
1831 წელს ეპისკოპოსმა სტეფანემ იგი ბერად აღკვეცა ეგნატეს სახელით. იმავე წელს ივნისში ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, სულ მოკლე ხანში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. 1833 წელს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს. მამა ეგნატეს მოღვაწეობა ცნობილი გახდა პეტერბურგში, იგი გამოიძახეს დედაქალაქში და წმიდა სერგის უდაბნოს წინამძღვრად დაადგინეს უკვე არქიმანდრიტის ხარისხში.
1838 წელს არქიმანდრიტი ეგნატე პეტერბურგის ეპარქიის ყველა მონასტრის ბლაღოჩინად დაინიშნა. გარეგნულად მოუცლელი ცხოვრების მიუხედავად იგი შინაგანად ასკეტ მეუდაბნოედ რჩებოდა. წმიდა სერგის უდაბნოს განმარტოებულ კელიაში მამა ეგნატე მღვიძარებაში, ლოცვასა და სინანულში ატარებდა ღამეებს.
1847 წელს მძიმედ დასნეულებული არქიმანდრიტი სამკურნალოდ გაემგზავრა ნიკოლაევო-ბაბაევოს მონასტერში.
მამა ეგნატეს ნაცნობთა წრე საკმაოდ ფართო იყო: ეპისკოპოსები, ბერები, უბრალო ერისკაცები რჩევისათვის მიმართავდნენ მას. იგი საზოგადოების ყველა ფენაში იყო ცნობილი. მიმოწერა ჰქონდა მაღალ არისტოკრატიასთან. დღეისათვის მისი 800 წერილია ცნობილი.
წლები გადიოდა. მამა ეგნატეს ფიზიკური ძალები სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, 1857 წელს პეტერბურგის მიტროპოლიტმა გრიგოლმა არქიმანდრიტ ეგნატეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წმიდა სინოდმა მას კავკასიისა და შავიზღვისპირეთის ეპარქია ჩააბარა. მოკლე ხანში ეპისკოპოსი ეგნატე სტავროპოლს გაემგზავრა, რათა ეპარქიის მართვას შესდგომოდა. აქ მან 4 წელი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო თავისი სამწყსოსათვის. მძიმე ავადმყოფობის გამო 1861 წელს ეპისკოპოსმა ეგნატემ თხოვნით მიმართა წმიდა სინოდს, მიეცათ მისთვის უფლება გადამდგარიყო ეპარქიის მართვა-გამგებლობიდან და ბაბაევოს მონასტერში წასულიყო.
განმარტოებული ცხოვრების წლები მეუფე ეგნატემ ამ მიყრუებულ სავანეში გაატარა. აღადგინა თითქმის დაქცეული მონასტერი და ააშენა ახალი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.
ეპისკოპოსი ეგნატე ნაყოფიერი სასულიერო მწერალიც იყო. მისი ავტორიტეტი ძალზე დიდია მართლმადიდებლურ სამყაროში.
georoyal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий