთარ ფარას და ზოგს მარჯვნივ აყენებს, ზოგს კი მარცხნივ(მათე 25:32); ამის მერე კი ზოგიერთი დაიმკვიდრებს სასუფეველს, ზოგიერთი კი სატანჯველში აღმოჩნდება.

22. ყველაფერი ამის მიხედვით, გაიგეთ საყვარელნო, რომ ჯერ არავის მიუღია გასამრჯელო. რადგან სასუფეველი ჯერ არ დაუმკვიდრებიათ მართლებს, ისევე როგორც არც ბოროტნი არიან სატანჯველში. მეცხვარეს ჯერ ცხვრები არ გაუყვია.

23. თუმცა ისინი, ვინც არიან შეგნებით ბავშვები ამბობენ: – “თუ ჯერ არავის მიუღია გასამრჯელო, რატომ თქვა მოციქულმა, ‘როცა ჩვენ გავალთ სხეულიდან, ვიქნებით ღმერთთან.”(2 კორ 5:8). მაგრამ გაიხსენეთ საყვარელნო, რომ მე ეს საკითხი გავარჩიე ჩემს დემონსტრაციაში განდეგილებთან დაკავშირებით, რომ სული რომელსაც მართლები იღებენ, მისი ზეციური ბუნების გამ, მიდის ღმერთთან აღდგომამდე, როცა ის ჩამოვა რომ ის სხეული დაიბრუნოს რაშიც იყო, როგორც წინასწარმეტყველმა ესაიამ თქვა წარმართთა ეკლესიებზე: “ვინც შენ მოგიხსენებენ იქნებიან მორწმუნენი და იდგებიან უფლის წინაშე, შენ კი მათ არ მისცემ მოსვენებას”(ესაია 62:6-7). ხოლო რაც შეეხებათ მანკიერთ, მათ არ გააჩნიათ სულიწმინდა, ამიტომ ისინი მოკვდებიან და დაიმარხებიან ისე როგორც ცხოველები.

24. ასევე, მწვალებლები, რომელნიც არიან სატანის ინსტრუმენტები, ებღაუჭებიან სიტყვებს, რომელიც უფალმა თქვა: “არავინ ასულა ზეცად, გარდა იმისა, ვინც იქიდან ჩამოვიდა, ძე კაცისა, რომელიც იყო ზეცაში.”(იოანე 3:13) და ამბობენ: ‘ხედავთ? უფალმა თქვა, რომ არც ერთი ხორციელი არ ასულა ზეცად.” საკუთარი უგუნურებით ვერ ხვდებიან ამას. რადგან როცა უფალმა აუხსნა ნიკოდემუსს, მან ვერ გაიგო ამ ფრაზის სიძლიერე. ამიტომაც გააგრძელა: ‘არავინ ასულა ზეცად’, ანუ არც არავინ იქნებოდა, რომელიც იმ ცოდნას დედამიწაზე ჩამოიტანდა. “თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?”(იოანე 3:12) უფალი ერთადერთია, რომელიც ციდან ჩამოვიდა, ელიასგან განსხვავებით, რომელიც ასვლის შემდგომ დედამიწაზე აღარავის უნახავს.

25. მაგრამ თქვენ რაც შეგეხებათ საყვარელნო, არ დაეჭვდეთ იმაში, რომ იქნება მკვდართა აღდგომა. რადგან თავად უფლალი ამოწმებს: “მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ”(მეორე რჯ. 32:39). ორივე ერთი პირიდან გამოვიდა. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ რომ მას შეუძლია მოკვლა, რადგან ყველა მოკვდავია, ამიტომ რატომ არ უნდა ვიწამოთ რომ მას შეუძლია მკვდარის აღდგენაც? ამიტომ ამ ახსნებიდან გამომდინარე დაიჯერეთ, რომ იქნება მკვდართა აღდგომა, სრული და ხორციელი. დაე მოგცეთ ღმერთმა რწმენის გასამრჯელო და იყავით ბედნიერნი.


http://documentsingeorgian.wordpress.com/2011/11/08/წმინდა-აფრაატი-სპარსი-ბრ/

2 комментария:

  1. ვინ არის მთარგმნელი, რომელი ენიდან ითარგმნა და თუ არის გამოცემული სადმე?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. არ ვიცი. წყარო მითითებულია. თარგმანზე არაფერი არ ვიცი.

      Удалить