ღმერთი

ღმერთი

вторник, 2 июля 2013 г.

წმიდა მამათა შეგონებანი მართლმადიდებლობის ერთგულების შესახებ.

ის, ვინც ქრისტეს (ეკლესიის) წევრთა შორის არ არის, ვერცხონდება. შეიძლება გვქონდეს პატივი, შეიძლება გვქონდეს საიდუმლო, შეიძლება ვიგალობოთ „ალილუია“, შეიძლება ვუპასუხოთ „ამინ“, შეიძლება ხელთ გვეპყრას სახარება, შეიძლება გვქონდეს მამისა და ძისა და სულიწმიდის რწმენა და ვქადაგებდეთ მას, მაგრამ, ვერსად,მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის გარეთ ცხონებას ვერ ვპოვებთ. ყოველი, ვინც ეკლესიას განუდგა და მოშორდა ქრისტესთან ერთობას, თუნდაც მისი ცხოვრება ქების ღირსი იყოს, საუკუნო ცხოვრებას ვერ დაიმკვიდრებს, ის მხოლოდ ღვთის რისხვას დაიმსახურებს.

დაე, ნურავინ გაკადნიერდება, რომ რაღაც ახლად გამოგონებული შემოიღოს რამეთუ სიახლეები ღუპავს ძველ გარდამოცემას, ამასთან, სიძეს და მის სასძლოს - ეკლესიას არავითარი მწიკვლი არ გააჩნია.

ნეტარი ავგუსტინე



ვმადლობ უფალს, ვინც რწმენა მოგმადლათ, რათა თქვენც წმინდანებთან ერთად საუკუნო ცხოვრების დამკვიდრება შეძლოთ.

ახლა კი აუცილებლობის გამო და გულმხურვალე ძმების შეგონებით საკუთარ თავზე ავიღე თქვენდამი წერილის მოწერის ღვაწლი, რათა საღად და მიუდრეკლად შეინარჩუნოთ კეთილი სარწმუნოება, რომელიც, ღვთის მადლით თქვენში მყოფობს.

საქმე ისაა, რომ დღეს ბევრი არიანულად მოაზროვნე დაიარება მონასტერში, რომელთა მიზანია თავი ჩვენგან მოსულებად გაასაღონ და ამით გულუბრყვილონი აცთუნონ. ზოგი მათგანი იმასაც ამტკიცებს, რომ მრწამსით არ არის არიანელი, ამის მიუხედავად კი მათთან დადის და ლოცულობს.

თქვენი მოვალეობაა ძმებს საცთურის საბაბი არ მისცეთ. რადგან, როცა ზოგიერთი დაინახავს თქვენს - ქრისტესმორწმუნეთა ურთიერთობას არიანელებთან, უეჭველად ჩათვლის, რომ ეს უმნიშვნელოა და ბოროტი სარწმუნოების (მწვალებლობის) ქსელში გაებმება.

ამიტომ, ასე რომ არ მოხდეს, კეთილინებეთ საყვარელნო და მოერიდეთ მათ, ვინც აშკარად მწვალებლურად აზროვნებს და მათაც, ვისაც მწვალებლებთან ურთიერთობა აქვს. ყველაზე მეტად კი მათ უნდა გაურბოდეთ, ვისთანაც აზრობრივი ერთობა საზიანოა. მაშასადამე, თუკი ვინმე მოდის თქვენთან და როგორც ნეტარი იოანე ამბობს, თან მართალი სარწმუნოება მოაქვს, უთხარით მას: ”მშვიდობა შენნდა” - და ძმასავით მიიღეთ. ხოლო თუ ვინმე თავს გაჩვენებთ , რომ მართალი სარწმუნოების აღმსარებელია, სინამდვილეში კი ურწმუნოებთან აქვს ურთიერთობა, ასეთი შერისხეთ , რომ მსგავს ჩვევას შეეშვას; და თუ პირობას მოგცემთ, ძმასავით გყავდეთ, ხოლო თუ ჯიუტად თავისაზე დადგება, მოიკვეთეთ. ასეთი მოქცევით, სარწმუნოებას წმინდად შეინარჩუნებთ; ხოლო ისინი, თქვენი შემხედვარენი,ყოველივე ამისგან სარგებელს მიიღებენ, შეეშინდებათ, რომ ურწმუნოდ ან არიანელად არ მიიჩნიონ.



