ღმერთი

ღმერთი

вторник, 18 июня 2013 г.

მამა გიორგი ბასილაძე და სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (თანამედროვე რელიგიური ცნობიერების შესახებ)

  „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.“ – ბრძანებს ეკლესიასტე (ეკლ.1,9) მრავალი რამ მეორდება საუკუნეთა განმავლობაში, მეტადრე სულიერ სფეროში. თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობას ისევე არ შეუძლია გაუგოს წმინდანებს, როგორც ათასი წლის წინ. თანამედროვე რელიგიური ცნობიერება უაღრესად შეზღუდულია. ადამიანები იცნობენ არა ცოცხალ ღმერთს, არამედ საკუთარ წარმოდგენას ღმერთზე. წმინდანები კი გვაცნობენ ცოცხალ ღმერთს, ღმერთს მის გამოვლინებაში.

იშვიათი წმიდანი უდევნიათ ისეთი სისასტიკით, როგორც დევნიდნენ წმ. სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. ეკლესიის იერარქებმა არაერთი სადამსჯელო ქმედება განახორციელეს წმ. მამის მიმართ. ვინც ამ მრავალტანჯული მამის ცხოვრებას გაეცნობა, შეუძლებელია პარალელი არ გაავლოს უახლოეს წარსულთან – თუ როგორ იდევნებოდა მაღალიერარქთაგან თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი მამა გიორგი ბასილაძე.

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრებისა და სწავლებების შესახებ უკანასკნელ ხანებში გამოიცა მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევის წიგნი: „წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და მართლმადიდებლური გარდამოცემა“, რომელშიც ბევრ საგულისხმო სიტყვას ამოიკითხავს დაკვირვებული მკითხველი.

მამა გიორგის ერთ-ერთი უმთავრესი სწავლება ისაა, რომ არსებობენ ცოცხალი წმინდანები, რომელნიც თავიანთი სულიერებით ოდნავადაც არ ჩამოუვარდებიან ძველებს. ეს სიტყვები ბევრი სასულიერო პირისთვისაც კი შეუწყნარებელი აღმოჩნდა. სწორედ ასე იყო სვიმეონის ეპოქაშიც, რის გამოც წმ. მამა ბრძანებდა: „მე ვსაუბრობ მათზე და მათ ვუწოდებ ერეტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენს დროში, ჩვენ შორის არ არის არავინ, ვინც შეძლებდა სახარებისეული მცნებების დამარხვას და წმიდა მამათაებრ ყოფნას… ამგვარად მოსაუბრენი მხოლოდ კერძო ერესში კი არ არიან ჩავარდნილები, არამედ ყველაში ერთად, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგანაც ეს ერესი აჭარბებს და ფარავს ყველა სხვა ერესს თავისი სიბილწით და ღვთისმგმობელობით… ამგვარად მოუბარნი ხშავენ ცას, რომელიც გაგვიხსნა თავად ქრისტემ: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათე. 11, 28). ეს ღვთისმებრძოლნი, ანდა უკეთ ვთქვათ, ანტიქრისტეები, ამბობენ: „ეს შეუძლებელია! ეს შეუძლებელია!“ (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, 47-ე სიტყვა)“.

მამა გიორგი გვასწავლიდა, რომ წმინდანი აცნობიერებს საკუთარ წმინდანობას, განღმრთობა ცნობიერი მოვლენაა. ადამიანი სიცოცხლეში ხდება წმინდანი და არა სიკვდილის შემდგომ. იგივეს აღნიშნავდა წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (დეტალურად _ იხ. ჩვენი წინა ნაშრომები), იგი ოფიციალურ კანონიზირებამდე მიაგებდა წმინდანის პატივს საკუთარ მოძღვარს, რის გამოც მთელი სინოდი აუმხედრდა და სასტიკად დასაჯეს წმ. მამა. სვიმეონი თავის ჰიმნებში მუდამ საუბრობს იმის შესახებ თუ როგორ მიიღო მადლი, როგორაა გაბრწყინებული სიწმიდით მისი სული. „ჩემი სასქესო ორგანოც კი ქრისტეაო“- აცხადებდა მოძღვარი და უამრავი ადამიანის რისხვას იწვევდა. მსგავსი რამ თანამედროვე მამამ რომ თქვას, ცხადია, მრევლი ჩაქოლავს, მღვდლებმა თუ არ დაასწრეს.

