ღმერთი

ღმერთი

вторник, 14 мая 2013 г.

თამარობა.

 ქართველთა უზარმაზარი სამფლობელო დარჩა სრულქმნილ თამარს (1184-1210), რომელიც თუმცა ასაკით პატარა იყო, “ვითარცა ქალი იყო ქალთაგან უმშვენიერესი”. იგი იყო თავმდაბალი, გულმოწყალე, ტკბილად მოსაუბრე, თავისი ხალხისა და ქვეყნის პატრონი. უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ თვითონ მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა.

თამარის გამეფების წელსვე სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ სიბრძნით სწორუპოვარმა თამარმა გონიერება გამოიჩინა და მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ კი თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.

1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ვაჟის დაბადება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. დიდსულოვანმა მეფემ დიდძალი წყალობა გაიღო, მრავალი შესაწირით გაავსო ეკლესიები. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

ქართველებმა მრავალ ბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ისინი იბრძოდნენ ძველი ქართული მიწების შემომტკიცებისთვის. რამდენჯერმე მარცხიც იწვნიეს, მაგრამ XIII საუკუნეში მძლავრი ნაბიჯებით შემოდგეს ფეხი საერთაშორისო ასპარეზზე. ქართველთა აღზევებას არ ურიგდებოდა მაჰმადიანური სამყარო და აქტიურად ემზადებოდა ქართველთა დასამხობად. მათ წერილიც გამოუგზავნეს ქართველებს, რომელიც ქრისტიანობაზე ხელის აღებასა და უომრად დანებებაზე მოუწოდებდა. თამარმა და დავითმა ჯარი საომრად განაწყვეს. პირველსავე შეტაკებაზე შედრკნენ თურქები, მაგრამ ძლიერი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ფიცხელი ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ბასიანში მაინც შეძლეს მტერზე გამარჯვება. მათ დიდი ნადავლი მოიპოვეს და თურქთა დროშები თამარის ფეხებთან დაყარეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ საზეიმო განწყობილება სუფევდა საქართველოში. არ გასულა დიდი ხანი და გარდაიცვალა დავით სოსლანი. მგლოვიარე მეფემ თანამოსაყდრედ თავისი ძე, გიორგი-ლაშა დაისვა.

კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ ქართველებს მაჰმადიანებთან ბრძოლა. ძლიერების მწვერვალზე იყო საქართველო. კავკასიელთა ერთიანი სახელმწიფო უფრო გაშლილიყო. ჩრდილოეთით “ნიკოფსიითგან დარუბანდამდის” გადაჭიმული და სამხრეთით “სინოპიდან არდაველამდის”. მეფეთა მეფე იყო თამარი, ხოლო თამარის სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი. მრავალი უთანასწორო ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით. გავიდა საუკუნეები და მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

“მზე იგი მზეთა” თამარი გახლდათ სამაგალითო ქრისტიანი, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა “თამარის ციხე”, “თამარის ხიდი”, “თამარის ხატი”, “თამარის ეკლესია”…

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი ბეთანიის ტაძარს ამშვენებს. თამარის ფრესკა სამხრეთის შესასვლელიდან შესულ ადამიანს უდგება თვალწინ. მას ხელები საკურთხევლისკენ აქვს გაწვდილი. სამეფო ტანსაცმელი აცვია. მხატვარს მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი. ის მოკლებულია ღვთაებრიობას. თამარის სახე დიდებული და ამაღლებულია.

თამარ მეფის სახე შემოგვინახა ბერთუბნის ეკლესიამაც. ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო.

ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.

მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარის მსგავსნი ვყოფილიყავით სიბრძნით, უსპეტაკესი ზნეობით, “უკლებელი გონებითა” და ყველა სხვა სიკეთით.


http://www.ambioni.ge/tamaroba

Комментариев нет:

Отправить комментарий