წმ.ათანასე დიდი


ზოგიერთს ჩვევა აქვს, რომ ცბიერებით იწოდებოდეს ქრისტიანად და ამავე დროს ღვთის მორწმუნისათვის შეუფერებელი საქმეები აკეთოს. ასეთებს, ველურ მხეცებს, ისე უნდა ერიდოთ. რამეთუ ისინი ცოფიანი ძაღლები არიან, ჩასაფრებულნი რომ იკბინებიან. თქვენ უნდა უფრთხილდეთ მათ, რადგან ისინი განუკურნებელი სნეულებით იტანჯებიან. მათთვის მხოლოდ ერთი მკურნალი არსებობს - უფალი იესო ქრისტე.

......

არ ცდუნდეთ, ძმანო ჩემნო! სახლეულთა განმხრნელნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. მაგრამ, თუკი ხორცის განმხრწნელნი სიკვდილით ისჯებიან, მით უმეტეს არ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც თავისი სწავლებით რყვნის ღვთის სარწმუნოებას, რისთვისაც იესო ქრისტე ჯვარს ეცვა? ასეთი ადამიანი, როგორც ბილწი, ჩაუქრობელ ცეცხლში ჩავარდება, ასევე ისიც, ვინც მას უსმენს.

ხოლო ყოველი, ვინც ჩვენთვის გარდამოცემულის საწინააღმდეგოდ ასწავლის, - თუნდაც რომ მარხულობდეს, თუნდაც რომ ქალწული იყოს, თუნდაც რომ წინასწარმეტყველებდეს, თუნდაც რომ სასწაულს ახდენდეს, - უწყოდეთ, რომ იგი ცხვრის ტყავში (ქურქში) გახვეული მგელია და მეტყველ ცხვართა განბნევის იარაღს წარმოადგენს.

წმ.მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი.



ადამიანებმა, - რომელთაც ეკლესიასთან კავშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვთ, - ქრისტეს სახელისათვის თავი სასიკვდილოდაც რომ გასწირონ, მათი ცოდვა სისხლითაც კი ვერ განიბანება: განხეთქილების მძიმე და წარუხოცავი ცოდვა ტანჯვითაც კი ვერ განიწმინდება. ეკლესიის გარეთ მყოფი მოწამე ვერ იქნება. დედა ეკლესიის დამტოვებელი, ცათა სასუფეველს ვერ ეღირსება.

წმ.ღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი



მე არ მსურს, რომ მწვალებლები იტანჯებოდნენ და მათი სიავე არ მახარებს - ღმერთო დამიფარე! - არამედ, განსაკუთრებულად მახარებს მათი მოქცევა .... უგუნურებოა იქნებოდა, რომ უმოწყალობა კაცთმოყვარებაზე მაღლა დამეყენებინა. პირიქით, მე გირჩევთ, რომ ყურადღებით და გულმოდგინეთ გაუკეთოთ სიკეთე ყველა ადამიანს. მაგრამ, ამასთან ვამბობ: არ შეიძლება, რომ მწვალებლებს თავისი უგუნორი სარწმუნოების განმტკიცებაში შევეწიოთ, აქ შეურიგებელნი უნდა ვიყოთ. რამეთუ მე სიყვარულს კი არა, კაცთმოძულებას ვუწოდებ იმას, როცა ვინმე მწვალებლებს ცთომილებაში განამტკიცებს და ამიტ ამ ხალხს გარდაუვალი სიკვდილისთვის სწირავს.

ღირსი მაქსიმე აღმსარებელი



ყურადღება მიაქციეთ თქვენს ეპისკოპოსებს და მღვდლებს მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით, რომ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების საწინააღმდეგოდ არ იმსახურონ. რაც შეეხება სხვებს (ურწმუნოებს), ისინი ან უმეცრების ან მძიმე ჟამის გამო მოქმედებენ ასე და პასუხს მხოლოდ ღვთის წინაშე აგებენ.

წმ.გენადი სქოლარიოსი



ეშმაკი თავისი ხელმწიფების ქვეშ აქცეს არა მარტო მწვალებლებს, ან მეძავებს და მრუშებს, არამედ იმათაც, ვინც მათთან ურთიერთობს და თანამშრომლობს, ვინაიდან სარწმუნოა სიტყვა, რომ კუპრთან შემხები გაშავდება ამპარტავანთან მოურთიერთე მისი მსგავსი გახდება (ზირ.(3,2).

ასეთებზე ტირილი გვმართებს, ხოლო მათზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია, - ლოცვა, რათა თავი დააღწიონ ეშმაკთა მახეს; საკუთარი თავის გამო კი - მადლიერება, რადგან გამოგვირჩია ღმერთმა ”პირველად ნაყოფად ცხოვრებისად განწმედითა სულისაითა და სარწმუნოებითა ჭეშმარიტებათა” (მ ათე 2, 13); რათა ვიმუშაოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით ნამდვილ აღმსარებლობამდე. უბიწოდ, უზადოდ და შეუბღალავად, რისთვისაც ღმერთი ცათა სასუფევლის ღირსად გაგვხდის.