მამა გიორგის დევნიდნენ, როგორც განმაახლებელს, ახალ, არაქრისტიანულ სწავლებათა შემომღებს, მსგავსადვე, წმ. სვიმეონსაც „ახალი ღვთისმეტყველი“ მოწინააღმდეგეებმა უწოდეს, რათა ხაზი გაესვათ მისი ღვთისმეტყველების სახიფათო სიახლეებისათვის“[1]. ცოდვილი ადამიანები ყველაფერს სიახლედ მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რაც მათ ყურებს პირველად ესმის.

მიტროპოლიტი ილარიონი ასე აჯამებს სვიმეონისა და მისი მოწინააღმდეგეების პოლემიკას:

„სვიმეონს ეწინააღმდეგებოდნენ შემდეგი მიზეზების გამო: 1) სვიმეონ სტუდიელის წმინდანად გამოცხადება და სწავლება იმის თაობაზე, რომ უვნებობისა და წმინდანობის მიღწევა შესაძლებელია მიწიერ ცხოვრებაში. 2) მოწოდება მისტიკური ცხოვრებისაკენ და სულიწმიდის მადლის გამოცდილებითად მიღებაზე. 3) სწავლება განღმრთობაზე. 4) სწავლება ქრისტეს, როგორც ნათლის, ხილვაზე…“[2] „თავის მხრივ, სვიმეონის ოპონენტები უპირისპირებდნენ მის სწავლებას შემდეგ თეზისებს: 1) თუმცა ადრინდელ დროში ზოგიერთებს შეეძლოთ მიეღწიათ წმინდანობისა და უვნებობისათვის, შეუძლებელია, რომ ასეთი წმინდანი გამოჩნდეს ჩვენს დღეებში. 2) მართალია, ყველა ქრისტიანი იღებს სულიწმიდის მადლს ნათლობისას და სხვა საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ შეუძლებელია მისი მიღება ცნობიერად და გამოცდილებითად. 3) ადამიანის განღმრთობა შესაძლებელია მხოლოდ იმქვეყნიურ ცხოვრებაში, არამც და არამც ამქვეყნიურში. 4) ღვთის ხილვა შესაძლებელია მხოლოდ იმქვეყნიურ ცხოვრებაში“.[3]

როგორც ვხედავთ, საკითხთა ზუსტად ის წრეა, რომელიც ახლაც დავის საგანია მამა გიორგის სწავლებათა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. როგორც მიტროპოლიტი ილარიონი აღნიშნავს, წმინდა სვიმეონს იმიტომაც დევნიდნენ სასტიკად, რომ „ი ს ი ყ ო გ ა დ ა ჭ რ ი თ წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ი წ მ ი ნ დ ა ნ ე ბ ი ს „ა რ ქ ი ვ ი ზ ა ც ი ი ს“ („ა ნ ტ ი კ ვ ა რ ი ზ ა ც ი ი ს“) ტ ე ნ დ ე ნ ც ი ი ს ა, რ ა ც დ ა მ ა ხ ა ს ი ა თ ე ბ ე ლ ი ი ყ ო ბ ი ზ ა ნ ტ ი ი ს ო ფ ი ც ი ა ლ უ რ ი ს ა ე კ ლ ე ს ი ო წ რ ე ე ბ ი ს ა თ ვ ი ს X-XI ს ა უ კ უ ნ ე ე ბ შ ი (ა ნ უ მ ე ტ ა ფ რ ა ს უ ლ ი კ ო რ პ უ ს ი ს გ ა ს რ უ ლ ე ბ ი ს შ ე მ დ ე გ). იმ შეხედულებას, რომ წმინდანობა შესაძლებელი იყო ძველად და შეუძლებელი გახდა ახლა, სვიმეონი თვლიდა ერესად და ღვთისმგმობელობად“. [4]

