”უდავოდ იყო მიჩნეული, რომ შინსახკომი მხოლოდ მაშინ აპატიმრებდა კაცს, როცა საქმე საბოლოოდ გამოძიებული და ბრალდებაც დამტკიცებული გახლდათ. ასე გვჯეროდა. ბევრი ახლო ნაცნობი დააპატიმრეს, რომლებზედაც ძნელი იყო ასეთი ბრალდების დაჯერება, მაგრამ ვამბობდით: ”ალბათ იყო გარეული რაიმეში, აბა, ტყუილად ხომ არ დაიჭერდნენ?”
მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, წლების მანძილზე დაფარულ-დამალული საშინელება სააშკარაოზე გამოვიდა. დღეს ჩვენი საზოგადოება შეძრწუნებულია მოსმენილ-ნანახით, თუ როგორ დევნიდნენ, ატერორებდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს. საზოგადოება პარალელსაც კი ავლებს ავადსახსენებელ ”37”-თან. მიხეილ მგალობლიშვილი, ”37”-ის რეპრესიების ტალღაში მოყვა და უმძიმესი გზა გაიარა ”ჩეკა”-ს ჯურღმულებიდან ციმბირის ერთი უსასტიკესი ვიატლის ბანაკის ჩათვლით. ამიტომ ვფიქრობთ, ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იმ შავბნელი ეპოქის კიდევ ერთხელ შეხსენება. გთავაზობთ, მიხეილ მგალობლიშვილის მოგონებებს, რომელთა სრული ვერსია ჟურნალ ”ლიტერატურული პალიტრის” ფურცლებზე გასული წლის აპრილის ნომერში დაიბეჭდა.
ლავრენტიმ ყველაფერი იცის...
1937 წლის ივნისში თუ ივლისში დააპატიმრეს საქართველოს სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი აკაკი სამსონის ძე თათარიშვილი. უკანასკნელი წელიწადი ჩვენ ერთად ვმუშაობდით და აკაკის ვიცნობდი, როგორც უაღრესად პატიოსან და საკმაოდ ერუდირებულ ბოლშევიკს. მაგრამ ხშირად ავადმყოფობდა, ვერ დადიოდა სამსახურში. საკმარისი იყო ის დაეპატიმრებინათ, რომ ყველამ ვირწმუნეთ, ეს ხშირი ავადმყოფობა, სამსახურში გამოუცხადებლობა, ერთ-ერთი ფორმა იყო შენიღბული მავნებლობისა. თათარიშვილის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის მერე დაგვიბრუნდა ჩვენი ადრინდელი უფროსი - ბორია გორდელაძე.
ის ერთი წლის წინ გადაიყვანეს პარტიის ცენტრალურ კომიტეტში კულტურის განყოფილების გამგედ. ჩვენ ახლოს ვიყავით, და როდესაც დაინიშნა ახალშექმნილი ხელოვნების სამმართველოს უფროსად, პირველნი, ვინც მიიწვია ამ აპარატში ხელმძღვანელ სამუშაოზედ, ვიყავით მე და ვალიკო (ვალერიან) ბოკუჩავა. თვითონ გორდელაძე აბსოლუტურად უცხო კაცი იყო ხელოვნების სამმართველოსთვის და რატომღაც ლავრენტი ბერიამ მოისურვა დაენიშნა რუსთაველის თეატრის დირექტორად და ხელოვნების სამმართველოს უფროსად. ნიჭიერი კაცი იყო და შეთანხმებულად ვმუშაობდით. სამმართველოს უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა ვლადიმერ მაჭავარიანი. როცა შევეკითხე, განა რა მოხდა ისეთი, რომ სამი ძირითადი მუშაკი, ერთი მდივანი და ორი განყოფილების გამგე ერთბაშად ჩამოაცილეს ცეკას-მეთქი, მიპასუხა: ხომ ხედავ, საბჭოთა ორგანიზაციები მთლიანად მავნებლებით აღმოჩნდა სავსე: საჭიროა ამ ორგანიზაციების განმტკიცება სანდო და საიმედო მუშაკებით, ხოლო ცეკაში ახალგაზრდობა მოინახება, რომლებიც გამოცდილი ხელმძღვანელის ხელში გაიზრდებიანო. ღმერთმა ქნას, მაგრამ ამ სამში ერთი, ვასიკო დარახველიძე, ძალიან ახლო იყო ბესო ლომინაძესთან (ბესო იმ დროს უკვე აღარ იყო ცოცხალი, მან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე) და ეს ხომ არაფერს ნიშნავს-მეთქი. საქმე არა გაქვს? ლავრენტიმ ყველაფერი იცის და მას არაფერი შეეშლებაო...
1937 წლის 5 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, ხელოვნების სამმართველოში გორდელაძესთან შევიკრიბეთ მე, ვალიკო ბოკუჩავა და გორდელაძის პირადი მდივანი კ. ბახტაძე. ვადგენდით ცეკას დადგენილების პროექტებს ახალი ღონისძიებების შესახებ, სახელდობრ, ქართველი უპატრონო, ნიჭიერი ბავშვებისაგან - სიმფონიური საკრავების სკოლის ჩამოყალიბების (ეს ევგენი მიქელაძის წინადადება იყო - შეგვექმნა სიმფონიურ საკრავებზე შემსრულებელთა ეროვნული კადრები), ხალხური ჭედურობის, ქარგულობისა და ხალხური სახვითი ხელოვნების სხვა სახის სახელოსნოების დაარსების შესახებ. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, რომ დარეკა მთავრობის ტელეფონმა (ე.წ. ”ვერტუშკამ”). ყურმილი ბორიამ აიღო: ”გისმენთ, ლავრენტი პავლეს ძევ!” ყურები ვცქვიტეთ. ბორიამ უსმინა და გვითხრა: ”მოდით, ახლა თქვენ წადით სახლებში, მე ლავრენტი მეძახის, ხვალ გამოსასვლელი დღეა და დაისვენეთ, ზეგ დილით ისევ შევიკრიბოთ და ეს დაწყებული პროექტები დავამთავროთ. მე კი ამაღამ უფრო დაწვრილებით გავაცნობ ამ საკითხებს ლავრენტის”.
მე და ვალიკო რუსთაველის პროსპექტს ფეხით გავუყევით. ვალიკომ მითხრა, ამაღამ, 2 საათზე ჩემი მეუღლე ქობულეთში მიდის და სადგურზე უნდა გავიდე იმ დროისთვის, სახლში წასვლა მეზარება, მოდი, ვისეირნოთ პირველ საათამდეო. რა სჯობდა რუსთაველის პროსპექტზე სეირნობასა და მეგობრებთან საუბარს ღამით, როცა ხალხის მოძრაობა შემცირდება. პირველ საათზე დავშორდით მე და ვალიკო, თურმე იმისათვის, რომ აღარ შევხვედრილიყავით.
დილიდანვე დავაწყვე გეგმები: ბორია გორდელაძე ალბათ ოქროყანაშია (იქ აგარაკობდა), ბოკუჩავამ შეიძლება ცოლი ქობულეთამდე გააცილა. მე რა უნდა გავაკეთო? მარტო ვარ (ჩემი ცოლ-შვილიც ქობულეთში ისვენებდა). წავედი ხალხური შემოქმედების კაბინეტში, ჩავიკეტე ჩემს ოთახში (შეთავსებით ხალხური შემოქმედების საკვლევი კაბინეტის დირექტორი ვიყავი), ვიმუშავე მთელი დღე და დავამთავრე იმ პროექტების შედგენა, რომელზედაც წინა ღამით ვმუშაობდით. ვფიქრობდი, ხვალ დილით გამზადებულს მივუტან-მეთქი. იქ რადიოკომიტეტი იყო და მიკროფონში შესანიშნავი გურული სიმღერები მომესმა. მომაგონდა, რომ თბილისში გასტროლებზე იყო გუნდი ვარლამ სიმონიშვილის ხელმძღვანელობით. ავედი რადიოკომიტეტში. მთელი გუნდი დიდი სიხარულით შემხვდა. ვარლამმა მითხრა, წამოდი, ჩვენთან ისადილეო. სიამოვნებით მივიღე ეს წინადადება. წავედით მახარაძის ქუჩაზე. ხალხური შემოქმედების კაბინეტის (ამჟამად ხელოვნების მუშაკთა სახლი) მეორე სართულის აივანზე გრძელი სუფრა გაიშალა. ცოტა ღვინოც მოიტანეს და ძალიან ხალისიანი კონცერტი გაიმართა. ვხუმრობდით კიდეც, ასეთი აღმავლობით სცენაზე იშვიათად თუ გვიმღერიაო, ამბობდა ვარლამ სიმონიშვილი.
სწორედ ამ დროს შემოვიდა დირიჟორ ევგენი მიქელაძის და, ექიმი თამარ მიქელაძე და კუთხეში გამიხმო. წუხელ, ღამით, ვალიკო ბოკუჩავა დაუჭერიათო. კატეგორიულად უარვყავი - მე და ვალიკო წუხელ ღამის ორ საათამდე ერთად ვიყავით, შემდეგ სადგურში წავიდა ცოლის გასაცილებლად-მეთქი. - აი, სწორედ ცოლი რომ გააცილა და შინ დაბრუნდა, კარებთან დაუხვდნენ შინსახკომელები და დააპატიმრესო. პირველად დავეჭვდი 1937 წლის ამბების (მასობრივი რეპრესიების) სიმართლეში, მოვუბრუნდი ლადო გეგეჭკორს და ვუთხარი: თუ ძმა ხარ, ლადო, წამოდი ჩემთან, სახლში, ხალხის ტყუილად დაპატიმრება დაუწყიათ და შეიძლება მეც დამაპატიმრონ-მეთქი. თუ ვალიკო რაიმე საქმეში იყო გარეული, ალბათ მეც ვიყავი, მაგრამ თვითონაც არ ვიცოდი-მეთქი.
კარლ რადეკმა (ცნობილი პარტიული მოღვაწე) საჩვენებელ პროცესზე განაცხადა: მე მეცოდებიან ის მილიონები, რომლებიც ჩვენთან იყვნენ და ამის შესახებ ზოგჯერ თვითონაც არ იცოდნენო.
ალბათ ჩვენც იმ მილიონებში ვართ-მეთქი, - გავიფიქრე.
თითქმის დავრწმუნდი, რომ რაკი ბორია და ვალიკო დააპატიმრეს, მეც ალბათ დღეს მაინც წამიყვანენ-მეთქი. გადავწყვიტე, ქობულეთიდან ცოლ-შვილი ჩამომეყვანა, გაგონილი მქონდა, როცა ხალხი დააპატიმრეს, რომელთაც ცოლ-შვილი აგარაკზე ჰყავდათ, ბინა დალუქეს, ოჯახები აგარაკიდან რომ ჩამოდიან, ბინაში ვეღარ შედიანო, ბავშვები და ქალები ქუჩაში არიან, მით უფრო, რომ რეპრესირებულის ოჯახს ღამის გასათევად სახლში არავინ უშვებსო.
მე თუ წავალ ჩემი ცოლ-შვილის ჩამოსაყვანად, ვაითუ, ამაღამ მომაკითხონ და წასული რომ ვიქნები, ვაითუ, მიმალვად ჩამითვალონ-მეთქი, ამიტომ გადავწყვიტე ქობულეთში გამეგზავნა ჩემი ქვისლი ლადო გეგია. გათენდა მეორე დღე. ცოლ-შვილი ჩამოვიდა. მე კი დაპატიმრების შიშში ვიყავი სამი თვის მანძილზე!
ხელოვნების საქმეთა სამმართველოში ახალი უფროსი დაინიშნა. ბენიამინ (ბენო) ვასილის ძე გოგუა, კაცი, რომელიც ძალიან შორს იდგა ხელოვნებისაგან და ინტელექტუალურადაც არ იყო იმ სიმაღლეზე, რომ ადვილად გაეწია ხელმძღვანელობა ისეთი რთული ორგანიზმისათვის, როგორიცაა თეატრი, კინო, მუსიკა, მხატვრობა, ხალხური შემოქმედება და ა.შ. ბენო ბუნებით წესიერი კაცი იყო, მართალიც, მაგრამ მეტად რთული საქმის სათავეში მოხვდა, ფრიად რთულ პერიოდში. აპარატი, რომელიც ორი ”ხალხის მტრის”, ”მავნებლების” (თათარიშვილი და გორდელაძე) ხელმძღვანელობით მუშაობდა, ბენოსთვის სავსე იყო მტრული ელემენტებით, მაგრამ თუ აპარატში მომუშავე საქმის მცოდნე ხალხს არ დაენდობოდა, როგორღა უნდა ეხელმძღვანელა? ყველას უნდობლად უყურებდა. მე განყოფილების უფროსის მოვალეობისაგან გამათავისუფლეს და ხალხური შემოქმედების კაბინეტში გადავბარგდი, შეთავსებული მქონდა საგუნდო გაერთიანება და ხელოვნების მუშაკთა სახლი. 1937 წლის ნოემბერში ჩატარდა ხალხური სიმღერისა და ცეკვის ოლიმპიადა. მოსამზადებელ მუშაობას ხელმძღვანელობდა ხალხური შემოქმედების კაბინეტი. რაიონებში გავგზავნეთ სამმართველოს აპარატის მუშაკები, მათ შორის სამმართველოს უფროსის ყოფილი მდივანი კოტე ბახტაძე, რომელიც ბ.გოგუამ სამნეო ნაწილის უფროსად გადაიყვანა. ერთ დღეს გამომიძახა გოგუამ და მეკითხება:
- სად არის ბახტაძე?
ვუპასუხე, რომ ის სამტრედიის რაიონზეა მიმაგრებული.
- გამოიძახე, უნდა მოვხსნა სამსახურიდანო.
- რატომ, ბატონო ბენო, დააშავა რამე?
- არა, მაგრამ ის სამნეო ნაწილის გამგეა, სამმართველოს კორიდორებსა და საპირფარეშოებში სიბინძურეა და უსუფთაობა, მისი მუშაობა მავნებლობას წააგავს. თანაც ის ბევრს დარბოდა გორდელაძის მანქანით და ასრულებდა მის დავალებებს.
- ბატონო ბენო! კაცი აქ არ არის და თუ სამმართველოში უსუფთაობაა, კოტე რა შუაშია? თუ გორდელაძესთან აკავშირებთ, მე უფრო ახლო მეგობარი ვიყავი მისი, მაგრამ ამაში დანაშაულს არ ვხედავ-მეთქი.
- კაცო, შენზეც ქე მაქ აგერ შემოსული ქაღალდი, მაგრამ შენი მუშაობა არ ჰგავს მავნებლურს და ამიტომ არაფერს გეუბნებიო, - და მაჩვენა ერთ-ერთი ”პატიოსანი” კაცის მოხსენება ჩემ შესახებ, მითხრა კიდეც, ვინც იყო დამწერი და ზოგიერთი მოხაზული ადგილებიც წამიკითხა, სადაც ის ყმაწვილი ვარაუდობდა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი ”გორდელაძის მავნებლური ჯგუფის წევრი”...
http://www.kvirispalitra.ge/history/17751-1937-tseli.html

Комментариев нет:
Отправить комментарий