მწვალბლები სარწმუნოებასთან დაკავშირებით იმ ხომალდზე აღმოჩნდნენ, რომელიც სრულიად ჩაიძირა; მაგრამ, რა გვეთქმის მათზე, რომლებსაც აღმსარებლობაში არ შეუცოდავთ, მაგრამ მართთან ერთად ჩაიძირნენ, მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთობების გამო.

ახლა, როცა მდევნელები ქრისტეს სარწმუნოების დევნას აღარ განაგრძობენ, ჩვენ გვევალება წინასწარმეტყველის სიტყვას ვუგდოთ ყური. ”გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით იტყვის უფალი” (ეს. 52, 11; 2კორ. 6,17).

ისინი, ვინც ასე იქცევა, თავად გასცემს პასუხს უფალს სამსჯავროზე, მე კი მგონია, რომ მათთან ერთად სვლა იგივეა, რაც მწვალებელთა შეწყნარება.

უფალი გვამცნებს, არავის აქვს უფლება თქვას: ”ვინ ვარ (რომ ვილაპარაკო)? მღვდელი თუ მმართველი? არა. ჯარისკაცი? მიწათმოქმედი? არა, მე გლახაკი კაცი ვარ, რომელიც მხოლოდ არსობის პურზე ზრუნავს; ჩემი საქმე არაა ამის შესახებ საუბარი ან ზრუნვა”. ვაი, რომ! ქვანი ღაღადებენ, შენ კი დუმხარ და უზრუნველობ?

ღირსი თეოდორე სტუდიელი .



რა არის მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთს სიახლეები შემოაქვს ღვთის ეკლესიაში, ან ასეთთა გაუქმებას არ ცდილობს? უმეცრება და ამპარტავნება უძლურს ხდის ადამიანებს, რომ ეკლესიის გარდამოცემის აზრი და მნიშვნელობა გაიგონ ან გაითავისონ; სწორედ ეს აიძულებს მათ, რომ სიახლეები გამოიგონონ.

ღირსი ეფრემ ასური



ძმანო! მტკიცედ ვდგეთ სარწმუნოების კლდეზე და ეკლესიის გარდამოცემაზე, რათა წმინდა მამათა წესებისა და აღთქმების გაუქმება ვერ გავბედოთ და თავის საქმეთა აღსრულების ნება არ მივცეთ სიახლეთა შემოღებისა ღვთის წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის დანგრევის გზით მავალთ.

ღირსი იოანე დამასკელი



ყოველგვარ ერთობას არ უნდა ვუფრთხილდებოდეთ.არსებობს ყველაზე დამღუპველი ერთობა და ყველაზე მშვენიერი აზრთა სხვაობა. წყეულია მშვიდობა, რომელიც ღვთისგან განგვაშჴრებს!

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი



სარწმუნოების საკითხებში ყველაზე მცირე გადახრაც კი ცოდვაა, მას სიკვდილისკენ მივყავართ; და გარდამოცემის ყველაზე მცირე უგულებელყოფაც კი სარწმუნოების დოგმატების სრულ დავიწყებამდე მიგიყვანს.

წმ.ფოტიოს დიდი.



როცა საკითხი ჭეშმარიტ სარწმუმოებასა და ჩვენი ეკლესიის გარდამოცემას ეხება, მაშინ ყველაზე მდაბალი, წყნარი და მშვიდობისმოყვარე ადამიანიც უნდა აღდგეს მის დასაცავად

ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი



წმინდა მოციქულები მოგვითხრობენ იმ მეფეებსა და მღვდელმთავრებზე, რომლებიც თავის ქვეშერდომებზე არც ფიქრობენ და არც ზრუნავენ. მეფე, რომელიც თავის ქვეშერდომებს არ უფრთხილდება, მეფე კი არა, მტვანჯველია და ეპისკოპოსი, რომელიც თავის ფარაზე არ ზრუნავს, მწყემსი კი არა, მგელია: ასეთ მწყემსებზე ამბობს ღმერთი იეზეკიელ წინასწარმეტყველის პირით:

”ვაი, ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყემსავენ, განა ცხვარს არ უნდა მწყემსავდნენ მწყემსები?

ქონს ჭამთ, მატყლით იმოსებით, ნასუქალს ხოცავთ, ცხვარს კი არ მწყემსავთ! დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობთ და სისასტიკით ბატონობთ მათზე. გაიფანტნენ უმწყემსოდ დარჩენილნი, მინდვრის მხეცების კერძნი გახდნენ, გაიფანტნენ.

დაეხეტება ჩემი ცხვარი მთებზე და მაღალ გორაკებზე, მთელი ქვეყნის პირზე გაიფანტა ჩემი ცხვარი და არავინაა მათი მომკითხავი, არც მძებნელი.
ამიტომ, ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

ცოცხალიმც ვარ! რაკი მიტაცებულია ჩემი ცხვარი და მიწის მხეცების კერძი გამხდარან, უმწყემსოდ დარჩენილნი, რადგან მწყემსებს არ მოუკითხავთ ჩემი ცხვარი. რაკი საკუთარ თავს მწყემსავდნენ მწყემსები. ჩემს ცხვარს კი არ მწყემსავდნენ.

ამიტომ, ისმინეთ უფლის სიტყვა, მწყემსებო!

ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, ისევ მწყემსებს მოვკითხავ ჩემს ცხვრებს და გადავაყენებ მათ ცხვრის მწყემსობიდან, რომ კვლავ აღარასოდეს მწყემსავდნენ მათ. პირიდან გამოვგლეჯ მათ ჩემს ცხვარს, რომ მათი კერძი აღარ იყოს.

რადგან ასე ამბობს უფალი, აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვრებს და მოვძებნი. (ეზეკიელი 34; 3-22).


ამისათვის მწყემსები და მასწავლებლები პირველ მიმდევრებს უნდა ემსგავსონ, სარწმუნოება უნდა განმარტონ და ურწმუნოება განდევნონ, მართლმადიდებელნი საღვთო მცნებებით განამტკიცონ, ბოროტმადიდებელნი საღვთო ისრებით დაცხრილონ, მწვალებლებზე მახვილი აღმართონ, მწუხარებაში მყოფთ ზურგი არ აქციონ, სული თვისი დადონ თავისი სამწყსოსათვის და სარწმუნოებისათვის თავისი სისხლი დაღვარონ, პირველმშობელ აბრაამს სარწმუნოებასა და მოშურნეობაში შეგეჯიბრონ და მის წიაღში განისვენონ ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მიერ, ვისაც შვენი ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასთან და სახიერ და ცხოვლისმყოფელ სულიწმიდასთან ერთად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირსი იოსებ ვოლოცელი



არც პაპისტური და არც პროტესტანტული მწვალებლები არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტეს ჭეშმარიტ ეკლესიად. პირველი სიახლეთა შემოღებისა და წყეული დესპოტიზმის (პაპის პრიმატის) ნაყოფია, რომელთა გამოც იგი მართლმადიდებლობისგან განვარდა. იგივე ეხება პროტესტანტებსაც, რომელთა აურაცხელ სიახლეებს საყოველთაო ანარქიისა და ქაოსისაკენ მივყავართ. მხოლო მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს ქრისტეს სწავლებას უნაკლოდ და რაიმე სიახლეების გარეშე. მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს ის ერთიანობა, რომელსაც მაცხოვარი სთხოვდა მამას: მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა (იოანე, 17,11).

წმ.ნექტარიოს ეგინელი



კაცობრიობის ისტორიაში არის სამი დაცემა: ადამის, იუდა ისკარიოტელის და პაპის. ცოდვაში ჩავარდნის არსი მუდამ ერთი და იგივეა: ღმერთად ქცევის სურვილი. ამ გზით მოსიარულე ადამიანი უხილავად უტანაბრებს თავს ეშმაკს, რადგან მასაც ღმერთად გახდომა სურს, რადგან ღმერთი თავისი თავით შეცვალოს… პაპის დაცემა ზუსტად ამაში მდგომარეობს: ღმერთკაცის კაცით შეცვლის სურვილში.

ღირსი იუსტინე პოპოვიჩი



ერიდეთ სიახლეებს სარწმუნოებისა და ღვთისმსახურების საქმეში და უფრთხილდით ცრუწინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის ტყავში არიან გახვეულნი, შიგნით კი მტაცებელი მგლები არიან, - იგულისხმება სიცრუე, რომელიც პიმოთნეთა მიმზიდველ სიტყვებში იმალება, ვისაც კეთილმოსურნეობის ნიღაბქვეშ თქვენი გარყვნა სურს.

მე ვგულისხმობ ყველა არასწორად მოაზროვნეს და არასწორად მავალს არა უძლურების, არამედ სიჯიუტის გამო, ვისაც, ამავე დროს, თავის მხარეს სხვათა მიზიდვის სურვილი აქვს.

წმ.თეოფანე დაყუდებული.




Комментариев нет:

Отправить комментарий