იოანე უდიდესი წინასწარმეტყველი გახლდათ. მან ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.
ნათლისმცემელი ბავშობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისათვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდეველებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.
“ხოლო თავსა იოვანესა ემოსა სამოსლად მისა თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური” (მათე, 3).
მრავალი მხრიდან მოდიოდნენ იოანე წინასწარმეტყველის სიტყვების მოსასმენად. მას დიდ პატივს სცემდნენ. წმიდანი ხალხს იესოსთან შესახვედრად ამზადებდა. იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო, თავმდაბლობით წარსდგა მის წინაშე და უთხრა: “მე მიჴმს შენ მიერ ნათლისღებაი და შენ ჩემდა მოხუალ?” (მთ. 3,14). შემდეგ დამორჩილდა ღვთის ნებას და მონათლა მაცხოვარი სოფლისა და მის თავზე ხელის შეხებით თვითონაც მოინათლა.
იესო ქრისტემ თავად დაამოწმა, რომ “არა აღდგომილ არს ნაშობთაგან დედათაი უფროის იოვანეს ნათლისმცემელისა”, მაგრამ რომ არ ეფიქრათ, იგი ღმერთზე აღმატებულიაო, დაამატა: “ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროის მისა არს”.
იოანე ნათლისმცემელი მოწამეობრივად აღესრულა. მას თავი მოჰკვეთეს.
ღვთისმშობლის შემდეგ იგი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე. წმიდა იოანე არის მოძღვარი სინანულისა.
დეკანოზი ალექსი ადამაშვილი:
“იოანე ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმსახური ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. მისი შობა სასწაულებრივად მოხდა, როდესაც ელისაბედი გარდასრული იყო და მას შვილის გაჩენა აღარ შეეძლო. ზაქარიას ღვთისმსახურების აღსრულებისას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ღმერთმა შეისმინა შენი ვედრება. გეყოლება ვაჟი და მას სახელად უწოდებ იოანეს, რომელიც უფლის წინამორბედი იქნება და გზას მოგვიმზადებს მაცხოვრის მოსვლამდე. ზაქარიას მთავარანგელოზის სიტყვებში ეჭვი შეეპარა, ამიტომ ანგელოზმა უთხრა, რომ დადუმდებოდა, სანამ ეს ყოველივე არ აღსრულდებოდა. გავიდა ხანი. ელისაბედმა შვა ვაჟი. როცა ჰკითხეს, რა უნდა დაერქვათ, მიუგო: იოანე. ამან ყველა გააკვირვა, რადგან ცოლ-ქმარს გვარში მსგავსი სახელის არავინ ჰყავდა. ზაქარიას ფიცარი მისცეს, რათა ბავშვის სახელი დაეფიქსირებინა. მან დაწერა “იოანე” და მეტყველებაც დაუბრუნდა.
“ნათლისმცემელი” ეწოდა იმის გამო, რომ უფალმა მისი ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა. წმიდა იოანე ხალხს სინანულისკენ მოუწოდებდა და მათ მდინარე იორდანეში ნათლავდა.
იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია: ნათლისღება – 19 იანვარი, შობა – 7 ივლისი და თავის კვეთა – 11 სექტემბერი”.
თეა სულაბერიძე.
http://www.ambioni.ge/ioane-natlismcemlis-soba
Комментариев нет:
Отправить комментарий