თუ წმინდანების „ანტიკვარიზაციაზე“ დავიწყებთ საუბარს, ჩვენი დრო ამ მხრივ, ალბათ, გამორჩეულია. ის რასაც ათასი წლის წინ წმინდანები ებრძოდნენ, დღეს უკვე ნორმადაა ქცეული. ადამიანების რელიგიური ცნობიერება ოდნავადაც არ განვითარებულა. თანამედოვე „თეოლოგებს“ ცოცხალ წმინდანებს ვერ უხსენებ. მათ ადამიანური შურისა და ამპარტავნებს გამო ურჩევნიათ ძველ ტექსტებში იჩხრიკონ, ძველ წმინდანთა ნაშრომებს საკუთარი ცოდვილი გონების ნააზრევი შეურიონ და ის გაასაღონ ჭეშმარიტებად, ვიდრე ცოცხალი წმიდანების სულიერ წყაროს დაეწაფონ. მეტადრე ქართველი „თეოლოგებისთვისაა“ დამახასიათებელი დაუნახაობა, ეროვნული არასრულფასოვნების გრძნობა. სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე ქართველ სწავლულებს, ერთი გონებამახვილი ადამიანის თქმისა არ იყოს, ურჩევნიათ იკვლიონ 15-ე საუკუნის, ვიღაც სრულიად უცნობი გერმანელი ბერის ნაჩერჩეტალი, ვიდრე ქართველი მამების საოცარი სულიერი მემკვიდრეობა. წმინდანის ადგილი დაიკავეს მეცნიერ-თეოლოგებმა და იმის მაგიერ, რომ მოუსმინონ თანამედროვე წმინდანებს, პირიქით თავად მოძღვრავენ მათ და „უსწორებენ“ შეცდომებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ტრაგიკომედია?

დავასრულებთ მიტროპოლიტი ილარიონის მართებული დასკვნით, რომელსაც, კარგი იქნება, თუ ოდესმე მაინც გააცნობიერებენ მამა გიორგის მოწინააღმდეგენი:

„გარდამოცემის ქვაკუთხედად გვევლინება არათუ სხვა რამ, არამედ პიროვნული, მისტიკური გამოცდილება ქრისტიანისა, გამოცდილება ღმერთსა და ადამიანს შორის უშუალო კავშირისა. გარდამოცემა შეუძლებელია იყოს მართლმადიდებლური, თუ მის საფუძველში არ დევს გამოცდილება ღმერთთან „პირის-პირ“ შეხვედრისა. ისინი, ვინც ცდილობენ დაუპირისპირონ ეკლესიური უმრავლესობის ფორმალური და რაციონალისტური „ტრადიცია“ ცალკეული ენთუზიასტების შთაგონებულ მისტიციზმს, ვარდებიან ცდომილებაში, არ ესმით რა არსი თავად გარდამოცემისა. ასეთი ადამიანები, მიუხედავად მათი ხარისხისა და ეკლესიური მდგომარეობისა (სვიმეონის შემთხვევაში, ისევე როგორც რიგ სხვა შემთხვევებში, ისინი იყვნენ „ოფიციალური“ საეკლესიო იერარქიის წარმომადგენლები) ცდილობენ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვან და შემოსაზღვრონ ის, რასაც ისინი თვლიან „ტრადიციულად“, სინამდვილეში კი ხელს უწყობენ ტრადიციის შერყვნასა და გადაგვარებას. თუკი ტრადიცია მოწყდება თავის მისტიკურ და წინასწარმეტყველურ საფუძველს, იგი გადაიქცევა ვიწრო „ტრადიციონალიზმად“, რომელსაც ცოტა თუ ექნება საერთო ჭეშმარიტ ქრისტიანულ გარდამოცემასთან“.[5]

ლევან ბებურიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий